Accessibility links

logo-print

დამაბრუნეთ ჩემს კანში!


ავტორი: ჯუნა ნონიაშვილი

ვწერ ხოლმე, ვწერ ხშირად, ვწერ სემინარისთვის და სემინარის გარეშე, ვწერ ფურცლებზე, ხელსახოცებზე, ლეპტოპში, მობილურში, ფიქრებში ვწერ და მაშინაც ვწერ, როცა დასაძინებლად ვწვები. ვწერ არა ჩემთვის, არამედ დაქალისთვის, მეგობრისთვის, მეზობლისთვის, იმ ბიჭისთვის ჩემი სახლის წინ რომ ცხოვრობს და იმ ლაურასთვის ჩემი სახლის წინ, მაღაზიაში რომ მუშაობს. მოკლედ, ვწერ ყველასთვის და ვწერ "რიგითებისთვის". არასდროს ვწერ იმაზე, რაც მტკივა, მაშინებს და მაფორიაქებს, არც შენ კანში ნებაყოფლობით გამომწყვდეულ ჩემს სხეულზე დამიწერია ოდესმე, მგონი დრო დადგა, სტრიქონებს შორის საკუთარი თავის პოვნის, რას იტყვი?

მახსოვს პირველი პროტესტის გრძნობა, როდესაც შენთან ერთად თამაში მინდოდა, მაშინ, ალბათ, 2 წლის თუ ვიქნებოდი, დედამ ნაღვლიანი თვალებით შემომხედა და მითხრა ინგასთვის სირბილი არ შეიძლებაო, მეწყინა, ძალიან მეწყინა და იქ, სადღაც გულთან ახლოს, მეტკინა კიდეც, ძლიან მეტკინა. ჩემს დაბადების დღეზე, 7 ოქტომბერს, 7 წლის რომ ვხდებოდი დედას დაქალმა თოჯინა მომიტანა, ინგა დავარქვი და იმ ღამეს, ძილის წინ ვუთხარი ჩემი და არ მელაპარაკება, გამებუტა მეთქი. მერე გაგებუტე მეც და მანამდე არ ვცდილობდი შენთან დაახლოვებას, სანამ არ გავიგე, რომ შენი ბრალი მხოლოდ დაბადება ყოფილა, დაბადება საავადმყოფოში, თანაც არაკვალიფიციური ექიმების ხელში. შენი ბრალი სისუსტე ყოფილა, მათი-არასწორი მკურნალობა და შშმ პირის დიაგნოზი. 7 წლის მერე დავიბადე მეც, ბნელ 90-იანებში დავიბადე, მანქანაში, მწვანე 05-ში, დავიბადე ასანთის შუქზე და ის ასანთიც დედაც სჭერია ხელში, მშობიარობისას. მოკლედ, დავიბადე, ექიმებისა და შშმ დიაგნოზის გარეშე, როგორღაც დავიბადე. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. იქ, მაღლა, ვიღაც მაგრად დაგვცინის მეც და შენც, მოკლედ, ჩვენ.

არ მახსოვს რომელ კლასში ვიყავი, ბიოლოგიის მასწავლებელმა თქვა ადამიანს თუ ავადმყოფი შვილი ყავს, ხალხი მის ღირსებასთან ერთად ყოველთვის იტყვის, მაგრამ ავადმყოფი შვილი ყავს საწყალსო. გულზე ძალიან მტკივნეულად მომხვდა მისი სიტყვები, წარმოვიდგინე ლაურა ამბობს: ქეთი ანგელოზია, მაგრამ ავადმყოფი შვილი ყავს, საწყალსო. და შენ ხომ მაინც იცი, დედა ორივეს მართლაც ანგელოზი გვყვავს. დედა თუ ანგელოზი არაა ადამიანია, მაინც, რაღაც საოცარი. მახსოვს ავადმყოფი ბიჭი ქუჩაში, სიცივეში, ყინვაში გარეთ გამოსული. ის, ბავშვები რომ დასცინოდნენ და სისულეების გაკეთებასა და თქმას რომ აიძულებდნენ, გახსოვს რა ქნა დედამ? სახლში შემოიყვანა და ჭუჭყისფერი კანი ჩამოჰბანა, ჩვენი თბილი ტანსაცმელი მისცა, აჭამა და სახლში გაუშვა დიდი პარკით ტანსაცმელ-საჭმელ-ხილ ჩალაგებული. ისიც მახსოვს, რომ ეს არ ყოფილა მისი მხრიდან ჩადენილი ერთადერთი სიკეთე, ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის მზადაა დაეხმაროს მას, ვისაც ეს რეალურად სჭირდება, მაგრამ განა მამა ნაკლებად ადამიანია? ჩემი ანგელოზის ერთადერთი საყრდენი, რომელმაც შენს გამო ჯერ სამედიცინო დაამთავრა, მერე საკუთარ შვილს თვითონვე გიმკურნალა და 7 წლის შემდეგ, მაინც შეძლო შენი ფეხზე დაყენება. მოკლედ, მამა კაცია, მამა მამაკაცია!

არ მახსოვს რომელ კლასში ვიყავი, ეს იყო ბიოლოგის გაკვეთილზე, ასე მძაფრად გავიაზრე ჩვენი რეალობის აუტანელი სისასტიკე წამის მეასედში, მივხვდი, რომ ჩვენი მშობლები საწყლები არ იყვნენ და პირიქით, ყველა, სულიერი და მაღალი იდეალების მქონე, ადამიანზე უფრო მეტად მეამაყებოდნენ, ცხოვრებაში პირველად ვიპოვე მიზანი. დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორია, როცა რაღაც გინდა და ვერ ამბობ, გტკივა და ვერ ყვირი, გრძნობ და ვერ გამოხატავ, ბედნიერი ხარ და გაზიარება არ შეგიძლია, მოკლედ იმაზე, თუ როგორია შენ კანში ცხოვრება და ცხოვრება ოთხ კედელში, ბუნდოვანი, ნისლისფერი, გაურკვეველი მომავლით, უარჩევანოდ. მალე ჩემი კანი და თოჯინა-სახელად ინგა სხვენში გადავმალე. დავიწყე ნათხოვარ, შენ კანში ცხოვრება და ფიქრი იმაზე, რომ მინდა ერთხელ მაინც სახელით მომმართო, მინდა ფიქრებს მიზიარებდე ყოველ ღამე და მინდა, რომ ვინმემ დეიდა დამიძახოს, ოდესმე. იმ დღიდან მე, შენს კანში ნებაყოფლობით გამომწყვდეულმა, საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება და შენი სხვა რეალობის, ნაწილის ძებნა დავიწყე საკუთარ თავში. იქნებ წარმატებასაც მივაღწიო და ვიღაცამ დეიდა დამიძახოს, ოდესმე. გადავიღალე, ფიქრები ჩამიქრა, ჩუუ...

ამის შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს, რომ კარგად ვსწავლობდი, თავს არ ვიკლავდი, მაგრამ სკოლის პროგრამა მეადვილებოდა და კარგად ვსწავლობდი. ოცნების ფერი იყო სამყარო და ვარდისფერ სათვალეს არასდროს არ ვიხსნიდი. მოკლედ, სკოლაში სწავლამ მხიარულად ჩაიარა, უნივერსიტეტის პირველმა კურსმა შეუმჩნევლად. პრობლემები მეორე კურსზე დაიწყო, როდესაც ყველა შშმ პირებზე ალაპარაკდა, ყველა ლექტორებიც და სტუდენტებიც. ძალიან მტკიოდა ეს თემა, მტკიოდა და ვერიდებოდი ამაზე ლაპარაკს, საერთოდ ვერ ვიგებდი, რატომ წერდნენ ბავშვები ამ თემაზე სტატიებს, მხოლოდ ლექტორების გულის მოსაგებად, თუ ქულის მისაღებად. ვერ ვიგებდი, რადგან მათი ნაწერები შორს იყო შენი და ჩემი, შენს კანში მყოფის რეალობისგან. ვგრძნობდი სიყალბეს და მაცოფებდა ერთი მსახიობის თეატრის შემსრულებლების უნიჭო თამაში, მიხვრა-მოხვრა, დაყენებული, სარკესთან გავარჯიშებული, გულჩვილი თვალები და ჩვენი სახლის ზღურბლს აქეთ ამოფარებული ჩვენი, ჩვენი ანგლოზისა და მისი საყრდენის სულ სხვა რეალობა. ამას ემატებოდა ლექტორის სიტყვები -შშმ პირი, ინვალიდი, ყრუ, კოჭლი-დაივიწყეთ ეს სიტყვები თქვენი ლექსიკონიდან, ამით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს შეურაცხყოფას მიაყენებთო. ეს უფრო მეტად მაცოფებდა. ვფიქრობდი, რომ ჩვენ, ადამიანები იმდენად გულცივები და ეგოისტები გავხდით სხვისი პრობლემების მიმართ, რომ საერთოდ ვცდილობდით შშმ პირების, სმენა დაქვეითებული ადამიანებისა და სხვათა წაშლასა და დამალვას ჩვენი ცხოვრებიდან იმისთვის, რომ რომელიღაც „ქალბატონს“ არ ეთქვა ვაიმე არ მსიამუვნებს ეგენი ჩემს ბაშვებთან ერთად რომ თამაშობენო, ან კიდევ უარესი. ფაქტია, რომ სულ უფრო და უფრო მიმძიმდებოდა დაბრუნება უნივერსიტეტში, ლექციებზე ფეხს ითრევდა დრო.

ერთი წლით უკან, 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, თსუ-ს უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი და მე კამერის წინ თანაც პირველად. სიტყვები- „ჩემი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, მისი არა არსებობისთვის, არამედ ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა ჩემი და საზოგადოების თითოეული წევრის საზოგადოებრივი ვალია“. მახსოვს, მეხის გავარდნა აუდიტორიაში, დაბნეული სახეები, აღელვებული ლექტორი და სიჩუმე, ისევ უხერხულობისა და გაკვირვების სუნი, მე- ისეთი მშვიდი, როგორც არასდროს და დედის შემოგებებული, გაბრწყინებული თვალები, სახლის ზღურბლთან, პირველი ნაბიჯი ჩემი სხეულის, ჩემს კანში დასაბრუნებლად. ისევ ოცნება დღეზე, როდესაც ხელახლა ვისწავლი ჩემი ნაბიჯებით, ჩემს გზაზე სიარულს და დაგიბრუნებ უკან კანს, რადგან იქ, სხვენში ჩემი მელოდება, ოცნება, რომ ვიღაც კიდევ დამიძახებს დეიდას, ოდესმე, შენ კი შეძლებ სახელით მომმართო.

3 დეკემბერი მოდის, მე კი ძალიან დავიღალე. ვფიქრობ, მოვიბა სამყარო ფეხებზე ლოდივით, ჩავიძირო ოცნებებში ღრმად ფსკერზე, და ვიოცნებო სანამ ჟანგბადი ფანტაზია მეყოფა. ჩავიძირო თუ ვიყვირო? ხო, ძალიან მინდა ვიყვირო ხანდახან, ვიყვირო, რადგან ჩვენი სიჩუმე არ ესმით. უბრალოდ მინდა ვიყვირო, დამაბნუნონ ჩემს კანში, დამაბრუნონ, რადგან ჩვენი ანგელოზის ნაღვლიანი თვალების ყურებით დავიღალე, რადგან ვხედავ, ისევ უცდი შენს ბუნდოვან, ნისლისფერ, გაურკვეველ მომავალს და მეშინია არ დამაგვიანდეს. არ დამაგვიანდეს, რადგან ვხედავ მარტოს არ შემწევს ძალა რაიმეს შეცვლის. მეშინია, სასწაულის მოლოდინში არ დამაგვიანდეს, საკუთარ, გაუცხოებულ კანში დაბრუნება არ დამაგვიანდეს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG