Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მავთულხლართებიდან ორ ნაბიჯში


ავტორი: ლიკა ჯანყარაშვილი

(ჟურნალისტის ჩანაწერები)

ვიღაცისთვის ორი კილომეტრი სარბენად გათვლილი დიდი მანძილია, ვიღაცისთვის კი საზღვრამდე ორი ნაბიჯი. ვწერ მავთულხლართებიდან ორიოდე ნაბიჯში. ადგილიდან, სადაც არც ისე თბილი სახლები და ზედმეტად ბევრი სიჩუმე დგას.

***
სოფლამდე მისასვლელი გზა იმაზე ცარიელი და გრძელი აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი. ჩასვლისთანავე სახეში ცივი ქარი შემომეხალა, მერე უცხო სახეებიც ჯარივით დამიდგნენ თვალწინ. დიდხანს ვიდექით ერთმანეთის პირისპირ და ვიღიმოდით. მათთვის ერთადერთი უცხო ადამიანი მე ვიყავი და ისიც - დროებითი.

***
ყველაზე საშინელი სიტყვა რომელია? - მეკითხება ნინელი. არ ვიცი-მეთქი, ვუპასუხე. დავიბენი.
- ომი. - მომიბრუნდა პაუზის მერე და სათვალე გაისწორა.
- ომი ყველაფერია, რაც კი ცუდი არსებობს- სიკვდილი, ნგრევა, შიმშილი, ტირილი, ყვირილი, შიში, მარტოობა.ამაზე საშინელი გეგულება რამე? - თავი გავიქნიე და სიჩუმის ჩამოწოლას შევეგუე.

აქ კედლებს ჯერ ისევ ვერ მოუნელებიათ ბზარები, ადამიანებს - ერთმანეთის წასვლები. ითვლიან ჩამონგრეული სახლების რაოდენობას და 2008-ის მოგონებებში დაძრწიან. ვატყობ. როგორ არ უყვართ იმ წელიწადზე საუბარი და კითხვების დასმაც პატარა ბავშვივით მერიდება. სანამ მე კედლებზე ბზარებს ვითვლი და ვფიქრობ, ნინელი ომის შესახებ მიყვება.

-თბილი ადიალები მიგვქონდა და ბაღის ბოლოს ვიმალებოდით შვილები, დედები, დები, მეზობლები, მეგობრები. მამები არ გვყავდა. შევიფარებდი ჩემს შვილებს გადასაფარებლის ქვეშ და ასე თენდებოდა. ალბათ, სწორედ ისინი იყო თეთრი ღამეები, რომლებსაც სიბნელის სიმწარე დაჰყვება. გვერდით სოფელში ტანკი რომ გაივლიდა, აქაურობა ისე ზანზარებდა, თითქოს ყურისძირში მოდის და ეგააო. ყველას გვეშინოდა, მაგრამ გაქცევა?! გაქცევა ცუდი რამეა, თან ყველა თუ გარბის, მით უმეტეს. - ღუმელში ბოლო ნაჭერი შეშა შევდე და პიტნის ჩაი მოვსვი. როცა არ ვიცი, რა ვუპასუხო ადამიანებს, ასე ვიქცევი - ვზივარ ჩუმად და ვმოქმედებ მარტივად. ნინელის სულ ჰგონია, რომ მეშინია და ჩამოსვლის დღიდან მიმეორებს, აღარ ჩამოვლენ ოსებიო.

-რომც ჩამოვიდნენ, არ მეშინია, დავრჩები. - მიღიმის და თითებს წრიულად ათამაშებს ღუმელის კუთხეზე. ძალიან არ მიყვარს, ნინელის ხელების ყურება, მთელი ცხოვრება მათზე ეტყობა - ყველა ტკივილი, ყველა.

-მერე რას იზამ?

-დავწერ. - ვპასუხობ და ვხვდები, რომ ამაზე უაზრო პასუხი არასდროს არავისთვის გამიცია.

- ამაზე საშინელს რას დაწერ? კედელს რომ ბზარები ემატება და ამ დროს ყველა ყრუვდება, ვისაც დახმარება შეუძლია. - ამ დროს მეც ძალიან მინდა ყრუ ვიყო და არ მესმოდეს მისი ამბავი, ბრმა ვიყო და ვერ ვხედავდე, როგორ უდგება თვალებში ცრემლები, როგორ კანკალებს მთელი ტანით და როგორ დარდობს. მე ომზე მეტად ადამიანების ასეთი ტკივილის მეშინია.

***
ერთ დღესაც წამოვედი. ის ორი კილომეტრი ჩემთვისაც იმ ორი ნაბიჯის მანძილი გახდა, საკუთარ სამშობლოში რომ რუსი ჯარისკაცები მიდგანან და გაყინული სახეებით უყურებენ მორიგ ნადავლს. ჯანდაბას ვიღაცების ,,ურაპატრიოტიზმი", როცა ადამიანები მავთულხლართების მეორე მხარეს მშობლების, შვილების, დების, ძმების, სხვა ადამიანების საფლავებს უყურებენ და არაფერი დარჩენიათ იმის გარდა, რომ თქვან ,,იქ ჩვენ ვცხოვრობდით." არავის უნდა აღვიძებდეს დილით გასროლის ხმები და არავის უნდა ეშინოდეს, რომ სადღაც ახლოს ისევ აღარ სუნთქავს ვიღაც.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG