Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: გვანცა ხარაიშვილი

დეკემბერი დაიწყო. დედაქალაქში აცივდა. გაჩერებასთან ვდგავარ და ავტობუსის მოლოდინში წითლად მოციმციმე ტაბლოსკენ თვალს ხშირ-ხშირად ვაპარებ. უკნიდან ვიღაც მძიმედ მიახლოვდება. ფეხს გვერდულად ადგამს და ისიც ჩემსავით მოუთმენლად უყურებს ავტობუსების განრიგის აღმნიშვნელ წუთებს, რომლებიც არა და არ იკლებს. გვერდით მიდგება და ხელებს ისე იჭერს, რომ დავინახო. საშუალო ხნის ქალია.

_უჰ, აღარ მოდის ეს 24 ნომერი? _ კითხულობს ხმამაღლა.

_საშინელებაა ლოდინი, _ ვპასუხობ და ვუღიმი. ჩემს ღიმილზე თამამდება და მაშინვე ლაპარაკს იწყებს.

_შეამჩნევდი, მათხოვრები ხელებს რომ არ იბანენ. სულ გაშავებულები დადიან. დღეში იმდენს ვშოულობ ერთი საპონი მიჭირს? სუფთა ხელები უნდა გქონდეს რომ ადამიანს ფულის მოწოდება არ დაეზაროს. _ სულმოუთქმელად ამბობს და ჯანმრთელი ფეხით ჩამომდგარ ავტობუსში ასვლას ცდილობს. ვერაფრის თქმას ვასწრებ, მხოლოდ მის თეთრ და ლამაზ ხელებს ვუყურებ სანამ ჯერ კიდევ ჩანს.

სახლამდე შორია. გზაში თავი როგორმე ხომ უნდა გაირთო, ჰოდა ვკითხულობ. ადრე ყურსასმენებით დავდიოდი. მერე ლექტორმა გვითხრა, ჭეშმარიტი სოციოლოგი ყველას და ყველაფერს უნდა უსმენდესო. საზოგადოებრივი ტრანსპორტი საუკეთესო სარკეაო უბრალო ხალხის პრობლემების. მე დავუჯერე. მერე იმდენ რამეს მიმახვედრა ავტობუსებით მგზავრობამ, რომ თავი ჭკვიანი მგონია.

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად დედაჩემი თავის საყვარელ საქმიანობას იწყებს. ჩემს ნივთებში იქექება და დღეში რამდენჯერმე მაწუხებს კითხვით, ესეც გინდა? მე ვპასუხობ ან კი, ან არა. პალტო, ორი წყვილი ჩექმა, ირმებიანი ჯემპრი, რამდენიმე მაისური, ქუდი, შალის კაბა და სხვა რამე-რუმეები უკვე შეარჩია. ყველაფერს ერთად ალაგებს, მერე კი ხან სოფლის მეზობლებს ურიგებს, ხანაც ჩვენზე გაჭირვებულ ნათესავებს აძლევს. დედა ამ დროს ძალიან ბედნიერია. თუმცა წელს განსხვავებულ პირობებს ვაყენებ. კითხვაზე, ესეც გინდა? უფრო ხშირად ვპასუხობ დიახს და ვამატებ, რომ იქ, სოფელში, ძია ვანოს სახლი მაინც აქვს, აქ კი დედაქალაქში, ქუჩებში სძინავთ და ჩემი ნივთები შესაძლოა მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდეს. დედა მისმენს და ძველებურად ბედნიერია.

გიყვართ დღესასწაულები? ჩვენთან, სახლში ამ დროს იმდენი საჭმელი კეთდება ერთ ბატალიონს დააპურებს. ალბათ, თქვენთანაც. ასეთ დღეებში არაფერზე ვფიქრობ იმის გარდა, რომ როგორმე მაქსიმალურად ვისიამოვნო, როგორმე მთელი წლის დაძაბულობა მოვიხსნა, ვითომ შემდეგ წელსაც იმავე დღეში არ ვიქნები. შუაღამისას, როცა ცა ფეიერვერკებით ნათდება, არ ვფიქრობ ადამიანებზე, რომლებსაც სცივათ, შიათ და არ ემხიარულებათ, მათ უბრალოდ ვივიწყებ. აი ღმერთს კი ისინი არასოდეს ავიწყდება და ზოგჯერ, სწორედ ახალი წლის ღამეს მიჰყავს ხოლმე თავისთან.

ქვეყნის მოსახლეობის 10 % უკიდურესად ღარიბია, დაახლოებით 1 მილიონი კი ღარიბი. არ არსებობს სოციალური დაცვის ქმედითუნარიანი სისტემა, სოციალური დახმარების მისაღებ ქულათა მინიჭების სისტემა სწორად ვერ ასახავს ბენეფიციართა რეალურ საჭიროებებს. უმუშევრობა სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. არადა ქუჩები ირთვება, ირგვლივ კი საახალწლო განწყობა სუფევს. ჩვენ ყველას დავიწყება გვაწერია სახეზე, ღიმილზეც კი, რომელსაც გულისხმიერად ვჩუქნით ხელგამოწვდილებს ფულის ნაცვლად.

მელიქიშვილზე, ლონდონის საფირმო ბანკის პრემიუმ ლიგაში გადასული საქართველოს ბანკის გვერდით რომ მოხუცი ბებო ზის, ყველაზე მეტად ის მიყვარს. სულ ცახცახებს, ზამთარ-ზაფხულ. ხურდას რომ ვჩუქნი გაიხარეო, მეუბნება. მე არა, მაგრამ მასთან ახლოს რომ გამყიდველია, მისი ვარდები კი გახარებულები ჩანან მუშტრის მოლოდინში. ბებოს არავინ ჩუქნის ვარდებს.

ბოლოს როდის იყო, რომ რომელიმე პოლიტიკოსმა მეტროთი იმგზავრა? მედიის თანხლებით კი არა, უბრალოდ ჩაიცვა ისე, როგორც ძველ ზღაპრებში იმოსებოდნენ უზარმაზარი სამეფოს მეფეები, რათა გაეგოთ რა უჭირდა ან ულხინდა ხალხს. ამის ნაცვლად, კონდიციონერებით აღჭურვილ ოფისებსა და მანქანებში ისინი შორს არიან მიწიდან და კიდევ უფრო შორს ციდან და არათუ ეძებენ რეალობას ყველაზე გაჭირვებული ადამიანების თვალებში, არამედ მათ სამინისტროებში შესული განცხადებების კითხვის შემდეგაც კი, ალბათ, ხელებს სასწრაფოდ იბანენ, სიღარიბის სუნი რომ არ აჰყვეთ.

სუფთა ხელები აქვთ პოლიტიკოსებს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG