Accessibility links

logo-print

რისთვის ვ-IDA-რაჯეთ?!


ავტორი: მაია ჭანტურიძე

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ „მანდარინები“ ვნახე კინოში. მომეწონა. ჩემს შეფასებას ამერიკის კინოაკადემია სათანადოდ გამოეხმაურა (სხვას არც ველოდი) და ნომინაციაც დავიმსახურეთ. მაგრამ ეს ფაქტი, შემდგომ განვითარებული მოვლენების ფონზე, დიდი ვერაფერი ბედენა აღმოჩნდა.

ჯერ იყო და, ფილმის ესტონეთის სახელით წარდგენამ გამოიწვია უკმაყოფილება. აქაო და ქართველია რეჟისორი და ფული ვინ ჩადო, ეგ ამბავი რა სახსენებელიაო. მერე ლეონარდოს ფანები გაგიჟდნენ, იმის დაშვებაზეც კი, რომ მიშა მესხი შეიძლებოდა ოსკარით ხელში ენახათ.

მერე კი ისეთი პრობლემა წამოიჭრა, მის გადაჭრას 400 დოლარიანი პრემია კი არა, კულტურის სამინისტროს მიერ ყავაში გადახდილი ფულიც ვერ გაწვდებოდა. მსახიობებმა დრესკოდი ბრენდკოდად გადმოთარგმნეს და ქამარში იმდენი გადაიხადეს, ბრედ-პიტსაც შეშურდებოდა (რომ ყოფილიყო). მხოლოდ ტანსაცმელი არ იკმარეს და მიშა მესხმა წითელ ხალიჩაზე საკაშკაშოდ ისეთი „პრიჩოსკა“ დაიყენა, მამა ანთიმოზმა ამერიკაში გაყოლა გადაიფიქრა, „ამნაირებთან“ ასოცირება რომ მდომოდა ტაბურეტს სახლში დავტოვებდიო.

ჰოლივუდის ვარსკვლავები, როგორც წესი მათ ჩაცმულობას წითელ ხალიჩაზე გასვლამდე წუთებით ადრე ასაჯაროებენ, სოციალურ ქსელებში. მე კი, არც მეტი, არც ნაკლები 1 თვით ადრე ვიცოდი მიშა მესხის რეზინის ,,კალოშებისა“ და ქველმოქმედებით სიმწრით ნაყიდი ნაკაშიძის კოსტიუმის შესახებ. ია სუხიტაშვილის კაბაზე აღარაფერს ვიტყვი - მკვდრებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს (ჩემოდნიდან არც ამოღებულა საწყალი).

მორთვა-მოკაზმვის შემდეგ ჯერი გაფრენაზე მიდგა. ვაი, რომ სწორედ აქ ჩამოჰყრა უბედურების ზარმა. ჩვენ ჯინაზე სტამბოლში ისეთი მოთოვა, 2 დღე აეროპორტში ყურყუტისგან და ოსკარზე ვერდასწრების ნერვიულობისგან დაღლილმა მსახიობებმა ერთმანეთის მიყოლებით დაკარგეს ლოს ანჯელესის ნახვის იმედი, ოქროს კაცუნას ხელში დაჭერის რწმენა და მიშა მესხის პასპორტი.

მერე ია სუხიტაშვილმა დაპოსტა ფეისბუკზე, ეკამ გადარეკა და თოვაც შეწყდა, რამდენიმე საათში კი კალიფორნიის ვარსკვლავებით გაჟღენთილ მიწაზეც დადგეს ფეხი, ოღონდ გიორგი ნაკაშძის ბარგისა და საწითელხალიჩე ფეხსაცმელების გარეშე.

როგორც იქნა, კართან ლიმუზინი გაჩერდა. ზაზა ურუშაძემ იფიქრა, მიშა მესხმა პასპორტს ვერ მოუარა და ამხელა მანქანაში თავისით როგორ ჩაჯდებაო და ისეთი პანღური ამოსცხო, კინაღამ მძღოლის გარეშე მიიყვანა წითელ ხალიჩამდე. ჰო, ია სუხიტაშვილს დარჩა კაბა ოხრად.

დილის 4 საათს გმირულად დაველოდე, თვალი არ მომიხუჭავს. ოსკარზე მეტად ის მაინტერესებდა, მიშა მესხის რეზინის ,,კალოშები“ ხუმრობა თუ იყო (იმედი მქონდა) და ნაკაშიძე ,,ნასკების“ ამარა წარსდგებოდა თუ არა სტენდთან. მიშას „პრიჩოსკამ“ წითელი ხალიჩის ვერცერთ კამერას ვერ მოჭრა თვალი. ისევ ფოტოების იმედადღა დავრჩი.ბარემ ტელევიზორთან ვიყავი და ცერემონიის ყურება გადავწყვიტე. ისე, კაცმა რომ თქვას, რა მეოსკარებოდა, რამდენიმე საათში თსუ-ის ბაზებს უნდა გავმკლავებოდი. იმის იმედი მქონდა, რომ ოსკარების მერე ყველას ჩაეძინებოდა და მშვიდად ავირჩევდი საგნებს.

საუკეთესო უცხოური ფილმის კონვერტის გახსნისას ერთი კი დავიძახე, ვაი გული-მეთქი და ზაზა ურუშაძის ხელში მოელვარე ქანდაკების ხილვის უკანასკნელი იმედიც თან ამოვაყოლე.

თსუ-ის ბაზის გახსნამდე რამდენიმე წუთით ადრე დავაყენე მაღვიძარა, ფეისბუკზე შევიხედე და რას ვხედავ, 9 ზღვისა და 9 მთის ვაი-ვაგლახით გავლის შემდეგ დაღლილ მიშა მესხს ჩამოძინებია. რომ გამოუღვიძია ნაკაშიძისთვის უკითხავს, ოსკარი ხო არავინ აგვახია, შე ჩემაო და პასუხის მოსმენაც ვეღარ მოუსწრია ისე გაუგრძელებია სიზმარი - ლოს ანჯელესში ყოფილა თურმე, ოსკარების დაჯილდოებაზე.

87-ე ცერემონიაზე დასწრება მიშა მესხისთვისაც ისეთივე უმნიშვნელო აღმოჩნდა, როგორც ჩემი იმედი საგნების დამოუკიდებლად, სახლიდან არჩევის შესახებ.

ასე აგიხდეთ ყველაფერი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG