Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რკინის ორლარიანი ჯიბეში და ათიათასი ოცნება გულში


ავტორი: ქეთევან კანდელაკი

სამსახურიდან გამოვედი. სამსახურიდან პირობითად, თორემ აბა ეგ რა სამსახურია. სამსახურიდან სიამოვნებით დაღლილები გამოდიან მე კი გაღიზიანებული, ცხოვრების აფსურდულობაში ღრმად დარწმუნებული და არასასიამოვნოდ დაღლილი გახლდით.

გამოვედი და ვიყურები მარცხნივ, მერე მარჯვნივ. როგორც წესი მარცხენა მიმართულებით მივდივარ ხოლმე, ამჯერად მარჯვნივ წავედი. ვიცი რომ სახლში მელიან, მაგრამ საშინლად მომინდა ლუდის დალევა.

იქვე ყველაზე ახლოს, მარკეტში ლუდი ვიყიდე, ცოტაც ვიარე ე.წ. სამსახურისგან თავი შორს რომ მეგრძნო და ბორდიულზე ჩამოვჯექი. ქილა გავხსენი,სიგარეტს მოვუკიდე და ფეხებს დავაშტერდი. 2 ლარი დამრჩა.

როცა ჯიბეში მხოლოდ ორლარიანი,მაქვს ნიკა ჩერქეზიშვილის ფრაზა მიტივტივდება ხოლმე: "რკინის ორლარიანი ჯიბეში და ათიათასი ოცნება გულში". ოცნებები კი მოუხდებოდა ნოემბრისეული სუსხით გაჟღენთილ, უფერულ საღამოს, მაგრამ ვერ ვოცნებობ.

როგორ ვიოცნებო, როცა ვხედავ რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან რამედ მხოლოდ ფული იქცა, პრინციპში სულ იყო. ფულია, რისთვისაც იბრძვიან ადამიანები, ჩვეულებრივები, ჩემნაირები.მერე რა, რომ ჩემთვის ფულზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობენ. იმას გვერდი როგორ ავუარო, რომ ოცნებებიც და ცოდვების მონანიებაც კი მხოლოდ ფულთან ასოცირდება ადამიანთა უმეტესი ნაწილისთვის. ერთმანეთს, როგორც ციფრებს ისე აღიქვამენ და მარტივი და მომაბეზრებელი არითმეტიკის რუტინა ისე მიუხეშებს სულს, აღარ მეოცნებება.

ნოემბერს თავისი სუნი აქვს, ასაფეთქებლების და ნაძვების.ახალი წლის მოახლოებას ეს სუნი მახსენებს ხოლმე. ასეთი სუნია ახლაც, ვზივარ და ფეხებს ვუყურებ ისევ. ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ პასუხი ცოტა. მაგალითად, ძალიან მაინტერესებს, როგორ ქმნიან ილუზიას იმისას, რომ ყველაფერი რიგზეა. გუშინწინ თავდაცვის მინისტრი გადააყენეს, მერე საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა მოადგილეებთან ერთად, დღეს ეს მოადგილეები უკან დაბრუნდნენ ან დააბრუნეს. იუსტიციის მინისტრმა ყველაფერი რიგზე გვაქვს და წარმატებულად ვმუშაობთო, პრემიერმა ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი არაჩვეულებრივადაა და ყველა სისტემა გამართულად ფუნქციონირებსო.

მე რატომ ვერსად და ვერაფერში ვხედავ, რომ ქვეყანა დალაგებულია, რატომ ვერ ვგრძნობ, რომ ის, რასაც ეს ადამიანები ტელევიზორის ეკრანებიდან გვედუდუნებიან სიმართლეა და რეალობა. არადა გითხარით მეოცნებე არ ვარ მეთქი. გამოუსწორებელი რეალისტი ვარ და თუ ყველაფერი მართლაც იდეალურადაა, არ გამომეპარებოდა.

სამსახურში რომ მოვდივარ ჯერ კიდევ ბნელა. ჩვეულებრივზე ორჯერ მეტად ცივა და სიჩუმეა. ცარიელ ქუჩებში მხოლოდ ნარინჯისფერ ფორმიანები მხვდებიან, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ ღვიძავთ ამ დროს, რომ ფულისთვის იბრძვიან, როგორც მე.

ისინიც ფულისთვის იბრძვიან ვინც ხელისუფლების სათავეშია. არადა, ქართველმა ერმა წარმოუდგენლად დიდი ქონების ფლობის გამო მოიყვანა ისინი სათავეში, ნაკლებს წაგვართმევენო. ნურასუკაცრავად, არაფერი შეცვლილა, ყოველშემთხვევაში კარგისკენ.

იშვიათად იცვლება რამე. მხოლოდ მიდგომები, ხედვები, დამოკიდებულებები და ოცნებები ეცვლებათ ადამიანებს. ისე, ჩვენში დარჩეს "ფერი ფერს და მადლი ღმერთსო" ხომ ნათქვამია და, ისე არაფერი უხდება მეოცნებე ქართველ ერს, როგორც კოალიცია "ოცნება". რამდენად მემეტება ერი "ოცნებისთვის" ცალკე თემაა.

ფაქტია, რომ ყველაფერი გამატერიალურებულია. ოცნებები, მიზნები, სურვილები, რწმენები და თავად ადამიანებიც.

ისევ ვზივარ, ლუდის სმას მოვრჩი და მაინც ვზივარ. აღარც მარცხნივ სიარული მინდა , აღარც მარჯვნივ, მაგრამ ღამდება. დილით ისევ უნდა შევხვდე ნარინჯისფერ ფორმიანებს, დილამდე კი, საკუთარი თავი ოდნავ მაინც უნდა შევცვალო უკეთესობისკენ. ქვეყნის შეცვლაზეც რომ ვიფიქრო მერე.

ჯიბეში ორლარიანს წავალებ: "რკინის ორლარიანი ჯიბეში და ათიათასი ოცნება გულში"... "რკინის ორლარიანი ჯიბეში და ათიათასი ოცნება გულში"...

მე რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდე საოცნებოდაც და ოცნებების ასახდენადაც საკმარისი იქნებოდა რკინის მონეტა,მაგრამ არ ვიცი როგორია ნორმალური ქვეყანა, არასოდეს მიცხოვრია.

დავიძარი.

ტოიოტას შავი ჯიპი სიჩქარით ეშვება ქვაფენილზე. გააჩერა. მივედი და ვეუბნები :

-დამლოცე მამაო.

-ღმერთმა დაგლოცოს შვილო.

ჯიბიდან ორ ლარიანს ვიღებ და ვაწვდი.

-შესაწირში ჩააგდეთ.

მართმევს.

სახლში ფეხით მივდივარ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG