Accessibility links

მიმბაძველობა - ჩვენი სენი!


ავტორი: ნათია ზუბიაშვილი

სოციალურმა ქსელებმა და ვირტუალურმა სივრცემ პირადი ურთიერთობები, სითბო, სიყვარული, მეგობრობა და სხვა არაერთი ადამიანურ გრძნობებზე დამყარებული კავშირები რომ თავის ჩარჩოებში მოაქცია, ეს, ალბათ, ახალი არავისთვის არაა. ვერც იმას ვეღარ ვიტყვი, რომ მხოლოდ ჩვენი, ახალგაზრდა თაობაა ამ ყველაფრის ამბივალენტური შედეგის მომსწრე - დედაჩემიც მშვენივრად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ერთობა facebook-ში. თუმცა, ეს „სტატუსებით გლოვა“, პირადად ჩემთვის, მართლა რაღაც ახალია.

უკვე მთელი საქართველო შეშფოთდა კახა ბენდუქიძის გარდაცვალების ფაქტით, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, პროფესიისა და ა.შ. მთელ სოციალურ სივრცეს გადაუარა საყოველთაო „ტკივილმა“. ჩემი ე.წ. wall-იც აჭრელდა სტატუსებით. ზოგი გულწრფელი, მართლაც ტკივილით სავსე სიტყვები იყო, ზოგი კი - ისე, უბრალოდ... პრინციპში, გასაკვირი არც არაფერია იმაში, რომ დღეს მთელ ჩვენს ემოციებს ხშირად მხოლოდ სოციალურ სივრცეში ვხარჯავთ. მთელი მსოფლიო მოიცვა ამ „ტენდენციამ“.ჩემი განაწყენება მხოლოდ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ჩემი მეგობრების ძალიან მცირე ნაწილი იყო რეალურად გულწრფელი.

პირველ რიგში, თავდაცვის მიზნითაც (ვიცი, არაერთი მკითხველი სანამ ბოლოში გავა, ჩამქოლავს), აღვნიშნავ იმას, რომ კახა ბენდუქიძეს არაფრით არ ვერჩი. ის ჩემთვის ყოველთვის იყო და დარჩება ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ, პროგრესულად მოაზროვნე, რეფორმატორ და პატივსაცემ ქართველად. ასევე, როგორც მომავალი ჟურნალისტისთვის, მის გარშემო აგორებული არაერთი სკანდალის გამო, იყო საინტერესო რესპონდენტიც. დავამატებ იმასაც და, იმედი მაქვს, განვანათლებ(რაც არ უნდა ამბიციურად ჟღერდეს) არაერთ ჩემს facebook მეგობარსაც, რომელთა უმეტესობამ, დარწმუნებული ვარ, არც კი იცის კახა ბენდუქიძის მსოფლმხედველობის შესახებ და მხოლოდ ახლა, სიკვდილის შემდეგ გადაავლო მის ერთ-ორ ინტერვიუსა და რეპორტაჟს თვალი. ეს ადამიანი იყო სულით თავისუფალი, პოლიტიკურად ლიბერალი, თავისუფალი ეკონომიკური პრინციპების გამტარებელი, რეალისტი; პიროვნება, რომელსაც ადამიანის ძირეული უფლებების დაცვა მიაჩნდა ყველაზე უფრო სამართლიანად და რომელსაც ცოდნისა და განათლების უდიდესი ძალა, ჩვენში, ალბათ, ყველაზე კარგად ჰქონდა გააზრებული.

ჩემმა და თქვენმა არაერთმა friend-მა კი, რომლებიც დღეს სოციალურ ქსელებს აწიოკებენ, მას „იუდა“ უწოდა. წლების მანძილზე ღადაობდა მის კომენტარებზე, ჟურნალისტებთან დაპირისპირებაზე, მის გარეგნობაზეც კი. რატომღაც აქამდე არავისგან მსმენია, არც არავის სტატუსში ამომიკითხავს, ამ ადამიანის უდიდესი ღვაწლის შესახებ თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებთან დაკავშირებით. რა, აქამდე არ ვიცოდით, რომ სწორედ მისი დამსახურება იყო თბილისში ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის დაარსება? აქამდე არ შევუწუხებივართ კეთილ ნებას, ერთხელ მაინც გვესაუბრა ამ ადამიანის უდიდეს როლზე ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში? ახლა გახდა ყველასთვის საყვარელი გმირი?

ჩემს გონებაში, მხოლოდ და მხოლოდ, „ბენდუქიძე იუდაა“ ღრმად ჩაბეჭდილი და არცერთი პოზიტიური, თუნდაც, სტატუსი მასზე. ისიც კარგად მახსოვს, მთელი სოციალური სივრცე უზრდელს, უტაქტოს, თავხედს, გამყიდველს და კიდევ ათას შესამკობელ სიტყვას რომ ისროდა მისი მიმართულებით ინგა გრიგოლიასთან დაპირისპირების შემდეგ. რამდენიმე დღე გაგრძელდა მაშინ იმაზე საუბარი, თუ როგორ გაუყიდია, თურმე, „ბენდუს“ ნახევარი საქართველო. თუმცა, მაშინ არც იმაზე უსაუბრია არავის, რომ კახა ბენდუქიძის თვალთახედვით, დაუმუშავებელი მიწების, გამოუსადეგარი ქარხნებისა თუ, თუნდაც, მტკვრის ფსკერის, რომელსაც ზურგზე ვერავინ მოიკიდებს და გულზე მჯიღ მიბჯენილ ქართველებს ვერავინ წაართმევს, არაბებსა თუ ინდოელებზე გასხვისება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის გასაზრდელად. მაგრამ, არა, ჩვენ ხომ პატრიოტები ვართ და გვირჩევნია, ჩვენი მამაპაპური მიწა, რომელზე ზრუნვაც თავში ერთხელაც არ მოგვსვლია აზრად, ხრიოკდებოდეს, სკდებოდეს, უდაბნოს ემსგავსებოდეს, ვიდრე არაბი გვიმუშავებდეს, გარემოს გვილამაზებდეს და ბიუჯეტს გვიმდიდრებდეს. ამის გამოც ჩავქოლეთ ახლა ყველასთვის საყვარელი კახა ბენდუქიძე.

აი, სწორედ ამიტომ მაინტერესებს, სად იყავით აქამდე?! რატომ არ აქებდით მის შრომას? თვითონ „ბენდუსაც“ ხომ სულ ფეხებზე ეკიდა, რას იტყოდით მასზე სიკვდილის შემდეგ, მისთვისაც ხომ მთავარი ის იყო, მის სიცოცხლეში როგორ რეალობასთან მოუწევდა ბრძოლა?! აი, ზუსტად, ასეთები ვართ ჩვენ, მიმბაძველები. ერთ დროს იუდას ძახილით ავიკელით ყველაფერი, დღეს კი სანამ მიწას მივაბარებთ ნიშნისმოგებით ვიმაღლებთ ხმას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნამდვილად არაფერი შავდება იმ მრავალი „გულშეწუხებული“ სტატუსით, რომელიც, პირადად ჩემთვის, თითოეული ჩემი friend-ის პიროვნების სარკეა. ვიგლოვეთ ზოგმა ასე, ზოგმა - ისე, ადამიანს ვეღარაფერი გააცოცხლებს. ეს საყოველთაო აჟიოტაჟიც ჩაივლის და მივიწყებას მიეცემა მაშინვე, ალბათ სულ რამდენიმე დღეში, ან, შესაძლოა, საათშიც კი, როდესაც ჩვენი მეგობრების უმეტესობა სხვა თემაზე დაიწყებს საუბარსა და სტატუსების წერას.

როგორც უკვე ვთქვი, ამით არაფერი შავდებათქო. ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ ის საკითხი რჩება, რა ეშველება „ბენდუს“ უნივერსიტეტს, რომელსაც თვითონ კბილებით იცავდა. მალე, როცა დაშლას, გაყიდვას ან ერთმანეთში გაყოფას შეეცდებიან, რაშიც ეჭვი არ მეპარება, აი, მაშინ თუ ვიქნებით ასე, ერთ მუშტად შეკრულები? თუ დავიცავთ იმას, რის გამოც ადამიანი უცებ ვაქციეთ გმირად? მისთვისაც არაფრის მომცემი გლოვის ნაცვლად, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, შეგვენარჩუნებინა ის დიდი საჩუქარი, რაც თითოეულ ჩვენგანს დაგვიტოვა. ეს იქნებოდა სწორედ ის სამოთხე, რომელიც, შესაძლოა, დედამიწის იქით, არც არსებობდეს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG