Accessibility links

logo-print

მეხუთე კოლონა, მათრახი და ბოსტნეული


ავტორი: მიხეილ სარჯველაძე

როცა 1936 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომში აჯანყებულების ლიდერი გენერალი და მომავალში დიქტატორი ფრანკო მადრიდის ასაღებად ემზადებოდა, მისმა ერთ-ერთმა გენერალმა მოლამ აღნიშნა, რომ მადრიდის დასაპყრობად მას ოთხი კოლონა ჰყავდა, მეხუთე კი ქალაქში ელოდებოდა. მეხუთე კოლონაში მოლამ აგენტების და ფრანკოს მხარდამჭერების არმია იგულისხმა, რომელიც მადრიდში ფრანკოს შესვლას არათუ ამზადებდნენ, არამედ სულმოუთქმელად ელოდებოდნენ. მას შემდეგ მეხუთე კოლონას უწოდებენ იმ საეჭვო დაჯგუფებას, რომელიც ცდილობს არსებული მოცემულობის, წესრიგის შეცვლას უცხო, მტრული ძალის სასარგებლოდ. 1936 წლიდან მეხუთე კოლონა გამოყენებული იქნა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მიერ სხვადასხვა ქვეყნების დაპყრობის კონტექსტში. მაგალითად მას შემდეგ რაც 1940 წელს მესამე რაიხის ძალებმა ნორვეგია დაიპყრო, Chicago Daily News-ის სპეციალურმა კორესპოდენტმა ნორვეგიაში ლელანდ სტოვიმ რედაქციასშემდეგი შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა: „ეს უმნიშვნელოვანესი ცნობაა, რომლის დაწერის შესაძლებლობაც კი ოდესმე მქონია. გერმანელებმა ნორვეგიის დედაქალაქი და ყველა დიდი ნავსადგური ფაქტიურად წინააღმდეგობის გაწევის გარეშე წარმოუდგენლად მოკლე დროში აიღეს. ვფიქრობ რომ საქმე გვაქვს ბოლო საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე დიდი მასშტაბის შეთქმულებასთან.“

თუმცა არა მხოლოდ ჰიტლერმა, ან გენერალმა მოლამ იცოდნენ მეხუთე კოლონის „ფასი“, არამედ ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ბოლშევიკებმაც. ოკუპაციამდე ერთი წლით ადრე პირველი ქართული რესპუბლიკის სათავეში მყოფმა მენშევიკებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი პოლიტიკური გამოუცდელობა და იმ იმედით, რომ რუსეთის მიერ აღიარება გაამყარებდა საქართველოს საერთაშორისო პოზიციას 1920 წლის მაისში საბჭოთა რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელმაც ბოლშევიკებს საქართველოში სამოქმედოდ ხელ-ფეხი გაუხსნა. ხელშეკრულების საიდუმლო დამატება კომუნისტურ ორგანიზაციებს საქართველოში ლეგალურად საქმიანობის უფლებას აძლევდა, რამაც პირდაპირი ასახვა ჰპოვა საქართველოს კომუნისტური პარტიის შექმნაში და რუსეთის საელჩოს თანამშრომლების რაოდენობის არაბუნებრივ ზრდაში. თუ მანამდე საბჭოთა მეხუთე კოლონა მეტნაკლებად დაფარულად ებრძოდა ქართულ სახელმწიფოს, 1920 წლის მაისიდან ის უკვე ღიად ცდილობდა არსებული მთავრობის დისკრედიტაციას და ზოგადად ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას წითელი არმიის შემოსვლისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. ეს ყველაფერი რომ საქართველოს ოკუპაციით დამთავრდა ცნობილია, ანუ ქართველების გარკვეული რაოდენობისთვის საყვარელი სტალინის და ზოგადად ბოლშევიკების მიერ ინსტალირებულმა მეხუთე კოლონამ დავალება პირწმინდად შეასრულა.

მეხუთე კოლონის არარსებობას საქართველოში დღესაც არ „ვუჩივით“. სამ სექტემბერს საქართველოში არსებული ევრაზიული ინსტიტუტი ამერიკის საელჩოსთან მართავს აქციას სახელწოდებით „არა ნატოს“. აღნიშნული ინსტიტუტი თუკი მათ ვებსაიტს დავუჯერებთ რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენას და ამ ურთიერთობების ანალიზს ისახავს მიზნად. თუმცა ფაქტია, რომ ინსტიტუტის წარმომადგენლების სტატიები თუ განცხადებები არა მხოლოდ საეჭვოდ, არამედ ფაქტიურად ერთი-ერთში ემთხვევა კრემლის რიტორიკას. ამ არგუმენტის გასამყარებლად სულაც არ არის საჭირო მატერიაში ჩაღრმავება, საკმარისია ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიებს გადავავლოთ თვალი. სტატიების შინაარსზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ ევრაზიული ინსტიტუტის ძირითადი მესიჯია ის, რომ ევროპა და ზოგადად დასავლეთი გარყვნილია, ერთმორწმუნე რუსეთი კი მხსნელი, რომელიც ღვთის წყალობით ევროპული წუმპიდან ამოსაყვანად მოგვევლინა. ევრაზიის ინსტიტუტი ისევე როგორც მისი იდეოლოგიური მამა ვლადიმერ პუტინი მტრის ხატს ქმნის დასავლეთისგან იმ მოტივით, რომ ის ჩვენთვის უძვირფასეს ღირებულებებს - ჩვენს ტრადიციებს და რელიგიას გაქრობით ემუქრება. რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე ომს, ევრაზიული ინსტიტუტი წერს, რომ ეს არის ბრძოლა მართლმადიდებლების წინააღმდეგ, რომელიც დასავლურმა სახელმწიფოებმა გააჩაღეს. არადა ამ დროს 2008 წლის შემდეგ მთელმა მსოფლიო ხედავს რუსული აგრესიის კიდევ ერთი გამოვლინებას ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის დაწყების სახით. ასევე მონდომებით ქადაგებს ევრაზიული ინსტიტუტი ევრაზიის კავშირში საქართველოს შესვლის აუცილებლობას. კავშირში, რომელიც ავტორიტარული და დიქტატორული სახელმწიფოების მიერ დაარსდა და რომლის სათავეში რუსეთი დგას არქაული იმპერიული აზროვნებით და სუსტი ეკონომიკით. გარდა ამისა ნებისმიერი გაერთიანება პოსტ-საბჭოთა სივრცეში რომელიც იქმნება რუსეთის ინიციატივით, ან თანამონაწილეობით წინასწარ განწირულია გადაიქცეს ორბიტად რუსული იმპერიული იდეის ირგვლივ. ამის საუკეთესო მაგალითია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომელიც მიუხედავად მისი ოცწლიანი არსებობისა ე.წ. ქაღალდის ვეფხვად, ანუ უფუნქციო ორგანიზაციად რჩება. რუსეთი ვერ ეგუება სწორედ იმ ფაქტს, რომ საქართველო და უკრაინა ცდილობს გავიდეს იმ სივრციდან, რომელსაც რუსეთი საქართველოს შემთხვევაში ორასი წელიწადია რუსული იმპერიის ნაწილად აღიქვამს, უკრაინის შემთხვევაში კი რუსული სახელმწიფოს საწყისად. ამ გარღვევის საწინააღმდეგოდ კრემლი ყველა საშუალებას მიმართავს, დაწყებული მავთულხლართებით და დამთავრებული ღია ომით თუ ფსევდო-რეფერენდუმით ტერიტორიების მიერთებით. შესაბამისად ნუ გვექნება ილუზია, რომ ევრაზიის კავშირში შესვლით კრემლი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს. პირიქით ჩვენ დავუბრუნდებით სივრცეს, რომელიც მხოლოდ პირობითადაა პოსტსაბჭოთა. ასევე ნუ გვექნება ილუზია, რომ იმ ფონზე როცა ჩვენი პარტნიორები რუსული აგრესიის შეჩერებას სანქციებით ცდილობენ, რუსული ტანკები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ჩვენ რუსეთში ექსპორტირებული ნიახურის ხარჯზე შევძლებთ ერთმოწრმუნე კოლონიზატორთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას.

თითოეულმა ქართველმა ყოველდღე უნდა გაიაზროს ისტორიის ის გაკვეთილები, რომელიც რუსეთთან, რუსულ მეხუთე კოლონასთან მიმართებაში უკვე იწვნია ქართულმა სახელმწიფომ და არამარტო საქართველომ. რომელიმე პარტიის მხარდამჭერი პოპულისტური კი არა, არამედ საკუთარი მსჯელობის საფუძველზე უნდა უთხრას თითოეულმა ჩვენგანმა ევრაზიული ინსტიტუტის წარმომადგენლებს 3 სექტემბერს, რომ ისინი წარმოადგენენ რუსეთის მეხუთე კოლონას საქართველოში. თუ ჩვენ არ ვეტყვით მათ ამ სიტყვებს და მივცემთ მოქმედების საშუალებას, დარწმუნებულები იყავით, რომ უახლოეს მომავალში ისევე უბრძანებს პუტინი მის რომელიმე გენერალს, როგორც სტალინი 1921 წლის თებერვალში წითელი არმიის მეთაურ და თბილისის მისადგომებთან მყოფ ორჯონიკიძეს: „დასტურია, აიღე ქალაქი!“

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG