Accessibility links

logo-print

ჩემი თვალით დანახული ჯავახეთი


ავტორი: ილია აკობია

მინდა, დღეს სხვა დღეებზე მეტად გულწრფელი ვიყო და ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ...

ცხოვრებაში ალბათ სულ რამდენიმე დღეა ისეთი, როცა გულწრფელი აღელვების, რაღაცნაირად რომ გეხამუშება, ისეთი აღელვების დაოკება გიწევს. ერთ-ერთი მათგანი უდავოდ არის დასასრული რაღაც დიდის და ძალიან მნიშვნელოვანის. გულწრფელობა დავიჟინე და გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ის დღეა, როცა თავიდან ბოლომდე მხოლოდ ახლა გავაცნობიერე, რა და რატომ დავიწყე ერთხელაც.

სიმართლე გითხრათ, ჩემს პროფესიულ არჩევანს, ვყოფილიყავი ბუნების სამსახურში, იმთავითვე ტყის, ხეტიალის, ველად გაშლილი კარვების, საძილე ტომრების, ძმაკაცობის, მეგობრობის, ერთმანეთის გამოცდის, გამობრძმედის ფერი დაჰკრავდა და სწორედ ამ შეფერილობამ მიმიზიდა. მერე აღმოვაჩინე, თუ რა დიდი და მნიშვნელოვანი, შრომატევადი, ხშირად ადამიანურ ენთუზიაზმზე დამყარებული მოქმედება და სიფრთხილეა საჭირო იმისთვის, რომ იყო ბუნების მეგობარი, შეისწავლო, იკვლიო, იარო ექსპედიციებში და რაც მთავარია, კმაყოფილი და უვნებელი დაბრუნდე შინ.

ჩემი ხეტიალის, ლაშქრობების თუ საველე ექსპედიციების მცირე არქივიდან, მსურს გამოვყო ჯავახეთი, სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში ჩატარებული მოკლე საველე ექსპედიცია სოფელ კარწახში, რომელსაც საფუძველი 2013 წლის ივლისში ჩაეყარა და დღემდე გრძელდება, რისთვისაც, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი სამაგისტრო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელს, ბატონ ნუგზარ ზაზანაშვილს, WWF - ის კავკასიის ოფისს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტს.

შეიძლება ითქვას, რომ პირველად ჯავახეთში დავიწყე დღიურის წერა, უფრო სწორად, პატარა ჩანახატების სახე მიიღო იქაურმა ამბებმა.

გადავწყვიტე, ბლოგის ჩარჩოში ჩამესვა და გამეზიარებინა მკითხველისთვის ქაღალდზე გაცოცხლებული მართალი დღეები, დაუვიწყარი ემოციებითა და შეგრძნებებით.

ჯავახეთი, სოფელი კარწახი, 2013 წლის ივლისი.

დაიწყო ტბით და დამთავრდა ტბით, ფარავნიდან კარწახამდე...

კარწახი სასაზღვრო სოფელია...

სოფელი ერთად შეკოკოლავებული რამდენიმე ნაცრისფერი სახლია...

შეხვდებით ეთნიკურ სომხებს, სტუმრად ან სამუშაოდ ჩამოსულ ქართველებს და ჯავახეთით მოხიბლულ და დაინტერესებულ გერმანელ სტუდენტსაც...

ჰაერი გაჟღენთილია სიგრილით და საქონლის სუნით...

მოკლედ, სოფლური იდილიაა.

კარწახი საკმაოდ დიდია, მაგრამ არც ისე, რომ საზღვრისმიღმა სოფლები ვერ დაინახო, ან ის, რომ რაც საზღვარს აქეთაა ჩვენია და ჩვენი დასაცავია ის მიწაც და ტყეც, რომელიც მე პირველად სამაგისტრო თემასთან დაკავშირებული პრაქტიკული სამუშაოს ფარგლებში ვნახე.

საზღვარი მაინც მაცდური რამეა და კი გამექცეოდა ხოლმე თვალი გაღმა მხარეს, მაგრამ ჩემი მოვალეობა და ტბისპირა კორომი მახსენდებოდა... ამიტომ ვიმხნევებდი თავს და ჯერ არგათენებულზე შევუყვებოდი სველ ტყეს.

გერმანელი სტუდენტი, რომელიც ჯავახეთის საძოვრების სპეციფიკას იკვლევდა, დამტვრეული, მაგრამ ძალზე სასიამოვნო ქართულით მარკვევდა ბალახოვან მცენარეთა ნაირსახეობებში და ჯავახეთს "ჩემი მეორე სამშობლოდ" მოიხსენიებდა...

დიდი ამბით გამოვეთხოვეთ.

ჯავახეთი, სოფელი კარწახი, 2014 წლის ივლისი.

ცივილიზაცია ხან „პოვოსკით“ დადის, ხან ურმით, ხან მანქანათმშენებლობის ულტრათანამედროვე მიღწევებით. აი, აქ ზემოთ ჩამოთლილთაგან სამივე წირავს თავთავის წილს ე.წ. ცივილიზაციას... რომელს უნდა ვუმადლოდე არ ვიცი, მაგრამ ამ ღვთისგან თუ არა, ქართველებისგან უდავოდ მივიწყებულ სოფელ კარწახში, ინტერნეტიც ვიპოვე... დიდად არ ვიდარდებდი უინტერნეტობას, უბრალოდ ძნელია ღვთისგან ბოძებულს კაცმა ხელი კრა. სახლი, რომელიც თავიდან ნახევრად ყორღანი მეგონა, ამის იმედს არა თუ იძლეოდა, იქვე აცამტვერებდა. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ინტერნეტი სასწაულად ჩავთვალე.

ჩემი პატარა ტყე, ასე შემერქვა მისთვის რაღაცნაირად მოთბილო სახელი, ისევ ისეთი დამხვდა, როგორიც დავტოვე ბოლოს. ესაა ზაფხულის თაკარა მზისგან ხმობაშეპარული საძოვრები უფრო ფართოდ გაშლილი მეჩვენება...

ქართველი მესაზღვრეები საშვს გაფრთხილებას აყოლებენ ღიმილით...

ადამიანი ყველგან ადამიანია და მიუხედავად ზოგიერთის ჩემთვის და ვიმედოვნებ, მათთვისაც გაუგებარი აგრესიის მიუხედავად, მსიამოვნებს დილის ხუთი საათზე დაწყებული უცხო გადაძახილ-გადმოძახილი, ურმებზე ორივე ხელით ჩამოკიდებული, ცნობისმოყვარე, გათხუპნული გოგო-ბიჭები... ქალიანკაციანად

სათიბზე გაკრეფილ სოფელში სიჩუმეა და ტყის ხმაა მარტო. საღამოს თავიდან იწყება, მყუდრო იდილია უკან იხევს მტვრიანი შუკიდან შეკრულ ბურთად მომავალი ხმაურის წინაშე...

გრილა... კი არა ცივა. მაღაზიის გამყიდველი აქამდე ჩემთვის უცნობ „ჯერმუკს“ მაწვდის - ჩვენია ესო, თვალს მიკრავს თან. მე მადლობას ვუხდი და ყოველი შემთხვევისთვის, „ჩვენს“ ბორჯომსაც ვიღებ. ხომ ვამბობ, ადამიანი მაინც ადამიანია, ყველგან და ყოველთვის!

ადამიანებისთვის ურთიერთობა ცვლის იმას, რასაც ვერ ცვლის ე.წ. მაღალი რანგის პოლიტიკური შეხვედრები. ადამიანური ურთიეთობებისთვის უბრალო დამოკიდებულებაა საჭირო, ერთად გაკეთებული საქმე, საერთო ინტერესი: თუნდაც კარწახის პატარა ტყის კორომის გადარჩენა. გადაძახილ-გადმოძახილი, გადაპატიჟებ-გადმოპატიჟება, საქმის შემდეგ ქართული ღვინო და სომხური კონიაკი, ბორჯომი და ჯერმუკი. და ერთხელაც, გავხდებით ერთი ქვეყნის საზოგადოების ნაწილი.

მომავლის საქმე ჯერ ისევ წინაა. სანამ ეროვნული პარკის ტერიტორაზე თუნდაც აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობების გამო, საძოვრები უფრო და უფრო შეზრდილან, მიხედვა უნდა საქმეს. სახელმწიფო ენასთან ერთად სამოქალაქო ცნობიერების დანერგვაა საჭირო.

ტრადიციული რომ ვიყო, ,,ტყე შეუნახე შვილებსაო“, უთქვამთ ჭკვიან წინაპრებს. რასაც XXI-ს არატრადიციულობას ვუჩივით ბევრი უსაფუძვლო ჩვევაში გადასული ქცევის უარყოფის გამო, ჯანსაღი ტრადიციები გავიხსენოთ და შევუნახოთ ჯავახეთს ის პატარა ტყე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG