Accessibility links

უდანაშაულობის პრეზუმფცია


ავტორი: მარინა ქორელი

კომუნიზმმა მე-20 საუკუნის ისტორიის უდიდესი ნაწილი განსაზღვრა მისი სამოცდაათწლიანი არსებობის განმავლობაში ნახევარი მსოფლიო მოიცვა და პლანეტის მოსახლეობის ნახევრის მენტალიტეტი ჩამოაყალიბა. კომუნისტური სახელმწიფოები დღესაც არსებობენ და თუ ჩვენთვის არ არის ცნობილი ამ სახელმწიფოებში მოსახლეობის ფიზიკური განადგურების შესახებ, აშკარაა, რომ მათი დემორალიზაცია ძველი ტრადიციების დაცვით გრძელდება .

კომუნიზმის ისტორიკოსებისათვის მეტ-ნაკლებად რეალური სურათი მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოსათვის გამოიკვეთა, მას შემდეგ რაც არქივების ნაწილი გახდა ხელმისაწვდომი. ბევრი რამ ისეთიც გამოაშკარავდა, რაც ჩვენთვისაც, საბჭოთა კავშირში მაცხოვრებლებისთვისაც არ იყო ცნობილი. მაგრამ ბევრი, ბუნებრივია ისევ დამალულია. რუსული კომუნიზმის საიდუმლოებებს დღესაც ისევე სათუთად უფრთხილდებიან რუსეთის საიდუმლო სამსახურები, როგორც ლენინის ცხედარს მავზოლეუმში, ხოლო დანარჩენი კომუნისტური სახელმწიფოების ქრონიკები ისევ დახურული რჩება.

მიუხედავად მეტ-ნაკლები ხელმისაწვდომობისა კომუნიზმის თემა ისევ ორაზროვანი და ბუნდოვანია. ისტორიკოსები მას განიხილავენ როგორც უდიდეს საშიშროებას, რომელმაც, მადლობა ღმერთს, დასავლურ სამყაროს გვერდი აუარა და წარსულს ჩაბარდა. კომუნიზმი განიხილება როგორც არაპირდაპირი საფრთხე, და მას მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო სწავლობენ.

კომუნიზმი, როგორც იდეა, საუკუნეებს ითვლის. ამ იდეის რეალიზაციის მცდელობამ მხოლოდ მისი აბსურდულობა დაამტკიცა. მაგრამ თანამედროვე გაგებით კომუნიზმი იმ პიროვნებებთან არის გაიგივებული, რომლებმაც თავისი ქმედებებით კომუნიზმის სახელით მილიონობით ადამიანი აწამეს და დახოცეს, უფრო მეტი გადაასახლეს, ხოლო დარჩენილი მოსახლეობა უტყვ მონებად აქციეს.

სტალინის დანაშაულებების დაწვრილებით ჩამოთვლას აქ არც კი შევეცდები, ამაზე ბევრი დაწერილა და სურვილის შემთვევაში მხოლოდ მოძიებაა საჭირო. მაგრამ ის, რომ სტალინმა უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს და დანარჩენი საბჭოეთის ინტელექტუალურ ბაზას, არ მგონია საკამათო იყოს. საზოგადოების თითქმის ყველა ფენა კლასობრივ მტრად გამოცხადდა, არისტოკრატია, ბურჟუაზია, პროფესიონალები (”სპეცები”), ინტელიგენცია, გლეხები. ლოზუნგი ”მთელი ძალაუფლება პროლეტარიატს” თავისთავად განხორციელდა. ამიტომ არის, რომ ასეთი ”პროლეტარიატი” ჩვენი ქვეყნის სათავეებში მას შემდეგ დღემდე დგას.

სტალინმა გარდაცვალების შემდეგაც გააგრძელა მომწამვლელი ზეგავლენა.”ბელადის” გარდაცვალების შემდეგ მისი პოლიტიკის დაგმობამ და ადამიანის კულტის უარყოფამ სათავეში ახლად მოსული მაო გაანაწყენა ჩინეთში, და როგორც კარგ მოსწავლეს ევალება ”აჯობა” თავის მასწავლებელს. ჩინეთის კულტურულმა რევოლუციამ მეტი რაოდენობის ადამიანი იმსხვერპლა ვიდრე სტალინის რეპრესიებმა. მაოს გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ჩინელმა ხალხმა მისი მიღწევები ”დიდ შეცდომებად” და ”დიდ წარმატებებად” დაყო, პოლ პოტი განაწყენდა კამპუჩიაში და გადაწყვიტა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ სტალინზე და მაოზე მეტი შემართება გააჩნდა ნათელი კომუნიზმის ასაშენებლად და ხელოვნური შიმშილით ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედი გაწვიტა.

ისტორიკოსები მათთვის ხელმისაწვდომი მასალების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ კომუნისტურ რეპრესიებს 100 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. ამჟამინდელი კომუნისტური ქვეყნების მონაცემები რა თქმა უნდა არ არსებობს. ჩინეთის სტატისტიკა მხოლოდ მიახლოებითია. ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს 20 მილიონი ადამიანი გაანადგურეს საკონცენტრაციო ბანაკებში.

არავითარ შემთხვევაში არ ვადარებ ნაციზმსა და კომუნიზმს. არც ერთი არც უკეთესია და არც უარესია მეორეზე. ორივე ეს ფენომენი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უნდა იქნას განხილული და შეფასებული. მაგრამ თუ ნაციზმის მსხვერპლებმა ნიურნბერგის პროცესზე იხილეს სამართალი, კომუნიზმის მსხვერპლებისთვის, 50-იანი წლების ვითომ რეაბილიტაციას თუ არ ჩავთვლით, სამართალი ჯერ არ დამდგარა. უდანაშაულობის პრეზუმფცია ისევ ძალაშია.

მაგრამ აქ მარტო სამართლიანობაზე არ არის ლაპარაკი. ის ფაქტი რომ კომუნისტმა დამნაშავეებმა ის ყურადღება არ მიიღეს რაც ნაცისტებმა, ჩვენს მენტალიტეტზე და რეალობის აღქმაზე დღესაც მოქმედებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკლებლივ ყველა აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა რესპუბლიკების სათავეებშე ყოფილი კომუნისტები მოექცნენ. როგორ წარმოგიდგენიათ ყოფილი ნაცისტები გერმანიის მთავრობაში? ადვილად ვახერხებთ გავმიჯნოთ ჩვენი კომუნისტური წარსული და ჩვენი დღევანდელი ყოფა, შევქმენით მითი რომ კომუნისტურ სახელმწიფოში უკომპრომისოდ გადარჩენა შეუძლებელი იყო. იგივე კომპრომისებზე დაუფიქრებლად მივდივართ ყველა ახალი მთავრობის არჩევისას და ვპატიობთ ძველ ცოდვებს. ვერ ვეგუებით განსხვავებულ აზრს საბჭოთა ერთფეროვნებას შეჩვეულები.

ის მოსაზრება, რომ ჩვენს დღევანდელობაში ყველაფერი სხვისი ბრალია, მაგალითად წინამორბედი მთავრობისა, საზოგადოებისათვის მისაღები გახდა, რადგანაც ამისთითქმის საუკუნოვანი გამოცდილება გვაქვს. ასეთი აზროვნება პასუხისმგებლობისგან ავტომატურად გვათავისუფლებს, თაობები ასე აზროვნებას მიაჩვიეს. იმასაც მიჩვეულები ვართ, რომ წარსული წარსულს უსიტყვოდ უნდა ჩაბარდეს იმის იმედით, რომ ხვალინდელი დღე თავისთავად, რაღაც ზებუნებრივი მანქანებით, დღევანდელ დღეზე უკეთესი იქნება.

თავის დროზე, ან თუნდაც დაგვიანებით, კომუნიზმის დანაშაულებები ასეთებად რომ გვეღიარებინა, ალბათ კომუნისტები სათავეებს ისევ არ დაუბრუნდებოდნენ. ჩვენ კი უკეთესად მოვახერხებდით სიმართლის და ტყუილის გარჩევას. დავინახავდით, რომ კომუნიზმის ელემენტები დღესაც ჩვენი ყოფის დიდი ნაწილია და შესაძლოაოდესმე ასეთი ელემენტებისაგან საბოლოოდ გათავისუფლების სურვილიც გაგვჩენოდა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG