Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართულ ოცნებაში“ არსებული რა პრობლემები იწვევს მმართველი კოალიციის არაეფექტურობას?


ავტორი: გიორგი ბედენაშვილი

საქართველოს მოქმედი ხელისუფლების რეიტინგი დღითიდღე უარესდება და მცირდება მათი ხელახლა ხელისუფლებაში მოსვლის შანსიც. მიზეზი ის მწვავე პრობლემებია, რომელთან გამკლავებაც მმართველმა კოალიციამ ვერ მოახერხა. მრავალი მიზეზი შეიძლება დასახელდეს იმისა, თუ რამ გამოიწვია ხელისუფლების უუნარობა, თუმცა ჩემი აზრით, ამ მიზეზების სათავეები შიდაკოალიციურ სივრცეში უნდა ვეძებოთ.

ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით პარტია - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2012 წელს შეიქმნა. იგი ხასიათდება შინაგანი ანარქიული სტრუქტურით, იდეოლოგიური არამდგრადობით. მისი ბირთვი ძირითადად შედგება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკით საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დაზარალებულებისაგან და ასევე ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული პიროვნებებისაგან. მათ შორისაა საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც 2004-2012 წლებში სწორედ ივანიშვილის კუთვნილი ორგანიზაციების თანამშრომელი იყო და იქ საკმაოდ მაღალ თანანმდებობებს იკავებდა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გარშემო ჩამოყალიბდა კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელშიც მალევე გაერთიანდნენ შემდეგი პარტიები: „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. კოალიციამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მიაღწია და საკუთარი მდგომარეობა 2013 და 2014 წლებში საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებით გაამყარა.

თუ გადავხედავთ კოალიციაში მყოფი პარტიების იდეოლოგიებს და პრიორიტეტებს მათში აშკარა განსხვავებებს დავინახავთ. კოალიციაში მემარცხენე ორიენტაციის „ეროვნული ფორუმის“ ჰიბრიდი მემარჯვენე-ცენტრისტულ „რესპუბლიკელებთან“, ან ანტიდასავლური „მრეწველების“ შეჯვარება ევროატლანტიკური და ნეოლიბერალური ორიენტაციის „თავისუფალ დემოკრატებთან“ და ყველა ამათი ურთიერთქმედება საკუთრივ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველო“-სთან საკმაოდ არამდგრად იდეოლოგიურ გარემოს ქმნის.ეს იდეოლოგიური განსხვავებები ლოგიკურია, რომ სამუშაო პროცესში კოალიციის წევრებს შორის გარკვეულ უთანხმოებებს აჩენს. საქმე იმაშია, რომ კოალიცია შეიქმნა ერთგვარი „ნეგატიური“ მიზნით, რომელიც სააკაშვილის და მისი პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოცილებას ემსახურებოდა და გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფოს სამართავად მსგავსი მიზნით შექმნილი გაერთიანებები სარგებლის მომტანი ვერ იქნება. მიუხედავად გულუხვი დაპირებებისა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აშკარა გახდა, რომ მათ არ გააჩნდათ რაიმე ერთიანი, ეფექტური სამოქმედო გეგმა, რომლითაც ისინი შეძლებდნენ ქვეყნის ნორმალურად მართვას. როგორც წესი, პარტიისა თუ კოლიციის შექმნა იმ იდეოლიგიისა და მიზნების ერთობილიობის გარშემო ხდება, რომლის გატარებასაც ეს პოლიტიკური ძალა აპირებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. თუმცა „ქართული ოცნების“ შემთხვევაში საქმე სულ სხვაგვარადაა. რჩება შთაბეჭდილება, რომ კოალიცია და მის ცენტრში მოქცეული პარიტია თავისი დამფუძნებლის და მისი გარემოცვის ვიწროკორპორატიულ ინტერესებზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე ელექტორატზე ორიენტირებული ეფექტიანი პოლიტიკის გატარებაზე.

სწორედ ამ პრობლემებმა გამოწვია 2014 წლის ბოლოს „თავისუფალი დემოკრატების“ და მათი ლიდერის-ირაკლი ალასანიას დაპირისპირება კოალიციის მმართველ წრეებთან, რაც საბოლოოდ კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გამოსვლით დასრულდა. უცნობია, რა მოხდება მომავალში და რა არჩევანს გააკეთებენ სხვა პარტიები. ყველაზე საინტერესოა „რესპუბლიკური პარტიის“ საკითხი, ვინაიდან ისინი „ქართულ ოცნებაში“ ცენტრალური პარტიის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და 2016 წლის არჩევნებამდე მათი დაკარვა კატასტროფის ტოლფასი იქნება.

გართულებული ეკონომიკური ვითარების და მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე სახეზეა ძალიან დიდი კრიზისი, რომელშიც მმართველი ძალა იმყოფება. ამ პრობლემებთან გამკლავებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საკუთარი რიგების გაძლიერებით აპირებს და სწორედ ამ მიზნოთ გამოაცხადეს პარტიის „რებრენდინგი“. თუმცა, რომელ „რებრენდინზეა“ საუბარი, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა როგორც სრულყოფილი პარტია არასოდეს არ არსებობდა. ჩამოყალიბებისას აქცენტი გაკეთდა კოალიციაზე, ხოლო პარტიის ჩამოყალიბებამ შედარებით უკანა პლანზე გადაიწია. ეს პროცესი თითქოს 2014 წლის გაზაფხულიდან დაიწყო, თუმცა მაშინ ვერ მოხერხდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა პარტიის ასამუშავებლად. გადახალისების პროცესს ახალი ძალით შეუდგნენ 2015 წლიდან, რადგან უკვე პარტია სრული კოლაფსის წინაშე დადგა.

ლოგიკურია კოალიციის წარმმართველ ძალაში არსებული ასეთი კრიზისული მდგომარეობა აისახება მთლიანი კოალიციის მდგომარეობაზეც. ლიდერი პარალიზებულია და აგონიურ მდგომარეობაში იმყოფება,მის პარტნიორებს კი არ აქვთ იმის ძალა რომ სიტუაცია რამენაირად გამოაწორონ.

ქართულ პოლიტიკაში პერსონიფიცირება ახალი ხილი არ არის და „ქართული ოცნებაც“ არ არის გამონაკლისი. მესიანიზმის სენით შეპყრობილი ქართული ელექტორატი 2012 წელს კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილში ახალ „მხსნელს“ ხედავდა, თუმცა ერთ წელიწადში მისმა პოლიტიკიდან წასვლამ ბევრი რამე შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ კოალიციაზე ივანიშვილს დღესაც დიდი გავლენა აქვს, მის ლიდერად ოფიციალურად მაინც ირაკლი ღარიბაშვილი ითვლება, რომელიც სულაც არ განეკუთვნება ქარიზმატული ლიდერების კატეგორიას და მასში არც „მესიას“ ხედავს ვინმე. იგი საზოგადოებაში არცთუ დიდი პოპულარობით სარგებლობს და სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით საკუთარი კაბინეტის ზოგიერთ მინისტრსაც ჩამორჩება რეიტინგით. ლიდერის ასეთი დაბალრეიტინგულობა რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება საკუთრივ კოალიციის რეიტინგზეც.

კოალიცია „ქართული ოცნების“ და მისი ძირითადი პარტიის იდეოლოგიური არამდგრადობა, დოქტრინული მრავალსახეობა, ქარიზმატული ლიდერის არყოლა და ანარქიული, ჩამოუყალიბებელი სისტემა ის პრობლემებია, რომელიც სახელისუფლებო ძალას ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანს. პოლიტიკური ძალა, რომელიც ასეთი შიდა მოუწესრიებლობით ხასითდება, ლოგიკურია, ვერ იქნება ეფექტური ხელისუფალი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად ამუშავებს. ასე რომ, ჩემი აზრით. თუ ამ საკითხების გადაწყვეტა სასწრაფოდ არ მოხდა, ელექტორატის რეაქციაც ადექვატური“იქნება და მმართველმა კოალიციამ შეიძლება იგივე ბედი გაიზიაროს რაც „მოქალაქეთა კავშირმა“, რომელიც ხელისუფლების დაკარგვისთანავე გაქრა პოლიტიკური სპექტრიდან.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG