Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლა შენთან მოვდივარ ბაბუ


ავტორი: ლევან მორჩიაშვილი

აწ უკვე განვლილი 2014 წლის ბოლო დღეებში გადავწყვიტე რომ საკუთარი თავისთვის საჩუქარი გამეკეთებინა. თან ჩემზე უკეთ ვინ მიცნობს, ან ვის ვუყვარვარ? რა თქმა უნდა ისევ და ისევ მე. ამიტომ ზუსტად ორი დღე ვიარე, ვირბინე, ვიძუნძულე, ვიფორთხიალე და ვიძრომიალესასურველი და თან, ამავდროულად მოსაწონი საჩუქრის პოვნის იმედით. დაახლობით ვიცოდი რაც მინდოდა, ისიც ვიცოდი სად შეიძლებოდა მეშოვნა, მაგრამ როგორც ყოველთვის, როცა ფული მაქვს გემოვნებიანს ვერაფერს ვნახულობ, და როცა გემოვნებიანს ვპოულობ მაშინ ფული არ მაქვს. ახლა კი სწორედ ის შემთხვევა იყო როცა ფული ბევრს არაფერს კი არა, თითქმის საერთოდ არაფერს ცვლიდა და ვერც მშველოდა. მოკლედ მთელი თბილიში შემოვიარე. ისე გადავიღალე, ბოლოს ვნატრობდი ნეტავ მართლა მჯეროდეს ნამდვილი თოვლის ბაბუის ან სანტა კლაუსის და მათი გემოვნებისა და კეთილი ნება-სურვილის იმედად ვიყო-მეთქი. ჩემი ამ საშინელი წვალების მეორე დღე სასწაული კრახით დასრულდა. ზოგადად როცა რაღაც მომეწონება, და თან ეს - ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და რაიმე აქსესუარს შეეხება, ზუსტად მაშინ ტვინში რაღაც ღილაკს თავისით, უნებურად ეჭირება თითი და აბსოლუტურად ბოლომდე, სრულად, მთელი სიმძაფრითა და ექსტრიმით გადაფოკუსირდება-ხოლმე ჩემი გონება. სანამ ჩემს გარდერობში ჩამოკიდებულს ან შეკუჭულს არ ვნახავ იქამდე ვერ ვისვენებ და ვიტანჯები. იმ დღესაც ასე იყო, ბოლოსდაბოლოს ვიპოვე ქურთუკი, რომელიც ისე მომეწონა რომ სულ დამავიწყდა რის საყიდლად ვიყავი შესული, მომეწონა ისე, ისე,რომ თვალებში დამიბნელდა. ალბათ ბევრს ჩაეცინება, მაგრამ ჩემი მეგობრები ძალიან კარგად მიხვდებიან მაგ დროს, მაგ მომენტში რა მემართება და როგორი სახე მაქვსხოლმე.წარბები ერთმანეთს უერთდება, თვალები მეჭუტება, მიმიკები მეყინება და ავტომატურად ვზომბდები. გავზომბდი. მივდივარ. ახლოდან ვხედავ. მომწონს. ძალიან მომწონს. ისე მომწონს რომ მუხლები მეკეცება. ხელით ვეხები და ვგრძნობ რომ მიყვარს. უკვე მიყვარს. ვუყურებ ფასს. ძვირია. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის სრულიად მისაღები. ავიღე ტრადიციულად ყველაზე პატარა ზომა. მივდივარ გასახდელისკენ. მივდივარ გასახდელისკენ და ეს გზა ისე იწელება რომ ოფლი მასხამს. ვფიქრობ. ძალიან ბევრს და სწრაფად ვფიქრობ, ისე რომ აზრები ერთმანეთში მეხლართება "ფული მყოფნის....", "მრჩებაკიდეც....", "აუ რა ლამაზია...", "ფეხსაცმელიც მომივა....." , "ნეტავ ჩემს ძმას მოეწონება?" (ჩემი და ჩემი ძმის გემოვნება, ისევე როგორც ჩვენ ისე განვსხვავდებით ერთმანეთისგან როგორც ალვის ხე და მუხა მაგრამ რამეს რომ მოიწონებს მშვიდად ვარხოლმე და უფრო დავდაჯერებულად მომწონს) ამ დროს გასახდელთან ვარ უკვე. ვიცვამ... სარკეში ვიხედები.. და მივხვდი რომ ეს იყო მიწის გახსნა და შიგ ჩავარდნა. ეს იყო ჯოჯოხეთური წამები... ეს იყო ფსიქოლოგიური ტრავმა... ეს იყო ტავზარდაცემა, სასოწარკვეთა, ბრაზი, სახტად დარჩენა და ყველაფერი ცუდი გრძნობა ერთდროულად. ქურთუკი ძალიან დიდი მქონდა!!! კონსულტანტმა სახეზე შემატყო რომ იქ რაღაც საშინელება მოხდებოდა და ნელ-ნელა მომიახლოვდა. მაღალი ბიჭია და ეღიმება. მიყურებს როგორ გაშეშებული ვდგავარ მანეკენივით. არ ვინძრევი, მემგონი არც ვსუნთქავდი და ძალიან მორიდებით და თან მხიარულად მეუბნება "ამაზე პატარა ზომები არ გვაქვს" სიტყვები გავიგე მაგრამ მაინც ისევ ისე ვდგავარ. მიმეორებს "ყველაზე პატარაა ეს"..... ხმას ვერ ვიღებ. ეს ზემოდან დამყურებს და ამატებს: "ეს იქს-ესია.. ესზე პატარა". გვერდზე გავხედე. უფრო სწორად ავხედე. კონსულტანტმა ორი ნაბიჭით უკან დაიწია. სახეზე შევატყე რა სახეც მქონდა. ზუსტად მივხვდი მისი გამომეტყველებით მე რა სახეც მქონდა, სარკეში ხომ იმ დიდი ქურთუკის მეტს ვერაფერს ვხედავდი... სწრაფად გავიხადე, მივუგდე მომაშორემეთქი ხმამაღლა მომივიდა. მიხვდა რომ შეურაცხადი ვიყავიი იმ მომენტში და არაფერი მითხრა. მხარზე ხელი დამადო და წავიდა. წავიდა და მეც ძალიან სწრაფად წამოვედი იქედან, სასწრაფოდ გამოვეცალე იმ ტერიტორიას. გაჩერებასთან როგორ მივედი და როგორ ჩავჯექი ჩემს "ყვითელ ჰამერში" კარგად არ მახსოვს. ავედი და უკან დავჯექი. სულ ბოლოს.... ტრადიციულად სულ ბოლოში.... ეს იმიტომ რომ ვერ ვიტან როცა ვიღაც მდედრობითი სქესის და უარეს შემთხვევაში მოხუცი მდედრობითი სქესის ამოდის გვერდძე დაგიდგება და ადგილი უნდა დაუთმო. ფეხზე დგომა კი თითქმის ისეთივე ტკივილი იქნებოდა როგორიც ეს იმედგაცრუება. ვზივარ უკან და იმის თავი არ მაქვს რომ გადახლართულ-გადაკვანძულ-გადაკვარახჭინებული ყურსასმენები გავხსნა და მუსიკას მოვუსმინო. ვზივარ ასე ქვასავით გაუნძრევლად და ჩემი "ყვითელი ჰამერი" ჩერდება და ამოდის შუა ხნის კაცი. კაცი მაღალია. მსუქანი. ტყავის გრძელი ქურთუკი აცვია. საყელოებზე დაბალი ბეწვი. შავი ნაქსოვი ქუდი სასაცილოდ ახურავს. სქელი წარბები. ხშირი წვერი. დასვრილი შარვალი აცვია. დიდი ბათინკები. მკაცრი გარეგნობა და უფრო მკაცრი თვალები აქვს. გვერდზე დამიჯდა. ხელებზე ვაკვირდები. მაზოლები, მაზოლებიი. დახეთქილი კანი და ფრჩხილებში მოშავო ფერი დაჰრავს. ხელში პატარა შავი პარკი უჭირავს და აშრიალებს. გავიდა რამდენიმე წუთი და ამ პარკს კიდევ აშრიალებს. ნელნელა გავხედე ისე რომ არ შემტყობოდა რომ ვუყურებდი. პარკის გახსნას ცდილობდა. ცნობისმოყვარეობამ ჩემს უბედურებას სძლია და თვალი არ მომიშორებია. ბოლოს მაინც გახსნა და ამოიღო რაღაც. ამ დროს ჩვენი სამარშუტო ტაქსი თითქოს შეხტა და ძირს, პირდაპირ ჩემს ფეხებთან დაცვივდა ორი ძალიან პატარა ხელთათმანი. ლურჯი. ღია ლურჯი. ბრჭყვიალა თვლებით ყვავილის ფორმა ჰქონდა გამოსახული. კაცმა უცბად აიღო. გაწმინდა.... ისევ ვუყურებ. ხელში უჭირავს ხელთათმანები და თითქოს ეფერება. ეფერება. მის ნამუშევარ და ბინურ ხელებში კი ეს ხელთათმანები ისე მკვეთრად ჩანდა რომ თვალს ვერ ვწყვეტდი. ავხედე, მინდოდა შემეხედა, ავხედე და ვხედავ რომ ამ ხელთათმანებს უყურებს, უყურებს და გაღიმებულია, პირზე ღიმილს ვერ იკავებს და თვალები ისე უციმციმებს რომ ღიმილი მეც გადმომდო. შემრცხვა რომ ვაკვირდებოდი და გვერდზე გამოვიხედე. გამოვიხედე მაგრამ ეს კადრები გონებიდან არ ამომდიოდა. თან მეც ვიღიმი. ვფიქრობ და ვხვდები რომ ავადმყოფი ვარ! მივხვდი რომ ასეთისაჩუქარი ბევრად უფრო ძვირფასი და სასიხარულო იყო ვიდრე ნებისმიერი რამ.ნებისმიერი......ისმის ტელეფონის საშინელი ზარი. რეკავს, რეკავს, რეკავს... კაცი აფორიაქდა, საკმაოდ ბევრი წვალების შემდეგ კი იღებს ჯიბიდან მობილურს და პასუხობს : "მოვდივარ ბაბუ მ....... კი, კი ბაბუ მართლა შენთან მოვდივარ."

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG