Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამ განაპირობა ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო ქცევის ცვლილება საქართველოში?


ავტორი: ქეთევან ქობულაძე

მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის პრობლემაზე ბევრს საუბრობენ და ხშირად განიხილავენ, საკითხი კვლავაც რჩება მწვავე და გადაუჭრელ პრობლემად. ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე წარმოდგენილი პარტიათა უმრავლესობა, თავიანთ პარტიულ პროგრამებში, თითქმის საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე, ამასთანავე უნდა აღინიშნოს ისიც , რომ მათში ძალიან მცირეა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა რიცხვი.

ერთი საკითხია, რომ მცირეა პარტიების რიცხვი რომლებსაც წარმოდგენილი ყავთ ეთნიკური უმცირესობები, მაგრამ კიდევ უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ისინი ძირითადად გვხვდებიან პარტიული სიის არაგამსვლელ პოზიციებზე, რაც საერთო სავალალო სურათს არ ცვლის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი ვიღებთ ისეთ სურათს როგორიც გვაქვს: პარლამენტში ვხვდებით უმნიშვნელო რაოდენობით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომლებიც თითქმის არ საუბრობენ ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

ის, რომ ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო-პოლიტიკური ჩართულობის ხარისხი დაბალია, გამოწვეულია არაერთი ფაქტორით. კვლევების მიხედვით, მათ პოლიტიკურ ცენტრში წარმოდგენისთვის რამდენიმე ბარიერი ეღობებათ: ენასთან დაკავშირებული პრობლემები, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური წარმომადგენლობის და მონაწილეობის დაბალი ხარისხი. შედეგად, ყველა არჩევნებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ხელისუფლებას უჭერდნენ მხარს .

რადგანაც საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა პოლიტიკური გაერთიანებები არ არის დაშვებული, ეს ერთ-ერთი განმაპირობებელი შეიძლება იყოს იმისა, რომ ეროვნულ არჩევნებში ისინი, როგორც წესი, სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალებს აძლევენ ხმას. ამ შემთხვევაში გამოიკვეთა, რომ საქმე გვაქვს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში კომპაქტურად დასახლებულ ეთნიკური უმცირესობების განსაკუთრებულ საარჩევნო ქცევასთან. მსგავსი ქცევა იმითაა გამოწვეული, რომ ეთნიკური უმცირესობები არჩევენ პოლიტიკურად განყენებულ მდგომარეობაში ყოფნას სამთავრობო პოლიტიკური ძალებისთვის ხმის მიცემით და მათთვის ლოიალობის ჩვენებით. აღნიშნული ემსახურება საკუთარი ცხოვრების წესის, ადგილობრივ თემებში სტაბილურობის და უსაფრთხოების დაცვის სურვილს.

თუ დავაკვირდებით ეთნიკური უმცირესობების ქცევას სხვადასხვა არჩევნების განმავლობაში და გადავხედავთ გასული არჩევნების შედეგებს კარგად დავინახავთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების განსხვავებულობას განვლილ არჩევნებთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ არსებულმა სახელისუფლებო ძალამ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული უბნების უმეტესობაში მოიპოვა გამარჯვება, უნდა აღინიშნოს ის, რომ მიღებული შედეგები ბევრად ჩამორჩებოდა წინა წლების შედეგებს, სადაც მმართველ პარტიას ყოველთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ეთნიკური უმცირესობებისგან.

ნინოწმინდასა და ახალქალაქში, სადაც მოსახლეობის 80 % – ზე მეტს ეთნიკური სომხები შეადგენენ, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში წინა ხელისუფლებამ მიიღო ხმათა 70 % – ზე მეტი, ახლანდელმა ხელისუფლებამ 2014 წლის თვითმმართელობის არჩევნებში მიიღო, ხმათა დაახლოებით 50 %.

ამ ყველაფერს თან ერთვის ისიც , რომ 2016 წლის აპარლამენტო არჩევნებში მარნეულში გაიმარჯვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წამომადგენელმა. ეს ფაქტი ერთი მხრივ იმით აიხსნება, რომ ნაციონალური მოძრაობა რეპრესიულ პოლიტიკას ატარებდა თავისი მმართველობის პერიოდში, ხოლო მეორე მხრივ, მათ მიერ განხორციელებულმა ბილინგვური სწავლების მეთოდმა ერთგვარი შედეგი გამოიღო , მიუხედავად იმისა რომ არსებული პროგრამა არ იყო ბოლომდე დახვეწილი და ბევრი ხარვეზით გამოირჩეოდა.

თუმცა ალბათ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ მოცემულ არჩევნებზე შექმნილი იყო შედარებით თავისუფალი სივრცე, სადაც პარტიები არ იყვნენ შეზღუდულნი ეწარმოებინათ წინა საარჩევნო კამპანია.

წინა ხელისუფლების პირობებში, ეთნიკური უმცირესობებისთვის, იმის ალტერნატივა თუ ვისთვის მიეცათ ხმა არ არსებობდა. შესაბამისად მმართველი პარტია ყოველთვის „აბსოლუტური უმრავლესობით“ მიიწევდა წინ . 2016 წლის არჩევნების დროს კი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან დიდი დაინტერესება ეთნიკური უმცირესობების მიმართ არ ყოფილა, მმართველი პარტიაც ვერ ან არ აღმოჩნდა დიდად აქტიური. სამაგიეროდ ერთიონი ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდა მომგებიან პოზიციაში და ძველი გამოცდილება კარგად „განაახლა“.

მოკლედ რომ შევაჯამოთ არსებული ცვლილება განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა :

1. ქართულმა ოცნებამ ვერ გათვალა სწორი სტრატეგია ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით და რატომღაც ჩათვალა, რომ წინა ხელისუფლების „მემკვიდრეობას“ ღირსეულად გააგრძელებდა.

2. ნაციონალურმა მოძრაობამ სწორი კამპანია გაატარა მარნეულში და ხელისუფლებაში ყოფნის დროს გატარებული რეფორმები კიდევ ერთხელ შეახსენა მათ.

3. ეთნიკური უმცირესობები კვლავაც ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდნენ და წამოეგნენ მათ ანკესს, ვისგანაც უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს.

ის ფაქტი, რომ ამდენწლიანი უცვლელი ტენდენცია შეიცვალა, რა თქმა უნდა, პოზიტიურად შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ ხმების ორ პარტიაზე გადანაწილება და სხვა პოლიტიკური ძალების თამაშიდან გამოთიშვა დიდად სახარბიელო სურათს ნამდვილად არ გვაძლევს.

სამწუხაროდ, ისევე როგორც მთელი ამ წლების მანძილზე, არც ახლანდელი ხელისუფლების პირობებში არ მიექცა ყურადღება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში. არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო სიების მოწინავე ადგილებზე არ იყვნენ წარმოდგენილები ეთნიკური უმცირესობები.

ყველაფრის მიუხედავად ფაქტი ფაქტად რჩება - პარტიებს აინტერესებთ მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების ხმები და არა მათი რეალური პრობლემები.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG