Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოე ჟორდანია პატარა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკისა და პოსტსაბჭოთა საქართველოს საგარეო პოლიტიკა


ავტორი: ქრისტინე ქაფიანიძე

პატარა ქვეყნის სოციალ-დემოკრატი ლიდერი ნოე ჟორდანია ქვეყნის მრავალ პრობლემატიკაზე საუბრობს თავის სხვადასხვა ნაშრომში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის ნაშრომს პატარა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის შესახებ, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკაა განხილული ისტორიულად განსხვავებულ ეპოქებში. ნოე ჟორდანია ცდილობს დაგვანახოს მთავარი, რაც პატარა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს მნიშვნელოვანი სტატუსი საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. ნოე ჟორდანიას აზრით, ქვეყანა, რომელიც სახელმწიფოებრივი ინტერესით იმოქმედებდა და დარჩებოდა თავისთავადი უძლიერეს სახელმწიფოებს შორისაც კი შეძლებდა არსებობას. ქვეყანა, რომლის საგარეო პოლიტიკა ფეოდალური, კუთხური და კერძო ან ოჯახური ინტერესებით წარიმართებოდა, კიდევ უფრო დაქუცმაცდებოდა და დიდი სახელმწიფოს ლუკმა გახდებოდა. ნოე ჟორდანიას აზრით საქართველო 1492 წლიდან მოყოლებული მხოლოდ ფეოდალური და კუთხური, კერძო და ოჯახური ინტერესით იმართებოდა. სახელმწიფოებრიობაზე მეტი უღირდათ ორდენები, საჩუქრები და სხვა მაღალი ჯილდოები. როდესაც ქართლ-კახეთს მტერი ესხმოდა, იმერეთი სიმშვიდეში ცხოვრობდა, ყოველგვარ პრობლემას ქვეყანა დაქსაქსულობით შეხვდა, რამაც შემდგომში მეფის რუსეთს გაუადვილა საქართველოს ანექსია. იგი დაყოფას და ბატონობას ადვილად ახორციელებდა. ხალხი თავისი თავის მტერი არ არის, ხალხის მტერია გაბატონებული კლასი, რომელიც მის მაღლა დგას. საქართველოში გაბატონებული წოდების რღვევის მეშვეობით ხალხს მიეცა საშუალება ეწარმოებინა ხალხური პოლიტიკა. მთავარი ძარღვი საგარეო პოლიტიკისა რევოლუციურ ერთა თვითგამორკვევის გატერებისაკენ საერთო თანხმობით მიემართებოდა. ნოე ჟორდანიას აზრით, პატარა სახელმწიფომ ყოველთვის და აუცილებლად მხარდამჭერი და თანამებრძოლი უნდა ეძებოს თანაბარი სიდიდის და სიძლიერის მქონე მეზობელ ქვეყანაში. პატარა და დიდი ქვეყნის მეგობრობა და მეზობლობა, ყოველთვის დიდის მიერ პატარა სახელმწიფოს ჩაყლაპვით მთავრდება.

რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცის საქართველოს, როგორც ყოველთვის ის ხასიათდება მოკავშირეების ძებნის დიდი სურვილით, რომლებიც იქნებიან მისი მფარველნი და მხარდამჭერნი. საქართველო, შეიძლება ითქვას, რომ ხელახლა იბადება. ყალიბდება მისი ინსტიტუტები და დიდი ინტერესის საგანი ხდება საგარეო პოლიტიკა, მეზობლებთან ურთიერთობა და საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი სახელის მოპოვება, რაც საკმაოდ რთული იყო გამომდინარე იმ ვითარებიდან, რომელიც არსებობდა. საქართველოს საბჭოთა კავშირმა მისცა შიდა კონფლიქტურად და სეპარატისტულად განწყობილი რეგიონები, რომლებიც გამუდმებულ საფრთხეს, შეიძლება ითქვას ნაღმებს წარმოადგენდა ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობის საკითხში. პოსტსაბჭოთა სივრცის საქართველომ შეძლო ეროვნული გრძნობების გაგვივება მოსახლეობაში, თუმცა მისი შენარჩუნება საკმაოდ რთული აღმოჩნდა განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ნივთიერი კეთილდღეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. შიდა კონფლიქტების შიში გამართლდა, რამაც კიდევ უფრო მეტად დასწია საქართველოს მნიშვნელობა საერთაშორისო საზოგადოებაში. საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსმა განაპირობა აფხაზეთის დაკარგვა და ჩამოშორება ქვეყნისაგან. ქვეყნისათვის საინტერესო იყო უკვე ამ პერიოდიდან ევროპული ოჯახის წევრობა, რომელსაც ჯერ კიდევ ნოე ჟორდანია გვთავაზობდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, თუმცა ევროპული ოჯახის წევრობა რატომღაც ქართველებმა თავიანთი წეს-ჩვეულებების, ტრადიციებისა და ადათების დავიწყების ხარჯზე მოინდომეს, მაშინ როდესაც ნოე ჟორდანიას აზრით, ქვეყნის გაევროპიელება აუცილებლად ეროვნულ ნიადაგზე უნდა მომხდარიყო და იმ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს შერწყმოდა, რაც საუკუნეების მანძილზე გააჩნდათ. სამწუხარო რეალობა ამ ასპარეზობის სფეროში იყო ის, რომ ქართველებს მანამდეც დავიწყებული ჰქონდათ ტრადიციები და წეს-ჩვეულებები გამომდინარე საბჭოთა კავშირიდან, რომელიც განსხვავებულ კულტურის სისტემას და ტრადიციებს უყალიბებდა საზოგადოებას. საქართველოს, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, მეტ-ნაკლებად არჩეული ჰქონდათ საგარეო პოლიტიკური კურსი. ქვეყანა მიილტვოდა ევროპისაკენ და შესაბამისად, ცდილობდა ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. დღეს საქართველოს მიზანი ევროპული ინტეგრაციაა, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ყოველ მხრივ მას მშვიდი და კონსტრუქციული კავშირი ჰქონდეს, არა თუ თავის მეზობელ და პარტნიორ სახელმწიფოებთან, არამედ მტრულად განწყობილ მეზობელთანაც, რომელსაც იმპერიალისტური ზრახვები არასდროს განელებია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG