Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმედი „იმედზევე“ კვდება...


ავტორი: ნათია ზუბიაშვილი

რა არ უნახავს ქართულ ტელესივრცეს ამ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე - სკანდალური დაპირისპირებები პირდაპირ ეთერში, არარსებული შოუბიზნესის წარმომადგენლების საჯაროდ გამომზიურებული პირადი ცხოვრების დეტალები, პორნოგრაფია, არაეთიკური, პროფესიონალურად „შეფუთული“ გადაცემები, „ექსკლუზიური“ აღიარებები და სხვა მრავალი. თუმცა, გია სურამელაშვილის ცრემლები იყო მარაზმის მწვერვალი ქართული ტელეშოუების ისტორიაში.

საერთოდ, ნოდარ მელაძის „100 გრადუსი ცელსიუსის“ შემდეგ „იმედი“ თუ კიდევ რამით გამაკვირვებდა, ვერ ვიფიქრებდი. თუმცა, გია ჯაჯანიძის ახალი გადაცემა „სხვა რაკურსი“, რომელიც ზუსტად ისევე ემსახურება სტერეოტიპების დამსხვრევასა და საზოგადოების აზროვნების გათანამედროვება-გაჯანსაღებას, როგორც მისი წინამორბედი ნოდარ მელაძის ხელმძღვანელობით, ნამდვილად კიდევ ერთი აუხსნელი მოვლენაა ჩვენს რეალობაში. ამ დადგმულ სანახაობებზე “ღადაობა-ღადაობაში” კი ქართველი ტელემაყურებლის გემოვნება სულ უფრო და უფრო შემაშფოთებელ შედეგს რომ აღწევს, თვალსა და ხელს შუა გვეპარება ყველას.

მახსენდება ჩემი ერთ-ერთი ლექტორის სიტყვები - მთელი ქართული ტელესივრცე „კიჩურიაო“. თუმცა ის, რასაც ჩვენი ტელეარხები ჩადიან არათუ „ფსევდოხელოვნებისა“ და იაფფასიანი იუმორის საზღვრებს სცდება, არამედ მთელი საზოგადოების წინაშე ჩადენილი საშიში, სასტიკი და გამოუსწორებელი დანაშაულია.

მხოლოდ ერთი, 29 იანვრის ხუთშაბათი საღამო რომ ავიღოთ მაგალითად, საქართველოს ორი ყველაზე რეიტინგული არხი „რუსთავი 2“ და „იმედი“ ერთდროულად გადასცემენ „პროფილსა“ და „სხვა რაკურსს“ და სრულიად საქართველოს „ართობენ“ რაღაც სიტყვებით აღუწერელი მარაზმით - როგორ დაშორდა ნუკი კოშკელიშვილი სატრფოს (თითქოს ეს ან პირველი ყოფილიყო, ან უკანასკნელი), როგორ ლანძღავენ იუნა შაფათავა და კესარია აბრამიძე ერთმანეთს; გაბოროტებული, გაგიჟებული, არაერთგზის იმედგაცრუებული ჩემნაირი ტელემაყურებელი კი, რომელიც თვალებს ვერ უჯერებს, რომ ასეთი საშინელება უკვე მეათასედ შუქდება მთელი საქართველოს მასშტაბით, უიმედოდ რთავს ტელევიზორს, თიშავს ლეპტოპს, ინტერნეტთან წვდომას, წყდება საერთოდ ყველანაირ თანამედროვე ტექნოლოგიასა და კომუნიკაციის საშუალებას გია სურამელაშვილის „ნიანგის“ ცრემლების დანახვისას. აი, ეს კი ნამდვილად იყო... ეს მართლა არ ვიცი, რა იყო...

რეიტინგების დევნაში ქართველმა ტელეწამყვანებმა, ყოფილმა ჟურნალისტებმა, რომელთაც ნამდვილად კარგად უნდა იცოდნენ ის ყველაფერი, რაზეც მე ვსაუბრობ (გია ჯაჯანიძე რომელ კატეგორიას მიეკუთვნება, ოღონდაც, ვინმემ ამიხსნას), დაკარგეს არა მხოლოდ სახე, იმიჯი თუ პროფესიონალიზმი, არამედ ღირსება და მორალი. ჟურნალისტიკის ყველა თანამედროვე სახელმძღვანელო ახალგაზრდებს იმას ასწავლის, რომ თითოეული ჟურნალისტური პროდუქტი საზოგადოების გამოძახილი უნდა იყოს. მე კი ნამდვილად არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი დონის ტელეშოუები ხალხის სურვილი და დაკვეთაა. თუმცა, მათი რეიტინგები, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ამაზე მეტყველებს. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ ხუთშაბათი საღამოს ორი მნიშვნელოვანი საათი წამყვანებისა და მაყურებლების მხრიდან ეთმობათ ბოზებს, ჩათლახებს, ამორალურებსა და უზნეოებს. მათი ცხოვრებისეული გადაგვარებული ისტორიები კი, რომელთაც ასე ჯიუტად გვახვევენ თავს, ჩვენს ისედაც შორს წასულ საზოგადოებას კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯით მიაქანებს კაცმა არ იცის, საით...

საზოგადოების ის პატარა ჯანსაღი ნაწილი კი, რომელიც ასეთ მდგომარეობაში ხელჩასაჭიდ იმედს მიტოვებს, თამაშგარე მდგომარეობაშია. უგულებელყოფილია ტელეარხების, ჟურნალისტებისა და წამყვანების მიერ. რა ვქნათ ჩვენ, თუ არ გვაინტერესებს, ვინ ვის „მისცა“, ან ვინ ვის უნდა, რომ „მისცეს“? თუ ჩვენ გვინდა, რომ ტელეარხები თავიანთ რესურსებს შოუბიზნესის განვითარებას ახმარდნენ და აღარ გვსურს, ვისმინოთ ამ მატრაკვეცა, ვითომ თავისუფალი და უკომპლექსო „არტისტების“ ცხოვრება საბნის ქვეშ? თუ გადაგვეწვა უკვე ტვინები ამდენი უვარგისი ინფორმაციით, რომელსაც ჩვენდა უნებურად გვტენიან მუდმივად?

ამ ყველაფრიდან გამომდინარე მხოლოდ ერთი რამ მინდა, დავასკვა - ის მდგომარეობა, რომელშიც ქართველები ვიმყოფებით, არ არის არც ხელისუფლების, არც ეკონომიკური მაჩვენებლების, არც ქართული მენტალიტეტისა თუ ხასიათის თვისებების ბრალი; ჩვენი აზროვნების დაქვეითებაზე ყველაზე დიდ გავლენას სწორედ ქართული ტელემედია ახდენს, არათუ „კიჩური“, არამედ დამახინჯებული თავისი უზნეო წამყვანებითა და კეთილის მსურველებითურთ.

ახალგაზრდების ენთუზიაზმი კი ქართულ ტელეჟურნალისტიკასთან დაკავშირებით თანდათანობით კვდება. იმედი იმის შესახებ, რომ ოდესმე რამე გვეშველება, სწორედ „იმედზევე“ კვდება!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG