Accessibility links

logo-print

„Eurovision“ - პოლიტიკური თუ მუსიკალური ციებ-ცხელება


ავტორი: ნატო გოგიაშვილი

სულ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ ჩატარდა ევროვიზიის 2015 წლის ფინალი. მეც, რა თქმა უნდა საქართველოს როგორც ერთ-ერთი გულმხურვალე გულშემატკივარი, სრულიად აღელვებული და აფორიაქებული მოვკალათდი ტელევიზორის ეკრანთან, გვერდზე დავიდე მობილური ტელეფონი, რომლის ანგარიშიც ოპერობის შედეგად წვალებით დაგროვილი თანხით მქონდა შევსებული და ამაყად ველოდებოდი ჩვენი წარმომადგენლის გამოსვლას, რათა დამემტკიცებინა ჩემი მასპინძელი გერმანული ოჯახისთვის და მათ შორის საკუთარი თავისთვისაც, რომ თუ ფეხბურთშია არა სიმღერაში მაინც ვუქნივართ ღმერთს.

27 კონკურსანტის ნამღერის შემდეგ, შევასრულე რა ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და ხმის მიცემისთვის გამოყოფილ 15 წუთიან მონაკვეთში დავუმესიჯე ნინას, (თუმცა, ბოლომდე გულწრფელი თუ ვიქნები იტალია უფრო მომეწონა) კიდევ უფრო აფორიაქებულმა და დაძაბულმა დავუწყე ლოდინი შედეგების გამოცხადებას, რათა მთელი აღტაცებით მეზეიმა ტრიუმფი საქართველოსი. მაგრამ დაწერილმა ქულებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და შედეგების გამოცხადების შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი და არსებითი დასკვნა გამოვიტანე, რომელსაც სიამოვნებით გაგიზიარებთ:

უპირველეს ყოვლისა დავრწმუნდი, რომ ამ კონკურსის ყურება ყველა ადამიანისთვის რეკომენდირებულია, რადგან მუსიკალურ გემოვნების ამაღლებაში თუ არა გეოგრაფიის სწავლაში მაინც დაგვეხმარება. დაწერილი ქულების მიხედვით შევიძინეთ ან გავიღრმავეთ ცოდნა რომელი ქვეყანა რომელი ქვეყნის მეზობელია და რომელ ქვეყანას ვისთან აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა. ბოლო-ბოლო ხუმრობა ხომ არაა საქართველომ 10 ქულა აზერბაიჯანს და 12 ქულა სომხეთს მიანიჭა.

მეორე და ჩემი აზრით ასევე მნიშვნელოვანი დაკვირვება: ეს კონკურსი წლებია უკვე გვიმტკიცებს, რომ ფული ჯოჯოხეთს ანათებს და ძლიერთა ამა ქვეყნისათა წინაშე დემოკრატიისა და სამართლიანობის მქადაგებელი ბებერი ევროპაც კი ისეთივე უძლურია, როგორც ნინა სუბლატი არსებული უსამართლობის შეცვლაში. სხვა შემთხვევაში რა უნდა ევროვიზიის კონკურსში ისრაელს, რომელიც ევროპისგან ტერიტორიულად ისეთი მოშორებით მდებარეობს ვერც ერთი ტერიტორიული ნიშნის დაყოფით (გარდა ეკონომიკური შესაძლებლობისა რა თქმა უნდა) ევროპულ ნაწილში ვერ ხვდება.

მესამე დაკვირვება ან თუ გინდათ უპასუხოდ დარჩენილი კითხვა დაარქვით: ვისგან არის დაკომპლექტებული ევროვიზიის ჟიური. რა კრიტერიუმებით ხდება შეფასება მომღერლების, არიან თუ არა ისინი თავისუფალნი პოლიტიკური სპეკულაციებისგან.

მეოთხე დაკვირვება: ევროვიზია რეკომენდირებულია ასევე იმ პირებისათვის, რომლებიც შეიძლება პოპ მუსიკით მაინცდამაინც არა, მაგრამ მსოფლიოს უახლესი ისტორიით არიან დაინტერესებულები.ევროვიზია ერთგვარად აჯამებს ყოველწლიურად მსოფლიოს დიდ პოლიტიკაში მიმდიმარე მოვლენებს და ზუსტად ხაზავს კონტურებს, რომელ ქვეყანაში რა პოლიტიკური იდეოლოგია არსებობს. ყველაზე მეტად ჩემთვის შესამჩნევი აღმოჩნდა ლიტვის მაგალითი, რომელმაც ერთი ქულაც კი არ გაიმეტა გულისამაჩუყებლად მომტირალ დამშვიდობისთვის მომღერალ პოლინა გაგარინასთვის.

ბუნებრივია, დასკვნა ერთია: ევროვიზია პოლიტიკა უფროა ვიდრე სიმღერის კონკურსი, ამიტომ ისმის შეკითხვა, უნდა მივიღოთ თუ არა მონაწილეობა შემდეგ წელს შვედეთში გასამართ ევროვიზიაში. აქვს თუ არა ამას საერთოდ აზრი. ჩემი პირდაპირი და არაორაზროვანი პასუხია კი უნდა მივიღოთ მონაწილეობა. არგუმეტად კი მხოლოდ ნიკო ნერგაძის სიტყვებს მოვიშველიებ: „ევროვიზია“ ნაგავია, მაგრამ საჭირო ნაგავია. საქართველოსთვის ამ კონკურსში მონაწილეობა ძალიან საჭირო რამაა. მარტო იმიტომ, რომ, 122 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებს. ძირითადად, ევროპაში. რატომ უყურებენ, არა აქვს მნიშნელობა. მთავარია, რომ უყურებენ. ამიტომ საჭიროა რომ გერმანელ ბიურგერს, რუს ობივატელს, ჰოლანდიელ ამ სიტყვების ჰოლანდიური სინონიმი რაცაა იმას, ავსტრიელს, ნორვეგიელს, პოლონელს, ყველას, კიდევ ერთხელ მოეჩხიროს თვალში Georgia. მით უმეტეს კონკურსში, რომლის სათაურშიც Euro ურევია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG