Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტომი და ჯერი და ახალშობილთა გენდერული დისბალანსი სამხრეთ კავკასიაში


ავტორი: ლაშა ლანჩავა

2012 წელს აისეტის ეკონომისტის ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში იაროსლავა ბაბიჩმა განიხილა ახალდაბადებულთა გენდერული დისბალანსის საგანგაშო სტატისტიკა საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში. იაროსლავა ბაბიჩის მიერ მოყვანილი მონაცემებით, ახალშობილი ვაჟების რაოდენობის გოგონებთან თანაფარდობის მიხედვით საქართველო მხოლოდ ჩინეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ჩამორჩება.

სტატიამ გააღვივა ჯანსაღი დისკუსია პრობლემის ირგვლივ. სავარაუდო მიზეზებად დასახელდა გენდერ სპეციფიკური აბორტები, ვაჟის ყოლის უპირატესობა, ე.წ. „დაბრუნებული ჯარისკაცის ეფექტი“, და ა.შ. ამ სტატიის მიზანია პრობლემის ალტერნატიულ ჭრილში განხლივა, რაც, ჩემი აზრით, დისკუსიას უფრო მრავალფეროვანს გახდის.

1990–იანი წლების დასაწყისში, ჩემმა თანაავტორმა და ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღაში ჩარლზის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგიის პროფესორმა, იაროსლავ ფლეგრმა ტვინის ერთუჯრედიანი პარაზიტის ადამიანის ქცევაზე გავლენის გამოკვლევა დაიწყო. ტოქსოპლაზმა გონდიის სახელწოდებით ცნობილი ეს მიკროსკოპული პარაზიტი 1908 წელს ეგზოტიკური მღრღნელის (Ctenodactylus gundi) სხეულში აღმოაჩინეს. ფლეგრი ამტკიცებს, რომ ტოქსო წამოადგენს მანიპულაციის ჰიპოთეზის კლასიკურ ილუსტრაციას რომლის მიხედვითაც პარაზიტს შეუძლია მისი მასპინძლის ქცევის შეცვლა ისე, რომ მაქსიმალურად გაზარდოს საკუთარი გენის მომავალ თაობებში გადაცემის შანსი. ტოქსოპლაზმა სქესობრივად მხოლოდ კატისერთა ოჯახის წარმომადგენლებში მრავლდება. სხვა თბილსისხლიანი ცხოველებიც (უმეტესად თაგვები) შეიძლება დაავადდნენ, პარაზიტით დაინფიცირებული კატის ექსკრემენტით დაბინძურებული საკვების მიღების შედეგად. ევოლუციური ციკლის სრულყოფისათვის, ტოქსოს ამოცანაა მასპინძელი თაგვი კატას შეაჭმევინოს. ამისათვის პარაზიტს ძლიერი იარაღი აქვს — მასპინძლის ტვინით მანიპულირება, რის შედეგადაც თაგვს თანდაყოლილი კატის შიში უქრება. ტოქსო ასევე ფიზიკურად ადუნებს მღრღნელს და შესაბამისად იგი ადვილი ნადავლი ხდება. ამ მდგომარეობას „მტაცებლის საბედისწერო მიმზიდველობას“ უწოდებენ.

ფლეგრი თავის წიგნში „მოერიდეთ ტოქსოს!“ ირწმუნება, რომ მსოფლიო მოსახლეობის 1/3-ს აქვს ტოქსოპლაზმით გამოწვეული დაავადება — ტოქსოპლაზმოზი. დაავადების გავრცელება მნიშვნელოვნად განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნებში. გავრცელება შეიძლება იყო ძალიან დაბალი, როგორც ესაა სამხრეთ კორეაში (4%) ან ძალიან მაღალი, როგორც ნიგერიაში (78%). ევროპაში ტოქსოს გავრცელება მერყეობს 11%-დან (ნორვეგიაში) 63%-მდე (გერმანიაში).

შეიძლება რომ ტოქსოპლაზმამ შეცვალოს ადამიანთა ქცევა ისე, როგორც მღრღნელების და მათ უცნაურად მოქცევა აიძულოს? ფლეგრისა და მისი კვლევითი გუნდის მიერ მიღებული შედეგების მიხედვით ტოქსოპლაზმით დაავადებულ პაციენტებს აღენიშნებათ შენელებული რეაქცია, დეპრესიის, შიზოფრენიის, ავტოავარიისა და თვითმკვლევლობისაკენ მიდრეკილება (Flegr, J. (2013): “How and why Toxoplasma makes us crazy”,Trends in Parasitology, 29(4), 156-163).

ეს ყველაფერი შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ ჩვენ ჯერ მაინც არ გვიპასუხია თავდაპირველ კითხვაზე: როგორ ზემოქმედებდეს ტოქსოპლაზმა ახალშობილთა გენდერულ დისბალანსზე? თავის 2006 წლის სტატიაში (“Women infected with parasite Toxoplasma have more sons”, Naturwissenschaften 94, 122–127) ფლეგრი, ტოქსო ინფექციას ბიჭი ან გოგონა შთამომავლის ყოლის მიდრეკილებას უკავშირებს. პრაღაში კლინიკური ჩანაწერების ანალიზმა აჩვენა, რომ მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე ტოქსოპლაზმით ინფიცირებული ქალებისთვის ვაჟის გაჩენის შანსი არის 72%, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 100 გოგონაზე მოდის 260 ვაჟი (შედარებისთვის, იაროსლავა ბაბიჩის მიხედვით, სამხრეთ კავკასიაში ეს მაჩვენებელი არის 116). ფლეგრის და მისი თანაავტორების დაკვირვებით, შედეგების უკან ევოლუციური ფენომენი იმალება. პრე–ისტორიულ პრიმიტიულ საზოგადოებაში კაცის მთავარი საქმე იყო ნადირობა, რაც მისგან აგრესიულობასა და ნადავლის შორ მანძილზე დევნას მოითხოვდა და შესაბამისად შანსი იმისა რომ მამაკაცი შეჭმული იქნებოდა მტაცებლის მიერ მაღალი იყო. მაშასადამე, მამაკაცების სასარგებლოდ დარღვეული გენდერული ბალანსი შეიძლება განვიხილოთ, როგორც პარაზიტის მიერ მისი ევოლუციური ციკლის სრულყოფის გზა.

აღსანიშნავია რომ მაღალი გენდერული დისბალანსი, ისევე როგორც ტოქსოთი დაინფიცირებისკენ მიდრეკილება, შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა ფაქტორებით, მათ შორის ტესტოსტერონის მაღალი დონით. აღნიშნული შესაძლებლობის გამორიცხვის მიზნით, 2007 წლის კვლევაში (“Influence of latent toxoplasmosis on the secondary sex ratio in mice”, Parasitology, 134(12), 1709-1717) ფლეგრის გუნდმა ექსპერიმენტულად დაადასტურა, რომ ხელოვნურად დაინფიცირებულ თაგვებში მამრის შობის ალბათობა იზრდებოდა 59%-მდე.

იმის გასაგებად თუ როგორ ხსნის ეს პარაზიტი გენდერული დისბალანსის მაღალ დონეს სამხრეთ კავკასიაში, ისევ ფლეგრის კვლევა უნდა მოვიშველიოთ რომელიც აჩვენებს რომ ტოქსოპლაზმოზით დიდი ხნით დაავადებულ ქალებში ვაჟის ყოლის შანსი 45%-მდე მცირდება.

რადგან სამხრეთ კავკასიაში ქალები ადრეულ ასაკში ქორწინდებიან, ტოქსოპლაზმოზი შეიძლება იწვევდეს დაბადებისას ვაჟების უმრავლესობას ზრდას. მშობიარე ქალების საშუალო ასაკი გერმანიაში არის 31 წელი, ხოლო საქართველოში, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 22–24 წელი. თუ დაინფიცირების ალბათობა არის ერთნაირი ცხოვრების ყველა ეტაპზე, მაშინ შემთხვევითად შერჩეული 31 და 22 წლის ქალბატონებიდან, მოსალოდნელია, რომ 31 წლის ადამიანი უფრო დიდი ხნის დაავადებული იქნება, ვიდრე 22 წლის. ასე რომ, ტოქსოპლაზომოზით ინფიცირების ხანგრძლივობა ორსული ქალისათვის საშუალოდ უფრო ნაკლები იქნება საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად, აქ ვაჟის გაჩენის ალბათობა იქნება უფრო მაღალი.

მეტიც, ინფექციის ერთ–ერთი მიზეზია უმ ხორცთან და ბოსტნეულთან შეხება. შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში ქალები უფრო მეტ დროს ატარებდნენ სამზარეულოში გათხოვების შემდეგ. მაშასადამე, ამ ქვეყნებში ქალები შეიძლება დაინფიცირდნენ ორსულობის საწყის პერიოდში და დაბადონ მეტი ვაჟი. ბოლოს, ტოქსოპლაზმოზი შეიძლება გავრცელდეს დაინფიცირებულ მამაკაცთან დაუცველი სექსის დროს. რადგანაც სავარაუდოა, რომ კავკასიელი კაცების დიდი რაოდენობა ტოქსოთი ინფიცირებულია, არსებობს დიდი შანსი, რომ ინფექცია გადასცენ ქალს დაორსულებამდე მცირე ხნით ადრე და გაზარდონ ვაჟის შობის ალბათობა.

ამ ეტაპზე, რაც ზემოთ განვიხილეთ, მხოლოდ სპეკულაციაა. თუმცა ახალშობილთა გენდერული დისბალანსის შესახებ მეცნიერული დისკუსიისას, ამ საკითხის გამოკვლევა ურიგო არ იქნებოდა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG