Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: მარიამ მენაბდიშვილი

ექიმი ჰაუსის სიყვარულით შთაგონებულმა შევაღე ცნობილი საავადმყოფოს გამჭვირვალე კარი. ვიცოდი, რომ გრეგი არ დამხვდებოდა, მაგრამ ნერვიული, თვალების ცეცებით მოსიარულე და სარკასტულ თეთრხალათიანებს ველოდი.

ჩემს ქვეყანაში „საშუალო“ არ არსებობს, ეს რომ ასეა, ჩემს დაჩიჩქნილ და დასისხლიანებულ ვენებსაც დავადასტურებინებ. ზოგიერთ სტაჟიორს არაფრის უფლებას არ აძლევენ, ყურადღებასაც არ აქცევენ, რომ დაეცეს, ალბათ ფეხსაც გადააბიჯებენ, ზოგერთს კი მაგრად ხმარობენ, ყველაფერს აკეთებინებენ, ყველაფრის უფლებასაც ანიჭებენ... მე მეორე შემთხვევა გამოვცადე. დაბნეული პრაქტიკანტი ვენას ვერ პოულობს და ნემსის წვერით კანს მიჩიჩქნის, როგორც იქნა მიაგნო და სისხლი ამიღო, მერე გაირკვა, რომ ეს რაოდენობა ყველა ანალიზისთვის საკმარისი არ იყო. მარცხენა ხელი მტკივა, ძლივს ვამოძრავებ და მარჯვენას ვწირავ ხელმეორედ ტანჯვისთვის. პრაქტიკანტს ოფლი ასხამს და ვხედავ მესიას: სისხლი სხვამ ამიღო, მიხსნა კროლიკის საბედისწერო როლისგან.

სხვა კაბინეტში ვინაცვლებ, უკვე ვიცი, რომ იქ არც უილსონი დამხვდება და არც ჰაუსი, ვიცი, რომაქ ლიცენზირებული ბებო ან თეთრი ხალათით გათამამებული კურსდამთავრებული უნდა იჯდეს. ვერ იგებენ რა მჭირს, მიშვებენ რენტგენოლოგთან.

სიგარეტის სუნი. თითები გაჟღენთილი აქვს თამბაქოს მძაფრი არომატით, თითები, რომელსაც აპარატი უჭირავს და ჩემს ყელზე სეირნობს. საავადმყოფოს, თამბაქოს, ატირებული ბავშვების, ყავისა და ახლადშებათქაშებული კედლების სუნი ერთმანეთში ირევა და რენტეგოლოგიც ჩაფიქრებულა. კი არ ვეცოდები, უბრალოდ ვერ იგებს. არც მიკვირს, შევეჩვიე, რომ ჩემს ქვეყანაში არავის არაფერზე აქვს პასუხი, არავის არაფერი ესმის. ჩემთვის ვფიქრობ, ნეტავ ის ლექციები ხომ არ გააცდინა, ყელის დაავადებებზე რომ უკითხავდნენ, თუმცა... ევრიკა! გაიგო! დაინახა, რომ ისეთი არაფერია, რომ მოგვარებადია და მსხვილი, ოქროსბეჭდებიანი თითებით ისტორია შეავსო.

მე რეალობას ვერ ვხედავ, მხოლოდ მძიმე ჰაერს ვგრძნობ, ვხვდები პაციენტის უბედურებას, რომელმაც საბოლოოდ მიმახვედრა, რომ ადამიანი ყველაზე უფერული და სუსტია იქ, სადაც სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ტკივილისგან თავის დასაღწევ საშუალებასაც ეძებს.

-წადი ბიოფსიაზე!- სათვალე ცხვირის წვერზე აქვს ჩამოცურებული და კალამს ეძებს, თან მიღიმის ენდოკრინოლოგი.

-რა? ყველში მაგ რკინას არ შევირჭობ! -ვპასუხობ და ცრემლები მომდის. მძულს ტირილი, მითუმეტეს იქ, სადაც არ შეიძლება, ატირება ბრძოლის წაგება მგონია და შუახნის ლიცენზირებული თეთრხალათიანიც გამარჯვებული მიყურებს.

მე იქ ვცხოვრობ, სადაც ყველა ყველაფერში ერკვევა, უმეტესობა ყველაფრის ექსპერტია და საწინააღმდეგო აზრი მცდარს ნიშნავს. მეც ამ სოციუმის ნაწილი ვარ და ვიცი, რომ ბიოფსია, ისაა რითაც ექიმი საქმეს იმარტივებს, რომ არ იმკითხაოს და დროზე გაიგოს რა ჯანდაბა დაემართა პაციენტს. ბიოფსია მტკივნეულია. უკვე ვგრძნობ მსხვილწვერიანი ნემსის მოგზაურობას ჯერ კანში, მერე შიგნით ყელში და ბოლოს დანიშნულების ადგილას, რკინა ცივია და უსიამოვნო, მე ვიხრჩობი.

-არ გავიკეთებ... - ვლუღლუღებ და გამოვდივარ კაბინეტიდან.

- მგონი არ მოვეწონე,- მიუბრუნდა დაბნეული თეთრხალათიანი დედაჩემს, რომელსაც ენა აქვს ჩავარდნილი.

გავრბივარ თერაპევტთან და ერთი სული მაქვს იმ სამ სიტყვას როდის მივახლი, რუსულად უფრო ესთეტიკურად რომ ჟღერს და გამოვიქცევი ამ თეთრადშეღებილი კუბოდან, თუმცა რიგში აღმოვჩნდი და ემოციებიც ცხრება. ყველა მე მიყურებს ნამტირალევ სახეზე, ალბათ ჰგონიათ, რომ კიბო დამიდგინეს. ყველაზე გული მერევა, მინდა, რომ დროზე წაეთრიონ ის ქალები, სამი ბავშვი მიყოლებით რომ გაუჩენიათ და ახლა საყოველთაო დაზღვევის იმედზე ჰყავთ მოყვანილები, ვერ ვიტან დედებს, რომლებსაც არ ეცოდებათ თავიანთი შვილები ამ დაზღვევის გამო რომ უნდა დაუჩიჩქნონ და დაუსისხლიანონ შვილები და ბოდიშიც არ მოუხადონ, (ფულს რომ იხდი, ბოდიში უფასოა).

მე აღარ ვაგინებ თერაპევტს, ვეუბნები, რომ არც ბიოფსია მინდა და არაფერი, რაც მედიცინასთანაა დაკავშირებული. მახსენდება უხეში გრეგორი, შარდის ანალიზს ნემსით რომ იღებდა პირდაპირ შარდის ბუშტიდან, არა იმიტომ, რომ საქმე გაეადვილებინა და პაციენტი დროზე გაეშვა იქ საიდანაც მოვიდა, არამედ იმიტომ, რომ დროზე მიეგნო დაავადებისთვის და ეშველა მისთვის.

ხელში რეცეპტი მიჭირავს და ტროტუარზე ვდგავარ. სანამ მინის კარს იქით შევაბიჯებდი, მეგონა, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი ვიყავი, ამ კუბოდან რომ გამოვედი, მივხვდი, რომ მოკვდავი თუ მომაკვდავი და უბედური ვარ, ოღონდ ეს სიმართლე არაა, თუმცა მაინც ხომ ასეა.

ჩემს ქვეყანაში „საშუალო“ არ არსებობს; არ არსებობს პროფესიები, იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავიანთი ეგო ყელამდე აქვთ ამოსული, იმედს ზუსტად იქ კარგავ, სადაც მის საპოვნელად მიხვედი და მიდიხარ დასაწყისში : ადექი და ყველას გადაუხიე ნაყიდი დიპლომები და ლიცენზიები, შენმა ნეხვში ყელამდე ჩაფლულმა მთავრობამ თავის დროზე ამ კუპიურებზე შეყვარებულებს რომ უძღვნა.

რამდენიმე მეტრით ვშორდები მინის კარს და გადახეულ რეცეპტს იმ მწვანე სანაგვეში ვყრი, განათების ბოძზე რომ კიდია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG