Accessibility links

logo-print

ქალაქი ცემენტის მტვერში


ავტორი: ნათია ბერსენაძე

ფარნავაზის ქუჩა კასპის ცენტრალური ქუჩაა. ამ ქუჩაზევე მდებარეობს „ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსის" ქარხანა. ქარხნიდან გამოსულ სატვირთო ავტომობილებს ცემენტი ცენტრალური ქუჩის გავლით გადააქვთ. ეს ქუჩა კი მჭიდროდ დასახლებული უბანია და ცემენტმზიდებს სწორედ საცხოვრებელ კორპუსებს შორის უწევთ გავლა.

კასპელები წლებია ცემენტის მტვერში ცხოვრების აუტანლობაზე საუბრობენ და ცემენტმზიდებისთვის შემოვლითი გზის გაკეთებას, ქარხანაში კი ძლიერი ფილტრების დამონტაჟებას ითხოვენ. მათ მხარს უბამს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილიც. იგი ამბობს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად რამდენჯერმე მიმართა „ჰაიდელბერგცემენტის“ საქართველოს წარმომადგენლობას და წერილი გერმანიაში ქარხნის მფლობელებთანაც გააგზავნა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. სამაგიეროდ, უპასუხა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ კაცაძემ.

ნოდარ კაცაძე წერილში ამბობს: „გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა საწარმოს ფუნქციონირებისას გაზომეს ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია და, როგორც უშუალოდ საწარმოში, ასევე, უახლოეს დასახლებულ პუნქტთან ჩატარებული გაზომვებით, ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებები დადგენილ ნორმებს არ აჭარბებდა“.

გარემოს დაცვის სააგენტომ მართლაც გამოიკვლია კასპის ატმოსფერული ჰაერი, მაგრამ ექსპრეს-ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილი გახდა 2016 წლის 18 ოქტომბერს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ კაცაძე კი ამის შესახებ ერთი თვით ადრე, 20 სექტემბერს წერს. საინტერესოა, საიდან იცოდა კაცაძემ ერთი თვით ადრე, რომ კასპის ჰაერი ევროკავშირის ნორმატივებს არ არღვევდა. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გარემოსდაცვის სააგენტოს კვლევაში სინჯის აღების ადგილების ჩამონათვალში მითითებული არ არის სწორედ ფარნავაზის ქუჩა, სადაც გზაზე ცემენტის მტვრისგან ჩამოწოლილი ნისლი, ტრანსპორტსა და მცენარეებზე კი მტვრის ჭარბი რაოდენობა შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებლისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევის ასეთი ლოიალური პასუხი დაემთხვა 120-მილიონიანიდოლარის საინვესტიციო პროექტის განხორციელებას, რომლის პირველი, 100-მილიონიანი ეტაპის წორედ სექტემბრის თვეში დაიწყო. კასპის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი ამბობს, რომ ამ ინვესტიციის შედეგად პრობლემა ერთი წლის შემდეგ მოგვარდება. „ჰაიდელბერგცემენტიდან“ მიღებული ქონების გადასახადიკი პატარა ქალაქისთვის ბიუჯეტის შესავსებად მნიშვნელოვანი შემოსავალია. კასპელებს სხვა გამოცდილება აქვთ და დაპირებების აღარ სჯერათ, ვინაიდან ქარხნის რეაბილიტაცია და ევროპულ სტანდარტებზე გადაყვანა ჯერ კიდევ გერმანული კომპანიის „ჰაიდელბერგცემენტის“ შემოსვლიიდან ორ წელიწადში, 2008 წელს უნდა დასრულებულიყო.

120-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა „ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსმა“, საქართველო თანაინსვეტირებისფონდმა და პირველადი სამშენებლო მასალების წარმოების საქმეში გამოცდილმა კომპანიამ „ჰანიველ პარტნერსმა“. ინვესტიციის შედეგად მოხდება ქარხნის მოდერნიზაცია და დაიწყება მშრალი წარმოების მეთოდის დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის წარმოების პროცესისა და ხარჯების ეფექტურობას, გააუმჯობესებს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. დამატებით 20-მილიონიანი დოლარის ინვესტიციით კი გაფართოვდება ბეტონისა და ინერტული მასალების ქარხნების ქსელი. პროექტის დასრულება 2018 წლისთვის იგეგმება. დანერგავენ თუ არა ინვესტორები მწვანე ტექნოლოგიებს და საშენი მასალების წარმოების პროცესიდან მიღებული მოგების სანაცვლოდ როგორ იზრუნებენ გარემოზე და ადგილობრივებზე, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ საკითხზე კომენტარის მოსმენა გვსურდა „ჰაიდელბერგცემენტის“ ხელმძღვანელობისგან, მაგრამ ქარხანაში შეშვებაზე და მხოლოდ ფოტოების გადაღებაზეც კი უარი გვითხრეს.​

ფარნავაზის ქუჩაზე მცხოვრებნი ცემენტმზიდების 24-საათიანრეჟიმში მოძრაობისგან გამოწვეული მტვრისა და ხმაურის გამო ფანჯრებს საერთოდ აღარ აღებენ. მიუხედავად ამისა, მტვერი ბინებში მაინც აღწევს. ჯანმრთელობის გაუარესებას ქარხნიდან გამოფრქვეულ მტვერს უკავშირებენ. როგორც გვითხრეს, ძირითადად აწუხებთ სასუნთქი გზებისა და თვალის პრობლემები.

კასპში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაავადებების გავრცელების სტატისტიკა არ არსებობს. ვერც ბოლო ხუთი წლის მდგომარეობას აჩვენებ სრულყოფილად, ვინაიდან 2012 წელს ჩატარებული რეფორმის შედეგად, ონკოლოგიური ავადმყოფები მეთვალყურეობაზე აიყვანეს სოფლისა და ოჯახის ექიმებმა, რამაც სააღრიცხვო სისტემის მოშლა გამოიწვია. გარდა ამისა, კასპიდან სამკურნალოდ ძირითადად მიდიან გორში და თბილისში. მოპოვებული ინფორმაციიდან მაინც ჩანს, რომ დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა. მაგალითად, 2014 წელს 2010 წელთან შედარებით სისხლის მიმოქცევის სისტემის სხვადასხვა სახის დაავადებების ახალი შემთხვევა 264-ჯერ მეტი დაფიქსირდა. 2014 წლის ბოლოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ კი, ასევე, 2010 წელთან შედარებით, 557-ით მეტი ადამიანი იმყოფებოდა. 2015 წლის 8 თვის განმავლობაში სიმსივნე პირველადი დიაგნოზით 74 ადამიანს აღმოჩნდა. იხ. ინფოგრაფიკა.

შუა ქალაქში საწარმოს მდებარეობაზე ნებართვა „ჰაიდელბერცემენტს“ გარემოს ზედამხედველობის სამსახურიდან აქვს მიღებული. ქარხანა 2016 წლის იანვარში ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით შეამოწმეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დარღვევების შედეგად 5000 ლარით დააჯარიმეს. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში თანხა შესაძლოა გასამმაგდეს, მაგრამ როგორც CENN-ის წევრმა მარიკო წიქორიძემ გვითხრა, ქარხნები ძირითადად ასეთ ჯარიმებეს არ იხდიან, რადგან თვლიან, რომ აჯარიმებენ უსამართლოდ. CENN-ის პროექტების მენეჯერის ნინო გაფრინდაშვილის თქმით, კი სახელმწიფოს ურჩევნია კომპანიებმა დაუსაქმოს ადამიანები, ვიდრე კომპანიებს მაღალტექნოლოგიური გარემოს შექმნა მოსთხოვოს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG