Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჟა, ოზუ და საკვანძო ფრაზები


ავტორი: მაია მაასი

სათქმელის სიცხადეს, იდეის მთლიანობას საკვანძო ფრაზები ქმნის და აზრის ლოგიკურად აღქმას აადვილებს.

...ეზოში ბავშვების ხმა ისმის, იცინიან. ერთმანეთს უფროსებისთვის ჩვეულ ფრაზებს თამაშ-თამაშით ეუბნებიან : „ჩმორი“, „გადაუარა“, „ჩაუშვა...“ დიდებსბაძავენ, მათი სიტყვებიმექანიკურად გადმოაქვთ. საზოგადოება პარტნიორობის იდეის გარეშე ცხოვრებას მიეჩვია.ამ კუთხით ჩვენს ლიტერატურასაც თუ გადავხედავთ, თითქოს ბევრი არაფერი შეცვლილა.

ვაჟა „სტუმარ-მასპინძელში“, მუცალის სოფლის აღწერისას, ამბობს: „იცქირებიან ცნობისმოყვარე ბალღები.“ იმის რეკონსტრუქცია, თუ რას უყურებენ ბავშვები, „ალუდა ქეთელაურის“ საშუალებითაც შეგვიძლია. ნაწარმოების მიხედვით, „ვაჟკაცური რჯული“ საიდენტიფიკაციო, საკვანძო ფრაზათა ერთობლიობაა. ის თემის ცხოვრების წესის შიდა კანონია. (,,...იცნობთ ვაჟკაცსა მის ვაჟკაცურის რჯულითა“) მისი კრიტერიუმები ალუდასთვის მიუღებელი გახდა, ამიტომ მტრის მარჯვენას არც მორალური დანიშნულება აქვს და არც პრაქტიკული: „რაად მინდარის, ვერ მიხმლობს, არ გამოდგება ფარადა, მთაში წავიღო არ მითიბს, არც მარგებს თივის კავადა.“ მან ადამიანის უნივერსალურობა დაიჯერა. ჰუმანიზმის გარეშე „ვაჟკაცური რჯული“ რწმენისა და ღირებულებების სიმულაციაა. ამ ნაწარმოებზე ბევრი დაწერილა, მას მხოლოდ ბავშვების თემის გამო მივუბრუნდი. ალუდას მაგალითი სისტემას ვერ ცვლის, ამიტომ ბავშვებისთვის გადამდები ვერ იქნება. ასეთ სივრცეში ერთეულების არჩევანი რეპროდუქციული არაა, ის მხოლოდ პრეცედენტია. ბავშვები ალუდასთან დაპირისპირებულ საიდენტიფიკაციო სივრცეში აგრძელებენ ცხოვრებას. ნაწარმოებში თემის ცხოვრების აღწერა ასე მთავრდება: „ქისტის მარჯვენას ბალღები დაბლა ათრევენ კავითა“. ალბათ, ესაა შურისძიების, აგრესიის უპერსპექტივობის მაჩვენებელი მხატვრული სახე. ამ საიდენტიფიკაციო სისტემის გამოძახილი დღესაც აშკარაა და ჩვენს ყოფაზე ვერ ვიტყვით, რომ „ხანჯლების მითოლოგია დამთავრდა“. (ბორხესი) ჩვენს კულტურას, ლიტერატურას უყვარს მძიმე სიმბოლოები, რითაც მკითხველს ხშირად უკარგავს ამბებისაგან ემოციური დისტანცირებისა და მათი ლოგიკური აღქმის უნარს. თუმცა ეს სხვა პრობლემა უფროა.

17 მაისს უფროსების სიტყვებს ახალგაზრდებიც იმეორებდნენ: „ტრადიცია,“ „ჩვენ და ისინი,“ „ჩვენი ეროვნული ღირებულებები“, „ღირსება“. ეს სიტყვები თითქოს ჩვენი მენტალობის ნიშანთა სისტემაა, გააზრების გარეშე მიღებული ფრაზები.მათ მიმართ მგრძნობელობა ეფექტური სამანიპულაციო საშუალებაა, ისტორიის განმეორებისა და მენტალური სტაგნაციის პირობა. (არ მინდა საკვანძოდ იქცეს ფრაზა ფეისბუკიდან: „90-იანები დაბრუნდა!...“) იდენტიფიკაციის სისტემა რომ არსებითად არ შეცვლილა, ამის საილუსტრაციოდ ეს დღე და მისი საკვანძო ფრაზებიც საკმარისია.

...ბოლო დროს ოზუს ფილმებს ვუყურებდი. ის, ძირითადად, ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებას აჩვენებს. პერიოდულად კადრში ბავშვებიც ჩნდებიან. ოზუს თხრობა არაა კატეგორიული, ზუსტი დეფინიციების მომწოდებელი. რეჟისორი თავისი სტილით არ ძალადობს წარმოსახვაზე, მისი კამერა თითქმის არასოდეს უყურებს გადასაღებ მოედანს ზემოდან (თუ გზის კადრებს არ იღებს). ამ გარემოში, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, არ ეშინიათ ცვლილების. ასეთ სივრცეში ბავშვებისთვის ინტერპრეტაციის საშუალება, ხოლო საზოგადოებისთვის მოდერნიზაციის შესაძლებლობა ჩნდება.

...პერიოდულად „ევროპასთან ასოცირებაზე“ საუბრობენ. კატეგორიული ტონით, გაუმართავი სასწავლო პროცესით, ნორმალური სახელმძღვანელოებისა და ადგილობრივი ინიციატივების გარეშე სისტემური ცვლილება ვერ ხორციელდება. მხოლოდ ხელშეკრულება ვერ იქცევა მოდერნიზაციის საფუძვლად, თუ მყარად ჩამოყალიბებული საკვანძო ფრაზების გარემოცვაში რჩება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG