Accessibility links

logo-print

იმერული ესკიზები


ავტორი: მარიამ მოდებაძე

...დიდხანს ვიფიქრე თუ როგორ დამეწყო ამ ამბის თხრობა, მაგრამ როგორც ხედვავთ იდეებმა მიღალატა, ამიტომ პირდაპირ დავიწყებ.

გასულ კვირას იმერეთში ვიყავი დასაფლავებაზე. და გადავწყიტე ავღწერო ის მანკიერი თვისებები, რაც იმერულ ტრადიციებს ამკობს.

ეზოში შესვლისთანავე ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით, როცა იაზრებ, რომ დაკვირვების ობიექტი ხარ, არც ისე სასიამოვნოა და ცოტა უხერხულობას გრძნობ, მაგრამ მივიღე მათი მზერის "გამოწვევა" და სვლა უშფოთველად გავაგრძელეთ ( ჭიშკრიდან სახლამდე არც თუ ისე პატარა მანძილია გასავლელი). იქ შეკრებილებს შორის თითქმის ვერავინ მიცნო, მოდიოდნენ ჩემს მშობლებთან ნაცნობები , ესალმებოდნენ , მერე ჩემს ვინაობას კითხულობდნენ და ამბობდნენ : "უი , რამხელა გოგო გაზრდილა, რომელ კლასშია? სად აპირებს ჩაბარებას? როგორ სწავლობს? " ( არადა ამ ადამიანებს არც არასდროს ვუნახივართ, და არამგონია ჩემი ბედი მათთვის რაიმე მნიშვნელობას ატარებდეს, ეს დაინტერესება უაზრო ცნობისმოყვარეობად მიმაჩნია). ერთმა ხანშიშესულმა პედაგოგმა, როცა შეიტყო ჩემი გადაწყვეტილება, რომ მომავალ პროფესიად ფსიქოლოგიას ვირჩევდი, გამიღიმა და მითხრა: "კარგი არჩევანია, მაგრამ რთულია, ჩვენ რომ ტრენინგებს გვიტარებდნენ , ფსიქოლოგიასაც გვასწავლიდნენ , და ძალიან რთული ტერმინებია-მაგალითად აღქმა" (რატომაა რთული ტერმინი აღქმა , თან ქართულის პედაგოგისთვის არ მესმის ) ვუპასუხე: არაუშავს, ტერმინებს ეშველებათქო. ამ დროს ჩოჩქოლი ატყდა, ერთი ქალი წყენით ამბობდა : მიცვალებულთან შესვლაზე აღარ გამიგია მე რიგიო. მართლაც , მიცვალებულთან ხალხს აღარ უშვებდნენ , რადგან მღვდელი რიტუალს ატარებდა. ამიტომ აივანზე ბევრი ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის გამორჩეოდნენ თბილისიდან ჩამოსული ცოლ-ქმარი. ჩაცმის სტილი სხვანაირი ჰქონდათ, მაგრამ მაინც ეტყობოდათ , რომ იმერლები იყვნენ. ცოლი ყოველ მეორე წინადადებაში, აუცილებლად აღნიშნავდა , რომ ის და მისი მეუღლე თბილისიდან ჩამოვიდნენ საკუთარი მანქანით, და დღესვე უწევდათ უკან დაბრუნება, რადგან დედაქალაქში საქმეები არ იცდიდნენ. (რისი დამტკიცება უნდოდა ამით არ ვიცი, მაგრამ საკუთარ პატივმოყვარეობაზე ხაზის გასმა ფაქტია გამოუვიდა). მღვდელმა რიტუალი დაასრულა და ხალხმაც კვლავ იწყო ოთახში ნაკადებად შესვლა. მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა , ჭირისუფლებიდან განსაკუთრებულად, მგლოვიარე გოგონა ამოარჩიეს, და დიდხანს ჩერდებოდნენ მის წინ ( ამის მიზეზი ძალიან მოკლე კაბა იყო ).

ეს პროცესია ცოტა ხნით დავტოვე, მაგრამ გამოსვენება არ გამომრჩენია, რადგან ძალიან მაღალი ტონალობები აღიქვა ჩემმა სმენამ, როგორც თავად იმერლებმა იციან , ჭირისუფლებმა "დედომიწა" დააქციეს მიცვალებულის გამოსვენებისას. საკვირველია , მაგრამ ასე გულმხურვალე მგლოვიარეები მალე მიმოიფანტნენ, კუბოს დახურვასაც არავინ დალოდებია, და საბოლოოდ სასაფლაოზე მე, მამა, 3 ჩემთვის უცნობი კაცი და 4 მესაფლავე დავრჩით, ასე რომ მიწის სიმბოლური მიყრაც ჩვენ მოგვიწია. სამაგიეროდ სარიტუალო დარბაზი დაგვხვდა სავსე. იქ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, როგორც ყოველთვის ყველას ყბა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა , მძლავრად და თითქმის შეუჩერებლად მუშაობდა. იყო გადალაპარაკებებიც "ჭამე რამე, ტყვილა ხო არ დამიდია გადასახურავი?! " ან ასეთი: "50 ლარი დავდე და საჭმელიც აღარ ვჭამო? "

განსაკუთრებული შთაბეჭდილება თამადამ მოახდინა თავისი სადღეგრძელოებით.

1- " დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს მოხვედით, გამოიჩინეთ პატივმოყვარეობა (ნეტავ ეს სიტყვა როგორ ესმოდა თამადას? ) და დააფასეთ ჩვენი უსაყვარლესი ნარგიზა ქიშვარდიევნა " (სახელი პირობითია).

2- "დღეს ჩვენ ვნახეთ, როგორ ტიროდნენ შვილიშვილები ამ არაჩვეულებრივ ქალს. ცხადია მასაც ჰყავდა ბებია-ბაბუა და თავის დროზე ისიც ასე დაიტირებდა მათ. აი, ხალხო ესაა ნამდვილი პატრიოტიზმი. ასე იზრდებოდა ქართველი კაცობრიობა " (აქ უკვე ჩემი კომენტარი ზედმეტია).

ალბათ კიდევ ბევრი ფაქტი იყო , რაც ყურადღებას იმსახურებდა. მაგრამ სამწუხაროდ მალევე მომიწია იქაურობის დატოვება.

ყველა კუთხეს თავისი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები აქვს , თუმცა ზედმეტი არაფერი ვარგა. ვიმედოვნებ ჩემი მშობლიური კუთხე არ მიწყენს ამ პატარა კრიტიკულ ჩანაწერს...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG