Accessibility links

logo-print

რატომ გვიჭირს წარსულის გააზრება?


ავტორი: მიხეილ სარჯველაძე

მგონია, რომ ქართველებს რატომღაც გვიყვარს ისტორიული ფაქტების თუ ცალკეული მოვლენის გაბუქება. ისტორიას კი ფაქტები უყვარს, ფაქტებს შესაბამისი წყაროებით ჭირდება გამყარება და წყაროების ერთმანეთთან შედარება. ის რომ საუკუნეების სიღრმეებში ჩვენი წინაპრების მიერ ჩადენილი გმირობებით ვამაყობთ და არა იმით, რაც ჩვენ შევქმენით, თანაც ამ დროს უახლოეს წარსულზეც კი არ ვფიქრობთ, გასაკვირია.

გასაკვირია, რადგან რეალურად და ლოგიკურად უახლოესი წარსული უფრო უნდა იყოს უახლოესი მომავლის განმსაზღვრელი და საფუძველი ვიდრე ზაქარია მხარგრძელის სილა, რომელიც ამირსპასალარმა რუქნადინის ელჩს გააწნა. წინა ბლოგში დავწერე ქართულ პარადოქსზე, რომ ქვეყანაში გვაქვს ოკუპაციის და ასევე სტალინის მუზეუმი, რომელიც პოზიტიურად წარმოაჩენს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველა დიდ დესპოტს. თუმცა ჩვენ, როგორც საზოგადოებას ეს პარადოქსი არ გვაღელვებს. არ გვაღელვებს იმიტომ, რომ გვიყვარს პარადოქსები თუ არ გვაღელვებს იმიტომ, რომ რეალურად არ ვიცით საკუთარი ისტორია და არც გვაინტერესებს?!

სტალინის მუზეუმის ამ ფორმით არსებობა, რომ ქვეყნის სირცხვილია ტურისტების(რომელთა დიდი ნაწილი სწორედ მუზეუმის გამო დაგვცინის) გორში ჩასვლის ფასად, ნუ დაგვავიწყდება. პოლიტიკას ხმების დაკარგვის ეშინოდა და ეშინია. ისტორიკოსების ხმა არ ისმის. სკოლებში სტალინიზმის პერიოდი სათანადოდ არ ისწავლება. საბოლოოდ კი საზოგადოება ინდიფერენტულია საბჭოთა წარსულის მიმართ.

მალე თებერვალი დადგება და ისევ გაგვახსენდება ლექსი თალხით დაბურულ თბილისზე.ამავდროულად სიღრმისეულად არ დავფიქრდებით იმაზე, თუ როგორ შეცვალეს ბოლშევიკებმა 1921 წელს ისტორიის მსვლელობა თითოეული ქართველისთვის, მათ შორის თქვენთვის და ჩემთვის. ისტორიას სპეკულაციაც არ უყვარს, მაგრამ მაინც გვაქვს ფიქრის უფლება, წარმოვიდგინოთ რა მოხდებოდა, როგორ განვითარდებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და საზოგადოება, პირველ ქართულ რესპუბლიკას არსებობა, რომ გაეგრძელებინა. თუნდაც რამდენიმე წლით...რა იცის საზოგადოების დიდმა ნაწილმა პირველ ქართულ რესპუბლიკაზე? რესპუბლიკის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე? რა იცის საზოგადოების დიდმა ნაწილმა სტალინიზმის პერიოდის ე.წ. დიდი ტერორზე? ეჭვი მაქვს, რომ გამოკითხვის შემთხვევაში ზედაპირზე მოგვიწევს დარჩენა. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია.

მართალია გვიკვირს, თუ რატომ ფერხდებოდა ჩვენი დემოკრატიული განვითარება 90-იან წლებში, მაგრამ რატომ არ გვიკვირს, თუ როგორ უნდა აეშენებინა ექს-კომუნისტურ ელიტას დემოკრატია? ვინ გაანადგურა ქართული ეკონომიკა ტრანფორმაციის პროცესის დასაწყისშივე? ისევ იმ ხალხმა ვინც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ჩრდილოვანი ეკონომიკის ჩრდილში საქმოსნობდნენ და კომბინატების მორჩილი დირექტორებიდან ველურ კაპიტალისტებად გარდაიქმნენ. ანუ ისევ ჩვენ გავყიდეთ უცხოეთში ჯართის თუ ოქროს ფასად საკუთარი ეკონომიკა. ამ ყველაფერს 90 იანების დასაწყისში გამეფებული ქაოსიც დაეხმარა.

რატომ არ ვეკითხებით საკუთარ თავს, რატომ სხედან ჩვენს მიერ არჩეულ პარლამენტში დღეს, 2015 წელს (ორივე დიდ ფრაქციაში) ყოფილი რაიკომის მდივნები? დავიჯეროთ, რომ ეს ადამიანები შეძლებენ საქართველოს დემოკრატიზაციას, იგივეა, როცა შევარდნაძის ჩამოყვანის პერიოდში ხალხი დააჯერეს, რომ ის იყო დემოკრატიის შუქურა და საქართველოს ხსნის ერთადერთი გზა. და ვინ უთხრა ხალხს ეს ყველაფერი? ექს-საბჭოთა ელიტამ, რომლის საბჭოთა დროინდელ კომფორტს დამოუკიდებლობის მოპოვებით საფრთხე შეექმნა (+გამსახურდიას მზარდი ავტორიტარიზმი).

გვიკითხავს რომელიმე ჩვენგანს ჩვენი ბაბუებისთვის და ბებიებისთვის, მშობლებისთვის თანამშრომლობდნენ თუ არა კგბ-სთან? ალბათობის პრინციპიდან და კგბ-ს სტრუქტურიდან გამომდინარე რეალურად მოსალოდნელია, რომ გარკვეული ნაწილი თანამშრომლობდა, თუნდაც ისინი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას გულმხურვალედ უჭერდა მხარს (ერთი მეორეს არ გამორიცხავს). მაგალითისთვის აღმოსავლეთ გერმანიში ფაქტიურად ყოველი მეორე ადამიანი შტაზის, ანუ გერმანული კგბ-ს აგენტი იყო. ვიცით საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამეტში ან მთავრობაში რამდენი კგბ-ს ყოფილი (როგორც ამბობენ ყოფილები არ არსებობენ) ან აქტუალური თანამშრომელი იჯდა? არ ვიცით, რადგან ლუსტრაცია რათქმაუნდა არ შედიოდა იმ ელიტების ინტერესებში, რომლებიც თავად გახდებოდნენ ლუსტრაციის „მსხვერპლი“.

სტალინიზმის და მისი შემდგომი პერიოდის გააზრება, პირველ რესპუბლიკაზე უფრო მეტის ცოდნა, ვერ მოაგვარებს სოციალურ პრობლემებს და ვერც უმუშევრობის დონეს შეამცირებს, მაგრამ უფრო კარგად გვეცოდინება ჩვენი თავის ამბავი. როცა ჩვენი თავის ამბავი გვეცოდინება, უფრო რეალურად შევხედავთ ქვეყნის აწმყოს და მომავალს და არ ჩამოვეკიდებით მხოლოდ დიდგორის ბრძოლას, თუ ერეკლე II-ს ერთფუთიან ხმალს...საქართველოს წარსული უდაოდ ერთი დიდი ბრძოლაა, რომელშიც ყველა იმ გმირმა, რომლებსაც ისტორიიდან ვიცნობთ უდაოდ დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ ნუ დავაბრმავებინებთ საკუთარ წარსულს თავს. ეს იმ დროს, როცა ფართო მასშტაბით უახლოესი წარსულის გააზრებაც არ დაგვიწყია. და რომ არ დაგვიწყია ამის ნატელი მაგალითი ბელადის სამარცხვინო მუზეუმია ქალაქ გორში. როცა ჩვენს ახლო წარსულს გავიაზრებთ და დასკვნებს გამოვიტანთ, ნაკლებ შეცდომებს დავუშვებთ სამომავლოდ. ზოგადად წარსულის გასააზრებლად საზოგადოების მზაობაა საჭირო, შესაფერისი მომენტის პოვნა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს პროცესი მანამდე უნდა გაიყინოს და ველოდოთროდის დადგება სათანადო წამი - წამი ძირეული საზოგადოებრივი ცვლილებებისა. არ უნდა ველოდოთ, რადგან ისტორია - ეს პროცესია, ისევე როგორც ჩვენი აწმყო და ჩვენი მომავალი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG