Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიური ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი აკადემიურ სივრცეში


ავტორი: ნიკა წიკლაური

18 დეკემბერი, 6:00PM- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 307-ე აუდიტორია „გადაჭედილია“. დამსწრენი 500 სტუდენტის ხელმოწერით დადასტურებული მოთხოვნის საფუძველზე მოწვეულ სტუმარს ნეტარი და გაცისკროვნებული სახეებით უსმენენ...

დაისმის კითხვა, უნდა ჩატარებულიყო თუ არა თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტში სტუდენტთა მიერ ორგანიზებული შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გაგნიძესთან, რომელ შეხვედრასაც, რა თქმა უნდა, ჰქონდა რელიგიური ქადაგების ფორმა და არ ემსახურებოდა კვლევით და სამეცნიერო მიზნებს. აღნიშნული წინასწარვე იყო ცნობილი, კერძოდ,ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში დაანონსებულ ღონისძიებაში ეწერა, რომ საუბარი შეეხებოდა: „ნამდვილ სულიერ ცხოვრებას“, „განსაცდელებს“, „სწორ სულიერ ცხოვრებას“, გარდა ამისა, მას უნდა ესწავლებინა ჩვენთვის ლიბერალიზმი და სეკულარიზმი.

რამდენად შეიძლება დაეთმოს საუნივერსიტეტო სივრცე ვინმეს იმისათვის, რომ იგი გამოიყენოსპოლიტიკურ ტრიბუნად ან ეკლესიის ამბიონად, მით უმეტეს ისეთ პირს, რომლისგანაც არსებობს საფრთხე, რომ მისი გამოსვლა რასისტული, სექსისტური, ჰომოფობიური და სხვა დისკრიმინაციული გამონათქვამების შემცველი იქნება.

უნივერსიტეტმა აქამდე რამდენჯერმე უთხრა უარი, როგორც პოლიტიკოსებს აკადემიური პროცესის პოლიტიკური მიზნებისთვის და პოლიტიკური აგიტაციისთვის გამოსაყენებლად, ასევე რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმისთვის სივრცის დათმობაზე. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციას ჰქონდა ინფორმაცია შეხვედრის თემატიკის შესახებ, მაინც გაიცა მისი ჩატარების ნებართვა. უნივერსიტეტი, თითქოს ვერღარ დგება თავის მოწოდების სიმაღლეზე და ვეღარ უწევს წინააღმდეგობას ინსტიტუციას, რომელიც ყოველდღე იღრმავებს გავლენას და ყველა სფეროში სურს ჩარევა.

რა უფრო მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტში, პოლიტკორექტულობის დაცვა, გარეშე პოლიტიკური ძალების ზემოქმედებისგან გათავისუფლება, მისი სეკულარულობის იდეა თუ კონტროლის (კონტროლის და არა ცენზურის. ყველა ცენზურა კონტროლია, მაგრამ ყველა კონტროლი ცენზურა არაა) გარეშე ნებისმიერი პირისთვის მისი აუდიტორიის გახსნა? ეს დილემა არამარტო აქ, არამედ მსოფლიოს მრავალ აკადემიურ წრეში გვხვდება და ამაზე პასუხის მოძებნა ადვილი არ არის.

უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სეკულარულობის იდეა, თავად, დამფუძნებელს ივანე ჯავახიშვილსა და მის თანადამფუძნებლებს ეკუთვნის. სწორედ ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელმა საზოგადოებამ არ დაუშვა, რომ სასულიერო გიმნაზიის შენობაში, სადაც უნივერსიტეტის პირველი კორპუსი იხსნებოდა დარჩენილიყო გიმნაზიისთვის გათვალისწინებული მართლმადიდებლური ეკლესია (ახლანდელი მუზეუმის დარბაზი), რადგან მათ იცოდნენ, რომ უნივერსიტეტი გამიჯნული უნდა ყოფილიყო ეკლესიისგან და რომ აქ მრავალი რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი ისწავლიდა და დაუშვებელი იყო მასში რომელიმე კონკრეტული რელიგიური დაწესებულების არსებობა.

საიდან იღებს სათავეს და რა ფუნქცია აქვს უნივერსიტეტის სეკულარიზაციას, ანუ ეკლესიისგან გამიჯვნას?ეკლესია და მეცნიერება ერთმანეთთან ხშირად მოდის წინააღმდეგობაში, ამიტომ კლერიკალური წრეები ხშირად ცდილობენ გააკონტროლონ და შეიჭრან აკადემიურ წრეებში. ისტორია გვიჩვენებს, რომ ეკლესიის წარმომადგენლები ხშირად გვევლინებოდნენ (ზოგ შემთხვევაში დღესაც გვევლინებიან) მეცნიერების ცენზორებად და ამდენად, ისენი ცდილობდნენ ცენზურა დაეწესებინათ და კორექტივები შეეტანათ უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში. ცნობილია, რომ XIII საუკუნეში რომის პაპმა იოანე XIX-მ პარიზის ეპისკოპოსს, ეტიენ ტამპიეს მისწერა წერილი, მიხედე მანდ პროფესორებს, ერესი ხომ არ არის მათშიო და ამით მან სორბონის უნივერსიტეტის შემოწმება დაავალა. ტამპიემაც დაიწყო იმის შემოწმება, თუ რას აკეთებდნენ სორბონის უნივერსიტეტში. ამას მოჰყვა ეგრეთ წოდებული „დიდი აკრძალვა“ - ეტიენ ტამპიეს მიერ ჩამოყალიბებული დოკუმენტი, 219 თეზისი, რომელიც არ უნდა ასწავლო.
ეს თეზისებია:
181-ე - უმანკოება არ არის უმაღლესი სიკეთე
183-ე - უქორწინებელთა შორის სიძვა არ არის ცოდვა.
172-ე - სქესობრივი აქტივობით მიღებული სიამოვნება არ აბრკოლებს გონებას.
169-ე - ხორციელ საქმეთაგან სრული თავშეკავება მავნებელია ზნეობისა და კაცთა მოდგმისათვის.
და ა.შ
ისტორიამ გვაჩვენა, რომ ცენზურის წნეხის პირობებში ვეღარ ვითარდება საზოგადოება და რეგრესს განიცის, როგორც წესი, ისინი ვეღარ ქმნიან მეცნიერების, კულტურის სფეროში ვერაფერს.
ამდენად, სახელმწიფოს, ეკლესიის თუ სხვა ინსტიტუციის მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის, საზოგადოების განვითარების მთავარ ბირთვზე - საგანმანათლებლო სივრცეზე ცენზურის დაუშვებლობა განაპირობებს აკადემიური სივრცის გამიჯვნას, როგორც ეკლესიისგან, ასევე სახელმწიფო პოლიტიკური სპექტრისგან.

მე მგონია, რომ ის, რაც დეკანოზმა თეოდორე გაგნიძემ აუდიტორიაში ილაპარაკა კრიტიკას ვერ უძლებს, მასზე სერიოზული მსჯელობა და განხილვა ვერ მოეწყობა, რადგან ელემენტარული ჰუმანური პრინციპები გამომდინარეობს უმაღლესი აქსიომიდან, აქსიომა კი მტკიცებას არ საჭიროებს და არსებობს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ამიტომ მე მიჩნდება კითხვა, როგორ საზოგადოებას სჭირდება საუბარი და შეხსენება იმისა, რომ, მაგალითად, ქალი და კაცი თანაბარია, ჰომოფობია, ტრანსფობია, რასიზმი საშინელებაა და არავის დისკრიმინაცია არ შეიძლება.
შეხვედრას უამრავი სტუდენტი ესწრებოდა, იმდენად ბევრი, რომ დეკანოზი თეოდორე გაგნიძე არ ჩანდა და მისი დანახვის ბედნიერება, რაღა თქმა უნდა, ვერ მოგეცემოდათ. მან თავის საუბარში, გარდა ჰომოფობიური, ტრანსფობიური და სექსისტური განცხადებებისა, პირდაპირ ფეხქვეშ გათელა კაცობრიობის მონაპოვარი მთავარი ღირებულებები და პრინციპები, როგორიცაა შეხვედრის თემატიკაში დაანონსებული ლიბერალიზმი და სეკულარიზმი, მაგრამ გარდა იმისა, რომ ლიბერალიზმი სალანძღავ სიტყვად გაიხადა აქვე გადაწვდა დემოკრატიასაც. მან განაცხადა „დემოკრატიამ აცვა ქრისტე ჯვარს“, ეტყობა ეს სიტყვები, ალბათ, მაინც, უხეშად მოხვდა დამსწრე საზოგადოებას ყურში, გაკვირვებული სახეებით გადახედეს ერთმანეთს, თუმცა ერთმანეთსვე ბრძნულად დაუქნიეს თავი - მართალიაო და განაგრძეს სწავლა-განათლება. დიახ, ინფორმაციის ნაკლებობა - სწორედ ესაა პრობლემა. ვისაუბროდ? ვიმსჯელოთ? კიბატონო, მაგრამ სად არის ინფორმაცია? ვის ვესაუბროთ? რაზე ვესაუბროთ? ეს არის განათლების კრიზისი, საუბარი დემოკრატიაზე, მაგრამ თუ რა არის დემოკრატია, რითი განსხვავდება ოხლოკრატიისგან, ამის ცოდნა, რეალურად არ არის სახეზე და იქნებ სწორედ ეს განაპირობებს შემდგომში ჰუმანურობის კრიზისს, იმდენად, რომ ისინი ვეღარ იღებენ განსხვავებულ ადამიანებს. მათ არ იციან, რომ დემოკრატიის იდეა არ ამოიწურება, მხოლოდ, უმრავლესობის მმართველობით, არამედ ის, ამავე დროს, მოითხოვს უმცირესობების უფლებების დაცვასაც. უმრავლესობის მმართველობა, თუ ის შებოჭილი არ არის სამართლითა და ინდივიდუალური თავისუფლების დაცვის ლიბერალური იდეით, შესაძლოა ტირანიად გადაიქცეს, სწორედ ამიტომაა, ისევ და ისევ ინდივიდუალური თავისუფლების რეალიზაცია ნამდვილი დემოკრატიის შემადგენელი ელემენტი და ის სახალხო სუვერენიტეტის განხირციელებაზე მნიშვნელოვანია. ინდივიდუალურ თავისუფლებასთან მიმართებით, თითქმის უმნიშვნელოა ის, თუ ვინ ახორციელებს ტირანიას, მაგალითად ეს იქნება - დიქტარორი თუ ხალხის უმრავლესობა. მეტიც, ხალხის უმრავლესობის ტირანიის შემთხვევაში ინდივიდის მდგომარეობა გაცილებით უარესია, რადგან, ამ შემთხვევაში, მას უწევს საზოგადოებრივი აზრის და შესაბამისად, აქედან წამოსული მენტალური, ფიზიკური თუ სხვა სახის ძალადობის დაძლევა.

ჩემი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, არ მომეცა საშუალება კითხვა დამესვა დეკანოზ თეოდორე გაგნიძესათვის. კითხვის დასმა სხვა სახითაც - წერილობითი ფორმითაც შეიძლებოდა, ხოდა მეც ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ფურცელზე დავწერე ის კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა - „არ გრცხვენიათ?“ სამწუხაროდ, ამ კითხვამ ადრესატამდე ვერ მიაღწია, რადგან გადაწოდებისას აუდიტორიის ცენზურა ვერ გაიარა და უკან უარყოფითი რეაქციისა და აგრესიის სახით მომიბრუნდა. შეხვედრა კი ისე დასრულდა, რომ არცერთი სტუდენტისაგან კრიტიკული აზრი არ გაჟღერებულა.

ლექციის ჩატარებიდან ერთი კვირა გავიდა და კრიტიკულად არავინ გამოხმაურებია იმას, რომ 500 სტუდენტის მოთხოვნით მოწვეული დეკანოზი თეოდორე გაგნიძე მოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტში, იქ სადაც ივანე ჯავახიშვილს, ნილს ბორს ლექცია წაუკითხავთ, წარმოთქვა ჰომოფობიური, ტრანსფობიური და სექსისტური განცხადებები, შეურაცხყო და ჩვენ სტუდენტებს თავზე გადაგვახია ლიბერალური და დემოკრატიული პრინციპები, მაშინ, როდესაც ახლა უნდა გვქონდეს კრიტიკული აზროვნების მოზღვავება, ჩვენთვის ეს პრინციპები უნდა წარმოადგენდეს მთავარ ღირებულებას - დემოკრატიის და ლიბერალიზმის - მომავლის უკეთესობისთვის, ჩვენივე თავისუფლებისთვის!

დეკანოზ თეოდორე გაგნიძესთან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა? მოვიდეს, შეხვდეს სტუდენტებს თუ მათ აინტერესებთ მისი აზრები, მაგრამ კითხვა მიჩნდება არა თეოდორე გაგნიძის მიმართ, არამედ იქ დამსწრე სტუდენტების მიმართ, ვისაც კითხვის დასმის შესახლებლობა მიეცათ და საერთოდ არ გამოხატეს ამ საუბრის შესახებ კრიტიკული აზრი, ვისაც შეეზლოთ, რომ სტუდენტების სახელით საკადრისი პასუხი გაეცათ და ყოველივე ამის შემდეგ ხელებზე კოცნა-კოცნით გამოაცილეს უნივერსიტეტიდან - თქვენ, არ გრცხვენიათ?

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG