Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ არის სტაბილური პარტიული სისტემა საქართველოში


ავტორი: მაია ბლიაძე

პარტიული სისტემაზე საუბრისას გულისხმობენ ქვეყანაში მოქმედი ძირითადი პარტიების ურთიერთმიმართებას. იმას, თუ რამდენი პარტიაა წარმოდგენილი, რამდენად ძლიერია თითოეული და როგორია მათ შორის ურთიერთობა, რაც მთლიანობაში განსაზღვრავს სისტემის მდგრადობას და ხასიათს. საქართველოში მრავალპარტიულიარჩევნები 1990 წელს ჩატარდა და სისტემა, ამ დროიდან მრავალპარტიულია, თუმცა ხასიათდება დომინანტური პარტიით, ახლა უკვე კოალიციით. სისტემა ვერ ფუნქციონირებს გამართულად, არასტაბილური და ჩამოყალიბების პროცესში მყოფია. მის ამგვარ ხასიათზე რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ.

საქართველოში რეგისტრირებულ პარტიათა რაოდენობა 200-ზე მეტია, მათგან მოქმედი ათეულს არ აღემატება. მრავალპარტიულ სისტემებში საზოგადოებრივი მხარდაჭერა რამდენიმე პარტიაზე ისე ნაწილდება, რომ გამარჯვებული პარტია ხშირად მთავრობის ფორმირებისას იძულებულია, სხვა პარტიებთან შექმნას კოალიცია. საქართველოში საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრილი პარტიები, ჩვეულებრივ, დიდი უმრავლესობით იმარჯვებდენ არჩევნებში,რის შედეგადაც პარტიებს შორის თანამშრომლობა არ გამოდიოდა. წინასაარჩევნოდ შექმნილმა კოალიციამ უპირატესობით გაიმარჯვა და გამორიცხა საკანონმდებლო ორგანოში სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანების მოხვედრა და ძალთა მეტ-ნაკლები ბალანსი. შესაბამისად, მივიღეთ ორი პოლიტიკური ძალა საკანონმდებლო ორგანოში. გამოდის, რომსისტემაში კვლავ ერთი დომინანტი ძალა არსებობს, თუმცა კოალიციის სახით, რომელიც ცვლის წინას იგივე პრინციპით, მოსახლეობის იმგვარი მხარდაჭერით, რაც ამცირებს სხვა პარტიების როლს სისტემის ფუნქციონირებაში.

მრავალპარტიული სისტემა ძირითადად დამახასიათებელია საპარლამენტო სისტემის ქვეყნებისთვის. მიუხედავად პრეზიდენტის უფლებების შემცირებისა საქართველო ამ სისტემისგან შორსაა. წინა სამი მმართველი პარტია პრეზიდენტის პარტიად მიიჩნეოდა და ლიდერის ქარიზმაზე იყო დამოკიდებული. ახლა, ლიდერის ფუნქციები გადასულია პრემიერის ხელში, ბოლო არჩევნებზე კი, ისევ კონკრეტული ლიდერის ავტორიტეტმა გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინა კოალიციისგამარჯვებაზე.

პარტიული სისტემის შეფასება შესაძლებელია სისტემაში ძალაუფლების ცვლილებით, რომელიც არ ხდებოდა კონსტიტუციურ ჩარჩოში.პროცესები მიმდინარეობდა პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებების და საზოგადოების მასობრივი მობილიზების ფონზე, ასეთ დროს კი მთელი ძალაუფლებაგამარჯვებულთა ხელში გადადის. ამ მხრივ, აღსანიშნავია ბოლო არჩევნები,სადაც მმართველმა კოალიციამ არჩევნების გზით, კონსტიტუციურ ჩარჩოში მოახდინა სახელისუფლო ცვლილება, არჩევნები კი შეფასდა ყველაზე დემოკრატიულად.

საქართველოში არაერთხელ მომხდარა გავლენიანი პარტიის გაქრობა და ახალი ძლიერი პარტიების წარმოქმნა. მმართველი პარტიები ხელისუფლების ჩანაცვლებასთან ერთად პოლიტიკური სცენიდან ქრებოდნენ, ასე დაემართა „მრგვალი მაგიდა-თავისუფალ საქართველოს“ და „საქართველოს მოქალაქეთა კავშირსაც“. ეს ნიშნავს, რომ ქართული პოლიტიკური პარტიული სისტემა სუსტად არის ინსტიტუციონალიზებული, პარტიები არათუ ხშირად იცვლებიან, არამედ ქრებიან. ის, რომ ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, ეს ამ კუთხით, დადებით მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ.

საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი ცვლილება კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც პარტიული სისტემის არასტაბილურობას უწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია, განისაზღვროს რამდენად ახლოა ან გაუცხოებული პარტია მოსახლეობისგან, და პირიქით, რამდენად წარმატებით ახორციელებს იგი საზოგადოებრივი ინტერესების წარმოჩენისა და გატარების ფუნქციას. ამ მხრივ, ქართულ პარტიულ სისტემას დადებითად ვერ შევაფასებთ. გარკვეულწილად, ამას ადასტურებს სწორედ ის ფაქტიც, რომ წარსულში საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციები ან მთლიანად გაქრა ასპარეზიდან, ან მოხდა მათი სრული მარგინალიზაცია, რაც, ალბათ, არ მოხდებოდა, საზოგადოებრივი მხარდაჭერის შემთხვევაში. საზოგადებრივი განწყობები, ხშირად რადიკალურია და იცვლება სიყვარულიდან/ნდობიდან სიძულვილამდე/უნდობლობამდე. გამოკითხვებიც ადასტურებს, რომ პოლიტიკური პარტიების საზოგადოებასთან კავშირი საკმაოდ სუსტია.

კიდევ ერთი ფაქტორია საარჩევნო სისტემის და პარტიათა ლეგიტიმაცია. ის აჩვენებს მოსახლეობის ნდობას პარტიებისა და არჩევნების შედეგებისადმი. ამომრჩეველი დღემდე კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს უცხადებს ნდობას და მათი ავტორიტეტის თუსხვა თვისებებისადმი დამოკიდებულების მიხედვით აკეთებს არჩევანს.

ბოლო არჩევნებამდე, საკმაოდ დაბალი იყო მოსახლეობის მხრიდან არჩევნების სამართლიანობისადმი ნდობის მაჩვენებელიც. უკიდურესად დაბალი მაჩვენებელი 2003 წლის ნოემბერში დაფიქსირდა, თუმცა მოგვიანებით შედარებით გაიზარდა. არჩევნებს, უნდობლობას, ხშირად თავად პოლიტიკური პარტიებიც უცხადებდნენ და ხელისუფლებას მრავალ დარღვევებზე მიუთითებდნენ, უარს ამბობდნენ მიღებულ საპარლამენტო მანდატებზეც. არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობას, ან პირიქით, არჩევნების არასამართლიანად ჩატარების შიში განაპირობებდა, პრინციპით „მაინც მოქმედი ხელისუფლება გაიმარჯვებს“, ადამიანები არ მიდიოდნენ, ან ნაწილი სწორედ გაყალბების თავიდან აცილების სურვილით დადიოდა არჩევნებზე.

პარტიული სისტემის ფრაგმენტაციის დონე მიუთითებს პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართული პარტიების რაოდენობაზე. იგულისხმება გავლენიანი და ძლიერი პარტიები. სისტემა ფრაგმენტაციის მაღალი დონით გამოირჩევა, როცა ხელისუფლებისთვის იბრძვის რამდენიმე პარტია. საქართველოში ოპოზიცია რამდენიმე პარტიით არის წარმოდგენილი. რთულია განსაზღვრო, თუ რომელი პოლიტიკური ძალა იქცევა მმართველ ან ძირითად ოპოზიციურ პარტიად. ხშირად, ძლიერი ოპოზიციის არარსებობა ამომრჩევლის ხმების გაფანტვას იწვევს. პარტიათა მაღალი რიცხვით სისტემის ფრაგმენტაციის შეფასება არასწორია, რადგან უმეტესობა არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში.

მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული იდეოლოგიური განსხვავებულობის და პრინციპების შეუსაბამობის დონე. თუ ისინი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაშინ სისტემას აქვს მაღალი პოლარიზაციის დონე, ამ დროს რთულდება პარტიათაშორისი თანამშრომლობა. ასეთი სისტემები კი არასტაბილურია და რისკიანია.

ფორმალურად, პარტიებს შორის იდეოლოგიური განსხვავებები არსებობს,თუმცა, სინამდვილეში, პარტიების ხედვებსა და ღირებულებებში ძალიან ბევრი საერთო ელემენტია, გამოკვეთილად იდეოლოგიზირებული სახე კი ბევრ მათგანს არც გააჩნია, მსგავსება კი ალბათ საერთო სოციალური და პოლიტიკური გარემოდან და საჭიროებებიდან გამომდინარეა. სამაგიეროდ, სისტემა, კონფრონტაციის თვალსაზრისით, მაღალი პოლარიზაციით გამოირჩევა. ამას კი ოპოზიციურ და სახელისუფლებო პარტიებს შორის მწვავე დაპირისპირება და ნდობის დაბალი დონე განაპირობებს.

შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობიდან დღემდე პოლიტიკური პარტიების და პარტიული სისტემის ჩამოყალიბების პროცესს არასტაბილურობა ახასიათებს, რაც ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარეობს, რაც ალბათ ბუნებრივია, პოსტ-საბჭოთა, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქვეყნისთვის. მყარი და ჯანსაღი პარტიული სისტემის შექმნა იქნება მთავარი დადებითი მოვლენა ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG