Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესმის, მაგრამ ვერ ვგრძნობ


ავტორი: მარიამ პირველი

სიცოცხლის უფლება-ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ადამიანისა განურჩევლად კანის ფერისა, აღმსარებლობისა, შეხედულებისა და რაღათქმაუნდა, სოციალური სტატუსისა. დედამიწაზე არსებულ უამრავ ადამიანთა შორის ორი იდენტური პიროვნების აღმოჩენა შეუძლებელია, მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას მაინც გვაქვს რაღაც საერთო და ეს რაღაც, უმთავრესია-ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, რომლებიც ვიბადებით, ვიზრდებით და საბოლოოდ სიცოცხლეს ვასრულებთ. ეს მაშინ თუ კი ყველაფერი კანონზომიერად ხდება, თუმცა დედამიწა კანონზომიერების რღვევის ნაკლებობასაც არ უჩივის და სიცოცხლის ხელყოფის გაუგონარი, არაადამიანური ფაქტების სიმრავლით სამწუხაროდ თამამდ დაიკვეხნის.

მე არ მიყვარს ფრენა. უმთავრესად იმიტომ, რომ ფრენიდან ღრუბლებში საბოლოო გაუჩინარებამდე არის რამოდენიმე წუთი, როცა ზემოდან გადმოყურებ დედამიწას და გიჭირს გაარჩიო: მიწაზე მოსიარულე არსებები ჭიანჭველები არიან თუ ადამიანები? აი ამ დროს ვხვდები ყვეალზე უკეთ, რამდენად უსუსურები ვართ ჩვენ ყველანი და რამდენად ბუნებრივად წარმოსადგენია იყო ადამიანი მაგრამ გექცეოდნენ, როგორც ჭიანჭველას, ბახ და გაგსრისეს. მორჩა. სიცოცხლე დასრულებულია. მერე? მერე არაფერი. მოვაკლდებით დედამიწაზე მცხოვრებ უამრავ ადამიანს, მაგრამ არავინ დაიყვირებს იმდენად ხმამაღლა, რომ ხმა იქაც მოგვწვდეს, ზევით, სწორედ იმ სიმაღლეზე ფრენისას ღრუბლებში გაუჩინარებამდე რომ აღმოვჩნდებით ხოლმე. მერე ადამიანები იდარებენ, ცრემლსაც დაღვრიან მაგრამ ჩვენ ვერ ვიგრძნობთ, ვერ ვიგრძნობთ ისინი, ვისთვისაც აღარც ცრემლს, აღარც დარდს და აღარც ადამიანობას ფასი აღარ აქვს.

მე არც ხმელეთზე დაშვება მიყვარს ფრენის შემდგ. ის რამოდენიმე წუთი, როცა ხმელეთზე უნდა დავეშვა უსასრულოდ იწელება, ნევრები მეჭიმება, სისხლი მიდუღს, ყურები მიგუბდება და მარტივად წარმოვიდგენ, როგორ ‘ჰკიდია ძაფზე’ ჩემი და ჩემთან ერთად ათობით ადამიანის სიცოცხლე, რომლის გაწყვეტაც წამის მეასედის საქმეა და რომლის აცილებაც არცერთი პროცენტით არაა დამოკიდებულიო ჩვენზე, სწორედ მათზე, ვისი სიცოცხლეც საფრთხეშია. თვალებს ვხუჭავ და მახსნდება, ასობით ადამიანი დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ახლა ამ ბეწვს ელოლიავება და სისხლის ცრემლები სდის, იმიტომ რომ ბეწვი მათ თვალწინ წყდება, თანაც ისე შემთხვევით, ზებუნებრივი ძალების გამო კი არა, არამედ მოდიან, ისეთივე ხორციელი ადამიანები როგორებიც თავად არიან, ოღონდ თვალებში სისხლისფერი ეშმაკებით და ბოროტი ნაპერწკლებით, მოდიან და დაუნდობლად გლეჯენ ძაფს, რომელზეც ადამიანების სიცოცხლე წრიალებს.

თვალებს ვახელ და ბახ, დავეშვი. ხმელეთზე ვარ. დღეს გამიმართლა მაგრამ ვინ იცის იქნებ ჩემი სიცოცხლის ძაფსაც წაეპოტინონ სისხლისფერთვალებიანი კაცუნები? მერე? მერე არაფერი, ისევ დარდი, ცრემლი, ტკივილი და მოლუღლუღე პროტესტი, რომელიც ცამდე კი არა ერთი სოფლიდან მეორემდეც ვერ აღწევს. ასე უბრალოდ დედამიწაზე დარჩენილი ადამიანები, ეგუებიან ათასობით გაწყვეტილი სიცოცხლის ძაფებისაგან სასაფლაოების აგებასა და განუწყვეტელი მოლოდინის რეჟიმში ცხოვრებას, ფიქრს, რომ დღეს ან ხვალ შესაძლოა მათი სიცოცხლის ძაფებიც გაიგლიჯოს, სისხლით ამოისვაროს და ასე უბრალოდ, წარსულს ჩაბარდეს.

”როდესაც ისინი (ფაშისტები) კათოლიკეების დასაჭერად მოვიდნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვიყავი...როდესაც მათ სოციალ-დემოკრატები აიყვანეს, მაშინაც დუმილი ვარჩიე, რადგან არც სოციალ-დემოკრატებთან მქონდა საერთო... ხმა არ ამომიღია არც მაშინ, როდესაც პროფკავშირები დაატუსაღეს – მათგან არავის ვიცნობდი... ებრაელი არ ვარ და არაფერი მითქვამს, როცა ამის შემდეგ ყველა ებრაელი დააპატიმრეს… ხოლო როცა ჩემს დასაპატიმრებლად მოვიდნენ, აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო” - წერდა პასტორი, პატრიკ ნიმილიორი. და ისტორიის საოცარი თვისების თანახმად იგი მუდამ განმეორებადია, ახლაც მეორდება. ‘ისინი’ მოდიან და ხოცავენ ადამიანებს, რომლებსაც არავითარი დანაშაული არ მიუძღვით კაცობრიობის წინაშე. ისინი ღისების შელახვას ფასს ადებენ და ვაჭრობენ უდანაშაულო, ჯერ რომ სიცოცხლის აზრსაც ვერ ჩასწვდომიან ისეთი ადამიანებით. ისინი პატივს ხდიან ბავშვებს მათივე მშობლების თვალწინ და ტკბებიან თუ როგორ სდის სისხლი მოკვეთილ თავებს, ახდილ ნამუსსა და ღირსებას.

არის კიდევ ერთი მიზეზი რატომაც არ მიყვარს ფრენა. შუაღამისას, როცა ვცდილობ თვალი დავხუჭო და რამოდენიმე წუთით მაინც ჩამეძინოს რაღაც გაურკვეველი გუგუნი არ მცილდება თავიდან. ისე მეუფლება ეს გამაყრუებელი გუგუნი, რომ ყურებს მტკენს, თავში წნევა მივარდება და სხეული მიმძიმდება. თითქოს ეს არ მყოფნიდეს უცებ ფეხზე ხელს ვიკიდიებ და დაბუჟებისაგან მარჯვენას ვეღარ ვგრძნობ, ვხვდები, რომ ფეხი კვლავ ჩემი სხეულის ნაწილია მაგრამ ისეთ დღეშია შიგნით გაყინული სისხლი, რომ ვერ ვგრძნობ, მაქვს კი ნამდვილად ისევ მარჯვენა? თვალებს ვხუჭავ, რომ გავექცე ამ საშინელ შეგრძნებებს და აი კიდევ, მახსენდებიან ისინი, ვისი სიცოცხლის ბეწვიც ახლა საბოლოო წამებს ითვლის, მახსენებიან ისინი, ვისაც თითქოს ხმის ამოღების უპირატესი უფლება აქვთ, ისინი, ვინც თითქოს ამ ქვეყანაზე ადამიანების უფლებებისა და ღირებულებებისა დასაცავად მოევლინენ კაცობრიობას, ისინი, ვინც ყოველდღე ორატორობენ, არ იშურებენ მჭერმეტყველებასა და სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობაც ადამიანების უმეტესობას სულაც არ გვესმის, გვესმის მხოლოდ ის რომ აღშფოთებულები არიან განუკითხაობით, თუ როგორ გლეჯენ წითელთვალება კაცები ადამიანების სიცოცხლის ძაფებს, ეს ერთადერთია რაც გვესმის მათი ასობით წინადადებიდან მაგრამ საუბედუროდ ვერც მას ვერ ვგრძნობთ.

დავფრინდი. ნელ-ნელა მარჯვენა ჩემს სხეულს დაუბრუნდა, ამოვისუნთქე, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სიცოხლის ძაფი კვლავ ჩემს ხელშია. ხმელეთზე დაშვებული კვლავ ვითქვიფები ათასობით ადამიანის ზუზუნს შორის და ნელნელა ვხვდები, რომ ყველაფერი მესმის-მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ. ადამიანებს ვერ ვგრძნობ, ემოციებს ვერ ვგრძნობ, ვეღარც ტკივილს და ვეღარც სიხარულს ვერ ვგრძნობ. მესმის მხოლოდ სიტყვები, ‘აღშფოთებული ვართ’ და უცებ ვიგრძენი როგორ შემეკრა სუნთქვა და ჰაერი აღარ მეყო იქ, სადაც ადამიანები ერთმანეთს უსპობენ სიცოცხლის უფლებას და არავინაა საკმარისად ძლიერი საიმისოდ, რომ მისმა ყვირილმა მგრძნობელობა დაგვიბრუნოს.

მე ვერ ვიტან ფრენას, იქნებ იმიტომ რომ იქ, სადღაც შორიდან ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი, ადამიანების ნამდვილი სახე.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG