Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: მარიამ მენაბდიშვილი

დავჯექი წერად ამ ტექსტისად

და ტელევიზორიდან ლარის რყევების დიდი ამპლიტუდის გამომწვევ მიზეზებზე მოსაუბრე ეკონომიკური ჯგუფის წარმომადგენელი „საბრალოსა საუბრისად“ დაიღვარა.

თორმეტიც გახდა, შევვარდი ბაზაში საგნების ასარჩევად, რა თქმა უნდა, ვერგაგებული მიზეზების გამო, გაუმართავმა სისტემამ ისევ გამოიწვია ერთი მესამე კურსელი სტუდენტის ნერვული სისტემის აშლილობა და აი, უკვე მშობლიური თსუ-სკენ მიისწრაფვის უძღები შვილი კრედიტების სამათხოვროდ...

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს ჩავუარე, ვის აინტერესებს ჩემი დაკლებული კრედიტები, ხალხს ეს ცნება სულ სხვანაირად აწუხებს. მახსენდება, არაფერი საგანგაშო არ არის, ხელოვნურად შეიქმნა აჟიოტაჟიო, რომ ამბობენ ჩვენი „პატრონები,“ არადა ჩემი თვალით ვხედავ, რამდენი წერია დოლარის ნიშნის გასწვრივ.

საგონებელში ჩავარდნილმა ხელისუფლებამ საგინებელშიც ხომ ჩაიგდო თავი, ამ პრობლემის მოგვარების ნაცვლად, ხომ გვეუბნებიან, სამაგიეროდ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობთო და ახლა „ლარის ჯანმრთელობაზე“ ზრუნვის ნაცვლად, ერთმანეთისკენ ხელის გაშვერით ცდილობენ, საზოგადოების ყურადღების გადატანას. მოკლედ, ეკონომიკური გუნდი ამბობს, ამან ქნაო, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები პასუხობენ, არა, თქვენ ქენითო... აი ასე, ბატონებო, მე კი, ოცს გადაბიჯებული, ჩემი გარემოს აზრით, პერსპექტიული ახალგაზრდა მივედი თსუ-ში და ეკონომიკურ კრიზისთან ერთად ჩემს საგანთა სიაში უცებ გამოყენებითი ეკონომიკაც გაჩნდა.

გულმოკლული გამოვედი ჰაერზე.

ისევ ბიზნესს თუ დაიწყებ, აბა სხვაგან როგორ შეიძლება იმდენის შოვნა, ნორმალურად რომ იცხოვრო, - გამოცდილი ბიზნესმენივით მარიგებს მეგობარი.
აუხდენელი ოცნებების წელი იწყებაა... - წავიმღერე და გადავკვეთეთ გადასასვლელი.

მერე მეც ჩავფიქრდი, აი, დამწყები ბიზნესმენივით რა...

ჩემი ბიზნეს-გეგმა გავიხსენე. ეკონომიკის ცოდნით არა, მაგრამ იდეებით კი მქონდა თავი გამოტენილი, კიდევ ერთხელ დავაწყე პუნქტებად და საფეხურებად, რას როგორ გავაკეთებდი და საბოლოოდ შემერყა ფსიქიკა, რეალობაში რომ გადმოვერთე: თვალებჩასისხლიანებული, გულდაფუფქული თუ ტვინმოხარშული ახალგაზრდები, ჩემსავით კრეატიულები და ჩემსავით სხვაგან გაფრენილები, კრედიტებს დადევნებულები და ყვითელ ავტობუსებს ადევნებულები.

გამყარდებაო, ამბობენ, ეროვნული ვალუტა. არა, მაინც წავალ, აქ არაფერი გამოდის-მეთქი, გავიფიქრე. უცებ ვიღაცის ხმა მაფხიზლებს, მანქანიდან თავი გადმოუყვია და მიყვირის: „შენ, გოგო, შიგ ხო არ გაქვს?“ არადა, აქ შემოხვევა, მანქანებისთვის აკრძალულია, ეს კიდევ მგონი 120-ით მოდის და მუხლებთან მიმუხრუჭებს.

წავალ-მეთქი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG