Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

,,ეროვნული გამოცდები“: ბოლო წლების საუკეთესო მონაპოვარი


ავტორი: მარიამ ბანეთიშვილი

,,მაღლივი კორპუსის“შენობა, აურზაური ეზოში, გულშემატკივართა დიდი არმია, გრძელი დერეფანი, გადაოგნებულ აბიტურიენტთა სახე, გაურკვეველი მოლოდინი, თავდაჯერებული საგამოცდო კომისია, ანუ მისაღები გამოცდების ციებ–ცხელება. გამოცდების ძველი, დრომოჭმული სტილი.

ვინც ასეთ ვითარებაში მოხვედრილა, სიტუაცია ნაცნობი იქნება.

როგორც კი ფეხს შეადგამდი ასეთ საგამოცდო ცენტრში აუცილებლად თვალში მოგხვდებოდათ საგამოცდო კომისიის იერარქიული სტრუქტურა. რას ვიზამთ ასე იყო. 10 ქულიანი შეფასების სქემიდან 6 და 7 ქულას ერთი კომისია, 8–ს სხვა, 9 და10 ქულას კომისიის თავმჯდომარე და ამავდროულად კონკრეტული საგნის ფაკულტეტის დეკანი წერდა. პარადოქსული სიტუაცია იყო. გააჩნია როგორ იცოდი საგანი.თუ პირველ კომისიას ყველაფერს კარგად ჩააბარებდი და დამატებით კითხვებსაც უპასუხებდი იმ კომისიასთან გიშვებდნენ რომელიც 8 ქულას წერდა. თუ მოხდებოდა ისეთი შემთხვევა რომ ყველა ჩამჭრელი კითხვის პასუხი გეცოდინებოდა და გამომცდელს სხვა გზას არ დაუტოვებდი,დეკანთან და მის მოადგილეებთან გიშვებდნენ. აი იქაც თუ თავს გამოიჩენდი 9 ქულას დაგიწერდნენ,სხვა გზა აღარ ექნებოდათ, მაგრამ 10 ცოტა დელიკატური თემა იყო. ამის მიმღები აბიტურიენტი იმ სიაში უნდა ყოფილიყო ჩანიშნული, რომელიც კომისიის თავმჯდომარეს წინ ედო და სადაც წინასწარ ეწერა მართლაც რომ ,,მოწყობილ“ უკვე სტუდენტთა სია. ასეთი სიტუაცია იყო იმ პრესტიჟულ ფაკულტეტებზე, სადაც ძალიან დიდი კონკურსი იყო. შედარებით ნაკლებად პრესტიჟულ ფაკულტეტებზეც იდენტური სიტუაცია იყო ერთის გამოკლებით, იქ კიდევ იყო თავისუფალი ადგილები შემორჩენილი და შესაძლებლი იყო სხვას, სიაში არ მყოფ, უცხო აბიტურიენტს დაეკავებნა ეს ადგილი.

კი, კი ნამდვილად ასე იყო მთელ საქართველოში.ყველა ფაკულტეტს თავისი ფასი ედო. პრესტიჟული ფაკულტეტის სასურველი ადგილი კი უფრო ძვირი სიამოვნება იყო. სიებიც ნამდვილად არსებობდა. წინასწარ ,,მოწყობილთა“ სიები. თუ რექტორები, დეკანები, პროფესორები, ლექტორები და მთელი ეს არმია ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნათესავებს, ნაცნობ–მეგობრებს რამენაირად ამოწურავდნენ და ადგილიც დარჩებოდა ამა თუ იმ ჯგუფში მაშინ ვიღაცას, რომელსაც სურვილი ჰქონდა კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩაბარების აუცილებლად უნდა ჰყოლოდა ნაცნობი შიგნით უნივერსიტეტში და შესაბამისი ადგილი ეყიდა. დიახ ეყიდა. ამას სხვა არაფერი ჰქვია. თუ ამასაც ვერ შეძლებდი მაშინ სხვა ფასიანი ჯგუფები იქმნებოდა იმ აბიტურიენტებთათვის, რომლებიც არ იყვენენ აღნიშნულ სიაში, რომელთაც არ ჰქონდათ კოლოსალური თანხა გადახდილი სასურველი ადგილის საყიდლად უნივერსიტეტში , არ ჰყავდათ პროფესორთა სანაცნობო წრე და ვერც ჩაიჭრებოდნენ საკუთარი ცოდნიდან გამომდინარე.

ასეთი სიტუაცია იყო წლების წინ არა მხოლოდ მაღლივ კორპუსში, არამედ სხვა უმაღლესი სასწავლებლების საგამოცდო ცენტრებში.

მთელი საგამოცდო სისტემა კორუფციაში, ნეპოტიზმში, ჭაობში იყო ჩაფლული. ჭაობში იყო მთლიანი განათლების სისტემაც და მასში შემავალი საზოგადოებაც.

პირველი ნათელი სხივი და სამწუხაროდ ერთადერთი განათლების სისტემაში ეროვნული გამოცდების სახით გამობრწყინდა ჩვენს წინაშე. თავდაპირველად ბევრი სკეპტიკოსი შეხვდა ამ ნაბიჯს. გავიდა წლები და ამ პროექტმა საკუთარი, მართალი სიტყვა თქვა. მთელი ახალგაზრდობა ერთ სივრცეში მოაქცია და გაათანაბრა. პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ ადამიანთა შორის ჩატეხილი ხიდი გაამთელა. ყველას თანაბარი უფლება მიანიჭა, კორუმპირებული პირები კი გვერდზე ჩამოიტოვა. როგორც იქნა მისაღები გამოცდები სასწავლებებიდან გავიდა და ცალკე ორგანიზმად, ეროვნული გამოცდების სახით მოგვევლინა. რომელიც უახლოესი წარსულის რეალური ცხოვრების ნაწილი იყო. ესა თუ ის საგამოცდო ცენტრი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელ ხიდად იქცა და არა ჩასაფრებულ პოზაში მყოფ გამომცდელთა ერთობლიობად. სიტყვა ,,მოწყობა უმაღლესში“ ცინიკურ ტერმინად იქცა.ჰოდა თუ ოდესმე ამ ტერმინს ვინმე კიდევ გამოიყენებს ხოლმე პრაგმატული საზოგადოებისგან დიდი წინააღმდეგობა ხვდება.

ასე მოხდა რამდენიმე დღის წინაც, როდესაც ქუჩაში ორი ადამიანის საუბარს მოვკარი ყური.როგორც ჩანს ახლობელი ადამიანებს დიდი ხანი არ ენახათ ერთმანეთი და მოკითხვის შემდეგ ერთმა შედარების ასაკოვანმა ქალბატონმა მეორეს შვილების ამბავი გამოჰკითხა. თუ როგორ იყვნენ , რას საქმიანობდნენ. საუბარი წყნარ ვითარებაში მიმდინარეობდა, სანამ იგივე ქალბატონი მათი განათლებით არ დაინტერესდადა შეკითხვამ ,, მოაწყო თუ არა შვილები უმაღლესში“, მეორე ქალბატონისგან გაღიზიანება გამოიწვია, პასუხმაც არ დააყოვნა. პასუხმა, რომელიც შეურაცხყოფით მიღებული ემოციების და ამავდროულად სიამაყის ერთობლიობა იყო. ,,მოწყობა რა შუაშია, ჩემმა შვილებმა ეროვნული გამოცდები ჩააბარეს და ახლა სასურველ პროფესიას ეუფლებიანო“.

სწორედ ეს სიტყვებია რეალური ვითარების ამსახველი ჩვენს დღევანდელ ყოფიერებაში. ვინც მოინდომებს, ვინც იშრომებს, ვინც ძალებს არ დაზოგავს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, და საზოგადოების რა ნაწილსაც არ უნდა ეკუთვნოდეს შეუძლია მიზნის მიღწევა. არც ადგილის ყიდვაა საჭირო და არც ნაცნობ–მეგობრების შეწუხება. კარი ღიაა. მთავარია ამ კარამდე მისასვლელი გზა ყველამ სათანადოდ გაიაროს. ამიტომაა, რომ ეროვნული გამოცდები უნდა გახდეს ერთგვარი პლადსტარმი მთელ განათლების სისტემაში ახალი რეფორმების დასაწყებად, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გაიყვანს მსოფლიო ასპარეზზე და ცივილიზებური სამყაროს ღირსეული წევრის სახელს მოუხვეჭს..

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG