Accessibility links

logo-print

ევროპული ამნეზია და ჰომო სოვიეტიკუსი


ავტორი: მიხეილ სარჯველაძე

რამდენიმე დღის წინ გერმანელი მწერლის მარკო მარტინის საინტერესო კომენტარს წავაწყდი Neue Züricher Zeitung-ში. მარტინის აზრით დასავლეთ ევროპას ისტორიული ამნეზია დაემართა, რადგან მას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან სჯეროდა, რომ აწ უკვე ყოფილი საბჭოთა საზოგადოება და პოლიტიკა მალე მიიღებდა იმ ფორმებს, რომელიც დასავლეთისთვის იყო მისაღები. დასავლეთის სურვილი სურვილად დარჩა. აღნიშნულ სურვილს და აქტუალურ რეალობას შორის საბჭოთა კავშირის დაშლიდან ორი ათწლეულის შემდეგ ჯერ კიდევ ძალიან დიდი სხვაობაა. რაც პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ რუსეთში ფაქტიურად არ მომხდარა ელიტების ცვლილება, ბობოლა კომუნისტები გახდნენ კაპიტალისტ-პარლამენტარები და რაც მთავარია არ მომხდარა კომუნისტური წარსულის გააზრება. ის ფაქტი, რომ ელცინის პრეზიდენტობისას წარმოშობილ მეტნაკლებად თავისუფალ სივრცეში დაიწყო საშუალო ფენის წარმოქნის პროცესი, დარჩა ფაქტად განსაკუთრებით კი ჩეჩნეთის ომის დროს, როცა ეს ფენა დუმდა. ამავდროულად დასავლეთი ზეიმობდა ცვლილებებს რუსეთში და ფანტაზიორობდა რუსული საზოგადოების სწორ გზაზე, ლიბერალურ ტრანსფორმაციაზე. არც რუსეთის ახალი პრეზიდენტის მიერ გროზნოს დანგრევას და მარიონეტული რეჟიმის ინსტალირებას, ისევე როგორც ომს საქართველოს წინააღმდეგ, არ გამოუწვევია რუსულ საზოგადოებაში ფართო პროტესტი. მითუმეტეს არ აგორებულა საპროტესტო ტალღა, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

დასავლეთს მაინც, ჯერ კიდევ სჯერა იმის, რისიც სჯეროდა საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში, რადგან მან ამ პერიოდის მანძილზე ვერ გაიაზრა იმ 70 წლიანი პროცესის ხასიათი, რომელიც 1917 წლიდან ძალადობაზე დაფუძნებული საბჭოთა იმპერიის უმთავრესი ელემენტი იყო. საბჭოთა კავშირში გლეხები ან გააქრეს ან აიძულეს კოლმეურნეობებში გაწევრიანებულიყვნენ, მილიონობით ადამიანის იძულებით მუშაობის ხარჯზე მოხდა მძიმე ინდუსტრიის განვითარება, პროლეტარების კლასიდან წარმოშობილი ინტელექტუალები სისტემაზე იყვნენ მჭიდროდ მიბმული და თაობიდან თაობამდე ხდებოდა ადამიანების ტვინის რეცხვა პარტიის სასარგებლოდ. ექსპერიმენტი, რომლის მიზანიც ახალი საბჭოთა ადამიანის - ჰომო სოვიეტიკუსის შექმნა იყო, წარმატებით შედგა. დასავლეთის სიბრმავე, როცა ის ცდილობს რუსეთის ქმედებები თავად რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე ქმედებად აღიქვას და ახსნას, განპირობებულია იმ მცდარი სათვალით, რომლითაც დასავლეთი რუსეთს უყურებს.

ის რომ ძალადობით, გადასახლებებით, იძულებით მუშაობით, პირადი სივრცის ოკუპაციით, მასობრივი მკვლელობებით დაწყებული ექსპერიმენტის შედეგი, ვერ გარდაიქმნება იმ საზოგადოებად, როგორიც დასავლურია, იყო დასავლეთის გულუბრყვილო და ზედაპირული დამოკიდებულება ისტორიის მიმართ. სწორედ ამ მომენტს უწოდებს მარტინი ისტორიულ ამნეზიას, რადგან ევროპამ ვერ გაიგო ვერც 1917 წელი, ვერც 1989 წელი, ვერც დროის მონაკვეთი ამ ორ თარიღს შორის და ასევე არ ესმის თუ რა ამოძრავებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. თავად დასავლეთში, განსაკუთრებით კი გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო და ეთმობა საკუთარი ისტორიის გააზრებას. წარსულის გააზრება გულისხმობს იმ ნეგატიური, დამამძიმებელი ასპექტების გააზრებას და დაძლევას, რომელიც წარსულში მომხდარმა მოვლენათა ჯაჭვმა გამოიწვია ამ მოვლენების მომსწრე, ან შემდგომ თაობებში. წარსულის გააზრება პირველ რიგში დაკავშირებულია გერმანიის მაგალითზე ნაცნიონალ- სოციალიზმის, ჰოლოკოსტის, რასიზმის, აღმოსავლეთ გერმანიაში არსებულ რეჟიმის, გერმანიის გაყოფის და გაერთიანების თანმდევი ასპექტების გააზრებასთან და ანალიზთან. მიუხედავად მცდელობისა მაქსიმალურად მომხდარიყო წარსულის ანალიზი საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის მაინც არ იყო საკმარისი და მაგალითად ცნობილი 68-იანი წლების მოძრაობა დასავლეთ გერმანიაში, ნაცისტური წარსულის უფრო ინტენსიურ, კოლექტიურ გააზრებას ითხოვდა. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, განსაკუთრებით კი რუსეთში პირიქით სტალინის პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინისვე პოპულარობას თუ არ უსწრებს, არც ჩამორჩება. არ დაწყებულა არც წარსულის გააზრების პროცესი და დისიდენტური მოძრაობების წარმომადგენლები ფაქტიურად ჰაერში გამოკიდებულები დარჩნენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. არ დაწყებულა რადგან თავად საზოგადოებას არ ჰქონია მისი გააზრების მოთხოვნილება და ელიტებს, როგორც ყოფილ კომუნისტებს მითუმეტეს. პირიქით წარსულის სურათებით, სიდიადით სპეკულირება გახდა განსაკუთრებით პუტინის პრეზიდენტობისას რუსული ელიტების მძლავრი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცემლად და აგრესიული საგარეო პოლიტიკის წარმოების გასამყარებლად. ტვინის რეცხვა გაგრძელდა, გაგრძელდა ოღონდ ძველი იდეებით და ახალი მეთოდებით. დასავლეთის პრობლემა სწორედ ისაა, რომ ის აღიქვამს რუსულ საზოგადოებას ისე, როგორიც დასავლეთს სურს რომ იყოს ეს საზოგადოება. რუსეთის მოსახლეობის აბსულუტური უმრავლესობა კი ამ დროს უდტრვინელად იტანს იმ სოციალურ უთანსწორობას, გაჭირვებას, ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც რუსეთში სუფევს რუსეთისთვის არაფრისმომტანი ტერიტორიების ანექსიის ხათრით. ჰომო სოვიეტიკუსი არ გამქრალა და მას მძლავრად აქვს ფესვები გადგმული არამხოლოდ საბჭოთა კავშირში სოციალიზირებულ ადამიანთა თავებში, არამედ მათ შთამომავლებშიც.

სულ რაღაც სამი წლის წინ საქართველოში კარნეგის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოკითხულთა 45 პროცენტი დადებითად იყო განწყობილი სტალინის მიმართ. ეს შედეგი საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წელზე დიდი ხნის შემდეგ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამხელა ცარიელ, შავ სივრცეს წარმოშობს საბჭოთა წარსულის არგააზრება და არგააზრების შედეგები. ის, რომ საბჭოთა კავშირმა და სტალინმა მოიგო მეორე მსოფლიო ომი და მიუხედავად იმისა, რაც უნდა ჩაედინა, მხოლოდ ამის გამო უნდა ვცემდეთ პატივს, არის ყველაზე უაზრო არგუმენტი რაც მსმენია, თუმცა ამავდოულად სტალინის ფანების უმთავრესი არგუმენტი. ამ არგუმენტის გაქარწყლება ძალიან მარტივია მითუმეტეს ქართული პერსპექტივიდან, რადგან ომამდე იყო პირველი ქართული რესპუბლიკის ოკუპაცია ბოლშევიკების მიერ, აფხაზეთისთვის სოციალისტური რესპუბლიკის და ცხინვალის რეგიონისთვის ავტონომიის სტატუსის მინიჭების ფაქტი ასევე ბოლშევიკების მიერ. ამ ნაბიჯით ფაქტიურად ჩაიდო ე.წ. დროის ბომბები მოვლენების კომუნისტებისთვის არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში და შედეგს დღეს ვიმკით. დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა საქართველო იბრძვის საკუთარი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად, რადგან ვერ აკონტროლობს საკუთარ ტერიტორიების და საზღვრების გარკვეულ ნაწილს. ამ ყველაფრისთვის „მადლობა“ იმ სტალინს და კომუნისტებს უნდა ვუთხრათ, რომლის მიმართაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დადებითადაა განწყობილი. მასობრივ რეპრესიებზე და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე, რომ აღარაფერი ვთქვათ. სტალინის გამორჩეული აქტიურობით მოხდა ერთი წლით ადრე თავად ბოლშევიკების მიერვე აღიარებული საქართველოს რესპუბლიკის დაჩქარებული ოკუპაცია, იძულებით გაწევრიანება (მოგვიანებით მეორე მსოფლიო ომში ჩაბმულ) საბჭოთა კავშირში და მოსახლეობის გაწირვა 70-წლიანი ტოტალიტარიზმისთვის.

დასავლეთი ზედმეტად ოპტიმისტურად აღიქვამს რუსული საზოგადოების განვითარებას და ტყუილად აქვს იმედი, რომ სანქციების ამ დონით ის რუსი ხალხის გავლით ელიტებზე ზეწოლას მოახდენს, რადგან როგორც აღვნიშნე ევროპაში არაა სათანადოდ გააზრებული ის საზოგადოებრივი გარდატეხები, რომელთა განხორციელებაც ბოლშევიკებმა დაიწყეს ჰომო სოვიეტიკუსის სახით. ჰომო სოვიეტიკუსი ემორჩილება სისტემას, რადგან სისტემა არაა შემწყნარებელი და განსხვავებულს ანადგურებს. ეს ყველაფერი ათწლეულების განმავლობაში დაილექა საბჭოთა ადამიანის ცნობიერებაში და შესაბამისად არ უჩნდება რუსეთის რიგით მოქალაქეს (მინიმუმ ძალიან დიდ უმრავლესობას) უსამართლობის და პროტესტის შეგრძნება, როცა რუსეთი მავთულხლართებს აგებს საქართველოს ტერიტორიაზე ან არღვევს უკრიანის სუვერენიტეტს. დასავლეთს ასევე კარგად არ ესმის ჩვენი მისწრაფებები ევროპული ოჯახისკენ. არ ესმის რადგან მან ვერ გაიაზრა ის ტანჯვა და წამება, რომელიც თავის დროზე ერთა ლიგაში არმიღებულმა საქართველოს რესპუბლიკამ განიცადა 1921 წელს და 1921 წლის შემდეგ. ჰომოსოვიეტიკუსი ინერციით განაგრძობს არსებობას, თქვენში და ჩემში, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში მხოლოდ დავიბადე...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG