Accessibility links

უნივერსიტეტის წინ ქუჩაში ცხოვრობენ


ავტორი: ქეთევან დავითაშვილი

შეშის "ფეჩი"

შეშის „ფეჩს“ ადამიანები ეკვრიან. მის მეტალზე ძველი პურის ნაჭერი დევს და თბება. ერთ ადამიანს ადგომა არ შეუძლია, მაგრამ საბანს ნიკაპამდე იწევს და ქურას თუკი ვერ წვდება, უბრალოდ უყურებს. ღუმელი შუა ქუჩაში დგას, საკვამურის ორივე მხარეს ბრეზენტია გაჭიმული, მის გარეთ დარჩენილ ნივთებს წურწურით ჩამოსდის წყალი. ბრეზენტის ქვეშ სტიქიისგან დასაცავად ყველაზე მნიშვნელოვანია მოთავსებული - რამდენიმე მედიკამენტი, რომლებიც ყელის ტკივილთან გასამკლავებლად კიდევ ცოტა ხანს ეყოფათ, ფიცრის რამდენიმე ნატეხი ღუმელის შესაკეთებლად, ცოტაც მარილი, საერთო რვეული, და ძაღლი გვანცა.

მელიქიშვილის # 49

როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა გეჩვენოთ - ეს ამბავი ახლა, ამ წუთებში გრძელდება, და სადმე შორეულ მხარეში კი არა - აქვე, თბილისის ცენტრალურ რაიონში, სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რამდენიმე მეტრში - მელიქიშვილის ქუჩის 49 ნომერში.

ადამიანები, რომლებიც ბრეზენტით დაფარულ „აპარტამენტში“ ბინადრობენ, 26 აპრილს ქუჩაში გამოაგდეს. ამის შემდეგ მათ ბევრმა უთხრა, რომ ისინი ეცოდებოდა. ვიღაცამ დაწვრილებით გამოკითხა რაღაცები და სქელყდიან ბლოკნოტში ჩანაწერებიც გააკეთა; მათზე ტელესიუჟეტებიც გადაიღეს, თუმცა, ფაქტი ფაქტად დარჩა - ადამიანები თბილისის ცენტრში უკვე მე-11 დღეა ქუჩაში ცხოვრობენ, და თავშესაფარი მათ არავინ გამოუყო.

მათთან სასაუბროდ იყვნენ მოსულები სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებიდან. შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც, ტელევიზიების ჟურნალისტებსაც. თუმცა, როგორც თვითონ ამბობენ, „სიკეთე სახელს არ ტოვებს“, და ჯერჯერობით, მათ რეალური დახმარება მხოლოდ რამდენიმე სტუდენტმა და მეზობელმა გაუწია - შეუტანეს თონის პური, მაწონი, საწუწნი აბები, და წავიდნენ ისე, რომ თავიანთი სახელები არ თქვეს.

"კიბეები ჩამოანგრიეს"

მფლობელის გარდაცვალების შემდეგ, მიტოვებულ, დაახლოებით „შავი კარკასის“ მდგომარეობაში მყოფ სახლში სხვადასხვა მიზეზით უსახლ-კაროდ დარჩენილი ადამიანები დაახლოებით 8 წლის წინ შევიდნენ. სოციალურმა სამსახურმა ისინი აქ „მიაწერა“, ამ მისამართზე იღებდნენ ისინი პენსიასა და სოციალურ დახმარებას. გაურკვეველია როგორ, მაგრამ სახლი გაიყიდა. მასში შეკედლებული ადამიანები „გამოყარეს“ - უარი თქვეს მათ ერთადერთ თხოვნაზე - მაისამდე მიეცათ დრო - უბრალოდ, ჩამოანგრიეს კიბეები, და იძლებული გახადეს ადამიანები, ექსტრემალურ ვითარებაში დაეტოვებინათ შენობა, და მასთან ერთად, ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც ზედა - მიუწვდომელ სართულებზე დარჩა.

ვისაც წასვლა შეეძლო - წავიდა

ყველა, ვისაც წასვლა შეეძლო - წავიდა: არასრულწლოვანი პირები ქალაქგარეთ წაიყვანეს, ვისაც შორეული ნათესავი, მეგობარი ან ნაცნობი ჰყავდა, მათთან იპოვეს დროებითი თავშესაფარი, ნათესავებმა თავიანთი სოციალური დახმარების თანხები შეაერთეს და ბინის საქირავებლად ბე გადაიხადეს - იმის მიუხედავად, რომ ჯერ ვერ წამროუდგენიათ, როგორ იყიდიან საკვებს და იცოცხლებენ, მაგრამ, როგორც თავად ამბობენ, „მთავარია, რომ ამ ჯოჯოხეთს თავი დააღწიეს“. დარჩნენ ისინი, ვისაც წავლსა არ შეეძლო - აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი, რომელსაც დაეკარგა საბუთები, და, ამის გამო, სახელმწიფოსთვისარ არსებობს; ერთ-ერთი იმათგან, ვინც 8 წლის წინ „სახლის კეთილმოწყობაში“ იღებდა მონაწილეობას, 2 წლის წინ კი უსინათლო გახდა. ასთმით დაავადებული ქალბატონი, რომელიც ავტოკატასტროფაში მიღებული ტრავმის გამო ვერ გადაადგილდება, და დამოკიდებულია სხვა ადამიანებზე თავისი ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მაგალითად, ჰიგიენის დასაცავად.

კეთილი იყოს "აპარტამენტებში" მობრძანება

ამ ადამიანების საცხოვრებელში შესვლა ნებისმიერ გამვლელს შეუძლია - ამისთვის კარის შეღებაც კი არ მოუწევს. თუ გამვლელი წარმოსახვით ზღურბლს გადააბიჯებს, თავისდა გასაოცრად აღმოაჩენს, რომ ატმოსფერო არც ისე დამთრგუნველია - ვიღაც ხუმრობს, სხვა იცინის. ტელევიზორი არ არის, მაგრამ მოხუცებული თავისი ცხოვრების ამბებს ყვება, და მათი მოსმენა არანაკლებ ჩამთრევია. ასფალტის ნაგლეჯს „აპარტამენტებს“ უწოდებენ და ერთმანეთს ახსენებენ, რომ „იატაკი არ უნდა დასვარონ“; მსჯელობენ იმაზე, მათი უბანი ვერას ეკუთვნის, თუ ვაკეს. ამ დროს, ზოგი „წყლის მოსატანად“ არის გასული, ზოგს, იქვე, ძინავს - ავადმყოფობას წვიმაში ღამის ღია ცის ქვეშ გატარება არ წყალობს.

თუმცა, თუ გაინტერესებთ, თქვენს კითხვებზე პასუხს აუცილებლად მიიღებთ - ისინი თავიანთ ამბავს დაუღლელად ყვებიან, და „რუპორშიც“ კი დაიყვირებდნენ მოწოდებას სტუდენტების მიმართ, პატრულის თანამშრომლები რომ არ ეწინააღმდეგებოდნენ. მათი მოწოდება შემდეგია: მელიქიშვილის ქუჩის 49 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს უნდათ, რომ იმათ, ვინც მათ „მეზობლად“ სწავლობს, და სხვებმაც, იცოდნენ, რა ხდება ამ წუთას, და როგორ პირობებში ცხოვრობენ ადამიანები ქუჩაში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG