Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მეტროს „გმირები“


ავტორი: მარი წაქაძე

საღამოს ექვსია, ესე იგი, პიკის საათის დასაწყისი. მოგეხსენებათ, ასეთ დროს რუსთაველის მეტროში განსაკუთრებული ხალმრავლობა შეინიშნება. გადატვირთული ესკალატორი იმის ნიშანია, რომ წინ საინტერესო მგზავრობა გველის. საინტერესო იმიტომ, რომ როდესაც ასეთ ადგილას ჩანთაში არც წიგნი გაქვს და არც ყურსასმენი, ხალხზე დაკვირვება ზედგამოჭრილი საქმიანობაა. ამ დროს მეტროს ვაგონი ჩემთვის გადასაღებ მოედნად იქცევა ხოლმე, სადაც თავად კამერის როლს ვირგებ. დღესაც მორიგ ფილმს ვიღებ. ეს იქნება დრამა, რომელიც თბილისის მეტროს ტიპურ პერსონაჟებს გაგაცნობთ და დაუსწრებლად შეგძენთ აქ მგზავრობის გამოცდილებას. მაშ ასე, კამერა ჩაირთო:

გასასვლელთან მდებარე ადგილს იკავებს შუახნის ქალი, რომელსაც თან ბავშვი ახლავს. მას მოკლე კისერი, წვრილი თვალები და მომცრო ზომის თავი აქვს. მოულოდნელად იგი დედას ეხუტება და ხმამაღლა კისკისებს. ამ დროს ხალხის დაღლილობისგან ჩამქრალი თვალები უეცრად ინთება. მომეჩვენა, რომ ისინი საანგარიშოდ გადაიქცნენ, რომელიც 47–მდე ათვლას ცდილობს. მის გვერდით კი ახალგაზრდა ზის. მას მეტროს „მხურვალებისგან“თავის დასაცავად სათვალე დაუკოსებია და საღეჭ რეზინს ისე აღლაჭუნებს, რომ არა ძვლის კალციუმის შემცველობა, ქვედა ყბა აუცილებლად მოსძვრებოდა. მოპირდაპირე მხარეს მჯდარი მოხუცის მძაღე სუნი მარწმუნებს, რომ 25000–მდინარიან ქვეყანაში წყლის პრობლემა რატომღაც მწვავედ დგას. ყველა ჩამოთვლილი მგზავრი კარებისკენ იცქირება. აქ მდგარი წყვილისამბორის სიხშირე ასაბუთებს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქცევის შესახებ შემოღებულმა კანონმა ვერ გაამართლა. მომდევნო მეტროსადგურიდან ახალ–ახალი პერსონაჟები ამოდიან. მკვეთრ ფორთოხლისფერში გამოწყობილი ქალაქის სისუფთავის გუშაგი, სავარაუდოდ, შვილიშვილს ესაუბრება. „სხვა დროს მოგიტან, ბაბუ, ახლა აღარ მაქვს…“ – ამბობს და მეტროს ზუზუნში მისი ხმა წყდება. ყველაზე მეტად ერთი მგზავრის აქ ყოფნა მაოცებს. მას მინისტრის უკმაყოფილო მზერა აქვს და თეთრი პერანგი „პატივცემულ ღიპზე“ ისე შემოტმასვნია, რომ მგონია, ახლად ნაჭამი ბატკნის ნეკნები პირდაპირ ჭიპიდან გადმოცვივდებიან მატარებლის იატაკზე. ვუყურებ და ვეჭვობ, რომ მისი უკმაყოფილების მიზეზი ის ხელოსანია, რომელიც მეტი ფულის დატყუების მიზნით ჯიპის შეკეთებას ასე უმოწყალოდ აჭიანურებს. გოგონა, რომელმაც ორი ადამიანისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა, ამაოდ ცდილობს დეკოლტეს ჩაღრმავებას. მის გვერდით მჯდომი „ამერიკული ოცნება“ მას ზედაც არ უყურებს და თავის ოცნებაზე ფიქრითაა გართული. მომდევნო გაჩერებაზე ალკოჰოლით გაჟღენთილი მოხუციც ჯდება. იგი ლოთია, რომლის თითები გიტარის დასაკრავად არის შექმნილი. თუმცა, ახლა მხოლოდ თამბაქოს ჭერით დასაქმებულან. მატარებლის ზუზუნს 5–მდე წლის ბავშვის ვედრება ერწყმის, რომელიც 10 თეთრის გაცემის სანაცვლოდ ღვთის მფარველობას გვპირდება. მისი დაპირება იმდენად ყალბია, რომ ენაც კი ბორძიკებს ტექსტის წარმოთქმისას. ყალბია ხალხის რეაქციაც და გაღებული მოწყალების მოტივიც. მთელ ამ სიყალბეში ერთადერთი სიმართლე ისაა, რომ არსებობენ ისინი, ვისაც 5 წლის ასაკშიც კი არ აქვთ ბავშვობა. ამჯერად ყველას მზერას იპყრობს გოგონა, რომელიც „პატარა პრინცთან“ ერთად უკვე 44–ედ უყურებს მზის ჩასვლას და მაინც ბედნიერია. ბედნიერია იმიტომ, რომ როდესაც ამ წიგნის კითხვას დაასრულებს, უდაბნო მისთვის მხოლოდ ქვიშის გროვა აღარ იქნება. მომდევნო სადგურში 15 წლამდე აფროამერიკელი ამოდის, რაც დამჭკნარი მოხუცის აღშფოთებას იწვევს. იგი საქართველოს „ზანგების“ გამო გადააშენებას უწინასწარმეტყველებს.ამაზე მოხუცის გვერდით მჯდარი გოგონა სიცილს იწყებს და სანაცვლოდ ამრეზილ მზერას ჩუქნიან. რუსთველის მეტროდან კიდევ ერთი გაჩერებით შორს, ვაგონში სრული ანშლაგია, როდესაც კიდევ ერთი მოხუცი ამოდის. „ზანგი“ ბიჭუნა მას ადგილს უთმობს. ქალი კი მადლობის ნაცვლად იღიმის და ეუბნება, რომ მანაც უნდა გაიღიმოს თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შეუძლია.

ბოლო კადრი ღიმილია.

ხანდახან დრამებიც პოზიტიურად მთავრდება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG