Accessibility links

logo-print

საბა 2016 - წიგნებზე ვილაპარაკოთ


ავტორი: ირინე ბერიძე

წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ უკვე მეთოთხმეტედ გაიცა. დაჯილდოების საღამო თბილისში, მუხრანბატონის სასახლის ეზოში გაიმართა. სასახლის ამ პომპეზურ გარემოს ნაწილობრივ ანეიტრალებდა თვით დაჯილდოების ცერემონიის საკმაოდ მინიმალისტური დრამატურგია. განსხვავებული იყო წელს ცერემონიის მუსიკალური მხარეც. მუსიკალური ნომრები მხოლოდ ცერემონიის გახსნის და დახურვის დროს აჟღერდა. წინა წლების კრიტიკა მუსიკალური თუ საცეკვაო გაფორმების გადამეტებული თეატრალურობის გამო, წელს, როგორც ჩანს, ზედმიწევნით გაითვალისწინეს პრემიის ორგანიზატორებმა.

ის, ვინც მთავარი პრიზების გადანაწილების შემდეგ ინტერნეტში გამართულ დისკუსიებს თვალს ადევნებდა, დამეთანხმება, რომ რეზონანზსი წინა წლებთან შედარებით თითქოს უფრო მცირე იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც შეიძლება რამდენიმე საინტერესო საკითხის გამოყოფა. საინტერესო იყო ის, რომ დისკუსია არა გამარჯვებულ თუ „დამარცხებულ” წიგნებსა თუ ავტორებზე საუბრით გაიხსნა, არამედ ერთ-ერთი განაწყენებული მუსიკოსის წერილით, რომელიც დაჯილდოებაზე დამსწრე საზოგადოების უკულტურობაზე საუბრობდა. საღამოს მთავარი ნაწილის შემდეგ გამართული კონცერტის მოსასმენად თითქმის არავინ დარჩენილა. ამას ისიც დაემატა, რომ ამ დროს საგანგებოდ მოწყობილი ბუფეტიც გაეხსნათ ორგანიზატორებს. ამ ამბავს უკვე მრავალჯერ გადაღეჭილ-გავცეთილი დისკუსია მოჰყვა, კერძოდ ქართული პუბლიკის დაუხვეწაობასა და პროვინციალიზმზე, მაგრამ ამაზე სხვა დროს; ისედაც ხომ უკვე მრავალგზის წაგვიკითხავს და გვიმსჯელია მსგავს თემებზე.

დისკუსიაში აქა-იქ ისმოდა ხმები, რომლებიც საჯარო განხილვის აქცენტების ავტორებზე და მათ პუბლიკაციებზე გადატანის აუცილებლობაზე საუბრობდნენ. „საბა“ მისი არსით და იდეით ხომ სწორედ იმას ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტმა წიგნმა მიაღწიოს მკითხველამდე, თანაც არა მშრალად და მოსაწყენად, არამედ კრიტიკოსთა და ლიტერატორთა გაჩაღებული დისკუსიის ფონზე -დისკუსიისა, რომელიც მკითხველს ერთგვარ ნიადაგს მოუმზადებს ახალი გამოცემების უკეთესი რეცეფციისთვის. ლიტერატურაზე პროფესიონალურმა მსჯელობამ უნდა შექმნას ის კონტექსტები, რომლებიც წიგნების თემატიკებს გასაგებს, ლოგიკურს და აქტუალურს გახდის, მათ მსოფლიო ლიტერატურის საერთო წრეზე კუთვნილ ადგილს მიუჩენს, არგუმენტირებულად ისაუბრებს მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე და ლიტერატურაზე მსჯელობის სამოყვარულო თუ პროფესიულ კულტურის ახალ ფორმებს შექმნის, ძველებს კი კიდევ უფრო დახვეწავს.

სამწუხაროდ ეს პროცესი წლებია ძალიან ნელა, ან საერთოდ არ ვითარდება. წლიდან-წლამდე სხვადასხვა ნომინაციებზე წარდგენილი წიგნების და ავტორების გარშემო საუბარი „ძალიან კარგი რომანია“, „ამ ავტორს უნდა აეღო“, „არ შეიძლებოდა ამ თარგმანის ჯილდოს გარეშე დატოვება“ თუ სხვა მრავალი მსგავსი ფრაზებით თუ შემოიფარგლება ხოლმე. რა თქმა უნდა, გარკვეულ წიგნებზე, ძირითადად უკვე კარგად ცნობილი ავტორების რომანებზე, აქა-იქ მიმობნეულ მცირე რეცენზიებსაც შევხვდებით ხოლმე „საბა“-მდე. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ლიტერატურაზე სამსჯელო სივრცის მოპოვება არც თუ ისე ადვილია საქართველოში. მეტიც, ეს სივრცეები ახლიდან არის შესაქმნელი და „საბამ“ ამ მიმართულებითაც უნდა იმუშაოს.

წლევანდელი „საბას“ გარშემო გამართულ მსჯელობებში ზოგი ჟიურის ვალდებულებას უსვამდა ხაზს იმ კუთხით, რომ მათ თუნდაც დაჯილდოების ცერემონიის დროს ამომწურავად და დასაბუთბულად უნდა წარედგინათ გამარჯვებულები მკითხველისთვის. გერმანიის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ლიტერატურული ჯილდოების გამარჯვებულების გამოვლენას ყოველთვის წინ უძღვის ხოლმე მოკლე (3-5 წუთიანი) ლაუდაციოები ამა თუ იმ გადაწყვეტილების უფრო მეტი გამჭირვალობისა თუ გასააზრებლად. 2018 წლის ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება და ამიტომ გერმანულ ლიტერატურულ პროცესებზე დაკვირვება ალბათ უფრო საინტერესო იქნება მკითხველისთვის.

გერმანიაში ორი დიდი ლიტერატურულ პრემიის გამოყოფა შეიძლება: Preis der Leipziger Buchmesse („ლაიფციგის ბაზრობის პრემია“), რომელიც სულ სამ ნომინაციაში (ბელეტრისტიკა, ესეისტიკა/შემეცნებით-პოპულარული ლიტერატურა და არგმანი) გაიცემა ხოლმე ყოველწლიურად ბაზრობის ფარგლებში, და Deutscher Buchpreis („წიგნის გერმანული პრემია”), რომელიც ფრანქფურტის წიგნის ბაზრობის გახსნასთან ერთად საუკეთესო გერმანული რომანის კატეგორიაში გაიცემა. ლაიფციგის პრემიის შემთხვევაში საბოლოო სიაში მხოლოდ 15 წიგნიღა რჩება ხოლმე (ხშირად 400-ზე მეტი წიგნიდან), ანუ სამივე კატეგორიაში მხოლოდ ხუთ-ხუთი წიგნი იბრძვის პრიზისთვის. შარშან ჟიური შვიდკაციანი შემადგენლობით შეიკრიბა. ჟიური დაკომპლექტებულია ლიტერატურთმცოდნეებისა და ლიტერატურული კრიტიკოსებისგან, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, აქტიურად წერენ სხვადასხვა წამყვანი გერმანულენოვანი ჟურნალ-გაზეთებისთვის ლიტერატურაზე და ზოგადად კულტურაზე. მათი ვინაობა კი, „საბას“ ჟიურისგან განსხვავევით, თავიდანვე ცნობილი ხდება მკითხველისთვის. Deutscher Buchpreis-ის შემთხვევაში „ლონგლისთიდან“, რომელიც წელს 20 რომანს მოიცავს, სულ რამოდენიმე დღის წინ შეირჩა 6 რომანი, რომლებიდანაც დაახლოებით ერთ თვეში მთავარი პრიზის მფლობელიც გამოვლინდება. საინტერესოა ის, რომ პრემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შორთლისთის უკვე ყველა რომანს დართული აქვს ჟიურის მცირე კომენტარი, თუ რით არის ეს კონკრეტული რომანი გამორჩეული. ამ მოკლე ტექსტებში, ხაზი გასმული აქვს რომანების გამორჩეულ თემატიკას და ავტორის ინდივიდუალურ ენასა თუ წერის სტილს. ამით ჟიურის ხმა მკითხველამდე უკვე პრემიის გაცემამდე მიდის და ერთგვარი კომუნიკაციის შრე უკვე ამ კუთხითაც ჩნდება. პარალელურად კი მკითხველისთვის ხილვადია სხვა პოზიციებიც, რომლებიც სულაც არ არის საჭირო ჟიურის პოზიციებს ემთხვეოდეს, ან უახლოვდებოდეს მათ.

საინტერესოა დავაკვირდეთ იმ პროცესებს, რომლებიც გერმანულენოვან ლიტერატურულ სივრცეში პრემიების გაცემას უძღვის ხოლმე წინ და პარალელურად ქართულ სივრცეზეც დავფიქრდეთ. გერმანული ლიტერატურული სივრცე უამრავი დიდი თუ პატარა აქტორებისგან შედგება, რომლებსაც თავისი ინდივიდუალური წვილილი შეაქვთ ლიტერატურული პროცესების ფორმირებასა და განვითარებაში. მწერლების, გამომცემლების თუ წიგნის მაღაზიების მფლობელების გარდა, აქ დიდ როლს ლიტერატურული კრიტიკოსები თამაშობენ. საერთოდ ხშირად გაიგებთ ნახევრად ხუმრობით ფრაზას, რომ გერმანია ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ლიტერატურული კრიტიკოსი, როგორც პროფესია, არსებობს და თანაც ამ პროფესიის ადამიანებს უკიდურეს სიღარიბეში არ უწევთ ცხოვრება. იყო ერთი ასეთი პოლონელ-ებრაელი გერმანულენოვანი კრიტიკოსი, მარსელ რაიხ-რანიცკი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანულენოვანი ფელეტონი ყირაზე დააყენა. „ლიტერატურული პაპი“, როგორც მას ხუმრობით უწოდებდნენ, სრულიად ახალი ხერხებით ესაუბრებოდა მკითხველს ტელეეკრანებიდან თუ ბეჭდური მედიიდან: ხისტად, ცოტა უხეში პირდაპირობით, საოცრად ანგაჟირებულად და ლიტ.კრიტიკის ხელსაწყოების მოქნილი ჟონგლიორობით. დღეს ხშირად განიხილება ახლანდელი ლიტერატურის კრიტიკის საერთო დონის ვარდნის საკითხი, მაგრამ მოდით ეს თემა სხვა წერილისთვის შემოვინახოთ.

გერმანულ ლიტერატურულ „ოკეანეში” დაცურავენ როგორც დიდი თევზები, მაგალითად მსხვილი ჟურნალ-გაზეთების ფელეტონის კრიტიკოსები, როგორიცაა Zeit, Spiegel, Welt, FAZ თუ სხვა, ასევე მომცრო ლიფსიტებიც, რომლებიც ბოლო წლებია სხვადასხვა ფორმატებიდან და განსხვავებული მედიუმების გამოყენებით ესაუბრებიან წიგნებზე მკითხველს. ლიტერატურული თუ სპეციალური ვიდეო-ბლოგები, რომლებიც Youtube-ის მეშვეობით ვრცელდება, ძირითადად ახალგაზრდებისთვის არის მიმზიდველი და ისეთ პოპულარულ ლიტერატურულ ჟანრებზე ნახევრად პროფესიონალურად მოსაუბრე ადამიანებს აერთიანებს, როგორიცაა ფენტეზი, დეტექტივი, კომიქსი თუ სხვა. ლიტ.-ბლოგერების ნაწილი კი კომპლექსურ რეცენზიებსაც გვთავაზობს ხოლმე. იგივე Deutscher Buchpreis-ის წინა პერიოდში ამ ჯილდოს ორგანიზატორები გეგმავენ სპეციალურ კამპანიებს ბლოგერებისათვის, რის ფარგლებშიც ერთი და იგივე რომანები უფასოდ (!) ურიგდებათ ბლოგერებს, რათა მათ წიგნების გამოცემიდან მოკლე დროში შეძლონ მათი რეცენზირება. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ უფასო ეგზემპლარის მიღება რეცენზენტს არ ავალდებულებს დაწეროს აუცილებლად პოზიტიური რეცენზია. სურვილის შემთხვევაში, მას შეუძლია საერთოდაც არ განიხილოს ის. ბლოგერების გარდა გამომცემლობების პრესის განყოფილებების ინიციატივით და ორგანიზებით იგივე რომანები ყველა წამყვან თუ რეგიონალურ ბეჭდურ თუ ონლაინ ჟურნალ-გაზეთების რედაქტორებს ურიგდებათ. ეს პროცესი უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ძალიან დინამიური მოძრაობა კულმინაციამდე, რომელიც მთავარი ჯილდოს მფოლბელის გამოვლენასთან ერთად მიიღწევა. ერთი სიტყვით, გერმანიაში ლიტერატურაზე საუბრობენ უშუალოდ დაჯილდოებამდეც და ამას ყველა არსებული რესურსის გააქტიურებით აკეთებენ. წიგნებზე და ავტორებზე დისკუსია და მსჯელობა გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგაც არ წყდება, თუმცა აქ მეტი აქცენტი პრიზიორ ავტორებზე კეთდება, რომელბიც არავითარ შემთხვევაში არ არიან მართლაც იმ წლის საუკეთესო წიგნების ავტორები, არამედ ისინი ამ კონკრეტული ჟიურის სუბიექტური გემოვნებისა და ობიექტური ლიტერატურული კრიტიკის ხელსაწყოების მოქნილი გამოყენებით და მკვეთრად დასაბუთებული გადაწყვეტილებით ვლინდებიან.

ბოლოს ისევ „საბას“ დავუბრუნდეთ და ამ გლობალური გამოცდილების და პრაქტიკების ქართულ ლიტერატურულ სივრცეზე მორგება ვცადოთ. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ალბათ ისევ ორგანიზატორების მხრიდან უნდა მოხდეს გარკვეული გეგმის შემუშავება, თუ როგორ გახდება ლიტერატურაზე დისკუსიის პროცესების წახალისება-მოტივირება შესაძლებელი. ამ პროცესში გამომცემლობების როლიც ძალიან მნიშვნელოვანია. მათ აქტიურად უნდა შეიმუშავონ სხვადასხვა მარკეტინგული ხერხები იმისა, თუ როგორ მიაწოდონ ახალი გამოცემები კრიტიკოსებს თუ მკითხველს. აუცილებელია უფასო სარეცენზიო ეგზემპლარების პრაქტიკის შემოღებაც, რაც გარკვეულ ფინანსურ ხარჯებს მოიცავს, მაგრამ ლიტერატურულ კრიტიკოსებს მეტი აქტიურობისაკენ უბიძგებს და მათი დახმარებით ფართო ლიტერატურული პროცესების გაცოცხლებას, დახვეწას და გახალისებას შეუწყობს ხელს, რაც ბოლოს კონკრეტული წიგნების გაყიდვების ზრდაზეც აუცილებლად აისახება. აქ ინიციატივა გამომცემლობებმა უნდა გამოიჩინონ. წიგნების გამოცემა ამ პროცესის მხოლოდ ნაწილია. გამოცემულ წიგნებსაც სჭირდებათ მკითხველამდე გზის გაკვლევის ამ ურთულეს პროცესში დახმარება.

რადგან პრემია „საბას“ არ ჰყავს ამჟამად ამ მასშტაბის კონკურენტი, ამიტომ სწორედ აქ არსებობს პოტენციალი იმისა, რომ ქართული ლიტერატურულმა სივრცემ დიმანიურობა შეიძინოს. ის ფაქტი, რომ, მაგალითისთვის, საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორ იუნონა გურულზე და მის რომანზე „დიაგნოზი“ ინტერნეტში ერთ მოკლე რეცენზიასაც კი ვერ მოიძიებთ, საკითხის პრობლემატურობას მთელი სიმძაფრით გვაჩვენებს. დარწმუნებული ვარ, წლევანდელ სხვა ბევრი ლაურეატის შემთხვევაშიც იგივე სურათი გვაქვს. პრემია „საბა“ ხშირად აჯილდოვებს ავტორებს, რომლებიც „საბამდე“ მთლიანად უხილავები არიან ქართველი მკითხველისთვის და მერეც მხოლოდ ვიწრო წრეებისთვის რჩებიან ხელმისაწვდომები. როცა ჟიური, რომლის წევრები პრემიაზე წარდგენილ ყველა წიგნს დეტალურად ეცნობიან, თავის მხრივ დუმს და მხოლოდ დალუქული კონვერტებიდან გამარჯვებულის ვინაობის ამოკითხვით შემოიფარგლება, ლიტერატურაზე საუბრის ეს მნიშვნელოვანი პროცესი სამწუხაროდ წინ ვერ მიდის. მნიშვნელოვანია, რომ მომავალ „საბამდე“ ახლიდან დაისვას პრიორიტეტები და ის მიზნები, რაც ამ ლიტერატურული პრემიის იდეას კრავს, კონრეტული ქმედებებით ჩანაცვლდეს. სხვაგვარად ეს პრემიაც უბრალოდ წლიური შეკრების პლატფორმად დარჩება, რომლის რეზონანსი რეალურად ვერ გამოაღვიძებს იმ გაყინულ ლიტერატურულ პროცესებს, რომლებსაც ეს ასე ჰაერივით ესაჭიროებათ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG