Accessibility links

logo-print

ფიქრები ძაბრის ბოლოდან, ანუ ბიჭი ქუჩაში


ავტორი: მარიამ კუტუბიძე

თანდათან უფრო ნაკლებ უხერხულობას ვგრძნობ ბიძია ცოტნეს მამიკოს რომ ვეძახი, თუმცა მირჩევნია სახელით საერთოდ არ მივმართო; ეს დიდ სიძნელეებთან არცაა დაკავშირებული, მითუმეტეს რომ ხშირად არ ხდება ისე, ძია ცოტნესთვის სახელით მომიხდეს მიმართვა, ხოლო როცა თვითონ მომმართავს ხოლმე, უმალ მოქმედებას ვიწყებ, ისე როგორც მამიკო-ძია მიმითითებს. ზედმეტი კითხვებისა და დაზუსტების გარეშე. მე მომწონს ძია ცოტნესთან ურთიერთობა, მასთან ყველაფერი მარტივი, აშკარა და გამოხატულია...დავალებები გასაგები, განწყობა მისაღები, ღიმილი თვალშისაცემი.

ბიცოლა ნინოსთან კი ვითარება ცოტა სხვაგვარია...აწონილ-გაზომილი სიტყვები ხშირად არც მჭირდება, რადგან მასთან საუბრისას უფრო ჩრდილი, მსუბუქი ნიავი ან რაიმე კიდევ უფრო შეუმჩნეველი ვხდები...ასე, ჩემთვის უნებურად ხდება...საერთოდ, ბიცოლა ნინოსთან ყველა ჩრდილებივით დაიძურწება ხოლმე, ერთი სანდროა გამონაკლისი. მე მასთან ურთიერთობა იმ სივრცეს მაგონებს, ნესტიან და ცივ ოთახში რომ ჩაგუბებულა და ნიავი ვერ ძრავს. არ მოგინდება ამ ოთახში შესვლა და თუ მაინც მოგიხვდა ფეხი,ცდილობ სწრაფად და შეუმჩნევლად გაიძურწო ისევ უკან. სიმართლე ვთქვა ეს სუსხი მთელ ჩვენს საცხოვრისში იგრძნობა...ზღურბლს რომ მიუახლოვდები, მაშინვე იგრძნობ სხვაობას. არ მიყვარს სუსხი, განსაკუთრებით კი ისეთი, სახელი რომ არ ქვია („სუსხს“ მე გუმანით ვუწოდებ) და გამოხატვის მიღმა რომ რჩება...ამ ასპექტში სანდრო სრულიად თავისუფალია. არ მახსოვს ღრენა ან ყეფა დაეკლოს. საკვირველი ისაა, რომ ის , რაზეც გაუდმებით წუწუნებს და დაჟინებით ითხოვს, სკუტერი იქნება ეს თუ ახალი, მექანიკური კაკანათი, კმაყოფილებას სრულებით ვერ ანიჭებს. ამ გრძნობას უფრო ჩემთან ურთიერთობით იძენს ხოლმე, თითქოს თავის ახალ სკუტერს საკუთარ მფლობელობაში ყველაზე კარგად სწორედ ამ დროს აღიქვამს.

საბედნიეროდ არაიშვიათად მიმართლებს და შინაური სუსხიდან ბიძაჩემი პატარ-პატარა მისიების შესასრულებლად ეზოში მგზავნის ხოლმე. მისიებში ვიღაც ღიპიანისთვის დანაბარების გადაცემა; ბალანსის შევსება; მიკლებული სანოვაგის ამოტანა; ნაგვის გადაყრა; პაპიროსის ყიდვა და მსგავსნი იგულისხმება. ასეთი მისიები პასუხისმებლობას მმატებს, თავს საჭირო კაცად მაგრძნობინებს და მოქმედებისკენ მიბიძგებს. ასე რომ, როგორც წესი, მათ შესასრულებლად ხალისით გავრბივარ, რასაც ბიძაშვილი სანდრო ყოველთვის ზიზღნარევი ღიმილით ხვდება.

ახლაც, ერთ პატარა, მაგრამ საფრთხილო მისიაზე ვარ ჩამოსული. ბიძაშვილი სანდროს დღეობაა და ბიძა-ბიცოლას კომპანიებმა გადაწყვიტეს პირები ერთად გააწკლაპუნონ. მეც ბიძაჩემის დანაბარებისამებრ ორი ბოთლი „მუკუზანი“ ვიყიდე და მალე ავარბენინებ.

...არადა, რა ჯობია ქალაქის კვარტლებს შორის რომ დააბიჯებ, მანქანების ღმუილს,ხალხის ბზუილს, განათებულ ვიტრინებს, ქუსლების ბაკუნს, „გაიღეთ მოწყალებას“, გრილ ნიავს და სუსხს, ოღონდ იმას, იმ უსახელოს არ ვგულისხმობ ახლა რომ ზემოთ დამხვდება... ასეთ ექსკურსიებს წინ ვერაფერი დაუდგება ბოლო ფრაზა რომ არა : „- ამდენ ხანს რას აკეთებდი?!“

...ო, როგორ მიყვარს გარეთ. აქაც ბევრი მხვდება მყეფარა და მჯიკავი, მაგრამ ამაზე ბევრს არ ვფიქრობ. აქ ხომ უამრავი საგანია თვალს შესანიშნავ სანახაობად რომ წარმოუდება... ხან მათხოვარი შეუკურთხებს ახლახან ჩავლილ ტიპს და რკინის მონეტებს უკმაყოფილოდ ამოდებს მოკეცილ ფულ(ებ)ს შორის, შემდეგ კი სახელოში შეიჩურთავს...წუთის წინ 5-6 წლის ბიჭმა ჩაიარა. კოპწია დედამისს მოყვებოდა, თავიდან სრულიად წყნარი და მშვიდი გამომეტყველებით, იმას ცდილობდა, როგორმე ფეხი აეწყო ამ კოპწიას კაკუნებისთვის, მერე უცებ ვიტრინაში რაღაცას მოკრა თვალი და კოპწიამ პასუხად თავისი თმებით აფრიალებული, მომრგვალებული თავი გვერდზე რომ გააქნია, ბიჭს სახე ერთბაშად ისე აემღვრა, რომ გაფცქვნილ ჭარხალს მოგაგონებდა. ამ მღვრევას უშველებელი ბღავილი და ყურისგამაწვრილებელი ზლუქუნი მოჰყვა ..3 წუთის შემდეგ კი კომპრომისზე წასულმა დედა-შვილმა კაკუნ-სლუკუნით შეაღო ამ აღაზიის კარი...და ასეთი უამრავი შემთხვევა, რომელიც თვალს იზიდავს, გულს კი ამხიარულებს ხშირად გაუთვალისწინებელ სიტუაციაშიც მაყენებს. ახლაც, მოსწავლეების კომპანიას რომ ვაკვირდებოდი, მათ შორის ერთ თმებგადაჭიმული და ცხვირაწკენტილი გოგო შევნიშნე; გოგო გაჩერებისკენ მიდიოდა, შორი-ახლოს კი ორი ტუფლებდამტვერილი და მანჟეტებდამელნიანებული ბიჭი უკან ძიძგილაობით მისდევდა. გოგომ რამდენჯერმე მალულად გამოხედა ამ ბედოვლათებს. ბიჭები იმაზე ჩხუბობდნენ, რომელი უფრო ახლოს დადგებოდა ცხვირაწკენტილთან . ამათ ხოცვა-ჟლეტაში ავტობუსი ჩამოდგა და გოგონა ავტობუსის ქსუტუნა კარმა შთანთქა. პირდაღებულმა ტუფლდამტვერილებმა კი ავტობუსის მფუებულ ნაცრისფერ კვამლსღა ჰკიდეს თვალი. მერე კი აქაოდა არაფერი იყოო, უცნობებივით , ერთმანეთისთვის შეუხედავად გაუტიეს თავ-თავიანთი გზით...ამ ისტორიის ცქერით გართული უცებ ფართე და აჩქარებლი ნაბიჯებით მოსიარულე, დიპლომატიან აყლაყუდას გამოვედე ფეხებში და შემთხვევით პრიალა, ლაკის „ტუფლები“ წავუბილწე. კარგა გვარიანად გამომლანძღა, მაგრამ აღარ წამომითაქა - ასეთი ჟესტი არ იქნებოდა მისი დახვეწილი იმიჯის შესაფერი...ღმერთს მადლობა , ბოთლები არ დამემტვრა , თორემ „სუსხი“ მაშინ გენახა ზემოთ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG