Accessibility links

კრიმინალური გარემო


ავტორი: მარი მამისაშვილი

ავსტრიელი ბიოლოგის ლუდვიგ ფონ ბერტალანფის გააზრებით, მცენარეთა სახეობის დადგენისას უმნიშვნელოვანესია არა მისი ფორმა, ფოთლები, ღერო,.... არამედ ის, თუ რა გარემოში გრძნობს კომფორტულად თავს ესა თუ ის მცენარე.

ბერტალანფიმ პირველმა დაიწყო მეცნიერებაში სისტემათა საერთო თეორიის ჩამოყალიბება და მისი თეორიიდან დაიწყო სისტემათა ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების აღმოჩენა, გააზრება.ეს პრინციპებ და მიდგომები აუცილებელია, როგორც ბუნებაში, ისე საზოგადოებასა და სოციუმში მიმდინარე პროცესების აღწერისათვის.

ვიმეორებ, მისი აზრით, კონკრეტული ობიექტის გააზრებისას უმნიშვნელოვანესია ამ ობიექტის გარემომცველ სამყაროსთან დამოკიდებულება.

გამოდის რომ, თუ კონკრეტული ადამიანი გვაინტერესებს, პირველ რიგში უნდა გავერკვეთ რა გარემოში გრძნობს ის თავს კომფორტულად.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ გარემო აყალიბებს ადამიანს. მისი გონების წყობას, მის აზრებს, მოთხოვნილებებს ის სოციალური გარემო განსაზღვრავს, რომელშიც ამ ადამიანს უწევს ცხოვრება.

პროფესორი თამაზ ბუთხუზი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავს მიდგომას. რადგან, თუ ადამიანის შინაგანი არსის და ცივილიზაციის განვითარების დინამიკას დაუკვირდებით, აღმოჩნდება, რომ არიან ადამიანები, რომელნიც პირიქით, გარემოზე ახდენენ ზემოქმედებას და ხანდახან ისე მძლავრად, რომ არა მარტო გარემოს, არამედ ცივილიზაციის განვითარების მიმართულებასაც ცვლიან.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი არც თუ ისე დიდია, ეს მაინც იმას ამტკიცებს, რომ ჩვენს გონებაზე გარემო კი არ მოქმედებს, არამედ ყოველი ჩვენგანი მიისწრაფვის ისეთი გარემოსაკენ, რომელიც ყველაზე მეტად ეთანადება ჩვენი ზნეობისა და ინტელექტის რეალურ დონეს.

შესაბამისად, ზნეობრივი ადამიანი ვერ უნდა გრძნობდეს თავს კომფორტულად უსახურ, უაზრო, უსამართლო, ადამიანის ღირსების დამაკნინებელ გარემოში.

აქ თავისთავად მივდივართ ჩვენთვის ძალიან მტკივნეულ საკითხთან.

ქვეყანა, რომელიც ყველა ჰუმანური და ზნეობრივი პარამეტრით ჩამორჩება ცივილიზებულ სამყაროს ჩვენი სოციუმის გამოკვეთილად ზნეობის მქადაგებელი ნაწილის მიერ გამოცხადებულია სულიერების და რაც მთავარია ჩვენი მატერიალური კეთლდღეობის საყრდენად.

ვიმეორებ, ადამიანი მიილტვის იმ გარემოსაკენ, რომელიც ყველაზე მეტად ეთანადება მისი ზნეობის და ინტელექტის დონეს. ამიტომ, როდესაც ჩვენი სოციუმის საკმაოდ თვალში საცემი, ელიტარული ნაწილი ძალადობრივი, კრიმინალური, კორუფციული სისტემისკენ მიილტვის და მთელ ქვეყანას ღიად თუ ფარულად ამ სისტემისკენ უბიძგებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ელიტის ზნეობის და ინტელექტის დონეს სწორედ ეს კრიმინალური გარემო ეთანადება.

ეს ადამიანები ნებისმიერი ფორმით ეწინააღმდეგებიან განვითარებას, განათლებას, თამაშობენ პატრიოტიზმს, ეფარებიან ტრადიციებს, მანიპულირებენ რელიგიით, რელიგიური გრძნობებით. ტრაგედია ეს ჯერ კიდევ არ არის, ტრაგედია მაშინ იწყება როცა ამ კრიმინალურ ელიტას მთელი ქვეყნის სულიერი თუ პოლიტიკური მართვის სადავეები აქვს ხელში მოგდებული და მიმდინარეობს ადამიანის სულიერი თუ მატერიალური ძარცვა, დაშინება, დამონება. იქმნება ყალბი, უსარგებლო, შერჩევითი კრიმინალური მორალი, რომელიც მხოლოდ კრიმინალური ნორმის და იერარქიის მორჩილებას მოიცავს _ ატკატები, წილების გადანაწილება, ფარული გარიგებები, ნეპოტიზმი და ა.შ.

როგორ ახერხებს კრიმინალური ცნობიერების სუბიექტების არც თუ ისე მრავალრიცხოვანი ნაწილი დანარჩენი უმრავლესობის უბრძოლველად გაბრიყვებას და დამონებას და რაც მთავარია პირადი მერკანტილური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებად გამოყენებას.

კარლ გუსტავ იუნგის ანალიტიკურ ფსიქოლოგიაზე დაყრდნობით, საზოგადოების განვითარების შემაფერხებელ ერთ-ერთ მიზეზად თამაზ ბუთხუზიგამოყოფს ჩვენს ეროვნულ, კოლექტიურ ქვეცნობიერში უხსოვარი დროიდან დალექილ შიშის არქეტიპს _ სიახლის, შეუცნობლის, ცვლილებების შიშის არქეტიპს.

ამ არქეტიპის გავლენა ჩვენ ცნობიერზე იმდენად მძლავრია, რომ ათასწლეულების მანძილზე ჩვენთან არ განვითარებულა ზღვაოსნობა, მოგზაურობა, ვაჭრობა. არა და ყველაზე ეფექტური საშუალება ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის, კულტურათაშორის კავშირების სწორედ ეს მიმართულებები იყო.

სიახლის, ცვლილებების შიშით არის განპირობებული ისიც, რომ საუკუნეების მანძილზე ქვეყნის სოციალურ მოწყობაში არაფერი იცვლებოდა. მიუხედავად ელინურ კულტურასთან, შემდეგ რომის იმპერიასთან და მოგვიანებით ევროპასთან გარკვეული კავშირებისა საქართველოში ცნება თავისუფალი მოქალაქე არ გაჩენილა.

და ის ჩვენთან გავრცელებული, გაუგებარი და შემზარავი ფრაზა _ შეჩვეული ჭირი მირჩევნია შეუჩვეველ ლხინს, მხოლოდ შიშის არქეტიპიდან წამოსული იმპულსია, რომელიც აქტივობის, რაღაცის შეცვლის მცდელობას ჩანასახშივე სპობს.

აი, ამ კოლექტიური ქვეცნობიერიდან წამოსული ირაციონალური შიშების უკვე კონკრეტული, მათთვის სასურველი მიმართულებით გამძაფრება ხდება რაღაც შეთქმულების თეორიებით, რომლებიც, თურმე ნუ იტყვით და, მაიც და მაინც ცივილიზებული სამყაროდან მოდის და ეს მარტივი ასახსნელია _ მოწესრიგებული, კანონიერი, არაკორუფციული სისტემა მათი არსებობის არეალს უკიდურესად ზღუდავს და დისკომფორტს უქმნის.

ეს დაშინება აუცილებლად ძალადობრივ ფორმას არ ატარებს, თუმცა არც ამას ერიდებიან, მაგრამ მიმდინარეობს სოციუმის ფსიქოლოგიური დათრგუნვა, შანტაჟი, ზეწოლა. აქ, რა თქმა უნდა,დომინირებად როლს ღმერთის რისხვის შიში თამაშობს.

ხატავენ დასავლეთთან, ახალ, უცხო კულტურასთან ინტეგრაციის აპოკალიფსურ სურათებს, რომელიც, თითქოს და ჩვენი ეროვნული ფასეულობების, ტრადიციების, რელიგიის განადგურების საფრთხეებს აჩენს. რაც ჯამში, შიშის არქეტიპთან ერთად შეჩვეული ჭირისკენ მიბრუნების ქვეცნობიერ განწყობას ბადებს.

სიახლის შიშის არქეტიპის გავლენის ქვეშ მყოფ კოლექტივი ორიენტირებულია წარსულზე და არა მომავალზე. ასეთსოციუმში ნებისმიერი მცდელობა რაიმე განსხვავებული, უცხო, ახალი ხედვის, აზრის დამკვიდრება მტრულ აგრესიულ დამოკიდებულებას აწყდება.

თამაზ ბუთხუზის სისტემური ანალიზით დამღუპველი არქეტიპების მსხვრევა შესაძლებელია, მაგრამ არა დამკვიდრებული მეთოდებით, ცალკეული პიროვნებების უსისტემო პროტესტით. პირიქით, კონკრეტული პიროვნებების სითამამემ შეიძლება კიდევ უფრო დააფრთხოს სიახლის შიშის არქეტიპის გავლენის ქვეშ მყოფი სოციუმი და ეს საფრთხის განცდა უკონტროლო კრიმინალურ აგრესიაში გადაიზარდოს (რისი მომსწრეც უკვე არაერთხელ ვყოფილვართ).

სისტემას მხოლოდ სისტემა შეიძლება დაუპირისპირდეს. სისტემათა ფორმირების ზოგად პრინციპებზე დაყრდნობით შესაძლებელია იმ მეთოდების გამოკვეთა, რომელიც ისტორიულ ვექტორს მომავლისკენ მიმართავს და ადამიანის, საზოგადოების ჰუმანური განვითარებისთვის აუცილებელი გარემოს დამკვიდრებას შეძლებს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG