Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორი პარიზში და საქართველო


ავტორი: მიხეილ სარჯველაძე

პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტები ამჟამად რადიკალურად ცვლის განწყობას დასავლეთს და რუსეთს შორის. აღნიშნულ ცვილებებზეა დამოკიდებული საქართველოს უახლოესი მომავლის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, განსაკუთრებით კი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თვალთაზრისით. რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ევროპაში ტერორიზმის - ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სირიიდან და ერაყიდან დაბრუნებული მებრძოლების იარაღად გამოყენებამ, ევროპულ ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ და უსაფრთხოების ზომების უკიდურესად გამწვავებამ საქართველოზე?! რატომ გახდა რუსეთი ისევ მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ევროპისთვის, რომელიც რუსეთს სულ ცოტა ხნის წინ საფრთხედ აღიქვამდა და რომლის ერთ-ერთ ძირითად მონაპოვრად სწორედ სიმშვიდე და სტაბილურობა ითვლება?!

უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა და ყირიმის ანექსიამ მსოფლიო მედია ახალ ცივ ომზე აალაპარაკა. ისევე როგორც 2008 წლის აგვისტომოს ომის დროს, ოღონდ აგვისტოს ომისგან განსხვავებით უკრიანაში მიმდინარე ომმა რუსულ-დასავლურ ურთიერთობებში ბზარი გააჩინა ორივე მხარისთვის ისეთ მნიშვნელოვან სფეროშიც კი, როგორიც ეკონომიკური ურთიერთობებია. ამ დროს გასათვალისწინებელია, რომ რუსეთისთვის ევროკავშირი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. თავის მხრივ ევროკავშირი საჭირო ნავთობის 20% და გაზის დაახლოებით 45% რუსეთიდან იღებს. ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობის დესტაბილიზაციის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისადმი 2014 წლის ზაფხულში დაწესებულმა სანქციებმა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა 6 თვით გაახანგრძლივა, შესამჩნევად გააფუჭა ევროპულ- რუსული ურთიერთობები და ასევე შესამჩნევი ზიანი მიაყენა რუსულ ეკონომიკას.

პარიზის ტერაქტებამდე სანქციების დამსახურებით გაუარესებულმა სავაჭრო ურთიერთობებმა, რუსეთის იზოლირებამ დიდი რვიანიდან - მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოების კლუბიდან, ობამას მიერ რუსეთის რეგიონალურ ძალად და მსოფლიოსთვის საფრთხედ შეფასებამ, ნაწილობრივ რუსეთის იზოლაცია გამოიწვია დასავლური პოლიტიკის მიერ. სექტემბრის ბოლოს პრეზიდენტმა პუტინმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამოსვლისას სირიაში ე.წ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტი-ტერორისტულ ბრძოლებში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადა, თუმცა დასავლეთის მოლოდინის საწინააღმდეგოდ არა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს, არამედ დიქტატორ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი ე.წ. ამბოხებულების პოზიციების დაბომბვა დაიწყო. სირიაში და ერაყში დაძაბულობის ესკალაციასთან ერთად გაიზარდა დევნილების რიცხვი ევროპაში და ეს პროცესი რუსეთის სირიაში გააქტიურებამ უფრო მეტად ინტენსიური გახადა. ევროკავშირი, პირველ რიგში კი გერმანია უაზრამაზარი გამოწვევის წინაშე დგას. გერმანიის მთავრობა წლის ბოლომდე გერმანიაში დაახლოებით ერთი მილიონი არალეგალური მიგრანტის შესვლას ვარაუდობს. მხოლოდ 2015 წელს წლის ბოლოს ლტოლვილების შენახვის ღირებულება გერმანიას 21 მილიარდი ევრო დაუჯდება.

პარიზის მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა საერთო სურათი და თურქეთში მიმდინარე დიდი ოცეულის შეხვედრაზე პუტინთან საუბარი გამართა ყველა მნიშვნელოვანმა დასავლელმა ლიდერმა, მათ შორის ობამამ. რეალისტური მიზეზებიდან წარმოშობილმა საჭიროებამ განაპირობა დასავლური პერსპექტივიდან რუსეთთან კომუნიკაციის ინტენსიურად აღდგენის საჭიროება. პირველ რიგში ევროკავშირი, უფრო კონკრეტულად კი საფრანგეთი და გერმანია სირიაში არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს მხოლოდ რუსეთის დახმარებით ხედავენ. ამერიკის შეერთებულ შტატებს რეალურად არ აწუხებს ის პრობლემები, რომლებიც სირიაში დაპირისპირების შედეგად წარმოიშვა, რადგან ლტოლვილების ნაკადი პირველ რიგში ბალკანეთის ქვეყნების გავლით გერმანიაში მიედინება. გარდა ამისა აშშ-ში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია ISAF-ის მისიაში ავღანეთში მიღებული გამოცდილება (სამხედრო ძალის შეყვანასთან დაკავშირებით), რომელიც შეიძლება ითქვას, რომ წარუმატებელი იყო. შესაბამისად შანსი იმისა, რომ აშშ სირიაში სამხედრო ძალას შეიყვანს ძალიან დაბალია. ამასთან უნდა ითქვას რომ რეალურად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ელიტის დიდ ნაწილს აშშ-ს მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს მანდატის გარეშე განხორციელებული ინვაზიის დროს ძალაფლებაჩამორთმეული სადამ ჰუსეინის მმართველობის პერიოდის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ოფიცრები შეადგენენ. ე.წ. ისლამური სახელმწიფო კი ამ დროსევროპისთვის გაცილებით დიდ პრობლემასდა საფრთხეს წარმოადგენს ვიდრე აშშ-სთვის.

ევროპა შესაბამისად აქცენტს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აკეთებს. საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი გეგმავს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ვაშინგტონთან და მოსკოვთან რათა კოორდინირებულად მოხდეს ტერორისტების ქსელის დაშლა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით უნდა მოხდეს რუსეთის დიდი რვიანის რიგებში დაბრუნების საკითხის გადახედვა. მისივე აზრით სირიაში ყველა მხარე ერთად უნდა დაუპირისპირდეს ყველაზე დიდ უბედურებას, ისლამურ სახელმწიფოს. რაც რეალობაში განუხორციელებლია, რადგან ე.წ. მეამბოხეებს და დიქტატორ ასადს, რომელიც სირიის მხოლოდ ერთ ნაწილს აკონტროლებს ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნები ამოძრავებთ.

რაც შეეხება რუსეთის მიზნებს:

პუტინს სურს რუსეთი დაუბრუნდეს მსოფლიო პოლიტიკის სცენას, როგორც მნიშვნელოვანი მოთამაშე, რადგან იზოლაციის გაგრძელების შემთხვევაში რუსეთს შანსი არ ექნება მხოლოდ ჩინეთთან პარტნიორობით რეალური ზეგავლენა მოახდინოს მსოფლიოს სხვა რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე.
გარდა ამისა სანქციები ძალიან მძიმე ტვირთად აწევს რუსულ ეკონომიკას, რაც დროთა განმავლობაში სოციალური უკმაყოფილებას მმართველი ელიტების მიმართ გააძლიერებს.
რუსეთისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთისთვის ისევ სანდო პარტნიორის როლის თამაშით უკრაინაში დაწყებული ომი და ყირიმის ანექსია ,,გამოისყიდოს“ და რეალურად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს ევროკავშირისთვის აქტუალური გამოწვევების ფონზე გაცილებით მაღალი „ფასი“ აქვს, ვიდრე უკრაინის კონფლიქტს.
პუტინს სხვა მიზანიც ამოძრავებს, კერძოდ კი ახლო აღმოსავლეთში პოზიციების გამყარება აშშ-ს საგარეო პოლიტიკური პოზიციების და საგარეო პოლიტიკური აქტივობის შესუსტებისპარალელურად. ევროკავშირი კი ფიქრობს, რომ სირიაში და ასევე ევროპაში ტერორიზმთანწარმატებით ბრძოლა რუსეთის გარეშე წარმოუდგენელია, რუსეთს ამ დროს პარალელურად რამდენიმე ინტერესი ამოძრავებს, რომელთა განხორციელების შანსს მის მიერვე გამწვავებული სიტუაცია აძლევს.

რას უნდა ელოდოს საქართველო ამ ყველაფრისგან?! როგორც ვხედავთ რუსეთი კვლავ მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება დასავლეთისთვის, რომელიც საკუთარი, პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე თვალს დახუჭავს ბევრ მწვავე საკითხზე, განსაკუთრებით კი პოსტსაბჭოთა სივრცეში. ევროპული მედიასაშუალებებიდან უკრაინის თემა ფაქტიურად განდევნა თემებმა ტერორიზმზე და დევნილებზე. აღარაფერს ვამბობ საქართველოში რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკაზე, მავთულხლართებზე და საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე. შტაინმაიერის აზრით დასავლეთი აუცილებლად უნდა შეეცადოს აღადგინოს პარტნიორობა რუსეთთან, რადგან რუსეთს რამდენიმე მილიონი მუსლიმი მოსახლეობის ფონზე იგივე საშიშროება ემუქრება რაც დასავლეთს, სირიიდან დაბრუნებული რადიკალი მებრძოლების სახით. რეალურად კი რუსეთი დაინტერესებულია ისევ მნიშვნელოვანი გახდეს დასავლეთისთვის და ამ მნიშვნელობის ფასად გაიმყაროს პოზიციები არამხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მოსკოვი ყველა საშუალებით შეეწინაღმდეგება და ეწინააღმდეგება საქართველოს კიდევ უფრო ინტეგრაცის ნატოში და ევროკავშირში. შესაბამისად მოსალოდნელია ევროკავშირის და განსაკუთრებით ნატოს მხრიდან ფრთხილი დამოკიდებულება საქართველოს საკითხთან მიმართებაში.

განსაკუთრებული სიფრთხილე კი რეალურად თავადსაქართველომ უნდა გამოიჩინოს, რადგან სირია გეოგრაფიულად ძალიან ახლოსაა საქართველოსთან და რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში მებრძოლი ჩრდილო კავკასიელების, თუმცა ასევე საქართველოს მოქალაქეების საკითხის ინსტრუმენტალიზება და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში ანტიტერორისტული კამპანიის სახელით სიტუაციის დესტაბილიზაცია. რასაც გრძელ პერსპექტივაში საქართველოს იმიჯის სერიოზულად დაზარალება შეუძლია. აღარაფერს ვამბობ საოკუპაციო ხაზებზე საქართველოს ტერიტორიაზე, რომლებიც რუსეთის ხელში პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტრანსადრიატიკული გაზსადენის მეშვეობით კასპიის ზღვის სივრციდან ევროპის გაზით მომარაგება 2020 წლიდან რუსეთის გვერდის ავლით მოხდება, რაც რუსეთზე ევროპის დამოკიდებულებას გაზით მომარაგების საკითხში გარკვეულწილად (სავარაუდოდ ევროკავშირისთვის გაზის საჭირო რაოდენობის 20%) შეამცირებს. რაც ასევე არ შედის რუსეთის ინტერესებში და თუ გაზპრომი რეალურად შეეცადა ქართული გაზის ბაზრის ათვისებას, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ არ ეეცდება მთლიანი ბაზრის მონოპოლიზაციას.

ევროპული ქვეყნების იმედს რუსეთთან, როგორც საიმედო პარტნიორთან მიმართებაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს განადგურების საქმეში, დიდი ალბათობით ასრულება არ უწერია, რადგან რუსეთი სწორედ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს „წყალობით“ გამოდის იზოლაციიდან და უბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკურ სცენას.

როგორც ერთ- ერთი პერსპექტივა ასევე მოსალოდნელია დასავლეთს და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ფარგლებში, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები დიდი ალბათობით გამოიწვევს ნატოს და ევროკავშირის მხრიდანრუსეთის ფაქტორის გათვალისიწნებით საქართველოსთვის იმ აქტივობების სათანადოდ არდაფასებას, რომელსაც ქვეყანა დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე ანხორციელებს.ეს განსაკუთრებით ვარშავის სამიტზე ნატოს წევრად გახდომის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებას ეხება. საქართველოს გამოწვევა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არ აღიქვას ინტენსიურობის დროებითი შესუსტება იმედგაცრუებად და რაც მთავარია არ მოხდეს ამ საკითხის ისე ინტერპრეტირება, რომ საქართველოში მოსახლეობის დამოკიდებულება რუსეთის სასარგებლოდ შეიცვალოს.

რეალურად მოსახლეობისთვის, რომელიც სამწუხაროდ არაა გათვითცნობიერებული დასავლური ინსტიტუტების საქართველოსთვის მნიშვნელობის საკითხში და არც ნატოზე თუ ევროკავშირზე აქვთ სინამდვილეში წარმოდგენა, სხვა საპირისპირო აზრის ჩაგონება „იმედგაცრუებების“ გამოყენებით დიდ სირთულეს არ წარმოადგენს კრემლის პროპაგანდისტებისთვის. რუსული პროპაგანდა ამავდროულად საქართველოში სხვადასხვა მედიასაშუალებების და ე.წ. ინსტიტუტების მეშვეობით აქტიურად მუშაობს. აქტიურად მიმდინარეობს ევრაზიის კავშირის იდეის პოპულარიზაცია გაურკვეველი წარმომავლობის მქონე ჯგუფების მიერ. ევრაზიის კავშირს რაც შეეხება, გასათვალისწინებელია, რომ საბჭოთა ნოსტალგია ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს. შესაბამისად საფრთხე იმისა, რომ სხვა უკვე აღწერილ ასპექტებთან ერთად შესაძლოა მოხდეს მოსახლეობის დამოკიდებულების გარკვეულწილად შეცვლა თუნდაც 2016 წლის არჩევნების წინ, სავარაუდოა. ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად საჭიროა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს მხრიდან დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაცია და რაც მთავარია არ უნდა მოვეშვათ, რადგან რუსეთის მიერ ნებისმიერი ცარიელი სივრცის გამოყენება მოხდება ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG