Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წამყვანი ტელევიზიების სარედაქციო დამოკიდებულება


ავტორი: გივი სილაგაძე

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ბევრი დისკუსიისა და კამათის საბაბი გახდა. მრავალპარტიული პარლამენტის მოლოდინის მიუხედავად, (ეს მოლოდინი ძირითადად, პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის და თავისუფალი დემოკრატების პარლამენტში შესვლას უკავშირდებოდა, რესპუბლიკელებს - ნაკლებად) პარლამეტში შევიდა მხოლოდ სამი ძალა. ამ სამიდან ერთ-ერთის, პატრიოტთა ალიანსის განხილვა ალტერნატიულ ძალად, სხვადასხვა მოსაზრებით, აზრს მოკლებულია, რადგან დიდი ალბათობით ირმა ინაშვილის პარტია ანტი-ნაციონალური მოძრაობა იქნება და დაიკავებს იმ ნიშას, რომელსაც ქართული ოცნება ასე წარმატებით იკავებს.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახა სწორედ იმ სამმა პარტიამ, რომელთაც აქვთ სატელიტი ტელევიზიები:

  • ენმ - რუსთავი2 და ტაბულა,
  • ქართული ოცნება - GDS (გავლენა აქვს იმედსა და მაესტროზე),
  • პატრიოტთა ალიანსი - ობიექტივი;

სხვა პოლიტიკურ პარტიებს ნაკლებად აქვთ ტელევიზიებთან ისეთი მჭიდრო ფინანსური და იდეოლოგიური ბმა, როგორც ეს ზემოხსენებულ შემთხვევებშია. ბმაში იგულისხმება შემდეგი: ა) ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი არის ნიკა გვარამია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას, მათ შორის პროკურატურაში; ტელეკომპანია ტაბულას ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორია ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, გიგა ბოკერიას ცოლი - თამარ ჩერგოლეიშვილი. ბ) ტელეკომპანია GDS-ის მფლობელია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ივანიშვილი. გ) ტელეკომპანია ობიექტივის სამაუწყებლო ლიცენზიას არაკომერციული პირი „მედიაკავშირი ობიექტივი“ ფლობს, რომლის 28,5% პატრიოტთა ალიანსის ლიდერის - ირმა ინაშვილის საკუთრებაშია.

ამ ტელევიზიების შერჩევით ლოიალურობას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისადმი ადასტურებს მედიის განვითარების ფონდის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები. ამ კვლევიდან ირკვევა, რომ პრაიმ ტაიმის საინფორმაციო გამოშვებებში ზოგიერთი მნიშვნელოვანი თემა გამოტოვებულია. 2016 წლის 22 ივნისს თემა - TI კვლევა: გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების შესახებ არ იქნა გაშუქებული იმედის, GDS-ისა და მაესტროს მიერ, მაშინ როდესაც რუსთავი2-მა, ტაბულამ და ობიექტივმა ეს თემა მოიცვეს. მეორე მხრივ, 2016 წლის 15 ივნისს თემა - ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება სააკაშვილისა და მერაბიშვილის წინააღმდეგ რუსთავი2-ისა და ტაბულას გარდა ყველა ზემოხსენებულმა ტელევიზიამ გააშუქა.

ფაქტი, რომ ზოგიერთი ტელევიზია პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ მოღვაწეობს შეიძლება არც იყოს ახალი საზოგადოებისთვის; უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, გაგვახსენდება: 2003 წლის მოვლენებში რუსთავი2-ის როლი და „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“ სტატუსი; 2007 წლის იმედი, რომელიც ყალიბდებოდა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დასაყრდენად, დარბევით რომ არ შეეჩერებინათ; 2012 წელს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო მე-9 არხი, რომლის მემკვიდრეობასაც GDS აგრძელებს; და ბოლოს 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, ნაბიჯ-ნაბიჯ „გაპოლიტიზირებული“ ობიექტივი. (აღნიშვნის ღირსია ტელეკომპანია კავკასია, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ნავსაყუდელი იყო, თუმცა სერიოზულად ხელისუფლება არასდროს აღიქვამდა და საზოგადოებაშიც ყოველთვის ღიმილს იწვევდა). ზემოთქმულიდან ჩანს, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭებოდა მედიას ხელისფულების ტრანსფორმაციისა და წინასაარჩევნო პერიოდების დროს. ტელევიზიების გავლენას ადასტურებს NDI-ის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც გამოკითხულ რესპოდენტთა 77% ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სწორედ ტელევიზიიდან იღებს. ამავდროულად, გამოკითხულთა 74% თვალს ადევნებს რუსთავი2-ს, 10% - ტაბულას, 71% - იმედს, 39% - მაესტროს, 27% - GDS-ს, ხოლო 26% - ობიექტივს.

ეს რიცხვები ცხადყოფს საზოგადოების დამოკიდებულებას ტელევიზიებისადმი. ცხადია, ალოგიკურია პოლიტიკაში წარმატების მისაღწევად საჭირო უამრავი ასპექტის უგულებელყოფა და იმის თქმა, რომ ტელევიზია იგებს არჩევნებს, მაგრამ არც ტელევიზიის როლის დაკნინებაა ჭკვიანური. მითუმეტეს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებში მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ტელევიზიასა და მედიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

განსხვავებული მოსაზრებით, ტელევიზიას კი არ აქვს გადამწყვეტი როლი, არამედ ფინანსებს და ტელევიზიის ფაქტორიც მისი ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. ამ გადმოსახედიდან, ვისაც მეტი ფინანსები აქვს ის აღწევს წარმატებას, თუმცა ამ არგუმენტს ეწინააღმდეგება არჩევნების შემდეგ დამდგარი რეალობა - პარლამეტში შევიდა პატრიოტთა ალიანსი (წინასაარჩევნო ხარჯები - 2,134,515 ლ.) და ვერ შევიდა სახელმწიფო ხალხისთვის (წინასაარჩევნო ხარჯები - 3,219,058 ლ.), რომელსაც 1,084,543 ლარით მეტი ფინანსები ჰქონდა მობილიზებული წინასაარჩევნოდ, თუმცა არ აქვს სატელიტი ტელევიზია. მეორე მხრივ, საპარლამენტო მანდატების საკმაოდ სოლიდური რაოდენობა მოიპოვა ნაციონალურმა მოძრაობამ (წინასაარჩევნო ხარჯები - 1,921,091 ლ.), რომელმაც ორივე პარტიაზე ნაკლები დახარჯა, თუმცა საქართველოში ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზია ემხრობოდა და წარმატებას დიდწილად მას უნდა უმადლოდეს. ასე რომ დიდი ფინანსების დახარჯვა არ გულისხმობს არჩევნებში წარმატებას და როგორც ჩანს, სხვა ფაქტორებსაც ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მათ შორის ტელევიზიას.

შეუძლებელია იმის თქმა, რომ მხოლოდ ტელევიზიის ფაქტორი ახდენს ხალხზე გავლენას და სწორედ იგი გადასწონის ხოლმე არჩევნების ბედს, მაგრამ ასევე შეუძლებელია ტელევიზიების უმნიშვნელოვანესი როლის არგათვალისწინება და მისი უკანა პლანზე გადაწევა; მითუმეტეს, რომ სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიების სიმრავლე არ არის ცუდი კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG