Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყვითელი საქართველო


ავტორი: ქეთევან კანდელაკი

"მიყვარს ჩემი ცხოვრება!"

ბანალური დასაწყისია არა? მე კი გიპასუხებთ, რომ სულაც არა და საერთოდაც ეს ის იშვიათი ფრაზაა, რომლის გაგონების შესაძლებლობაც გაქვთ, მითუმეტეს აქ და ახლა.

რთულია ადამიანებს საკუთარი ცხოვრების სიყვარული მოსთხოვო. ქართველთა ცხოვრება ხომ ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრებაზე რთულია (არა, მე კი ვიცი, რომ არსებობს ტერიტორიები, სადაც იმაზე რთულადაა საქმე ვიდრე ადამიანის ფანტაზია შესწვდება,თუმცა რაც შეეხება ქვეყანას,წელში გამართვის პრეტენზიის მქონეს, გვიჭირს, განუკითხაობამდე).

წარმოიდგინეთ დილა პრაქტიკული საზრუნავით და არცთუ ისე ფერადად გეწყება,ფანჯარაში გახედვა არც ღირს, დამთრგუნველია. რთულია გიყვარდეს ყოველდღიურობა, როცა საყვარელი საქმე არ გაქვს,ან გაქვს და საარსებო მინიმუმის პრობლემას ეჯახები, იმიტომ, რომ ეს შენი საყვარელი საქმე არ ვითარდება და არაპრაქტიკულია.როცა შენს ქვეყანაში ყველაფერი ნაცრისფერია, ყვითელი ყუთების გარდა,რომელსაც ავტოუსებს ვუწოდებთ (არ მინდა გამომრჩეს ყვითელი პრესა, რომელზეც ვიყიდებით). რთულია აბა რა უნდა იყოს, როცა სწორედ ზემოთნახსენები "ყუთებით" გიწევს გადაადგილება და შენი შუბლი იმდენჯერ ეხეთქება მინას, რამდენჯერაც ყუთი გატოკდება.ესეც რომ არ იყოს , ქართველი კაცის ერთადერთი კუნთი (ღიპი) სახეზე გადევს და დილიდანვე დაღლილი და ტვინამღვრეული ოთხით ჩადიხარ შენს გაჩერებაზე. (სხვათაშორის ყვითელი ყუთი ერთადერთია, სადაც მასში საჭირო და ნორმალურ რაოდენობაზე 5-ჯერ მეტ ადამიანს სამი რამ აერთიანებს: სიცივე(ან სიცხე, სეზონურად),სევდა და ნერვოზი.

მართლაც და როგორია გიყვარდეს ცხოვრება და ტკბებოდე მისით,როცა ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც ცნება თავისუფლება ისეთივე შორეული და საშიშია საზოგადოებისთვის, როგორც ამაზონის ჯუნგლები (ან მეტადაც,არვიცი).როცა შენი ოჯახის წლიური შემოსავლის ნახევარზე მეტს იხდი განათლებაში (თუ დაფინანსება არ გაქვს) და რომლის პერსპექტივაშიც დიპლომის გარდა იშვიათად შედის ნორმალურანაზღაურებადი სამსახური.

ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც არავინ იცის ხვალ როგორ გათენდება ან თუ გათენდება საერთოდ.სადაც არაფერია სტაბილური, ადამიანთა არსებობაც კი. საიდანაც ყველას გაქცევა სურს შორეულ დასავლეთში და არავინ იზიარებს დასავლურ ღირებულებებს. იმ ქვეყნის შვილი ხარ, რომლის "მამა-პატრონნიც" ტელევიზორის ეკრანიდან მხიარულად გეღრიჭებიან და აზრს ვერ გამოიტან რისი თქმა სურთ.სადაც ერთი ადამიანი წყვეტს თურმე ქვეყნის არსებობა-არარსებობის პრობლემას და ამას ასევე მომღიმარი პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს გამარჯვების 2 წლის თავზე (საბჭოთა პერიოდშიც ასე სწამდათ თავიანთი "ბრძენი საჭეთმპყრობლის").

მთელი დღის რუტინის შემდეგ დაღლილი და მშიერი ბრუნდები სახლში და ყვითელ ყუთში მჯდარი, სხვათა სახეებით სულდამძიმებული თავს იმხნევებ, რომ შეიცვლება შენი ცხოვრება და ახლა ისეთი გიყვარს როგორიც არის. ადამიანები თითქოს არ იცვლებიან, თითქოს ისინი არიან ვინც დილით იყვნენ,ოღონდ ოდნავ მეტად დათრგუნულნი და შემცივნებულნი.

შენი ლოყა კვლავ რომელიმე კარის მინაზეა აკრული და თვალებს ქაჩავ,რათა გარეთ გაიხედო, იქნებ მოწყდე ამ დროებით რეალობას, რომლის დროებითობაც ღმერთმა იცის სანამ გასტანს, ქართული "ეროვნული საცობების" გამო.

ეს ის საქართველოა სადაც, ყველა სხვა ზემოთნახსენებ სიკეთესთან ერთად,დასაქმების პრობლემაც მწვავედ აქტუალურია. ერთი მეორის მიყოლებით სტუმრობ დასაქმების საიტებს. ვაი და გაგიმართლა, " ნორმალური" ვაკანსია იპოვე (მთავარია ვაკანსია იპოვო,ესეც გამშვიდებს).იქნებ შენთვისაც "დადგეს გაზაფხული" ან "იისფრად ჩამოთოვოს". თუ ვაკანსია იპოვე სამსახურის დაწყების შანსიც მეტი გაქვს (ოპტიმისტური თვითშეფასების გამო),ჯანდაბას ერთი-ორი ლექცია გაგიცდენია...

"ჩამოთოვა!"

კვლავ გადმოდიხარ ყვითელი მართკუთხედიდან და აჩქარებული ნაბიჯით შედიხარ ძვირადღირებულ რესტორანში (რათქმაუნდა ვაკეში მდებარეობს) , სადაც გასაუბრებაზე დაგიბარეს და სადაც 1 წუთი დაგაგვიანდა. დაგვიანების მიუხედავად "კეთილი დეიდები" მაინც გელიან , შენ კი ცდილობ სახიდან მოიშორო ის დაღლილობა და გაღიზიანება, რასაც გარემო გიქმნის.გასაუბრების მეორე (სახელი და გვარის შემდეგ) კითხვა:კონფლიქტური ხომ არ ხარ?

როგორ გინდა, გულრწფელად გსურს არ იყო, მაგრამ უკვე ავღნიშნე კიდეც, რომ გარემო გაიძულებს მეთქი საპირისპიროს: სრული ქაოსი ქუჩებში, ჩაშავებული თბილისი(ჩაშავებული იმიტომ, რომ შავი ფერი ყველა სხვა ფერს უხდება და პრაქტიკულად ეკონომიურია, "ვაკე-ვერას" საზოგადოებაზე ჩემი ჰიპოთეზა, ბუნებრივია, არ ვრცელდება, ვინაიდან სხვა არგუმენტები აქვთ ამ უკანასკნელზე),როგორც იტყვიან ათასში ერთი მანდილოსანი, რომელსაც მეუღლე იმ ძვირადღირებულ მაღაზიასთან ელოდება, სადაც პიჯაკის ფასი ოთხი ციფრია (ესეც ვაკეში და ნურასუკაცრავად, პირველი ციფრი 2-დან ზემოთ),თავად კი ასე ვთქვათ Shopping-ობს. არა, ცუდად ნუ გამიგებთ ეს სულაც არ გაღიზიანებს და მითუმეტეს არ გაკონფლიქტურებს,პირიქით, იმას რა სჯობს თუ ქვეყანაში, რომელიც თავზე გვემხობა ვიღაცას მაინც შესწევს ძალა სიამოვნებისთვის ოთხნიშნა ციფრებს შეეჭიდოს. მე მხოლოდ ერთი რაღაცის თქმა გამომრჩა: აქვე მოხუცი ქალი (ჩემი ვარაუდით 60-ს გადაცილებული) დგას ხელგაშვერილი, ხოლო ცოლის მომლოდინე, ძვირადღირებულ მაღაზიათა შეფუთვებით ხელდამძიმებული მეუღლე სიგარას აბოლებს, მოხუცი ქალის საპირისპირო მიმართულებით, რათქმაუნდა.

რა შორს წავედი,გასაუბრებაზე დავბრუნდეთ და იმას ვამბობდი, რომ შეუძლებელია არ იყო კონფლიქტური თუ არა გაღიზიანებული მაინც, როცა კითხვის ავტორის გვერდით მჯდომი პატარა გოგონა(სავარაუდოდ მისივე შვილი) ვითომც აქ არაფერიო მაგიდაზე მოთავზებულ ჭიქებში აორთქლებს,ასე ვთქვათ ერთობა. კითხვის ავტორის შენიშვნას ელოდები თავისი შვილის მიმართ და ამის ნაცვლად კითხვას გიმეორებენ ხართ თუ არა კონფლიქტური და შენიშვნებზე როგორ რეაგირებო. რა გინდა რომ ქნა! აქნევ ამ თავს და გამოდიხარ...

ისევ ყვითელი ყუთი და სახლისკენ მიმავალი გზა...

და მაინც ადგები და იტყვი, რომ გიყვარს ცხოვრება, რომელიც ყვითელია და ცივი.იმიტომ ხომ არა, რომ ოპტიმისტი ხარ და უფრო ზუსტად გამოუსწორებელი ოპტიმისტი?! დაე გიყვარდეს! სიყვარული კარგი რამაა, ნამდვილად პოზიტიური აბსტრაქცია.

რაც შეეხება ოპტიმიზმს, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თამბაქოსავითაა-კლავს!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG