Accessibility links

logo-print

"ზევსს გეფიცები, აგელაოს, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს"


ავტორი: მარიამ პირველი

ქართველი კაცის ბუნება არაა მარტივი. ეს ჭეშმარიტებაა და ახალს არაფერს ვამბობ. ქართველი კაცის შვილობა ხომ მითუმეტეს, ტვირთია ერთგვარი მითუმეტეს თუ საქმე ქალიშვილს ეხება და ისიც - ერთადერთს.

მე რომ ჩემი და მამას ურთიერთობა მახსენდება, პირველი რაც გონებაში მიტივტივდება არის ძილის წინ საბნით აშენებული სახლი და ამ სახლში ნასწავლი ლექსები. ‘შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა, დაგშვენდებოდა და ო, რა რა რიგად დაგშვენდებოდა, შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა და დაიწყდებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი’ ალბათ მე გაუაზრებლად ვიზუთხავდი ამ ტაეპებს, რადგან ვიყავი ასე 3-4 წლის, მამა კი ალბათ წარმოიდგენდა წლების შემდენ ჩემს ‘დედოფლობას’ და უხაროდა...

ჩვენს შორის სხვაობა 28 წელია, ალბათ ამიტომაა რომ ჩვენ ვმეგობრობთ, მაგრამ ჩვენი მეგობრობა არ არის ‘მაჭარი’ ჩვენი მეგობრობა დაძველებული, კარგი ღვინოა, რომელითაც ბუხრის წინ ძვირფას ადამიანებს გაუმასპინძლდები, თრობის პროცესი კი, კი არ გაგაგიჟებს და დაგადუღებს, მელანქოლიურ და რომანტიკულ განწყობაზე დაგაყენებს და თვალებს სასიამოვნოდ აგიჟუჟუნებს...

ჩვენ მეგობრები ვართ, და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. იმიტომ რომ ბედნიერებაა იცოდე, ამ ქვეყნად არსებობს შემდგარი კაცი, თავისი მართალი ღირებულებებითა და ცხოვრებისეული საინტერესო გამოცდილებით, რომელთანაც არამხოლოდ გენეტიკური კოდი და სისხლი გაკავშირებს, არამედ ინტერესთა საერთო სფერო და შეხედულებები, რომლისთვისაც მეტი ხარ ვიდრე შვილი, საქართველოს დედოფალი ხარ და არა მარტო, სამყაროს ატრიალებ...

ესაა ქართველი კაცის ერთადერთი ქალიშვილის პრივილეგიები, რომლებიც მე მხვდა წილად ერთგვარ სიამაყეს განიჭებს განცდა იმისა, რომ იცი ამ ქვეყნად ათასი ჭირ-ვარამ გავლილ კაცს, ამ სამყაროში შენს თავს არავინ ურჩევნია, რომ ამ კაცს მთებიც ვერ აღუდგებიან წინ თუ შენ ეს გჭირდება. თუმცა, ეს სიყვარულიც თავისებურია, ინდივიდუალურია და ხშირად გაუაზრებელ ტირანიაში გადადის, მორჩილების სურვილში, თითქოს და გაფრთხილებისა და დაცვის მიზნით შებოჭილ თავისუფლებაში. ასეთ მამებისათვის დამახასიათებელი რწმენაა, რომ მათი განვლილი ცხოვრებისა და გამოცდილების საპირწონე, შეუძლებელია რაიმე მიეღოთ ცხოვრებისაგან თავიანთ პატარა ქალიშვილებს, რომლებიც არასოდეს ხდებიან დიდები და ამიტომ ამოიყენებენ ხოლმე ზურგს უკან, და სთხოვენ იარონ იმ გზით, რომელიც თავად წლების წინ გათელეს. ასეთი ურთიერთობა მხოლოდ მოვალეობებზე დაფუძნებულია, როდესაც მამისადმი რიდი და სიყვარული არ გაძლევს წინააღმდეგობის უფლებას, არადა სისხლი გიჩქეფს ისე გწყურია თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მე კი მხოლოდ მადლობელი შემიძლია ვიყო კაცის სახელად მამა, რომელსაც არასდროს არათუ დაურღვევია, არც კი შეხებია დაუკითხავად სივრცეს, რომელსაც ჰქვია პირადი, რომელიც მარტომ უნდა გაიარო რომ გამაგრდე, გაძლიერდე და მიწაზე მყარად იდგე.

მე მგონია ჩვენი ტრადიციები თუ ისტორიული ფონი, რომელზეც თაობები იზრდებოდნენ განაპირობებს მეგობრული ურთიერთობის დანაკლისს მამისა და ქალიშვილის ურთიერთობაში. სტერეოტიპი, რომ რაიმე მნიშვნელოვანზე სასაუბროდ შვილები მამასთან შუამავლობას დედას სთხოვენ, ანდაც საერთოდაც არ საუბრობენ თავიანთ ცხოვრებასა და ზოგადად, ფიქრებზე მგონია, რომ გამოუსწორებელი შეცდომაა მშობლებისა და შვილების, რომლებიც ვერ პოულობენ ერთმანეთთან სასაუბრო თემასა და დროს. შეცდომაა, იმიტომ რომ არ არსებობს უკეთესი მასწავლებელი ვიდრე მშობელი და უკეთესი მოსწავლე ვიდრე შვილი, მასწავლებლისთვის კი არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება ვიდრე ხედავდე, როგორ ითვისებს შენი მოწაფე შენგან გაცემულ ცოდნასა და გამოცდილებას.

როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, სულ უნდა გვქონდეს მინიმუმ მადლიერების გრძნობა, რადგან რომ არა ისინი რასაკვირველია საერთოდ არ ვიქნებოდით ამ ქვეყნის პატარა ჭანჭიკები. თუმცა მე ბევრი რამისთვის მეთქმის მადლობა და მეამაყება იმ კაცის შვილობა, რომელმაც ოდესღაც ძალით წამაკითხა კონსტანტინე გამსახურდია, დღეს კი დევიზად მიქცია ფრაზა: ‘მე იმ გვარისა ვარ, ვისაც უკან დახევა არა სჩვევია’ და ეს გვარიც, პირველ რიგში ხომ მისია.

კაცის, რომელსაც არასდროს უთქვამს რა არის სიყვარული, მას უბრალოდ უყვარს დედაჩემი და ამით ყველაფერი ნათქვამია. არასდროს უთქვამს რა არის მეგობრობა, მისი დამოკიდებულება თავისი მეგობრებისადმი ხსნის ჩემთვის ამ ცნების ღირებულებას. მას არასდროს უთაკილია შრომა, ნებისმიერი სახის, არასდროს უთაკილია დაღლილი დედასათვის ყავის მორთმევა, ანდაც არასდროს აუკრძალავს მისთვის იმ საქმის კეთება, რომელიც უყვარს, პირიქით ის ყოველთვის იდგა მის გვერდით და აძლევდა სტიმულს წასულიყო იმაზე წინ ვიდრე იმ მომენტისათვის იმყოფებოდა. მას არასდროს მოუთხოვია ჩემგან ყურადღება, ის უბრალოდ ყოველ საღამოს ურეკავს საკუთარ მშობელს და დედმამიშვილებს, მე კი მთხოვს დავურეკო ბაბუასა და ბებიებს. მას არასდროს უთქვამს როგორ უნდა მეცხოვრა, უბრალოდ თავისი ცხოვრებით მაძლევს მაგალითს. კაცს სახელად მამაჩემს, რომელიც არ არის იდეალური არასდროს უუკადრისია რჩევის მოსმენა და გათვალისწინება ჩემგან, გოგოსგან სახელად-ქალიშვილი.

ქართველი კაცის ბუნება არაა მარტივი, მაგრამ ეს ის ბუნებაა, რომელსაც თუ კი გასაღებს მოარგებ მსოფლიოს ხალხების ხასიათიც დაჩრდილოს იქნება. ეს გასაღები კი ალბათ ყველასათვის ინდივიდუალურია, რომელიც ურთიერთობებში იმალება, მთავარია ურთიერთობა არსებობდეს და გაყინული არ იყოს, მთავარია გვახსოვდეს რომ გენეტიკის გარდა არსებობს შეძენილი თვისებები, რომლებსაც დახვეწა და განვითარება სჭირდებათ, რომლის გზამკვლევიც და მოდარაჯეც რთულია ქალიშვილისთვის იყოს ვინმე, იმაზე უკეთესი და საიმედო, ვიდრე მამაა. და სწორედ ამიტომ, ვისურვებდი რომ ძალიან დიდხანს იყვნენ ამ ქვეყანაზე მამები, თავიანთი ქალიშვილების ცხოვრების გზების სადარაჯოდ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG