Accessibility links

მითი მარადი დაბრუნების შესახებ


ავტორი: მარიამ პირველი

ყოველთვის, როცა ჩვენთვის ძვირფასი ადამიანის გარდაცვალებას გვამცნობენ ხოლმე, საგულდაგულოდ ვარჩევთ ლამაზ ყვავილებს და დამწუხრებული სახეებით ვუსახსოვრებთ ხოლმე მათ ჩვენგან წასულ დედამიწელებს.

ვერასოდეს ვხვდებოდი, რატომ უნდა ყოფილიყო პატივისცემისა და სიყვარულის დასტური მშვენიერი ყვავილები მაშინაც, როცა რაღაც ძალიან გვიხარია და მაშინაც, როდესაც ტკივილი შიგნიდან გვღრღნის. პასუხი თავისთავად მოვიდა ჩემამდე და მაშინ, როცა ჩაის ფინჯანს თითებს არ ვაშორებდი ეთუნამ მკითხა:

-‘მარი, გსმენია მითი მარადი დაბრუნების შესახებ?’

-არაა, დავიბენი და თან მოსასმენად მოვემზადე, მივხვდი გავიგებდი რაღაც ისეთს, რაზეც მერე დიდხანს უნდა მეფიქრა..

და მან მითხრა, რომ ადამიანები გულის მიყრუბულ კუნჭულში პაწაწინა ადგილს უთმობენ იმედს, რომ ქვეყნად ყველაფერი განმეორებადია, რომ ისინიც კი, ვინც სამუდამო ძილს ეძლევიან, ოდესღაც აუცილებლად დაბრუნდებიან, და რომ არა ეს საოცარი რწმენა მომავალი ბედნიერებისა, არც ლამაზი თაიგულების პირამიდები აშენდებოდა მათი გარდაცვალებისას, რატომ? იმიტომ, რომ გვჯერა, ისინიც ისევე დაბრუნდებიან, როგორც მიწიდან ერთხელ მოწყვეტილი ყვავილი მოევლინება ხოლმე ხელმეორედ დედამიწას.

ვგრძნობდი, სულში სიამოვნების ტალღები ბობოქრობდნენ. ვხვდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ვისმენდი მითს, წარმოსახვაში იმედის სხივი ღვივდებოდა და მთელს სხეულს ეუფლებოდა. ფიქრები მოსვენებას აღარ მაძლევდნენ, მწამდა, რომ დასასრული არ არსებობს ამ ქვეყნად და ყველაფერი სადღაც აუცილებლად გაგრძელდება, თუნდაც ქაოსურად, მოუწესრიგებლად და გაურკვევლად, მაგრამ ადამიანების სხეულები თუ არა, ფიქრები და ემოციები მაინც ერთად მოიყრიდნენ თავს როდესღაც, რომელიმე სამყაროში.

თითქოს სიმბოლური იყო ჩემს ფიქრებს სწორედ იმ საღამოს, რომ გამოეხმაურა სპექტაკლი ‘მოხუცი ჯამბაზები’. ვიჯექი რუსთაველის თეატრის საოცრად ბუმბერაზ დარბაზში და მე, ერთი რიგითი დედამიწელი, ვუყურებდი როგორ ჯამბაზობდნენ ჩემი სიამოვნებისთვის ადამიანები დიდი წარსულით, დიდი ისტორიებით, დიდი დანატოვარით დანარჩენი დედამიწელებისთვის და თვალებიდან თავისთავად წამოსულ ცრემლების ზღვას ვერ ვუმკლავდებოდი. ვხედავდი, როგორ აირბინა სცენის კიბეები პატარა გოგონამ და ყვავილები უსახსოვრა 80 წლის გენიალურ მსახიობს, ყველაფერი ერთად მიტრიალებდა თავში, მითი მარადი დაბრუნების შესახებ, ლამაზი ყვავილების ისტორია, დაუსრულებელი სიცოოცხლეების ფერხული და ამ ფიქრებში ვერ ვხვდებოდი ვინ იყო უფრო აღტაცებული მათ შორის, პატარა გოგონა, რომელიც რუსთაველის თეატრის სცენაზე აღმოჩნდა თუ მოხუცებული, ბუმბერაზი მსახიობი ყვავილების ლამაზი თაიგულით ხელში..

მეორე დილით, ტრადიციისამებრ ჩემს ფანჯარასთან თეთრი მტრედი მოფრინდა, რომელსაც ყოველ დილით პურის ნამცეცებით ვუმსპინძლდები. ოღონდ ახლა თეთრი მტრედი აღარ იყო მარტო, მისი მეგობარი ფერადი ფრთოსანიც გამოუყოლებია სასაუზმოდ. თბილი ღიმილი შევაგებე ფანჯრიდან, გულუხვად გავუმასპინძლდი და გულითადად დავემშვიდობე, ოღონდ დროებით, იმიტომ, რომ მჯეროდა, მითი მარადი დაბრუნების შესახებ მითი კი არა ჩვენს გულებში მიძინებული რწმენაა, რომელსაც თუ კი გავაღვიძებთ რეალობად იქცევა და ისინი ვინც, მიდიან ფერს იცვლიან, ყოველგვარ სისუსტეზე მაღლა დადგებიან, ცხრა მთასა და ზღვას იქეთ ყველა ადამიანურ სისუსტეს მოერევიან, ჩემი მტრედებოვით ფრთებს შეისხამენ და ამ ცისქვეშეთში დაბრუნდებიან, ჩვენ კი ვინც ფერისცვალება ვერ მოვასწარით შევეგებებით მათ ყვავილებით ხელში და მოვუყვებით მითს, მარადი დაბრუნების შესახებ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG