Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ნინო მთვარელიშვილი

გამოვიდა (გამოვედი). სახეზე ნერვიულობა (მ)ეტყობა, ჯიბიდან ცხვირსახოცი, რომელიც ახლა ხელსახოცად უფრო გამოიყენებოდა ამოიღო (ამოვიღე) და ნერვიულობისგან გაოფლიანებული ხელები კარგად გაიწმინდა (გავიწმინდე), შემდეგ წინ დაიდო (დავიდე) და სკამზე დაჯდა (დავჯექი). სკამი ცოტა წინ მიწია (მივწიე), შემდეგ ოდნავ უკან გაწია (გავწიე), ფეხები ცოტა წინ წაწია (წავწიე), როგორც იქნა, სკამს სასურველი ადგილმდებარეობა შეურჩია (შევურჩიე). თავი დახარა (დავხარე), ღრმად ჩაისუნთქა (ჩავისუნთქე) და ამოისუნთქა (ამოვისუნთქე), თავისი რიგის მოლოდინში ერთი-ორად მატულობდა ნერვიულობა, ამას მოჰყვა ხელების ნერვული ფშვნეტა, ერთ კონკრეტულ ადგილს მიშტერება და მოლოდინი, გაუთავებელი მოლოდინი, წამი გაწელილი საუკუნედ, როდის მოვა შენი დრო, შენი შესრულები დრო. თითქოს ბინდი გეკვრება თვალებზე და ვეღარაფერს ხედავ, მხოლოდ ოქტავები, ერთმანეთის მონაცვლეობით თეთრი და შავი კლავიშები, რომლებიც გიხმობენ თავისთან და შენც სულმოუთქმელად გინდა შეეხო მათ, შენი თითებით მოეფერო თითოეულ მათგანს და ამ ,,მოფერებაში’’ დატკბე მათი ჟღერადობით. ყოველ ჯერზე გაოცებს მათი კეთილხმოვანება და მუსიკის მაგია, გატკბობს და ყველაზე დიდი სიამოვნება შენთვის ესაა, როცა ამ სასწაულის შემოქმედი თავად ხარ და აცოცხლებ იმას, რაც აქამდე, მრავალი წლის, საუკუნეების წინ დაწერილა შენთვის, ჩემთვის, ჩვენთვის და მუსიკით შეპყრობილი ყველა ადამიანისთვის. ნელ-ნელა ეიფორია გიპყრობს და ხვდები, რომ ამ სამყაროში ფიზიკურად მყოფი გადადიხარ მუსიკის საოცარ განზომილებაში, რომელსაც არც საზღვრები აქვს და არც დროის შეგრძნება, აქ იკარგები უწონობის პირობებში, შენი სულიც აქ ლივლივებს და შენ ერწყმი თითოეულ კლავიშს და თითოეულ ბგერას და ხდები ერთი მთლიანი და, ამავდროულად, მთლიანის ნაწილი. შენ ხარ მუსიკა და ბგერა, გსიამოვნებს და იხსენებ, რამდენად დიდი დრო დაგჭირდა იმისთვის, რომ დღევანდელი მოცემულობისთვის მიგეღწია. დღის მანძილზე ექვსი-შვიდსაათიანი შეუჩერებელი ვარჯიში ფორტეპიანოზე, მუშაობა შესრულების ტექნიკის სრულყოფისთვის, აჩქარებული გულისცემა და ზოგჯერ იშვიათი, მაგრამ ერთი სრულდღიანი შესვენება (რომ არ გადაიწვა, როგორც მასწავლებელი მიხსნიდა), ძირამდე დაჭრილი ფრჩხილები, არავითარი ლაქი, პიანისტის მუდამ მოწესრიგებული და გამხდარი თეთრი, ნაზი, ამავდროულად, ძარღვიანი და ძლიერი თითების ფალანგები, რომლებიც ქმნიან მუსიკას, ჩამჯდარი აკორდები, კლავიშებზე მოსრიალე თითები და ბრიალა თვალები.
კონცერტი ერთი, კონცერტი მეორე, კონცერტი მესამე, გაუთავებლად კონცერტები, ოვაცია, ტაში, ერთი ციცქნა ბაფთიანი გოგო და არაერთი რჩევა და შემოთავაზება სწავლის კონსერვატორიაში გასაგრძელებლად, მოცალეობის ჟამს ჩვევაში გადასული მაგიდაზე ნაწარმოების ენერგიულად დაკვრა ხმისა და ბგერის გარეშე, მაგრამ მთელი შეგრძნებით და თვლით, მუსიკა კი შენს ტვინში ჟღერს, ფიქრი: რომ შემეშალოს ნოტი? შენ ხომ პროფესიონალი ხარ, განაგრძე და არ შეჩერდე,
ყველას შეშლია, ეცადე იყო სრულყოფილი, დაუკარი, არ შეწყვიტო, მუსიკა შენია, შენ – მისი ხარ- უამრავი მოფუთფუთე აზრი და განცდა…
ფინალური აკორდი გაისმა, მსმენელი ჩუმადაა… მქუხარე ტაში. ოფლით დაცვარული შუბლი და თითები კლავიშებზე, ადგა (ავდექი), გაიღიმა (გავიღიმე), თავი დაუკრა მსმენელს და მადლობა გადაიხადა (გადავიხადე). დიდხანს არ წყდებოდა ტაში, ეს იყო ტრიუმფისა და ბედნიერების წუთები…
ვიჯექი კულტურისა და მუსიკის ცენტრში და ვუყურებდი პიანისტს, ხელახლა გამიცოცხლდა ყველა ის შეგრძნება და ემოცია, რაც გამაჩნდა წარსულში, მეც ის განვიცადე, რასაც პიანისტი გამოსვლისას განიცდიდა, გრძნობდა, ნერვიულობდა საკუთარი თავისა და მსმენელის წინაშე პასუხისმგებლობით დამძიმებული. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ისიც ბედნიერია და მეც, ახლა მე ის ვარ, ის კი – მე…
ვზივარ მატარებელში, ფიქრით ისევ იქ ვარ, კონცერტზე, როდესაც შევამჩნიე, რომ სრულიად გაუაზრებლად თითებით ჩემს მუხლებზე მუსიკალურ ნაწარმოებს ვასრულებდი უხმოდ, უმუსიკოდ, მექანიკურად, დათვლით და ოდნავ შესამჩნევად თავს ვიქნევდი, რითმს აყოლილი, ვუკრავდი მოცარტს და მელოდია ჩემს ფიქრს აჰყოლოდა, ფიქრი კი მელოდიას, ისმოდა ხმამაღლა, მხოლოდ ჩემთვის გასაგონად… ჩემს ფიქრში…

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG