Accessibility links

logo-print

უცხოელი ავტორები საქართველოში და პასიური ქართველი მკითხველი


ავტორი: ირინე ბერიძე

თბილისის მე-2 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მიმდინარეობას ფეისბუკის საშუალებით გერმანიიდან ვადევნებ თვალს. იმაზე საუბრით, თუ რაოდენ დიდია მსგავსი წამოწყებების მნიშვნელობა, თავს არ შეგაწყენთ. მჯერა, რომ ეს ამ სფეროში მომუშავე ყველა ადამიანს აქვს თანაბრად გაცნობიერებული. თუმცა დღევანდელი ფიქრის საგანი სულ სხვაა და ის სხვა პერსპექტივიდან მიუახლოვდება ფესტივალს, რომელმაც ჩემთვის საინტერესო რამოდენიმე თემაზე დამაფიქრა.

ლიტერატურული ფესტივალის მიმდინარეობისას ინტერნეტში გადავაწყდი ფესტივალის ორგანიზატორებისა თუ ავტორების განაწყენებულ წერილებს, რომლებიც ზოგი მეტი, ზოგიც კი ნაკლები ბრაზნარევი გულდაწყვეტით აღნიშნავდა ფესტივალის სხვადასხვა ღონისძიებებზე დამსწრე საზოგადოების თვალშისაცემ სიმწირეს. ისმოდა კითხვა, თუ რატომ შეიძლება ცარიელ დარბაზში უწევდეს საუბარი მაგალითისთვის გერმანელ-ქართველ ავტორს ნინო ხარატიშვილის, რომლის უკვე ორი რომანი ქართულ ენაზეც ითარგმნა. მისი მესამე რომანი კი (მერვე სიცოცხლე. ბრილკასთვის), რომელზეც შარშან გერმანელი კრიტიკოსები თუ მკითხველი ერთნაირი აღტაცებით საუბრობდა, უკვე თარგმნის პროცესშია. ნინო ხარატიშვილის პიესები კი რამოდენიმეჯერ დაიდგა კიდეც თბილისში. ერთი შეხედვით ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ნინოს რომანებით ქართველი მკითხველის დიდი ნაწილი დაინტერესდეს და მისი მნიშვნელობა არამარტო ვიწრო ლიტერატურული წრისთვის, არამედ ფართო მკითხველისთვისაც გასაგები გახდეს.

მოდით მეორე მაგალითს დავაკვირდეთ. წელს თბილისის ლიტ.ფესტივალს ასევე ესწრებოდა ბუკერის პრემიის ლაურიატი ავსტრალიელი მწერალი დიბისი პიერი. მისი რომანი „ვერნონ გენიოს ლითლი“ ქართულად ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ ითარგმნა. როგორც წერდნენ, ეს საღამოც მკითხველის ნაკლები ინტერესით გამოირჩეოდა. იქვე დაისვა კითხვა, თუ რატომ შეიძლება სრული ანშლაგით ჩაიაროს მაგალითად ცოტა ხნის წინ თბილისში გამართულმა შეხვედრამ ფრანგ მწერალ ფრედერიკ ბეგბედერთან და დიბისი პიერით კი ცოტა ვინმე დაინტერესდეს. მე მგონია, რომ ეს კითხვა, რომელიც ემოციურ ფონზე დაისვა და რომლის არსებობაც სრულიად ლეგიტიმურია, რამოდენიმე ფუნდამენტალურ საკითხზე დაფიქრებისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ.

პირველი ნაბიჯი იმის გასაგებად, თუ რატომ ვერ ხერხდება ქართველი მკითხველის მოზიდვა/მობილიზება და მათი დაინტერესება მსოფილიო დონის ავტორებით, მაშინ როცა მსგავსი საღამოები ისედაც ფუფუნებას წარმოადგენს საქართველოში, საკითხის სხვადასხვა კუთხიდან დაკვირვებას გულისხმობს. შესაძლო პრობლემურ ასპექტებზე ფიქრისას ვხვდებით, რომ ეს პირველ რიგში მთლიანი ლიტერატურული ინდუსტრიის, რბილად რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ ჩანასახის სტადიაში ყოფნას უნდა დავაბრალოთ. აქვე თვალნათლივ ვლინდება სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ კულტურული დაწესებულებების როლიც, რომლებიც ერთგვარ ნოყიერ ნიადაგს უნდა ამზადებდნენ მსგავსი ფესტივალების წარმატებით ჩასატარებლად. მაგალითისთვის აქ ისიც კი შეიძლება გადამწყვეტ როლს თამაშობდეს, კითხულობენ თუ არა თბილისის ივანე ჯავახიშვილის ინგლისურენოვანი ლიტერატურის მიმართულების სტუდენტები იგივე დიბისი პიერს, როცა ისინი თანამედროვე ლიტერატურის კურსს გადიან. ან კიდევ, არსებობს თუ არა იგივე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანისტიკის ფაკულტეტზე კურსი, რომლის ფარგლებში სტუდენტები თანამედროვე გერმანულ ლიტერატურას ეცნობიან და ბევრ სხვა კარგ ავტორთან ერთად ნინო ხარატიშვილის პროზასაც უღრმავდებიან ლიტერატურის ანალიზის სხვადასხვა ტექნიკების დახმარებით. სამწუხაროა, მაგრამ როგორც ჩანს - არა. ეს ახლაგაზრდებიც უნდა ამკვიდრებდნენ ლიტერატურულ ტრენდს, რომელიც შემდეგ ეპიდემიასავით უნდა ედებოდეს მკითხველს. მათ ხომ ის პრივილეგიაც აქვთ, ორიგინალში იკითხონ უცხოელი ავტორები.

ახალს არაფერს ვიტყვი, თუ ყურადღებას ისეთ არანაკლებ მნიშვნელოვან ასპექტზე გავამახვილებ, როგორიც ბეჭდური მედიის როლია. მწერლის პოპულარობის გასაზრდელად მისი შემოქმედებით ლიტერატურული კრიტიკოსები თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეცნიერები უნდა ინტერესდებოდენენ. ამისათვის გამომცემლობები ყველა არსებულ თუ არარსებულ ბერკეტს უნდა ფლობდნენ. ლიტერატურული კრიტიკოსების რეცენზიების გამოქვეყნება ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში უნდა ხერხდებოდეს. სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში დროულად უნდა ხდებოდეს ღონისძიებების დაანონსება. ორგანიზატორები მრავალ პლათფორმას უნდა იყენებდნენ მსგავსი წიგნის კითხვის საღამოების ხილვადობის გაზრდის მიზნით. მეორე მხრივ კი, მაშინ, როცა სულ რაღაც თითზე ჩამოსათვლელი კულტურის თემებზე სპეციალიზირებული ონლაინ- თუ პრინტ-მედია არსებობს, შესაბამისად ვერც ლიტერატურული კრიტიკის არსებობა იქნება შესაძლებელი. ქართული მედია კი ამ დროს თითქმის სრულიად არის მონოპოლიზებული პოლიტიკური თემებით. აქ შეუძლებელი ხდება იპოვო ვიწრო სივრცეც კი, სადაც დიბისი პიერის, თუ ევროპაში ძალიან ცნობილი უკრაინელი მწერლის იური ანდურხოვიჩის შესახებ ისაუბრებ მკითხველთან. თანაც იმ დროს, როდესაც მეზობლად მცხოვრები ძალიან მნიშვნელოვანი ავტორების ქართულად თარგმნაც ვერ მოგვიხერხებია. ავსტრალიელი მწერლისა არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ იგივე ჩვენი საერთო საბჭოთა წარსულის გააზრების მხრივ ანდურხოვიჩის თუ ჟადანის პროზის თარგმნის ორგანიზება ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა უნდა იყოს დღეს ქართულ ლიტერატურულ დღის წესრიგში.

ამ თემაზე ფიქრისას შევეცადე გერმანულენოვანი ლიტერატურული ინდუსტრიის მაგალითზე მივმხვდარიყავი, თუ რაში მდგომარეობს მთავარი პრობლემა და მაშინვე სიტყვა „კონტექსტი“ გამახსენდა. მგონია, კონტექსტია აქ ის საკვანძო სიტყვა, რომელიც კიდევ ერთ პრობლემატურ საკითხთან დაახლოების საშუალებას იძლევა. მოდით ეხლა ისევ მწერალ ნინო ხარატიშვილის მაგალითს დავუბრუნდეთ: მწერლების ცნობადობის ზრდის მიზნით მათ ირგვლივ ადეკვატური კონტექსტის, მოდით ვთქვათ, ნიადაგის შექმნაა საჭირო. რა იგულისხმება ამაში: როცა მწერალთან საჯარო შეხვედრები მზადების პროცესშია, საფიქრალია იმ თემებზეც, თუ რა კონტექსტში მოხდება ამა თუ იმ მწერლის პრეზენტაცია. ის, რომ ნინო ხარატიშვილის რომანი იგივე გერმანიაში მგალითად ანა ზეგერსის პრემიის ლაურიატია, გერმანელი მკითხველისთვის ბევრის, მაგრამ ქართველისთვის დიდი ალბათობით არაფრის მთქმელია. მაშასადამე საჭიროა მისი, უხეშად რომ ვთქვათ, ქართულ კულტურულ რეალობაზე მორგება, ერთგვარი ფუნდამენტის მომზადება ლიტერატურის რეცეფციისათვის. კონტექსტის შექმნა ბევრი სახვადასხვა მიმართულებით ფიქრსაც გულისხმობს. დაწყებული იქედან, თუ სად შეიძლება ნინო ხარატიშვილის შემოქმედების ქართულ ლიტერატურულ ტრადიციაში განთავსება და დამთავრებული იმით, თუ რატომ არის ის განსაკუთრებულად საინტერესო მწერალი ქართველი მკითხევლისთვის. რა არის ის თემები, რაც მის რომანებსა თუ პიესებში გვხვდება და ქართველი მკითხველისთვის შეიძლება იყოს საინტერესო. რომელ სოციალურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ კონტექსტში შეიძლება მათი წაკითხვა? რას ნიშნავს იყო გერმანელ-ქართველი ავტორი? რატომ ხდის მის ტექსტებს მათი ერთგვარი ტრანსნაციონალური არსი საინტერესოს ჩვენთვის? და არის თუ არა ის პერსპექტივა მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას ერთჯერადიც ქართულ თანამედორვე ლიტერატურაში, რომელიც ნინო ხარატიშვილს საშუალებას აძლევს დისტანციიდან მოახდინოს რეფლექსია გარკვეულ ჩვენთვის საინტერესო თემებზე? ამ და სხვა მრავალმა გზავნილმა ადრესატებამდე სხვადასხვა გზით და ფორმით უნდა მიაღწიოს.

ერთი სიტყვით: ავტორების რეცეფცია სწორედაც რომ ამ კონტექსტების ხილულობის ხარჯზე უნდა ხდებოდეს. მე, როგორც მკითხველს, მეტი ინფორმაცია, მეტი საიდენტიფიკაციო თუ საორიენტაციო წერტილი მჭირდება, ვიდრე საერთაშორისო ლიტერატურული პრემიებით დახუნძლული ავტორის მშრალი ბიოგრაფიაა. კონტექსტი მათ და მათი ლიტერატურის მნიშვნელობას უფრო ახლოს, გასაგებს და ლოგიკურს ხდის. ანდურხოვიჩის, ჟადანის თუ სხვა აღმოსავლეთ ევროპელი მწერლების შემთხვევაში საგრძნობლად ნაკლები სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. აქ ფართო რეცეფციისათვის საჭირო უამრავი წინაპირობა უკვე ბუნებრივად არის მოცემული.

ზემოთ ხსენებულ და უამრავ სხვა საკითხზე ფიქრი ალბათ ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს მიზნამდე, გავიგოთ ის, თუ რა თემებით ინტერესდება ყველაზე მეტად ქართველი მკითხველის უდიდესი ნაწილი. ჩვენ ხომ არ გვინდა, რომ მხოლოდ იმ ვიწრო და ჩაკეტილ ლიტერატურულ წრეზე ვორიენტირდეთ, რომელიც ისედაც საკმაოდ დომინანტურია და ვერ შევძლოთ სხვა პერსპექტივიდანაც შევხედოთ საკითხს. ის კი არა, იმის თქმის საბაბიც არ უნდა რჩებოდეს ვინმეს, რომ ყველაფერი ისევ იმ ამაღლებული სცენიდან გაკვირვებული მზერით ცქერას ემსგავსება კითხვით: „დიბისი პიერზე როგორ არ მოხვედით?!“

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG