Accessibility links

logo-print

უცხოს თვალით დანახული ქართული ნაციონალიზმი


ავტორი: მაკა ხუციშვილი

25 თებერვალს 94 წელი სრულდება, რაც ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა დაიპყრო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში არის უამრავი მასალა, რომელიც ეხება საბჭოთა პერიოდში საქართველოში მცხოვრები გერმანელი რეპრესირებული პირების საქმეებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის პედაგოგი რეინჰოლდ ჩაკერტი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ჯაშუშობის ბრალდებით დახვრიტა საბჭოთა ხელისუფლებამ 1936 წლის 14 თებერვალს. საინტერესოა მისი მოგონებები ქართველ ინტელიგენციაზე და მათ ნააზრევზე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის შესახებ.

„რუსეთთან და რუსებთან დაკავშირებულ ანტაგონიზმს საქართველოში გააჩნია ღრმა, ისტორიული ფესვები. ქართველები რუსებში ხედავდნენ დამპყობლებს, მათი თვითმყოფადობის და ნაციონალური კულტურის დამთრგუნველებს, რაც სიმართლეს შეესაბამებოდა. მე ბავშვობიდან ვცხოვრობდი საქართველოში, თუ გადავავლებთ თვალს ქართველების უახლეს წარსულს, დაკავშირებულს კავკასიაში ცარისტულ რეჟიმთან, უნდა ვაღიარო, რომ ქართველთა ანტაგონიზმს ჰქონდა საფუძველი. მოწინავე ქართველი ინტელიგენცია ყოველთვის ებრძოდა „ცარიზმს“. ჩემს მეხსიერებაში ბუნდოვნად დარჩა შთაბეჭდილებები 1905 წლიდან დემონსტრაციებზე, ტერორისტულ აქტებზე და იმათზე, თუ როგორ გაუსწორდნენ კაზაკები ქართველ ამბოხებულებს. მახსოვს აგრეთვე, ზოგიერთი ჩემი გიმნაზიელი მეგობრის აღშფოთება. გიმნაზიაში მეექვსე გაკვეთილზე ისწავლებოდა ქართული და სომხური ენები მსურველთათვის. ომის წლებში მე ვცხოვრობდი მოსკოვში. აქ არ ვიყავი ასევე თებერვლის რევოლუციის დროს. ამ პერიოდამდე ქართველ ინტელიგენციასთან თითქმის არ მქონდა ურთიერთობა. როდესაც 1917 წელს მე დავბრუნდი ტფილისში, აქ დამხვდა ამიერკავკასიის ფედერაცია, რომელიც მალევე დაიშალა… საქართველოში რუსებისადმი იყო ყოვლად უარყოფითი დამოკიდებულება. რუსებს ხსნიდნენ თანამდებობებიდან, ცვლიდნენ ქართველებით და ა. შ. ბოლშევიკებისადმი დამოკიდებულება იყო მტრული. საქართველოს გასაბჭოებას ქართველები აფასებდნენ, როგორც ოკუპაციას და ახალ დაპყრობით პოლიტიკას. მე ვიტყოდი, რომ რუსებისადმი მტრული დამოკიდებულება გადატანილი იქნა იდეაში, ვინაიდან სწორედ რუსები იყვნენ კომუნისტური იდეის აქტიური მატარებლები. ქართული ინტელიგენცია ბოლშევიკებში ხედავდა ასევე შთამომავლებს „ცარსკი რეჟიმისას“... ნოე ჟორდანიაზე, ნოე რამიშვილზე და დამხობილი ხელისუფლების საზღვარგარეთ გაქცეულ ყველა წარმომადგენელზე ქართველები ამყარებდნენ დიდ იმედებს. ასევე იმედები მყარდებოდა კახეთში, ჩოლოკაევზე და ამბოხებულ გლეხებზე. ყოველივე ამაზე 1924 წლამდე საუბრობდნენ ჩუმად. ჩემამდე მოდიოდა ამ საუბრების მხოლოდ ფრაგმენტები… ფაქტიურად ქართული ინტელიგენციის განწყობა მე გავიგე უფრო გვიან კონსტანტინე გამსახურდიასგან, გრიგოლ რობაქიძისგან და უნივერსიტეტელი კოლეგებისაგან.“

რეინჰოლდ ჩაკერტმა არ იცოდა ქართული ენა, მაგრამ დიდ ინტერესს იჩენდა ქართული კულტურის მიმართ. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ქართულ ინტელიგენციასთან და მათთან საუბრებიდან გამომდინარე საინტერესო დასკვნებს აკეთებს ქართულ ნაციონალიზმზე. კონკრეტულად კი, იგი იხსენებს გრიგოლ რობაქიძეს და კონსტანტინე გამსახურდიას.

„საქართველოს ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიისადმი ყოველთვის მქონდა დიდი ინტერესი. ეს იცოდნენ ქართველებმა და ასეთი დამოკიდებულება მათ სიამოვნებდათ. ამის გამო ქართველები ჩემში ხედავდნენ ახლობელ ადამიანს. ცოცხალი საუბრები მქონდა რობაქიძესთან და გამსახურდიასთან. შემთხვევითი საუბრები მქონდა ყველასთან, ძირითადად კი უნივერსიტეტის კოლეგებთან. ჩემზე მეტად ძლიერ გავლენას ახდენდა რობაქიძე. რობაქიძესთან საუბარი იყო კულტურულ-ისტორიულ ჭრილში. მასთან ურთიერთობა მეტად საინტერესო იყო, ვინაიდან ამ დროს ვღებულობდი მონაცემებს ისეთი წყაროებიდან, რომლებიც ჩემთვის მიუწვდომელი იყო, ვინაიდან მე არ ვფლობ ქართულ ენას.

რობაქიძე სხვაგვარ ზემოქმედებას ახდენდა ჩემზე. იგი მიყვებოდა საქართველოს წარსულს, ლეგენდებს, თქმულებებს, ისტორიულ ფაქტებს. პოლიტიკური ტენდენციები რობაქიძეს არ გააჩნდა, უფრო სწორად იგი მათ არ ამჟღავნებდა, ჩვენ საათობით ვსაუბრობდით ლიტერატურულ თემებზე, ხელოვნებაზე, ლინგვისტიკაზე. ეს იყო მაღალი კულტურის ადამიანი და მასთან საუბრებს შეეძლო მხოლოდ სიამოვნების მონიჭება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ აშკარა მტრულ დამოკიდებულებას საბჭოთა კავშირის მიმართ იგი არ ამჟღავნებდა, თუმცა შესაძლოა, რომ რობაქიძე ყოველთვის კარგად ნიღბავდა თავის რეალურ შეხედულებებს. მან ერთხელ მითხრა, რომ მას შემდეგ, რაც იგი შევიდა გერმანულ და მსოფლიო ლიტერატურაში („გველის პერანგის“ გამოცემით), მისგან არ შეიძლებოდა ლიტერატურული სიჩუმე, ეს სიკვდილის ტოლფასი იყო. მაგრამ იგი იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში და თავისთავად მას უნდა ეჩვენებინა „საბჭოთა სახე“, რათა მიეღო საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა.

გამსახურდიას არ შეეძლო ჩემზე ზემოქმედების მოხდენა. მისი ნაციონალიზმი მე ზოგჯერ კარიკატურულად მეჩვენებოდა: „ჩერკესკის“ და „ფაფახს“ ატარებს პროტესტის ნიშნად. რუსულად არ საუბრობდა (ჩვენი გაცნობის პირველ ხანებში, მე არც კი ვიცოდი რამდენად ფლობდა იგი რუსულს. ერთხელ უბრალოდ მითხრა: მე რუსულად არ ვსაუბრობ), უარყოფდა რუსული ლიტერატურის ფასეულობებს და ა. შ. ეს ყველაფერი მე მეჩვენებოდა მიამიტობად. ეს, რა თქმა უნდა იყო არა ნაციონალიზმი, არამედ უხეში, ბრმა შოვინიზმი. იქ სადაც მე ვაწყდებოდი შოვინიზმს, მომენტალურად მეკარგებოდა ინტერესი. გამსახურდიას მონათხრობს ქართველი ხალხის ყოფაზე და ზნე-ჩვეულებებზე მე სიამოვნებით ვისმენდი, ვინაიდან ეს აფართოვებდა ჩემს ისტორიულ ჰორიზონტს.

ქართველი ინტელიგენციის დანარჩენი წარმომადგენლებიდან არავის მოუხდენია ჩემზე საგრძნობი ზეგავლენა, თანაც ხშირად მე უფრო მეტი მონაცემი გამაჩნდა ქართველთა შესახებ, ვიდრე მათ თვითონ. მე ყოველწლიურად რამდენჯერმე ვასრულებდი მოგზაურობას და ექსკურსიას მთელ საქართველოში, რასაც ძალიან ცოტა ქართველი აკეთებს. უფრო მეტიც, მე მათ უფრო ვაწოდებდი ცნობებს საქართველოს შესახებ, ვიდრე ისინი მე. ვაკეთებდი ორნამენტების, ფრესკების, არქიტექტურული ნაგებობების ჩანახატებს, ვიღებდი ფოტოებს. ხშირად მიკვირდა კიდეც, რამდენად მცირე იყო ინტერესი საკუთარი წარსულისადმი, რა ცოტაა პოეტურობა ჭაღარა უძველესობების ურთიერთობაში. ამავე დროს ეს ხალხი საუბრობდა ნაციონალურ კულტურაზე. იქმნებოდა რაღაც შეუსაბამობა. მე მიხვდი, ქართველთა ინტერესი კონცენტრირებულია აწმყოზე და არა წარსულზე. ქართულ ინტელიგენციას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ნაციონალური იდეებით და ტენდენციებით, უბრალოდ ნაციონალიზმით. რუსეთის მიერ საქართველოს წარსულის უარყოფამ აწმყოში ქართული ინტელიგენცია ჩააგდო იმათ მკლავებში, ვინც გამოხატავდა მათ მიმართ დიდ სიმპათიას, კონკრეტულად გერმანიის. ეხლაც შეიძლება გაუგო ქართველებს, ვინაიდან საუკეთესო პერიოდი მათი „დამოუკიდებელი“ არსებობისა იყო სწორედ ის დრო, როდესაც აქ იმყოფებოდა გერმანული სამხედრო დელეგაცია. მე არასოდეს გამიგია იმის შესახებ, რომ ქართული ინტელიგენცია ორიენტირებული იყოს საფრანგეთზე ან ინგლისზე. პირიქით, ინგლისის მიმართ მე გამიგონია მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულება. მე ვერ გამოვყოფ ქართველ ნაცნობებს შორის იმათ, ვისთანაც მე მისაუბრია ამ თემებზე. ისინი მეტად ერთგვაროვანნი იყვნენ.“

მიუხედავად იმის, რომ რეინჰოლდ ჩაკერტი საქართველოში ცხოვრობდა, აქ გაიზარდა და სკოლაში აქ სწავლობდა, იგი არ იყო ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებაში. ამ მოგონებებს ის როგორც უცხოელი ისე გადმოსცემს. ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო უნდა იყოს უცხოს თვალით დანახული ქართული ნაციონალიზმი და ზოგიერთი რამ გასათვალისწინებელიც.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG