Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: მარიტა ჭეშმარიტაშვილი

წელიწადნახევარია, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ. როცა თვითმფრინავი ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტში ეშვება, ვგრძნობ, როგორ მეღვრება სითბო მთელს სხეულში და უნებურად ვიღიმი. იგივეს ვხედავ სხვა ქართველების სახეებზეც. ერთი სული მაქვს, თბილისს და სახლს როდის მივაღწევ.

თბილისისკენ მომავლს მახსენდება, რომ ორ კვირაში არჩევნებია. სხვადასხვა ზომის და ფერის საარჩევნო პლაკატების არშემჩნევა შეუძლებელია. ვხვდები, რომ ქვეყანა არჩევნების მოლოდინით ცხოვრობს და, მინდა თუ არ მინდა, მეც ამით ვიცხოვრებ მომდევნო 12 დღე. სამარშუტო ტაქსში ჩემს გვერდით გერმანელი ქალბატონი დიდი მოწიწებით და აღტაცებით მესაუბრება ჩემს სამშობლოზე. სწორედ ისე, ჩვენ რომ გვიყვარს და სიამოვნების ჟრუანტელი გვივლის უცხოელისგან საქართველოს ქება-დიდების მოსმენისგან. როგორც ყოველთვის, ახლაც პოლიტიკისკენ მიდის ჩვენი დიალოგი. ვხვდები, ჩვენს სტუმარს აინტერესებს, რას ვფიქრობ წინა და ახლანდელ მთავრობებზე. ყველანაირად ვცდილობ, სათქმელი ობიექტურად და თან ანალიტიკურად ჩამოვაყალიბო. რადგან ისე უყვარს აქაურობა, რომ წელს უკვე ორჯერ იყო აქ და ჩემზე ხშირადაც კი ჩამოდის, იმსახურებს სიმართლის ცოდნას. თუმცა მისი წინა და ახლანდელი მთავრობის შედარება პროვოცირებას იწვევს ჩემში და აშკარად ვღიზიანდები. საერთოდ არ მესმის, რატომ არის შედარება შეფასების საფუძველი. როცა ერთი უუნაროა, ეს არ ნიშნავს რომ მეორე უფრო უნარიანია. საკუთარ თავშეუკავლობაზე ვბრაზდები, როგორ შეიძლება უცნობთან პოლიტიკაზე კამათი და თან ამის სერიოზულად მიღება. ვცდილობ, დადებითი მუხტი დავუბრუნო ჩვენს საუბარს და სახალისო თემებს ვირჩევ. ნელ-ნელა გამომდის და მიხარია. ორივეს თვალში გვხვდება, სახლების და სხვა შენობების სიძველე და მოუვლელობა. ჩემთვის ვფიქრობ, რომ თუ ქართველი საკუთარ სახლს ვერ უვლის, ე.ი. უჭირს და ამის საშუალება არ აქვს. ნეტა ჩემი სახლი როგორ გამოიყურება? მასაც თუ გადაურა სიძველის ფერმა? ისიც თუ დაპატარავდა? გზად ხილის, თიხის ნაწარმის გამყიდვლებს, მწყემსებს ვხვდებით, ქართული საუბრები აღწევს ყურს. რამდენი ხანიც უნდა გავიდეს, რაც არ უნდა კარგად ვისწავლო რომელიმე ენა, ქართული იქნება ერთადერთი ენა, რომელსაც ყოველგვარი დაძაბვის გარეშე გავიგებ და რომელიც არ დამღლის. თუმცა მაინც მეუცხოვება ჩემი თავი ამ გარემოში. ვფიქრობ, რა დგას ჩემსა და მას შორის. წელწადნახევარი (მთლიანობაში 4 წელი)? თუ ის, რომ ასე შევეჩვიე უცხოდ ყოფნას და მშობლიურ გარემოს ვეღარ ვგუობ?

თბილისი, საცობები. როგორც იქნა თავისუფლების მოედანი და ბოლო გაჩერება. ჩემს გერმანელ თანამგზავრს ვემშვიდობები. 12 დღეში ისევ ერთად წავალთ აქედან ბერლინში. კოლმეურნობის მოედნისკენ ვეშვები. გული გამალებით მიცემს, ლამის ამომივარდეს. მიკვირს, როგორ ვერ ხვდებიან გამვლელები ჩემს გასაკუთრებულ განწყობას... მე ხომ ამდენი ხანია, აქ არ ვყოფილვარ, მე ხომ ასე მომენატრეთ. ყვავილებს ვყიდულობ დედაჩემისთვის. შუახნის გამყიდველი ქალი მეუბნება, რომ საშინლად სტკივა ნაღვლის ბუშტი და ძლივს დგას ფეხზე. უკვე ბნელდება (რამდენიმე დღის შემდეგ სწორედ აქ ააფეთქებენ ოპოზიციის ლიდერის მანქანას). ვურჩევ, სახლში წავიდეს და თავს მიხედოს. სიმძიმისგან გულის ცემა თავის რიტმს უბრუნდება. სახლი. დედაჩემი გულში მიკრავს და ტირის. მეც ვტირი და ტკივილს და სინდისის ქეჯნას ვგრძნობ. მოგვიანებით ჩემს საწოლში მეძინება და მიხარია, რომ წინ მთელი 12 დღე მაქვს აქ ყოფნისთვის.

მომდევნო დღეებში ახლობლებს ვხვდები, მათ ამბებს ვიგებ. ზოგი სამსახურიდან გაანთავისუფლეს, ზოგი ამერიკაში მიდის განუსაზღვრელი ვადით, ზოგი უკვე წასულა. ყველგან სადაც მივდივარ, ტელევიზორია ჩართული და მესმის, ფონიჭალაში 17 წლის ბიჭი მოკლეს საარჩევნო შეხვედრაზე, გორში კანდიდატს დაესხნენ თავს, ზუგდიდში ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სცემეს სასტიკად. ჟურნალისტი რესპოდენტს დასცინის აშკარად. ვიღაც ახალგაზრდა კაცი დღედაღამ ინტერვიუებს იძლევა და მეცოდება. ერთ-ერთი ნაცნობისთვის იმის ახსნა მიწევს, რომ ინდოელი სტუდენტები საქართველოში არაფერს აშავებენ და არ უნდა სძულდეს. მეორისგან ვიგებ, რომ ქალი მძღოლები არაადეკვატურები არიან და საერთოდ ქალისგან „ბევრს ვერ მოითხოვ“. მეგობრები მეტისმეტ სტრესზე და დაბალ ხელფასზე წუწუნებენ. ვისაც სამსახური აქვს, არჩევნების შემდეგ მისი დაკარგვის ეშინია. ვისაც არ აქვს, მისი შოვნის იმედი აქვს, ესეც არჩევნების შემდეგ.

ჩემი წამოსვლის წინა დღეა. თავისუფლების მეტროსთან მეგობართან შესახვედრად მივდივარ. მავიწყდება, რომ სწორედ ამ დროს აწყობს ოპოზიცია მიტინგს. საცობში ვხვდები. ავტობუსში ისმის სიმღერა კინოფილმიდან „აბეზარა“: „ჩემი საქმე საჭეა, საჭეა, მირჩევნია ყველაფერს, ყველაფერს...“ გარედან მანქანების სიგნალი და ხმაური აღწევს. ავტობუსიდან ჩამოვდივარ და ფეხით მივდივარ რუსთაველზე. საწინააღმდეგო მხრიდან აქციის მონაწილეები მოდიან, საქართველოს დროშები შემოუხვევიათ, ან მაღლა აწეულს აფრიალებენ, ვიღაც ბავშვები ბუკლეტებს მაჩეჩებენ ხელში. მე არ ვართმევ. შემთხვევით გამვლელის დროშაში ვეხვევი. კანზე მბურძგლავს. მინდა ვიყვირო, რომ ძალით ნუ მხდიან რაღაცის ნაწილად, მაგრამ მანქანებისა და აღტკინებული ბრბოს ხმაურში აზრი არ აქვს ჩემს ყვირილს. მეშინია. მახსენდება, რამდენჯერ მინახავს ამ ადგილას მსგავსი ან უარესი სიტუაცია და კიდევ ერთხელ მბურძგლავს. როგორც იქნა, მეგობარს ვპოულობ, იქაურობის გასარიდებლად მთაწმინდაზე ავდივართ. ბოლოჯერ შევდივარ ეკლესიაში და მშვიდობიანი მგზავრობისთვის ვლოცულობ.

მეორე დღეს ღამით ქუთაისის აეროპორტისკენ მივდივართ. გვერდით ისევ ის გერმანელი ქალბატონი მიზის. მიყვება თავის დატვირთულ ემოციებზე. მე თვალებს ვხუჭავ და ამ თავბრუდამხვევი მდგომარეობიდან გამოსვლას ვცდილობ. დიახ, ამ თორმეტი დღის მანძილზე განცდილმა და მოსმენილ-დანახულმა თავბრუ დამახვია. ზუსტად ასე თავბრუდახვეულიამთელი საქართველოც, უკვე რამდენი წელია. მერე ჩემი სახლი მახსენდება, როგორ დაპატარავებულა...

დილით ბერლინის აეროპორტიდან გამოვედი, როგორც ყოველთვის წვიმს. ვგრძნობ, როგორ მიხარია სიმშვიდეში დაბრუნება და ისევ სინდისი მქეჯნის.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG