Accessibility links

logo-print

თავისუფალი გონება და „მექანიკური ბავშვები“


ავტორი: მარიამ მენაბდიშვილი

ყოფილა, რომ ცალი ყურსასმენის გაფუჭება უფრო დიდ ტრაგედიად მიმიჩნევია, ვიდრე მეტროს ვაგონში მოწყალების სათხოვნელად შემოსული ბავშვის არსებობა, რადგან კაბელებს რომ არ შეეწყვიტა ჩემთვის მუსიკის მოწოდება, არც მშიერი ბავშვის ტირილს და გოდებას მოვისმენდი, არც მის მომავალზე დავფიქრდებოდი და არც აგრესია გამიჩნდებოდა მისი მშობლების მიმართ.

ჩემს განვითარებულ მარცხენა მხარეს აღარც მუსიკა ამშვიდებს და ვეღარც გონება აღიქვამს ფიცჯერალდის ნაზ ღამეებს, იმიტომ რომ დავბრუნდი იქ, სადაც ჩემი ადგილი არ არის: ნაცრისფერი ვაგონი, შავ-თეთრი საახეები და ბავშვი - თავისუფალი გონება, რომელსაც მექანიკურად აქცევენ, ფორთოხლად-მეთქი, ვერ ვიტყვი, შეიძლება, მას ეს ხილი არც გაუსინჯავს. იცის, რომ კაფეში არ შეუშვებენ, სამწუხაროდ, აღარც გალაკტიონისნაირები არსებობენ, მისი უბედურების გადმოსაცემად სწორი რითმები რომ იპოვნონ, თუმცა ეს მუხლებზე დაჩოქილი 5-6 წლის ბავშვისთვის სულ ერთია, იმიტომ რომ ვერ აცნობიერებს თავისი ცხოვრების არსს და ყველაფერი, რასაც აკეთებს, ისეთივე ბუნებრივი ჰგონია, როგორც, მაგალითად, წყურვილი და ძილი.

სანამ მოწყალების მისაღებად დაზეპირებულ ტექტს არ დაასრულებს, დაჩოქილი გაჰყურებს ვაგონს, ჩემს მარჯვენა ყურში შოპენის ნოქტურნი გუგუნებს, მარცხენა მხარეს კი შუა ხნის ქალი, ბავშვის მშობლებს დედამიწის სიღრმეების მალე ნახვას რომ უსურვებს. ვფიქრობ, „ღმერთო,“ ოღონდ არ ვიცი, რა მინდა მისგან, ბავშვმა მოწყალება მიიღო და ალბათ, დღეს მშობლებიც შეუშვებენ სახლში, ზოგისთვის ესეც ხომ საკმარისია. უცებ შეხლა-შემოხლა ატყდა, ვაგონის კართან დგას გაცვეთილი ფეხსაცმლითა და გახუნებული ანაფორით შემოსილი მღვდელი, ერთ ხელში ჭრელი „ბაზრის ჩანთა“ და შავი კრიალოსანი უჭირავს, მეორე ბავშვისთვის ჩაუვლია და ეხვეწება, მშობლებთან წაგიყვანო, მერე ხალხს ეუბნება, ნუ ეხმარებით, შეეჩვევა და მომავალშიც ასე გააგრძელებს ცხოვრებასო. რა იყო გასაბრაზებელი, მას არც „მასიმო დუტის“ პერანგის საყელო მოუჩანდა ანაფორიდან და არც „შანელ ბლუს“ სურნელს აფრქვევდა, „აიფონის“ ნაცვლად ჯიბიდან „ფანრიანი ნოკია“ ამოიღო. აშკარად თავისი კეთილდღეობის მიღმა არ ასწავლიდა ხალხს გლახაკთათვის შემწეობის გაღებას. ალბათ, ერთ წუთში ამოვიცანი, არ ვიცი, ერის კაცსა თუ სასულიერო პირში ადამიანი, რომელიც აღიქვამდა რეალობას ისეთს, როგორიც არის და დამშეულ ბავშვზე არ ამბობდა, ღმერთის ნებაა, ასეთი რომ არისო, არამედ მის მომავალზე ფიქრობდა, მისი გამოსწორებისკენ მოუწოდებდა ხალხს.

ცალი ყურსასმენის გაფუჭება დამვიწყებია, ასეთი სცენის შემხედვარეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსამართლობის შეგრძნება არ ძლიერდება, როცა ათასებიან პალტოში გამოწყობილი წვეროსანი თბილისის ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში მოლარეს უყვირის შეფერხების გამო და ავიწყდება, ადამიანი თავისი მოთმინებით რომ იმკვიდრებს სასუფეველს... ვიღაც აღშფოთდება და მასწავლის, რომ ეს ჩემი განსასჯელი არაა, რომ ჯერ საკუთარ ცოდვებს უნდა გადავხედო და ისე ვწერო მსგავსი ტექსტები, მეც მოვისმენ, შევიწყნარებ და მაინც დავწერ, მიუხედავად ერთი მოძღვრის ფრაზისა, „გზა და კვალი გაქვს არეულიო,“ ჩაფიქრებულმა რომ გამიმხილა...

რთული გასარკვევია, ძვირადღირებული კაბელები შეიძინო, მოულოდნელად რომ არ გიმტყუნონ და სამუდამოდ აიხლართო მათში, შენს გარშემო მიმდინარე მოვლენები რომ ვერ გაიაზრო თუ უსმინო ყველაფერს, გეტკინოს და წერო. ვიცი, რომ პირველ შემთხვევაში, მეც ისეთივე მექანიკური ვხდები, როგორც ის ბავშვი, დაჩოქილი რომ ითხოვდა მოწყალებას, მეორე ვარიანტი კი მანადგურებს, მფიტავს და ნაადრევად მაბერებს. თუმცა არის საშუალოც, რომელიც ხანდახან აჯანყებულ ფსიქიკას აწყნარებს: ისევ ვაგონი, ადამიანი, რომელიც მოწყალებას ითხოვს, ინდეფერენტული სახეები და თვალის დახამხამებაში მომხდარი პოზიტიური ფაქტი, როგორ გეხუტება ეს მშიერი, ცხვირ-პირ მოთხუპნული, დაჩოქებისგან მუხლებზე შარვალგაცვეთილი ბავშვი, შენც თმაზე ეფერები და ყველა გაღიმებული, გაკეთილშობილებული შემოგყურებს.

სამყარო იქნებ არ არის ისეთი დაუნდობელი, როგორიც გვგონია, რომც იყოს, ჩვენ ხომ მაინც დავიხოცებით და ამიტომ დავანებოთ თავი „მოძღვარ მელებს“ და მოძღვრებს გავუღიმოთ, თუნდაც არ გვჯეროდეს, რასაც ამბობენ; მხოლოდ ხურდებით დახმარება არ გვეგონოს მოწყალების სათხოვნელად მოსული ადამიანებისთვის შემწეობის აღმოჩენა და საერთოდაც, არ გამოვეთიშოთ რეალობას.

მეორე დღეს, ისევ ჩავდივარ მეტროში, პოზიტიურ განწყობაზე, უმუსიკოდ, უწიგნოდ და მხვდებიან „მექანიკური ბავშვები,“ დამშეული, დაბოღმილი სახეებით რომ შესცქერიან სხვების ჩანთებს და აღარ მახსენდება, გუშინ რას ვფიქრობდი. ახალი ყურსასმენები ამოვიღე და კაფკას „პროცესში“ გავეხვიე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG