Accessibility links

ნარინჯისფერი ფანქარი


ავტორი: ნანუკა ბრეგაძე

მიუხედავად ყველაფრისა, რომ გეკითხათ, გიპასუხებდით, რომ ფერადი ფანქარი ვიქნებოდი.

ფერს რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ, თუ მაინც გინდათ, ამ ბოლო დროს, ნარინჯისფერს „ავეკიდე“. არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც.

თუმცა როგორ არ მაქვს! – ამ ქვეყნად ბროწეულის ყველა ხე ჩემია, აი ასე ხარბად, ეგოისტურად, მარტო ჩემია !

კარგი, დავუშვათ, ვიქნებოდი ნარინჯისფერი ფანქარი.

მაშინ, მოგიყვებით როგორია მისი არსებობა.

სათლელი მისი ცხოვრების გზაა. წამზომს ან ქვიშის საათს მოგაგონებთ.

სათლელის ყოველი გადატრიალება მოკლებული წამები, გასული წუთები, ვერდაბრუნებული საათებია...

ჰოდა, ფანქარიც სათლელის ერთი გადატრიალებიდან მეორე გადატრიალებამდე არის წვეტმოღერებული. ხატავს, ხაზავს, ჯღაბნის, ფუსფუსებს, არ ჩერდება, მაგრამ ტკაც... ძალა გამოელია, დაიღლა, მობეზრდა რასაც აკეთებინებენ, ახატვინებენ, ახაზვინებენ, აჯღაბნინებენ და ფანქარი წაიქცა, წვეტი აღარ აქვს...

მერე, ისევ, ნელ-ნელა იკრებს ძალას, მაინც ახერხებს მზღუდავი ხისგან წვეტის გამოძვრენას, მაგრამ ვინ იცის, რამდენი სათლელის გადატრიალებად დაუჯდა, როგორ ეწამა და რა დრო გაუფრინდა წამოწვეტებაში.

მაგრამ სათლელი მხოლოდ მოქმედია, უბრალო მოქმედი, რომელიც გარემოს ძალით იმართება.

ჰოო, გარემო… გარემო განსაზღვრავს ნარინჯისფერი ფანქრის დღეებს. ყველას მზურველობას სთხოვს, სულ ცოტა ყურადღება და სითბო უნდა სიცოცხლისათვის! სულ ცოტა!

ნარინჯისფერი სიცოცხლისფერია და რა გასაკვირია, რომ ყველაფერზე მეტად სიცოცხლე უყვარს. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უყვარს...

ნარინჯისფერი ფანქრისთვის რომ გეკითხათ, ყველაზე მეტად რა გაინტერესებსო, გეტყოდათ, ადამიანიო.ცდილობს, ბევრს ცდილობს, სიცოცხლეც თავისფერი გახადოს, ადამიანებიც გაანარინჯისფეროს, რათა მერე ერთმანეთი შეუყვარდეთ და იქნებ მასაც გაუგრძელონ სიცოცხლის დღეები.

გარემოს და სათლელს შორის კი ადამიანები დგანან.

ადამიანები წყვეტენ როგორი და რამხელა იქნება სიცოცხლისფერი ფანქრის ცხოვრება, დიდხანს შეინარჩუნებს სიგრძეს, სათუთად მოუვლიან თუ ყოველდღე, ნაბიჯ–ნაბიჯ დააპატარავებენ , იქამდე სანამ სულ გააქრობენ.

ვინ იცის, რას იტყოდა ნარინჯისფერი ფანქარი ლაპარაკი რომ შეეძლოს, რას ფიქრობს იმაზე, რასაც ჩასძახებენ და აწერინ-ახატვინ-აჯღაბნინებენ. იქნებ, მოსწონს კიდეც, იქნებ, არც მოსწონს, მაგრამ ითმენს და მხოლოდ მათ ფიქრებს ახმოვანებს.

არა, ვერ ხვდებიან, რომ ფანქარი ადამიანისთვის არის სიცოცხლისფერი ჭირშიც და ლხინშიც, ზამთრშიც და ზაფხულშიც. მარტო იმისთვის, რომ გაუხარდეთ, გაიცინონ, გაიღიმონ, შეუყვერდეთ, უყვარდეთ, უყვარდეთ, უყვარდეთ... ნარინჯისფერი ფანქარიც.

განსხვავება შავსა და ნარინჯისფერ ფანქრის სიცოცხლეებს შორის მხოლოდ ის არის, რომ ეს უკანასკნელი სიცოცხლისფერია, თორემ, ისე ვინ იცის, როგორია იყო სიცოცხლისფერი ფანქარი.

პ.ს. შავი გამოყენებულია მხოლოდ კონტრასტისთვის, არანაირი რასისტული გამოვლინებები :))))))))))))

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG