Accessibility links

logo-print

ომი როგორც გამადიდებელი შუშა


ავტორი: გიორგი ცინცაძე

ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც წესი, რთულია საკუთარი მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების ფართო, ისტორიულ- სახელმწიფოებრივ კონტექსტში დანახვა. ომი კი გამადიდებელი შუშასავითაა. მოქმედებამ, რომელიც ყოველდღიურ ვითარებაში სრულიად უმნიშვნელოდ გვეჩვენება, ომის დროს შეიძლება სრულიად განსხვავებული და გაცილებით ძლიერი დატვირთვა შეიძინოს. როცა ომია, თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებაა.

წარმოიდგინეთ, მაგალითად, მოხუცი კაცი რომელიც ქუჩაში ძაღლს ასეირნებს. თითქოს არაფრისმთქმელი, ტრივიალური, ყოველდღიური სურათია. ახლა წარმოიდგინეთ ქალაქი, რომელშიც საოკუპაციო ჯარები შემოდიან. ირგვლივ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. ადამიანები ყვირიან, გარბიან. და ამ დროს ტანადი ჭაღარი კაცი ქუჩაზე ამაყად მოაბიჯებს და თან ძაღლი მოჰყავს. ცხოველსაც პატრონის სიმშვიდე გადასდებია და გარშემო გამეფებულ ქაოსს ყურადღებას არ აქცევს, ისიც მშვიდად მიჰყვება კაცს. ამ სიტუაციაში ეს მოხუცი მხოლოდ ძაღლს არ ასეირნებს. ის გამოხატავს თავის პროტესტს, დაუმორჩილებლობას, ისე, როგორც მას შეუძლია და შეეფერება. ის ეუბნება უარს შიშს, რომელიც მის ქალაქში ოკუპანტის სახით შემოსულა.

დრამატული მაგალითები ახსნას სჭირდება, თორემ გამადიდებელი შუშის ეფექტის დანახვა, რომელიც ნებისმიერ ომს ახლავს თან, გაცილებით ნაკლებად კინემატოგრაფიულ სიტუაციშიც შეიძლება. ფულის გამოტანაზე მეტია, ომის დროს ბანკში მისვლა და თანხის განაღდება. ქალაქიდან გასვლაზე მეტია, ქალაქიდან გასვლა ომის დროს, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნიდან გასვლაზე. ძარცვაზე მეტია ძარცვა ომის დროს. ჰიმნის მოსმენაზე მეტია ჰიმნის მოსმენა ომის დროს. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ერთია ქეიფი, და მეორეა ქეიფი ომის დროს.

ომი ისევე, და კიდევ უფრო მეტადაც, ასხვაფერებს მეწარმის, პოლიტიკოსის, საჯარო მოხელის ან ხელოვანის მოქმედებებს, როგორც თითოეული მოქალაქისას. ერთია ხატვა, და მეორეა ხატვა ომის დროს. ერთია ქვეყნის არაკეთილმოსურნეებთან მოლაპარაკებებზე ჩასვლა, და მეორეა ქვეყნის არაკეთილმოსურნეებთან მოლაპარაკებებზე მათთან ომის დროს ჩასვლა.

ვთვლი, რომ ამის გააზრება ისეთ პატარა, მრავალმტრიან ქვეყანაში, რომელიც მუდმივად საფრთხის ქვეშაა, როგორიც საქართველოა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დავსვათ კითხვები: რა შეიძლება გავაკეთო მე, როგორც მოქალაქემ, იმისთვის რომ ომი აღარ განმეორდეს? როგორ მოვიქცე იმ შემთხვევაში, თუ ის მაინც განმეორდა? ვისურვებდი, რომ აგვისტოს ეს დღეები საკუთარ თავზე ფიქრის დღეებიც იყოს. საკუთარ თავზე, როგორც მოქალაქეზე. ომი გამადიდებელი შუშაა და პირველ რიგში არა სხვებზე, არამედ საკუთარ თავზე დასაკვირვებლად გამოსაყენებელი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG