Accessibility links

logo-print

საბჭოთა პერიოდის დისიდენტობის ისტორიიდან


ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია

დისიდენტური მოძრაობის აღმავლობა საბჭოთა კავშირში იწყება მაშინ, როდესაც დადგა "პრაღის გაზაფხული" - როგორც ცნობილია, 1968 წლის აგვისტოში კრემლი და "ვარშავის პაქტის" მოკავშირეები სასტიკად გაუსწორდნენ საბჭოთა რეჟიმის კონტროლიდან ფაქტობრივად გამოსულ ჩეხოსლოვაკიას. ამავე წლის 25 აგვისტოს მოსკოვში, წითელ მოედანზე მოეწყო სიმბოლური საპროტესტო აქცია ჩეხოსლოვაკიის ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნით, რომელშიც 7 კაცი მონაწილეობდა: ლარისა ბოგორაზი, კონსტანტინ ბაბიცკი, ვადიმ დელონე, ვლადიმერ დრემლიუგა, პაველ ლიტვინოვი, ნატალია გორბანევსკაია, ვიქტორ ფაინბერგი და ტატიანა ბაევა. აქცია დაწყებიდან ძალიან მალე აღკვეთილი იქნა ძალოვანთა მიერ. მის მონაწილეთა ერთი ნაწილი ფსიქიატრიულ კლინიკებში გაამწესეს, მეორე ნაწილს კი ლაგერებში უკრეს თავი. იმ ხანებში მოსკოვის დისიდენტური წრეები ცდილობდნენ კოლექტიური საპროტესტო კომუნიკეს შედგენას ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის გამო, მაგრამ საერთო პოზიციის შემუშავება ვერ მოხერხდა.

უშიშროების მაღალჩინოსნის, ვასილი მიტროხინის არქივის მიხედვით, რომელიც 1999 წელს დიდ ბრიტანეთში გამოსცა ქრისტოფერ ენდრიუმ, "პრაღის გაზაფხულის" შემდეგ საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტში (KGB, იგივე სუკ-ი) ჩამოყალიბდა საგანგებო მე-5 განყოფილება. ახალი სტრუქტურის მიზანი იყო, თვალყური ედევნებინა ინტელიგენციისთვის, სტუდენტებისთვის, ეროვნულად განწყობილი მოღვაწეებისთვის, მორწმუნეებისთვის და ებრაელებისთვის. საბჭოთა სუკ-ის თავმჯდომარე, პოლიტბიუროს წევრი იური ანდროპოვი დარწმუნებული იყო, რომ სოციალისტური ბანაკისთვის უმთავრეს საფრთხეს სწორედ იდეოლოგიური "ძირგამომთხრელი" საქმიანობა წარმოადგენდა. 70-იან წლების დასაწყისში იგი პოლიტბიუროს სხდომაზე შემდეგი განცხადებით გამოდიოდა: "მტერი პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხმარება კონტრრევოლუციურ ელემენტებს, ეწევა იდეოლოგიურ საბოტაჟს, აარსებს ანტისოციალისტურ, ანტისაბჭოთა და სხვაგვარ მტრულ ორგანიზაციებს და ცდილობს, გააღვივოს ნაციონალიზმი. ამას ცხადად ადასტურებს ჩეხოსლოვაკიაში განვითარებული მოვლენები."

ამ დროს ყველაზე ცნობილი დისიდენტები საბჭოთა კავშირში იყვნენ ალექსანდრე სოლჟენიცინი და ანდრეი სახაროვი. რამდენადაც ერთი მათგანი მსოფლიოში ცნობილი მწერალი გახლდათ, მეორე კი ატომური ფიზიკის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი და სამგზის სოციალისტური შრომის გმირი, პოლიტბიურო და სუკ-ი ვერ ბედავდნენ მათ დაპატიმრებას. სოლჟენიცინს 1970 წელს მიენიჭა ნობელის პრემია, რამაც იგი კიდევ უფრო მეტად ხელშეუხებელი გახადა. ამავე პერიოდიდან სახაროვმაც აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. უნდა ითქვას, რომ ამ ორ ადამიანს შორის დიდი განსხვავებაც იყო: სოლჟენიცინისთვის სტალინიზმის მხილების პარალელურად უმთავრესი რუსეთი ეროვნული კონცეფციის ჩამოყალიბება იყო. იგი უფრო თეორეტიკოსი გახლდათ. ხოლო სახაროვისთვის პრიორიტეტული იყო პრაქტიკული სამართალდაცვითი საქმიანობა. ასე მაგალითად, 1970 წლის მიწურულს სახაროვმა შესთავაზა სოლჟენიცინს, დაესახათ და განეხორციელებინათ ერთობლივი ღონისძიებები პოლიტპატიმრების, მარჩენკოსა და გრიგორენკოს გამოსახსნელად, რაზეც სოლჟენიცინმა უარი განაცხადა. მისი თქმით, ეს ხალხი "ტარანზე წავიდა", მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიეს და შეუძლებელიაო მათი გადარჩენა: ყოველი ასეთი მცდელობა ავნებს მათ და სხვებსაცო.

1970 წელს აკადემიკოსმა ანდრეი სახაროვმა ვალერი ჭალიძესთან და ანდრეი ტვერდოხლებოვთან ერთად დააარსა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და დაითანხმა სოლჟენიცინი, გამხდარიყო მისი წევრ-კორესპონდენტი. მისი ერთ-ერთი მიზანი იყო საბჭოთა "მართლმსაჯულების" მხილება, აგრეთვე ბრძოლა პოლიტპატიმართა უფლებებისთვის. მიტროხინის არქივში აღმოჩნდა სუკ-ის 1973 წლის საიდუმლო მოხსენება, სადაც ნათქვამია, რომ აკად. სახაროვი იყენებს თავის ავტორიტეტს, რათა ზეგავლენა მოახდინოს "ანტისაზოგადოებრივი ელემენტების" წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესებზე. ოფიციოზის ჟარგონით, სწორედ ასეთ ელემენტებად ითვლებოდნენ დისიდენტები.

1972 წელს დააპატიმრეს ვლადიმერ ბუკოვსკი იმის გამო, რომ აგროვებდა მასალებს ფსიქიატრიულ კლინიკებში გამომწყვდეულ დისიდენტებზე. 1973 წელს კი სუკ-მა ნაწილობრივ გაშიფრა არალეგალური ჟურნალის, "მიმდინარე ამბების ქრონიკის" გამომცემელი ჯგუფი და დააპატიმრა პიოტრ იაკირი და ვიქტორ კრასინი. მათ წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე "იდეოლოგიურად ძირგამომთხრელი მასალების ფლობის, დაბეჭდვისა და გავრცელების გამო". ძიებისას მათ მიერ დასახელებულ იქნა 154 პირი, რომლებიც ლუბიანკაზე დაიბარეს და გააფრთხილეს, ზოგიერთი მათგანი კი დააპატიმრეს, ხოლო დაპატიმრება, როგორც წესი, გასამართლებით სრულდებოდა. იაკირისა და კრასინის ფონზე მით უფრო დასაფასებელი არიან ის დისიდენტები, რომლებსაც ძიებისას არავინ არ დაუსახელებიათ, თუმცა ჩვეულებრივი მოქალაქეები არც ამით იყვნენ დაზღვეულნი, რომ ამა თუ იმ საქმის გამო ისინი მოწმედ არ დაებარებინათ სუკ-ში - დაკავებულთა აღიარებითი ჩვენების გარდა საბჭოთა საიდუმლო პოლიცია-სპეცსამსახურს ბევრი სხვა საშუალებაც გააჩნდა, პირველ რიგში თვალთვალი და აგენტურული ქსელის ინფორმაციები. იაკირისა და კრასინის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, 1973 წლის სექტემბერში სახაროვმა მიმართა აშშ-ის კონგრესს და მოუწოდა ამერიკის ხელისუფლებას, უარი ეთქვა იმ დათმობებზე, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტი წავიდა სსრკ-სთან "დაძაბულობის შენელების" პროცესის ხელშესაწყობად. სენატორმა ჯექსონმა სახაროვის მემორანდუმის კვალობაზე შეადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მკაცრ სანქციებს სსრკ-ის წინააღმდეგ. ამ კანონპროექტს ჰყავდა მოწინააღმდეგე პრეზიდენტ რ. ნიქსონის ადმინისტრაციის სახით. სახაროვის მიმართვა დაბეჭდა "ვაშინგტონ პოსტმა“, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კონგრესზე. ჯექსონის კანონპროექტი დამტკიცებულ იქნა. ამან ცხადია, პოლიტბიუროს გამძვინვარება გამოიწვია. ლეონიდ ბრეჟნევის თქმით, ამგვარი ქმედება იყო "არა მარტო ანტისაბჭოთა და ანტისახელმწიფოებრივი აქცია, არამედ ტროცკისტულიც". 1974 წლის 11 თებერვალს პოლიტბიურომ მხარი დაუჭირა იური ანდროპოვის წინადადებას, რაც გულისხმობდა "ანტისაბჭოთა ელემენტების" წინააღმდეგ მიმართულ ფართო ღონისძიებათა კომპლექსს. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან სამი დღის შემდეგ საბჭოთა კავშირიდან გააძევეს მწერალი ა. სოლჟენიცინი, რომელსაც ჩამოერთვა მოქალაქეობა.

ჰელსინკის ხელშეკრულება

ენდრიუს თვალსაზრისით, 1975 წლის პირველ აგვისტოს სსრკ-ის ხელმძღვანელობამ დაუშვა სტრატეგიული შეცდომა, როდესაც ხელი მოაწერა ჰელსინკის ხელშეკრულების დასკვნით დოკუმენტს ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის შესახებ. იმავდროულად ხელშეკრულებას ხელი მოაწერა აშშ-მა, კანადამ და თითქმის ყველა ევროპულმა ქვეყანამ ანდორისა და ალბანეთის გარდა. იური ანდროპოვმა გააფრთხილა პოლიტბიურო, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოჰყოლოდა სსრკ-ითვის, მაგრამ პოლიტბიურომ უფრო ა. გრომიკოს თვალსაზრისი გაიზიარა, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობა ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგაც გააკონტროლებდა ქვეყანაში სიტუაციას. ეს ნიშნავს, რომ თვით ჰელსინკის დასკვნითი ქარტიის ფარგლებშიც კრემლს ექნებოდა შესაძლებლობა ადამიანის უფლებათა ნორმების ინტერპეტაციისა საკუთარი შეხედულებისამებრ. ამის შედეგად სსრკ თავდაცვით მდგომარეობაში აღმოჩნდა: ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევაში - უამისოდ კი სსრკ-ის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური და იურიდიული პრაქტიკა წარმოუდგენელი იყო - როგორც დისიდენტებს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს საშუალება ეძლეოდა თავიანთი პრეტენზიები დაესაბუთებინათ იმით, რომ ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება საერთაშორისო ხელშეკრულებას. 1975 წლის ოქტომბერში აკადემიკოს სახაროვს მიენიჭა ნობელის პრემია. მანამდე ამ მაღალ ჯილდოზე მისი კანდიდატურის წარდგენის ფაქტმა დიდი საზრუნავი გაუჩინა სუკ-ს. საბჭოთა რეზიდენტურას ოსლოში დაევალა, მთელი ძალებით შეეშალა ხელი პრემიის მინიჭებისთვის, მაგრამ ყოველგვარი მეცადინეობა ამაო გამოდგა. რეზიდენტის დასკვნით, ნობელის კომიტეტი სოციალ-დემოკრატი ააზე ლიონესის მეთაურობით მთლიანად "რეაქციული ელემენტებისგან" შედგებოდა. სახაროვმა ნობელის კომიტეტისადმი გაგზავნილ თავის წერილში აღნიშნა, რომ პრემია დიდი პატივი იყო არა მხოლოდ მისთვის, არამედ სსრკ-ს მთელი სამართალდაცვითი მოძრაობისთვის - იგი მასთან ერთად მიეკუთვნაო ყველა სინდისის პატიმარს, რომლებმაც არაძალადობრივი მეთოდებით თანამოქალაქეთა დაცვას შესწირეს ყველაზე ფასეული რამ: საკუთარი თავისუფლება". ამავე 1975 წლის 22 ნოემბერს იური ანდროპოვმა მოიწონა დირექტივის პროექტი, რომლის მიხედვითაც, უნდა განხორციელებულიყო ოპერატიულ ღონისძიებათა კომპლექსი სახაროვისა და სხვა დისიდენტების "რეაქციონერობის" გამოსავლენად არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვარგარეთაც. დასავლეთში მოქმედ სუკ-ის ქსელს დაევალა პრესაში გამოექვეყნებინა დისიდენტების მაკომპრომეტირებელი წერილები, აგრეთვე გაევრცელებინა ჭორები. ასე მაგალითად, სრული სერიოზულობით ამტკიცებდნენ, თითქოს აკად. სახაროვი მიესალმა სალვადორე ალიენდეს ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას ჩილეში, რის გამოც გენერალ პინოჩეტს მისთვის ჩილეს "საპატიო მოქალაქეობა" მიუნიჭებია. იმავდროულად საბჭოთა პრესა ბეჭდავდა წერილების სერიას "ვის იცავს სახაროვი?" ამ პასკვილის ავტორთა თქმით, სახაროვი სინამდვილეში კრიმინალურ ელემენტებს იცავდა, მაგალითად, "მექრთამე" შტერნს, "ქურდ" ლევიევს, აგრეთვე "ტერორიზმის იდეოლოგებს", ბუკოვსკისა და მოროზს. ზემოთქმულიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ სუკ-ის ანალოგიური მცდელობები, მოეხდინა დასავლეთის საზოგადოების დეზინფორმირება, შემდგომშიც გაგრძელდა: გავრცელებული ჭორი, თუკი მას იმთავითვე კრიტიკულად არ განიხილავდნენ, ზოგჯერ თავის მიზანს აღწევდა. სუკ-ის ამგვარ "საკენკს" ზოგჯერ სერიოზული ჟურნალისტებიც კენკავდნენ. მაგალითისათვის გავიხსენოთ ამერიკელი კორესპონდენტების, პაიპერისა და უიტნის შემთხვევა, როდესაც ისინი პატიმრობაში მყოფ ზვიად გამსახურდიას ადარებდნენ ჯონ მაკნამარას, აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ვინც მემარცხენე და პაციფისტურ წრეებში "ქორად" და ვიეტნამის ომის ერთ-ერთ გამჩაღებლად ითვლებოდა. ისინი წერდნენ, თითქოს ქართველი სამართალდამცავი მთელი სერიოზულობით მოუწოდებდა აშშ-ს, ომი გამოეცხადებინა სსრკ-ისთვის. რამდენადაც იმ დროს საკითხი უკვე პატიმრობაში მყოფი ზვიად გამსახურდიას ქვეყნიდან შესაძლო გაძევების მიჯნამდე იყო მისული, მსგავსი ჭორი ისევ სუკ-ის წისქვილზე დაასხამდა წყალს - რადგან ასეთი რეპუტაციით რომელიმე დისიდენტს ქვეყანაში არავინ გააჩერებდა, ხოლო დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში მისი კეთილგონიერება ასევე ეჭვქვეშ დადგებოდა. ამიტომაც ზვიად გამსახურდიას სხვა გზა აღარ რჩებოდა გარდა ამ ვერსიის სასამართლოზე უარყოფისა, რომელიც გააშუქეს ცენტრალურ სატელევიზიო პროგრამა "vremia"-ზე.

ჰელსინკის მოძრაობა და საქართველოს სსრ

1975-1976 წლებში ჰელსინკის მოძრაობამ საბჭოთა კავშირში თავის კულმინაციას მიაღწია. მოსკოვისა და ლენინგრადის გარდა ჰელსინკის ჯგუფები შეიქმნა რამდენიმე საბჭოთა რესპუბლიკაში, მათ შორის საქართველოშიც - ეს იყო 1977 წლის იანვარში. ამ ჯგუფში ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და ვიქტორ რცხილაძის გარდა შედიოდნენ ებრაელი "ოტკაზინკები" (პირები, ვისაც უარი ეთქვათ ისრაელში ემიგრაციაზე) გრიგორი და ისაია გოლდშტეინები. მანამდე, 1974 წელს საქართველოში შექმნილი იყო ადამიანის უფლებათა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ზვიად გამსახურდიას მიერ იქნა ჩამოყალიბებული. მასში ასევე ვიქტორ რცხილაძე, ირაკლი კენჭოშვილი და ბეგო ბეჟუაშვილი შედიოდნენ. თბილისში მის დაარსებას წერილობით მიესალმნენ აკად. სახაროვი, ანდრეი ტვერდოხლებოვი და ვალერი ჭალიძე, ხოლო მისალმების ტექსტი გამოქვეყნდა ჯგუფის თვითგამოცემაში. ამ ჯგუფის მიერ ქართულ ენაზე არალეგალურად იბეჭდებოდა ლიტერატურული ჟურნალი "ოქროს საწმისი" (სულ გამოვიდა 4 ნომერი) რომელშიც იბეჭდებოდა ცენზურისთვის და საბჭოური იდეოლოგიური მეინსტრიმისთვის მიუღებელი ლიტერატურული ნაწარმოებები ან ესეები, ასევე პოლიტიკურ-პუბლიცისტური ხასიათის "საქართველოს მოამბე" (მოესწრო 2 ნომერი და მე-3 ნომერი მხოლოდ ნაწილობრივ) ქართველი აქტივისტები თავიანთ ინფორმაციებს ასევე აქვეყნებდნენ სახაროვის ჟურნალში "მიმდინარე ამბების ქრონიკა", რომელიც მოსკოვში ასევე არალეგალურად იბეჭდებოდა და ვრცელდებოდა. საინტერესოა ისიც, რომ ქართველი დისიდენტები ოფსეტური წესით ახერხებდნენ თბილისში არალეგალურად დაებეჭდათ "მიმდინარე ამბების ქრონიკა" და გარკვეული რაოდენობებით ჩაეტანათ მოსკოვში გასავრცელებლად, რაც მათი მოსკოველი კოლეგების გაოცებას იწვევდა. მიტროხინის არქივში შემონახული მასალების მიხედვით სუკ-ის 1976 წლის კოლეგიაზე დაიგეგმა დისიდენტების წინააღმდეგ ფარული და აშკარა ოპერაციების ფართო კომპლექსი, რაც გულისხმობდა მათი "ანტისახელმწიფოებრივი" ქმედებების პირდაპირ აღკვეთას, ან მათთვის სასურველი, ქვეყნისთვის "ნაკლებად საზიანო" კალაპოტის მიცემას. მაღალი საზოგადოებრივი რენომეს მქონე აკად. სახაროვის გარდა ქვეყანაში არავინ ჩანდა დაცული: ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა თავის ამერიკელ კოლეგას აღუთქვა, რომ სახაროვს თითსაც კი არავინ დააკარებდა. სწორედ დაუცველი ან ნაკლებად დაცული დისიდენტების წინააღმდეგ 1977 წლიდან იწყება რეპრესიები. დააპატიმრეს ანატოლი შჩარანსკი, ალექსანდრე გინზბურგი, იური ორლოვი და სხვები. ანდროპოვის მიმართვაში, რომელიც მან პოლიტბიუროს პლენარულ სხდომაზე გააკეთა, ნათქვამი იყო: "მტრის სადაზვერვო სამსახურები და იდეოლოგიური ცენტრები მთელი მონდომებით ცდილობენ გააძლიერონ ანტისაბჭოთა ელემენტების მოღვაწეობა საბჭოთა კავშირში და გააფართოვონ იგი. განსაკუთრებით აღსანიშნავია დასავლური სადაზვერვო სამსახურების ძალისხმევა, შექმნან ისეთი გაერთიანებები, რომლებიც სახელმწიფოსა და არსებული საზოგადოებრივი წყობილების წინააღმდეგ არის მიმართული. აქედან გამომდინარე წარმოიშვა აუცილებლობა, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში საბოლოოდ აღკვეთილიყო ორლოვის, გინზბურგის და სხვათა საქმიანობა." ხოლო ორი წლის შემდეგ სუკ-ის მეხუთე განყოფილების სხდომაზე ანდროპოვს განუცხადებია, რომ სუკ-ი ვერ უგულებელყოფდა ამა თუ იმ დისიდენტის "თვით ყველაზე უმნიშვნელო საქმიანობასაც კი."

1977 წლის 7 აპრილს საქართველოს სსრ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად (საჯარო მოწოდება სამშობლოს ღალატისკენ, ტერორისტული აქტის, დივერსიის თუ მავნებლობის ჩადენისკენ), ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე N 131. მათ ბრალად ედებოდათ 1977 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს სსრ-ის ტერიტორიაზე არალეგალური ჟურნალების, "საქართველოს მოამბისა" და "ოქროს საწმისის" დამზადება და გავრცელება. 7 აპრილს დააპატიმრეს ზვიად გამსახურდია, ხოლო 10 აპრილს მერაბ კოსტავაც. ზ. გამსახურდიასა და მ. კოსტავას საცხოვრებელ ბინებში, ასევე მათ მახლობლად სხვადასხვა დროს შემჩნეულ თანამოაზრეთა და ახლობლების ბინებში ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა "ანტისაბჭოთა და ნაციონალისტური" შინაარსის მქონე დიდი რაოდენობის ლიტერატურა, მათ შორის დასახელებული ჟურნალები, ასევე მოსკოვში გამომავალი "მიმდინარე ამბების ქრონიკა", "სსრკ-ში ადამიანის უფლებათა დაცვის ქრონიკა" და ანტისაბჭოთა შინაარსის მქონე სხვადასხვა ავტორთა ტექსტები.

ზ. გამსახურდიასა და მ. კოსტავას მონაწილეობა აღნიშნული გამოცემების მომზადებასა და გავრცელებაში დადასტურებულ იქნა გამოძიების მასალებით. საქმეზე დაიკითხა 140-ზე მეტი მოწმე, ამოღებულ მასალებს ჩაუტარდათ კრიმინალისტიკური ექსპერტიზა. დაახლოებით ერთ წელიწადში თბილისში ჩატარდა სასამართლო პროცესი, რის შედეგადაც ქართველ დისიდენტებს, რომლებიც სასამართლომ ბრალეულად ცნო, მიესაჯათ 3 წელიწადი შრომა-გასწორებით კოლონიაში, ხოლო 2 წელიწადი გადასახლებაში მოხდით. ამათგან ზვიად გამსახურდიას გარკვეული პერიოდი მოუწია ჯერ ლეფორტოვოს ციხეში, შემდეგ კი მოსკოვის სერბსკის ფსიქიატრიის ინსტიტუტში ყოფნა, სადაც ზოგიერთი საბჭოთა დისიდენტი ხვდებოდა. იგი იქიდან კვლავ საპყრობილეში დააბრუნეს ჰონოლულუში 1978 წელს ჩატარებული ფსიქიატრთა საერთაშორისო კონგრესის შემდეგ, რომელზეც გააპროტესტეს მისი იქ ყოფნა და წერილი გაუგზავნეს პოლიტბიუროს. 1978 წლიდანვე მერაბ კოსტავა ეტაპით გაგზავნეს ირკუტსკში, ხოლო ზვიად გამსახურდია ნოღაის სტეპში მდებარე დაბა კოჩუბეიში, რომელიც დაღესტნის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედიოდა.

1978 წლის დასაწყისში ნობელის პრემიაზე წარადგინეს საბჭოთა დისიდენტების ერთი ჯგუფი, მათ შორის ორლოვი, გინზბურგი, შჩარანსკი, გამსახურდია და კოსტავა. აქედან მოყოლებული სუკ-ის უდიდესი საზრუნავი იყო, ხელი შეეშალა ნობელის კომიტეტისთვის, რათა ამ უკანასკნელს არ მიენიჭებინა პრემია ხსენებული დისიდენტებისთვის. ანდროპოვმა პირადად დაავალა ნორვეგიის რეზიდენტურას, ამ მიზნით აემოქმედებინა ყველა ბერკეტი. რეზიდენტმა მაკაროვმა 1978 წლის 27 ოქტომბერს შეატყობინა მიხეილ სუსლოვს, სკკპ-ს მთავარ იდეოლოგს, რომ "ავანტიურა" ჩაშლილია და პრემია გადაეცათ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, მენახემ ბეგინსა და ეგვიპტის პრეზიდენტს ანვარ ას-სადათს კემპ-დევიდის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების გამო. რეზიდენტის წერილის მიხედვით, მას ზეწოლა მოუხდენია ნორვეგიის წამყვან პოლიტიკოსებზე. მათ შორის იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი კნუტ ფრიდელუნდი, პარლამენტში საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე სოციალ-დემოკრატი რიეულფ სტენი, ნორვეგიის პროფკავშირების თავმჯდომარე ტორ ჰალვორსენი და ყოფილი პრემიერი, იმჟამად სოციალ-დემოკრატიული საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ტრიგვე ბრატელი. როგორც მერაბ კოსტავამ აღნიშნა 1988 წელს სერგეი გრიგორიანცის მოსკოვის სემინარისთვის მომზადებულ ტექსტში დისიდენტობის ისტორიის შესახებ საქართველოში (ტექსტი რუსულიდან ქართულად იმავე წელს ითარგმნა ამ სტრიქონების ავტორის მიერ მერაბ კოსტავასავე თხოვნით), საბჭოთა კავშირში აღმოცენებული ჰელსინკის ჯგუფების სამოქმედო პროგრამა ძირითად შტრიხებში ერთმანეთის მსგავსი იყო, თუმცა შეიმჩნეოდა განსხვავებებიც. ამა თუ იმ რესპუბლიკაში შექმნილი მდგომარეობით, ასევე ეროვნული სპეციფიკით განპირობებული. ასე მაგალითად, ქართველ სამართალდამცველებს უნდა გაეთვალისწინებინათ ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეალობა, რომელიც შეიქმნა აქ ედუარდ შევარდნაძის ცეკას მდივნობის პერიოდში. საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის მუშაობის ძირითადი მიმართულებები იყო: 1. პატიმრების უფლებების დაცვა, რომელთაც საგამოძიებო იზოლატორში აწამებდნენ სასურველი ჩვენების გამოძალვის და აღძრული სისხლის სამართლის საქმის საჭირო მიმართულებით წარმართვის მიზნით. (ამის შედეგია შსს-ს არაოფიციალური ჯალათების, ცირეკიძის და უსუპიანის პროცესი) ასეთ ქმედებებს იზოლატორში ადგილი ჰქონდა როგორც შევარდნაძის შინაგან საქმეთა მინისტრობისას, ისე მისი ცეკას პირველი მდივნის პოსტზე დანიშვნის შემდეგ. 2. მორწმუნეთა უფლებების დაცვა, რომელთაც არ აძლევდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე დასწრების საშუალებას. ამავე დროს გამოვლენა იმ ადამიანებისა, ვინც რელიგიური აღმსარებლობის გამო იქნენ დაპატიმრებულნი და სხვაგვარად რეპრესირებულნი. 3. ცეკას და სუკ-ის მიერ ორგანიზებული კრიმინალური ქმედებების მხილება საპატრიარქოში, რაც დაკავშირებული იყო გარკვეულ სასულიერო პირების მიერ ეკლესიის საგანძურის გაძარცვასთან. 4. კულტურის ძეგლთა დაცვა, როდესაც ისინი ზიანდებოდნენ ან ოფიციალური ინსტანციის მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობის გამო, ან როდესაც მათ შეგნებულად ანადგურებდნენ (მაგალითად, დავით-გარეჯის პოლიგონი). 5. მუშაობა 1944 წელს დეპორტირებულ ქართველ მესხთა რეპატრიაციისთვის.

6. ბრძოლა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად 7. არალეგალური ლიტერატურის, ე.წ. სამიზდატის გავრცელება არა მარტო თბილისში, არამედ მოსკოვშიც, რაშიც ზემოხსენებული ჟურნალების გარდა შედიოდა ა. სახაროვის "მიმდინარე ამბების ქრონიკა", ასევე ალ. სოლჟენიცინის, ა. ამალრიკის და ა. ავტორხანოვის თხზულებები.

1977 წლის დასაწყისში საბჭოთა კავშირში შეიქმნა "საერთაშორისო ამნისტიის" (amnesty international) პირველი ჯგუფი. მასში ანდრეი ტვერდოხლებოვის და ვალენტინ ტურჩინის გარდა შევიდა ზვიად გამსახურდია. მათი მიზანი იყო პოლიტიკური პატიმრებისთვის ბრძოლა, რაც გულისხმობდა დასავლეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე მასმედიის, როგორც ჟურნალ-გაზეთების, ისე საინფორმაციო სააგენტოების ინფორმირებას. პარადოქსი ის იყო, რომ ისინი, ვისაც სხვა ადამიანების უფლებები უნდა დაეცვა, სსრკ-ში თავად ხდებოდნენ დასაცავნი. 80-იანი წლების დასაწყისისთვის საქართველოში გაჩნდნენ ახალი ჯგუფები, რომელთა აქტივისტებიც ასევე დაპატიმრებულნი იქნენ სუკ-ის და რესპუბლიკის პროკურატურის მიერ: მათ შორის გეორგიევსკის ტრაქტატის იუბილეს საზეიმო აღნიშვნის მოწინააღმდეგეთა ჯგუფი (ი. წერეთელი, თ. ჩხეიძე, გ. ჭანტურია, მ. ბაღდავაძე, ნ. კაკაბაძე) თვითგამოცემითი ჟურნალის, "სამრეკლოს" სარედაქციო ჯგუფი (დ. ბერძენიშვილი, ლ. ბერძენიშვილი, ვ. ძაბირაძე) ჰელსინკის ახალი ჯგუფი (ე. გუდავა, თ. გუდავა და ე. თვალაძე) ასევე ე.წ. რუსთავის ჯგუფი (გ. გოგბაიძე, ვ. ჭითავა და ს. გოგია) და სხვები. თუმცა 80-იანი წლების პერიოდზე უნდა ითქვას, რომ დისიდენტური მოძრაობა საბჭოთა კავშირის მასშტაბით თითქმის პარალიზებული იყო. დისიდენტების უმეტესობა პერმის, მორდოვეთის ან ციმბირის ლაგერებში გაამწესეს ან ქვეყნიდან გააძევეს. ვინც გარეთ დარჩა, იმყოფებოდა სუკ-ის პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშ. თვითგამოცემითი ლიტერატურაც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აღარ იბეჭდებოდა. არასაბჭოურად მოაზროვნე საზოგადოებაში იგრძნობოდა გულგატეხილობა, საუბრებში ჭარბობდა პესიმისტური განწყობა, რომ საბჭოურ ტოტალიტარიზმთან დაპირისპირებას "აზრი არა აქვს". და მაინც, დისიდენტურმა სულისკვეთებამ და იდეებმა ერთგვარი აღდგომა განიცადა 1988-1990 წლებში, როდესაც ინდეპენდენტისტურმა და დემოკრატიულმა მოძრაობებმა საბოლოო წერტილი დაუსვა უკვე საკმაოდ ძირმომპალი საბჭოთა იმპერიის არსებობას.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG