Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფლება - მორჩილების იარაღი...


ავტორი: ხატია ჭანიშვილი

თავისუფლება ეს ის ცნებაა, რომელსაც ალბათ იმდენ განმარტებას ვუპოვით, რამდენი ადამიანიც დაიარება ამქვეყნად. ისიც კი გამიგია, რომ თავისუფლება ეს თავად ღმერთია და რადგანაც ღმერთი არის ის, რასაც განმარტება არ სჭირდება, რადგან რაიმეს განმარტების შემთხვევაში ამავდროულად ვუშვებთ მის უარყოფას, რომ ის რაღაც არ არის, თავისუფლებაც არ უნდა განვმარტოთ. მინდა შევეხო თავისუფლებას კონტექსტუალურად, საიდან იწყება იგი, პიროვნული თავისუფლებიდან, ეროვნული თავისუფლებიდან თუ პოლიტიკური თავისუფლებიდან? ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი იწყება პიროვნული თავისუფლებიდან, მაგრამ რა ქმნის პიროვნულ თავისუფლებას? ეროვნული თავისუფლება? და საიდან ჩნდება ეროვნული თავისუფლება, ან სადამდე მიდის პოლიტიკური თავისუფლება. საერთოდ, მიმაჩნია, რომ მთავარი ცნების- თავისუფლების დანაწევრება არაგონივრულია, რადგან ბოლოს მაინც ამ მთავართან მივდივართ და მის შიგნით ყოველივე ისეა გადაჯაჭვული და ისე მოქმედებენ ისინი ერთმანეთზე, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, თუმცა მონტესკიე ეხება პოლიტიკურ თავისუფლებას და ამ სიტყვას მთლიანად პოლიტიკურის ფარგლებში განიხილავს. ის ჩამოთვლის მრავალ განმარტებას: „ერთნი თავისუფლებას უწოდებენ იმის დამხობის შესაძლებლობას, ვისაც მათ ტირანული ძალაუფლება მიანიჭეს; მეორენი- იმის არჩევის უფლებას, ვისაც უნდა დაემორჩილონ, სხვები - შეიარაღებულად ყოფნის და ძალმომრეობის განხორციელების უფლებას…” საინტერესოა ერთი დეტალი- მორჩილება, ისმის კითხვა, აყენებს თუ არა თავდაყირა ეს ტერმინი თავისუფლების ცნებას, სადაც მორჩილებაა, შეიძლება თუ არა იქ იყოს თავისუფლება, თუ თავისუფლება არის სულის თვისება, ავნებს მას მორჩილება სხვისდამი? ძნელი სათქმელია, თუმცა, ჩემი აზრით, მორჩილება და მართვა ეს ის ცნებებია, რომლებიც საზღვრებს უწესებს თავისუფლებას. მონტესკიე წერს, ჩვეულებრივ, თავისუფლებას რესპუბლიკასთან აიგივებენ ხოლმე და მას გამორიცხულად თვლიან მონარქიაში, თუმცა ყველაფერი ხომ შეფარდებითია, ნუთუ ყველა რესპუბლიკა თავისუფლების ზენიტშია და მონარქია ჭაობშია, თავის უფლებას მოკლებულ ჭაობში? ვფიქრობ, რომ არა, მაგრამ მე სრულიად ვეთანხმები მონტესკიეს, როცა ის ამბობს: ადამინებმა დემოკრატიის განსაზღვრისას არიეს ცნებები ხალხის ძალაუფლება და თავისუფლება. და რა არის ძალაუფლება- ვაკეთოთ ის, რაც გვსურს? შესაძლებელია, ასეც იყოს და მაშინ რა რჩება თავისუფლებას? ბევრის გაგებით, თავისუფლება სწორედ რაც მოგვესურვება იმის კეთებაა, მაშინ გამოდის, რომ თავისუფლება და ძალაუფლება ტოლფასი ცნებებია, მაშინ არის თუ არა ძალაუფლება თავისუფლება? ვფიქრობ, რომ არა, მაგრამ, პირიქით, არის თუ არა თავისუფლება ძალაუფლება? შესაძლებელია, რომ კი, რადგან თავისუფალ ადამიანს და, მით უმეტეს პოლიტიკურად თავისუფალ ადამიანს, უკვე აქვს ერთგვარი ძალაუფლება ამავე თავისუფლების სახით.

უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ მონტესკიეს საკმაოდ საინტერესო განსაზღვრებას თავისუფლებისას:,, საზოგადოებაში, სადაც არის კანონები, თავისუფლება შესაძლებელია მდგომარეობდეს მხოლოდ იმაში, რომ შესაძლებლობა გვქონდეს ვაკეთოთ ის, რაც ჯერ არს, რომ ვისურვოთ, და იძულებულნი არ ვიყოთ ვაკეთოთ ის რაც ჯერ-არს, რომ არ ვისურვოთ.“ ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მონტესკიე პოლიტიკური თავისუფლებიდან კანონების მეშვეობით მიდის პიროვნულ თავისუფლებამდე, პიროვნება წყვეტს კანონის ფარგლებში, სურს თუ არ იმის კეთება,რაც ჯერ არს, თუმცა ეს კანონი ვარგისია იმ შემთხვევაში, როცა იგი თავად ამ ადამიანების მიერ არის შექმნილი, მონტესკიე ამბობს, რომ ყველაფერი წახდება, თუკი ყველაფერი ერთი ადამიანის ხელში მოექცევა, ის განმარტავს, რომ მოქალაქისთვის პოლიტიკური თავისუფლება ის სულიერი სიმშვიდეა, რომელიც თითოეულის უსაფრთხოების შეგნებიდან მომდინარეობს.

ძალიან საინტერესოა ერთი ფრაზა, რომელსაც მონტესკიე ამბობს: „როცა ადამიანს დაუყოვნებლივ აპატიმრებენ ისეთ ბრალდებაზე პასუხის საგებად, რომელიც კანონით მძიმე დანაშაულია, ამ შემთხვევაში, დაპატიმრებულნი მართლაც თავისუფალნი არიან, რადგან ისინი მხოლოდ კანონის ძალას ექვემდებარებიან“ საკმაოდ საინტერესო გაგებაა თავისუფლებისა, როგორც მე გავიგე( და არ ვიცი, სწორად გავიგე თუ არა) თუ ადამიანი კანონს ექვემდებარება, ის თავისუფალია, მიუხედავად იმისა, ჩაჯდება თუ არა ციხეში, ჩნდება ლოგიკური კითხვა, არის თუ არა საპყრობილეში ჯდომა თავისუფლება? ამ კითხვაზე ფიქრისას გურამ გეგეშიძის სიტყვები მახსენდება, რომლის ზუსტი ციტირებაც არ ვიცი მაგრამ შინაარსი არის ის, რომ ზოგჯერ ბორკილდადებული ტყვე უფრო თავისუფალია, ვიდრე მბრძანებელი, რომელიც მონაა თავისი ძალაუფლებისა, ანუ ის, რომ პატიმარიც თავისუფალი შეიძლება იყოს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ეს, როგორც ჩანს, დასაშვებია, მაგრამ რატომ? რადგან ის ემორჩილება კანონს, ექვემდებარება მის ძალას და თავისუფლდება. აქ კანონი აღიარებულია უზენაეს ძალად, რომელსაც შესწევს იმის უნარი, რომ ადამიანს მისცეს ყველზე მთავარი თავისუფლების სახით.

ასევე უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ერთი ფრაზა: ,,ვინაიდან თავისუფალ სახელმწიფოში ყოველი ადამიანი, რომელიც თავისუფალი სულის მქონედ ითვლება...“ რას ნიშნავს ეს, თავისუფალ სახელმწიფოში შესაძლოა თუ არა ადამიანის სულიც იყოს თავისუფალი, ამ შემთხვევაში ეს ცნებები ტოლფასია? ან თუ სახელმწიფოს თავისუფლება თავის თავში მოიაზრებს აგრეთვე სულის თავისუფლებას, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ პირიქითაც, რომ სულის თავისუფლება მოგვცემს კი სახელმწიფოს თავისუფლებას. მე დასაწყისშიც აღვნიშნე, რომ თავისუფლება მე სულის თვისებად მიმაჩნია, აგრეთვე მიმაჩნია, რომ რაღაცის განსაზღვრა განზოგადებიდან კი არ უნდა დავიწყოთ, არამედ უფრო მარტივიდან, ამიტომაც ვფიქრობ, რომ თავისუფლება ეს სულის თვისებაა და ის ადამიანში იწყება, ადამიანები კი შემდეგ ქმნიან და სულს შთაბერავენ საზოგადოებას და სულთან ერთად აძლევენ თავისუფლებას და ბოლოს იქმნება კიდევ უფრო დიდი გაერთიანება_სახელმწიფო, რომელსაც აგრეთვე ადამიანები აცოცხლებენ და აძლევენ თავისუფალ სულს და მე არ მგონია, რომ არსებობდეს სადმე ისეთი ქვეყანა, სადაც პიროვნება თავისუფალია, საზოგადოება თავისუფალია და თავად სახელმწიფო დამონებული, რადგან, ჩემი აზრით, ჯერ ადამიანი კარგავს თავისუფლებას და შემდეგ სახელმწიფო.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG