Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯუდი


ავტორი: მარიამ რევიშვილი

ერთი მეგობარი მყავს, ჯუდი, იგივეა რაც ჯეკო, იგივეა რაც ჯემალი, ეს კი იგივეა რაც, გამოტვინებული მშობლები, გამოტვინებული მშობლები, კი ნიშნავს ბაბუას, რომელიც ჰიტლერისა და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა, სადღაც, შორეული იტალიის ერთ-ერთ პროვინციაში. განსხავავებით ბაბუასგან ჯუდი, იგივე ჯეკო, შთამბეჭდავი ცხოვრებისეული ისტორიებით არ გამოირჩევა. არც გმირულად სიკვდილზე უფიქრია ოდესმე და არც იტალია უნახავს. ჯუდი არაა ცნობილი პიროვნება და არც აქვს სურვილი, რომ ცნობილი გახდეს, არც მისი მშობლები არიან ცნობილები, არც მისი ახლანდელი შეყვარებულია ცნობილი და არც ის გოგოები ყოფილან ცნობილები, რომლებთანაც ურთიერთობა ჰქონია, არც ცნობილ ადამიანთან გადაუღია ოდესმე ფოტო, არც არავის დონორი გამხდარა, არც კიბოს საწინააღმდეგო წამალი გამოუგონებია და საერთოდ ჯუდი ყველაზე არაცნობილი ადამიანია, ყველაზე არაცნობილ ადამიანთა ისტორიაში. მოკლედ ჯუდი ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევა.

მე და ჯუდმა ერთმანეთი სკოლაში გავიცანით, როცა მას ჯერ ჯუდი არ ერქვა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რატომ ეღიმებოდათ ხოლმე ბავშვებს მისი სახელის გაგონებისას. როგორღაც დავმეგობრდით, ალბათ იმიტომ, რომ ორივეს სახლი ქუჩის კუთხეში იყო, ორივეს საერთო სათამაშო მოედანი გვქონდა, ორივეს ძალიან გვიყვარდა სკოლაში შესვლამდე, დედაჩემის გამოტანებული სენდვიჩების ჭამა და დასვენების დროს ფანჯრის რაფაზე ერთმანეთის დავალებების გადაწერა. რაც მთავარია ორივეს გვეზიზღებოდა სკოლა და ჩვენი დამრიგებელი, რომელიც ჩვენი სკოლის შენობაზე უფრო ბებერი იყო, ხოლო მისი შეხედულებები ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, მის ბლუზზე მეტად იყო გადასული მოდიდან. მეშვიდე კლასში, რომ გადავედით ჯუდმა თავისი სახლის სარდაფში ბიძამისის, ძველი “პლასწინკები” იპოვა, და სწორედ ამ დროს დაიბადა ჯუდიც. იმდენად გატაცებული იყო მუსიკით, რომ თავადაც დაიწყო გიტარაზე დაკვრა, სიმართლე, რომ გითხრათ დიდი ვერაფერი გიტარისტი იყო, თუმცა იმდენს მაინც ახერხებდა, რომ მეზობლების ყურადღება მიეპყრო, მართალია უმეტეს შემთხვევაში ისინი წუწუნებდნენ ხმაურისა და საშინელი ხმის გამო, რომელიც არ აძინებდათ, თუმცა დასაწყისისთვის არც ეს პუბლიკა იყო ცუდი. ჯუდის ნიშნებში ორიანებმა იმრავლეს, ხოლო ჯუდის ოთახის კედლებზე ბითლზის, როლინგ სთოუნსის, ჯიმ მორისონის, ბობ დილანის, ჯენის ჯოპლინის და უმრავი სხვა მუსიკოსის პლაკატებმა. ერთხელ, როცა ჩვეული ტრადიციისამებრ, მე და ჯუდი სენდვიჩებს შევექცეოდით, ჯუდმა გამომიცხადა, რომ მისი კუმირი ჯონ ლენონი იყო და რომ ის პაცეფისტია, იმის მიუხდავად, რომ მე და ჯუდი ტოლები ვიყავით, იმ დროისთვის მაინც არ ვიცოდი მსგავსი სიტყვების მნიშვნელობები, რატომღაც ჩავთვალე, რომ ჯუდი განსხვავებული სექსუალურ ორიენტაციაზე მესაუბრებოდა, თავიდან ამ ფაქტმა ჩამაფიქრა, თუმცა გონებაში გადავწყვიტე, რომ ჯუდი მაინც ყოველთვის ჩემი მეგობარი იქნებოდა, რაც არ უნდა მომხდარიყო, რადგან ჩვენ ვიყავით ისე, როგორც ბონი და კლაიდი, ჰარი და ჰერმიონი, ჩიპი და დეილი. სამაგიეროდ ძალიან გამიკვირდა, როცა გამომიტყდა ჩვენი კლასელი, ელენე მომწონსო,რომელსაც მოფერებით ელინორს ეძახდა. ამან მაიძულა ლექსიკონი გადამეშალა და პაცეფისტის მნიშვნელობა გამეგო, სამწუხაროდ მაშინ არც google-ს ვიყენებდი და დიდ განსხვავებასაც ვერ ვხედავდი ტელევიზორსა და კომპიუტერს შორის. და შენც, რომ არ ჩავარდე გაუგებრობაში, აქვე გეტყვი, რომ პაცეფისტი ნიშნავს ადამიანს, რომელიც ყველანაერი ძალადობის და ომის წინააღმდეგია. აბა რას წარმოიდგენდა ჯუდი, რომ ოდესმე მოდულის შენობის წინ ყურყუტი მოუწევდა, თავისი საძულველი იარღით ხელში, რომელიც მისივე ხელით იქნებოდა გააპრიალებული და ოდესმე თავისი ნებით იტყოდა უარს მარიხუანას მოწევაზე, იმის გამო, რომ შარდის შემოწმებისას რამე “ჩორტი” არ ამოეგდო და მისი “უმწიკვლო” პირადი საქმე, რომელიც ამბობდა, რომ ჯუდი პატიოსანი მოქალაქე და სამაგალითო შვილია მშობლებისა და ქვეყნისთვის არ შებღალულიყო. სინამდვილეში ჯუდი 16 წლიდან ეწევა, ჩუდამ და მხოლოდ თავის მეგობრებთან. ჯუდი უამრავჯერაა “თრიფში” ნამყოფი, თუმცა ქვეყნის საზღვრები არასოდეს გადაულახავს, საოცრად პოეტურად შეუძლია მოგიყვეს, როგორ გადაიქცა მისი ძმაკაცის თავი ბიგ–ბენად, და როგორ შემოვიდნენ უამრავი მიკი მაუსები მის ოთახნახევრიანში, პირდაპირ დისნეილენდიდან. მეტიც, ალბათ არ დაიჯერებთ, მაგრამ რომელიღაცა მადლიანი სოკო, თურმე დიღმის მასივში დედოფალ ელიზაბეთსაც კი გაგიჩენთ, ჯუდს უყვარს მოწევა, ამბობს, რომ ამ დროს ყველაფერი უკან რჩება, ჯუდს თავი ისევ ბავშვი ჰგონია, ზუსტად ისევე აღაფრთოვანებს ყვავილები, როგორც ბავშვობაში, ზუსტად მაშინ ახსენდება ჭიანჭველებს რამდენი ფეხი აქვთ და რამდენი კილომეტრი გვაშორებს გრელანდიამდე. რაღაც განსაკუთრებული ძალით, ეს ფაქტები ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ჯუდისთვის და დედამისის გამომცხვარი ხაჭოს ორცხობილებიც, გაცილებით გემრიელი ეჩვენება, ვიდრე ის სინამდვილეშია. სამაგიეროდ ჯუდს არ მოსწონს ალკოჰოლი, თუმცა ხშირად გამომტყვრალა და აღმოუჩენია, რომ არაყის და ლუდის ერთამანეთში არევა და შემდეგ სამი ქილა ენერგეტიკულის დაყოლება დიდი ვერაფერი ვარიანტია მისი კუჭისთვის.

როგორ აღმოჩნდა ჯუდი ღამის ორ საათზე, მოდულის შენობის წინ მოდარაჯე? ის სავალდებულო სამსახურს იხდის, თუმცა თავს ვალდებულად არ თვლის. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯუდს ჰქონდა ოცნება. მის გეგმაში არ შედიოდა “ლიჟბი სადმე მოხვედერა” და არც გამოცდების ჩაბარებისთვის შეუწუხებია თავი, რადგან ჯუდმა ზუსტად იცის, რომ უნივერსიტეტი მისთვის არაა, ზუსტად იცის, რომ იქ ბედნიერი ვერ იქნება, ზუსტად იცის, რომ მისი მშობლები უმაღლესის საფასურის გადახდას ვერ შეძლებენ და ისიც იცის, რომ უარს ამბობს სტუდენტურ ცხოვრებაზე, უარს ამბობს “კეკელიძის ლობიანზე” და ორ დიპლომზე, რომელიც ყველა ტაქსისტ ექნება, მაგრამ არა ჯუდს. მას უბრალოდ უნდა იმოგზაუროს, ნახოს შრი–ლანკა, სანაპიროზე მაიმუნებთან ერთად ჭამოს ბანანი, ბუდისტ ბერებთან ერთად გადაიღოს ფოტოები და ინსტაგრამზე ატვირთოს. ჯუდს უნდა მოიაროს ქვეყნები, დაიპყორს მთები, გაიცნოს სხვა ხალხი, ჯუდი მოგზაურია, იგი თავგადასავლებს ეძებს და იქამდე არ გაჩერდება, სანამ რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილად არ იგრძნობს თავს. ჯუდი ველურ პირობებზე ოცნებობს, ჯუდს უნდა სუპერ–მაწანწალა გახდეს. ჯუდი პიტერ პენია, ჯუდი არასოდეს იზრდება. ყველაზე მეტად კი ჯუდს უნდა, რომ ბედნიერი იყოს გოგონასთან, რომელსაც ცეცხლივით წითელი თმა ექნება და ჭორფლები მხრებზე. როცა ჯუდი ამ ყველაფერს იპოვის, იგი ადგება და პატარა კაფეს გახსნის ჩვენი ქუჩის კუთხეში, სადაც მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ყავა ექნებათ, სადაც ადამიანები ერთმანეთს შეხვდებიან, მოყვებიან ამბებს, დედები შვილებს მოიყვანენ ალუბლის ნამცხვრის საჭმელად და ბიჭები გოგოებს დაპატიჟებენ პაემნებზე. ჯუდი კი იმის მაგივრად, რომ ახლა შრი–ლანკის მცხუნვარე მზეს ეფიცხებოდეს, და თავისი ალუბლის ნამცხვრის რეცეპტზე მუშაობდეს, დგას ღამის ორ საათზე, ქუჩაში, საძულველი იარაღით ხელში და უკანალი ეყინება, და ფიქრობს რა თავში სახლელად სჭირდება სახელმწიფოს მისი ტანჯვა, თან თითებზე დარჩენილ თვეებს ითვლის. ენანება საათები, რომელსაც ჰაერის ყურებაში ატარებს, იმის მაგივრად, რომ სადმე მიმტანად მოწყობილიყო და მოგზაურობისთვის ფულის შეგროვება დაეწყო. ხანდახან ჩაეღიმება იმის გაფიქრებისას, თუ რა უაზროდ ხარჯავენ ფულს, ჯუდისნაერ ლაწირაკებზე ამხელა სტრუქტურები, როცა შეუძლიათ ამ ხელთათმანებში გადახდილი ფულით, რომლითაც ჯუდი წაყინული ნეკა თითის გათბობას ცდილობს ან იმ სადილში გადახდილი ფულით, რომელსაც ამ წამებში ჯუდის კუჭ–ნაწლავი ინელებს ერთი კარგი “ნავაროტკებიანი” ტანკი დაეთრიათ. არის მომენტები, როცა ჯუდს სისუსტე შეეპარება და “გეპეიში” მაინც ჩამებარებინაო გაიფიქრებს, როგორც ბევრმა მისმა ძმაკაცმა ჩააბარა. ზოგი მანქანათმშენებლობაზეა, ზოგი კავშირგაბმულობაზე და სხვა, თუმცა არც ჯუდმა და არც მისმა ძმაკაცებმა ზუსტად არ იციან რას სწავლობენ, სამაგიეროდ ყველა დახელოვნდა ჯოკერში და ხიშტი უკვე –400–ია. ჯუდი დგას და ითმენს, თან დღეებს და გარე განათების ბოძებს ითვლის, თუმცა მათემატიკაში ძლიერი არასოდეს ყოფილა. ერთი, ორი, სამი, ოთხი…. და ასე ოცდაშვიდამდე… და ასე დღე გამოშვებთ… და ასე ზაფხულამდე…და ასე უსასრულობამდე…და ასე მეორე ჯუდისნაერამდე…

განა ჯუდი თავისუფალია?

განა ჯუდის ცხოვრება საინტერესოა?

განა ჯუდი რამეს სწავლობს?

განა ჯუდი პაცეფისტია?

განა ჯუდი თავგადასავლებს ეძებს?

განა ჯუდი მოგზაურობს?

განა ჯუდი მეგობარია?

განა ჯუდს ჰყავს ცეცხლისფერთმიანი გოგო?

განა ჯუდი ოცნებობს?

განა ჯუდი ისევ ჯუდია?

მაგრამ ჯუდი ვალდებულია, ამას კი ვერაფერს მოუხერხებ.

დაწერეთ კომენტარი

დაგვიკავშირდით

ჩვენი მისამართები
პრაღაში:
RFE/RL Inc.
Georgian Service, Box 6
Vinohradska 159A
100 00 Prague 10
Czech Republic
თბილისში:
ძმები კაკაბაძეების 2
0108 თბილისი

ტელეფონი: +995 32 922 368 ან
+995 32 922 369 (თბილისი)
პირდაპირი ეთერის ტელეფონი თბილისში: +995 32 988 327

თქვენი მოსაზრებები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ფოსტით, იმეილით (tavisupleba@rferl.org), მობილური ტელეფონით ნომერზე 1510, ან დატოვოთ ავტომოპასუხეზე:
+420 221 124 117.

XS
SM
MD
LG