Accessibility links

logo-print

ინტელექტუალური დისკურსი საქართველოში


ავტორი: ირინე ბერიძე

ინტელექტუალური დისკურსი საქართველოში ძალიან საინტერესო ფორმის ჰიბრიდად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც ალბათ ძალიან ღრმა ანალიზს იმსახურებს, აქ კი სულ რამოდენიმე ცენტრალურ ასპექტზე იქნება საუბარი. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ წერილში წარმოდგენილი დაკვირვება სამშობლოდან მოწყვეტილობის გამო, მხოლოდ სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ბლოგებსა თუ სხვა ვირტუალურ ფლატფორმებზე ე. წ. ინტელექტუალური წრეების წამომადგენლების აქტივობების მოკრძალებულ ანალიზს ეფუძნება. სხვათაშორის, შეიძლება ითქვას, რომ ზემოთხსენებული პერსპექტივა სულაც არ არის წამგებიანი. ის აღნიშნულ თემატიკაზე კრიტიკული რეფლექსიის ამოსავალ წერტილადაც შეიძლება იქნას მიჩნეული.

დისკურსის სტრუქტურა:

ინტელექტუალური დისკურსი აქ კონკრეტული ინტელექტუალური წრეების საჯარო აქტივობების ერთობლიობადა არის მიჩნეული. აღნიშნული წრეების დაყოფა შეიძლება უფრო ვიწრო ჯგუფებად, რომლებიც საბოლოოდ კონკრეტულ ინდივიდებამდე მიგვიყვანს. დისკურსი ერთი შეხედვით ძალიან მრავალფენოვანია, თუ მას ინტელექტუალური წრეების რაოდენობით, მათი თემატური მახასიათებლებით თუ მათში მყოფი ადამიანების პროფესიების, ინტერესების, საზოგადო აქტივობების თუ სხვა კუთხით შევხედავთ. დისკურსი იერარქიული წყობის მოდელის მიხედვით ფუნქციონირებს. ის მოიცავს მარგინალურ ე. წ. „ვაი-ინტელექტუალებს”, რომელთა “კულტურული კაპიტალიც”, Pierre Bourdieu-ს თეორიის მიხედვით რომ ვისაუბროთ, მეტწილად მათი ეკონომიური თუ სიმბოლური კაპიტალის მოპოვებასთან ერთად ჩამოყალიბდა. ამ ჯგუფის ინტელექტუალებში მოიაზრებიან საბჭოთა კავშირის გადმონაშთები, მაგალითისთვის აქ პოეტ რეზო ამაშუკელის დასახელება შეიძლება, ანუ ადამიანები, რომელთა ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურ სტატუსზე საზოგადოების “პროგრესული” თუ “ნაკლებად პროგრესული” ნაწილი ერთსულოვნად თანხმდება. ასევე შედარებით ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, ძირითადად კულტურის სფეროდან, რომლებიც იმიჯის უკიდურესი არაბუნებრივობის/ხელოვნურობის და არაადეკვატურობის გამო, ქართული საზოგადეობის დიდი ნაწილის ქილიკის ობიექტიც ხდება. ისინი ხშირად „შეშლილ პოეტებს“ ემსგავსებიან, რომლებიც საზოგადოების ჯამბაზების ფუნქციასაც ითავსებენ.

დისკურსის მეორე სიმბოლურ ჯგუფად შეიძლება ისეთი ინტელექტუალები მივიჩნიოთ, რომლებიც ან არ ან ვერ ფლობენ ვერანაირ რესურს, რომ მათი ხმა საჯარო სივრცეში წინამორბედი ჯგუფის მსგავსად მკვეთრად ისმოდეს. მათი არახილოვადობა მათი მთავარი მახასიათებელია. მათზე პირად საუბრებში საუბრობენ, მაგრამ იშვიათად ან არასოდეს საჯაროდ. ისინი სოციალურ ქელებშიც არ აქტიურობენ, ან აქტიურობენ ოღონდაც კარგად შენიღბული ფსევდონიმებით.

ეს წერილი კი დისკურსის პირობითად მესამე და მთავარ ჯგუფზე კონცენტრირდება. ფიქრისა და დაკვირვების საბაბს სწორედ ეს დომინანტი ინტელექუალური წრე იძლევა. მისი დომინანტურობა მისი ხილვადობით განისაზღვრება. წამყვანი ინტელექტუალური წრის წარმომადგენლები სხვადასხვა სფეროს მიეკუთვნებიან. მათ რიგებში ჩვენ ვხვდებით საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, ხელოვნებათმცოდნეებს, კინომცოდნეებს, კინომცოდნეებს, კინომცოდნეებს (!), ჟურნალისტებს, მწერლებს, ფილოსოფოსებს, იურისტებსა თუ ექიმებს. წრის მთავარ ბირთვად მაინც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შეიძლება ჩაითვალოს.

დომინანტური წრე თავის დომინანტურობას არა მხოლოდ რეალურ, არამედ ვირტუალურ სივრცეში ერთნაირი, თუ არა მეტი წარმეტებით, ინარჩუნებს და ამყარებს. როგორც ხშირად აღუნიშნავთ, საქართველოში სოციალურმა ქსელმა, კერძოდ კი ფეისბუკმა, შეძლო რეალური სივრციდან ვირტუალურ სივრცეში გადაეტანა საჯარო დისკუსიები კულტურულ, პოლიტიკურ თუ სხვა თემებზე. აღნიშნულ ჯგუფზე დაკვირვებაც ყველაზე კომფორტული და საინტერესო სწორედ ვირტუალური სივრცის პერსპექტივიდანაა, რადგან იქ მათი პირადი და საჯარო სფეროები თითქმის არ ან ძალიან უმნიშვნელოდ იმიჯნება. ჩვენ მათ ვირტუალურ კონსტრუქტებად აღვიქვამთ და ხშირად მათი ცხოვრების ინტიმური სფეროს დამკვირვებლებიც ვხვდებით. მართალია ეს რეალობა ყოველთვის მაინც ფიქციად რჩება, რაღაც კუთხით კი მაინც შეიძლება მათ „ვირტუალურ გაშიშვლებაზე“ საუბარი.

აქვე საინტერესოა დაფიქრება წრის რამოდენიმე ცენტრალურ მახასიათებელზე, რომლის ანალიზი მის პრობლემატურობაზეც დაგვაფიქრებს. დომინანტური წრის ცენტრალური პრობლემატური მახასიათებელი მისივე ჩაკეტილობაა. ჩაკეტილობა კი ის მექანიზმია, რომელიც ამავე ჯგუფის წინააღმდეგ მუშაობს. წრის ჰომოგენურობა მასში მყოფი ინდივიდების იდენტურ ნიშან-თვისებებებზე დგას, რომლებიც ან თვითდახასიათების ან მათზე საჯარო სივრცეში გავრცელებული დომინანტური პერსპექტივიდან გამომდინარეობს. აქვე რამოდენიმე მახასიათებლის დასახელება შეიძლება: „ინტელექტუალი” ანუ განათლებული/წიგნიერი, “სწორი”/ლიბერალური ღირებულებების მატარებელი, საგანმანათლებლო თუ დიდაქტიკური ვალდებულებების მატარებელი საზოგადოების წინაშე, ხშირად აბსოლიტური სიმართლის მცოდნე, თანამედროვე, დასავლეთ-ევროპული ღირებულებების მთავარი იმპორტიორი ქვეყანაში და არა ხიდი (!) ამ გეოგრაფიულ თუ კულტურულ სივრცეებს შორის, სწორი გენდერული შეხედულებების მატარებელი, ჰომოფობიური პოზიციების მკვეთრი წინააღმდეგი თუ სხვა. აქვე მოკლედ უნდა აღინიშნოს მკვეთრად კონსერვატიული თუ რელიგიური წრეების დამოკიდებულება მათ მიმართ. ისინი ამ ჯგუფის წარმომადგენლებს სულ სხვა კატეგორიებთან აიგივებენ, როგორიცაა სამშობლოს მოღალატე, გარყვნილი, ჰომოსექსუალი, ათეისტი თუ სხვა. ამ საკითხთან მეტად დაახლოება სხვა მიმართულებით წაგვიყვანს, ამიტომ ამით შემოვიფარგლოთ და ჯგუფის პრობლემატურობას დავუბრუნდეთ.

ჯგუფის წევრები ერთმანეთთან, უმეტეს შემთხვევაში მჭიდრო მეგობრული ძაფებით არიან დაკავშირებულნი. ეს კი მათ ხელს უშლის და მათ უუნაროს ხდის კრიტიკული რეფლექსიის პოტენციალის ამუშავებაში. ის სივრცე, სადაც ისინი არსებობენ ერთგვარ ჭაობს ემსგავსება, სადაც მთავარი აქტიორები ან ავტოსიყვარულით არიან დაკავებულნი ან ჯგუფის სხვა წევრების ქება-დიდებით. ჭაობს იმიტომ შეიძლება შევადაროთ, რომ მათი ინტელექტუალური აქტივობები სწორედ მდგარ წყალში, ჩაკეტილ სივრცეში ფართხალს ემსგავსება. ისინი არ ან ვერ ააქტიურებენ კრიტიკულ პოტენციალს ჯგუფის სხვა წევრების ნაშრომების თუ საჯაროდ დაფიქსირებული პოზიციების მიმართ. აქ ხომ ყველა ყველას მეგობარია ან ცუდ შემთხვევაში მეგობრის მეგობარი მაინც. მეგობრის ინტელექტუალური ნაშრომზე კრიტიკული რეფლექსია კი მისი წყენის საწინდარია და ჯგუფში არ პრაქტიცირდება.

სამაგიეროდ ჯგუფის წევრები დასცინიან და ქილიკობენ მათზე, რომლებზეც დომინანტი წრე, როგორც ერთობლიობა, ქილიკობს. მათ შემყურე ქართულ საზოგადოებას კი მათ მიერ მოწოდებულ სრულ ოპოზიციებში, ანტაგონიზმებში, აბსოლიტურ სიმართლეებში, ევროპიდან იმპორტირებულ კვაზი აზრებით გვიწევს აზროვნება. მარტივად რომ ვთქვათ, უკიდურეს “კარგისა” და უკიდურეს “ცუდის” კატეგორიებში გვტოვებს. ის რომ ორივე კატეგორია თავის თავშივე გულისხმობს მკვეთრად დიფერენციაციის პოტენციალს, აქ არც კი განიხილება. მოკლედ რომ ვთქვათ, ჯუფი განწირულია წრეზე ავტომატური ტრიალისთვის, ამით კი მთლიანად ინტელექტუალური დისკურსი ზარალდება, რადგან ის თითქმის მთლიანად დაცლილია რეფლექსიის ყოველგვრაი ფორმებისგან.

და ბოლოს: დომინანტური ინტელექტუალური წრის ჩაკეტილობა მათ „უბრალო ხალხთან” კომუნიკაციის უნარს ართმევს. საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მათი არ ესმის, მათთან იდენტიფიკაციას ვერ ახდენს. შეიძლება ითქვას, რომ მათი აქტივობები თვითდამკვიდრებას და საზოგადოების ყურადღების ცენტრში დარჩენას უმიზნებს, იმ საზოგადოების, სადაც ისედაც ყველანი ერთმანეთის მეგობრები არიან/ვართ. რეფლექსიის პოტენციალიას ამუშავება კი ხშირ შემთხვევაში ჯგუფიდან განდევნას და სტატუსის დაკარგვას უტოლდება, რასაც ისევ საერთო დინებით მშვიდ ცურვას ვამჯობინებთ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG