Accessibility links

logo-print

ავტორი: ნინო მთვარელიშვილი

ფრთხილად დავაკაკუნე, შევაღე კარი და შევედი. მაგიდასთან იჯდა ჩემი ნაცნობი. უნდა გამოგიტყდეთ და პირველი, რაც თვალში მხვდება და ვცდილობ აღმოვაჩინო ვინმესთან სტუმრობისას, ეს წიგნებია. დიახ, წიგნები. წიგნი – ჩემი მეგობარი და წიგნი – მიკრო სამყარო. ცხოველი ინტერესი მამოძრავებს ხოლმე, სანამ იმას გავიგებ, წიგნი არის თუ არა ჩემი მასპინძლის ,,მესაიდუმლე” და ,,ბინადარი”. მცირე თაროებიან კარადა სავსე იყო ფსიქოლოგიის შესახებ წიგნებით. გარდა იმისა, რომ ვხვდები, ზოგადად, ადამიანს უყვარს თუ არა წიგნი და რა ადგილს იკავებს მის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე, მაინტერესებს, რა ლიტერატურას კითხულობს ის. შესაბამისად, დაახლოებითი პორტრეტი ამა თუ იმ ადამიანისა, უკვე იხატება: ვიცი, მკითხველია თუ არა და რა ლიტერატურას ეცნობა, შესაბამისად, რა მსოფლმხედველობა შეიძლება გააჩნდეს მას და რა ღირებულებები… ეტყობა, დიდხანს მომიწია წიგნების თაროსთან დგომა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა ჩემი ჭკვიანი და დაკვირვებული მასპინძლისთვის და აღფრთოვანება არ დაუმალავს, ისე მითხრა: ,,იცი, პირველი ხარ, ვინც შემოსვლისთანავე ჩემს წიგნებთან დადგა და თვალიერება დაუწყო. გატყობ, წიგნები და კითხვა უნდა გიყვარდეს. ეს კი კარგია, დამატებით სასაუბრო თემა გვაქვს,”- გამიღიმა და მივხვდი, რა მარტივია, თუნდაც თემის არარსებობს შემთხვევაშიც კი, მოძებნო სასაუბრო უცხო ადამიანთან, თუ კარგად მოავლებ თვალს მის სამუშაო ოთახს და იქ განთავსებულ ნივთებს. ესეც ერთ-ერთი დაკვირვება ჩემი პირადი გამოცდილებიდან.
გარდა იმისა, რომ მაინტერესებს, ვინ რისი მკითხველია, ამის ცნობა მარტივადაც შეიძლება. ამისთვის საკმარისია, უბრალოდ ადამიანთან გასაუბრება. მერედა რარიგ კარგად ანვითარებს წიგნიერება ბევრ უნარს: ფანტაზია, მოვლენებისა და საგნების აღწერა, ლექსიკური მარაგი, გამართული მეტყველება, მსოფლმხედველობა და ღირებულებები, არგუმენტირება და აზრის ნათლად გადმოცემა და ა.შ. აღარ დავიწყებ ლექციის წაკითხვას ამ თემაზე, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი ჩვენს ცხოვრებაში.
ცოდვა გამხელილი სჯობსო და უნდა ვაღიარო, საოცრად მიჭირდა წიგნის თხოვება. სიფრთხილითა და რუდუნებით გავცემდი წიგნებს და სულ ვნერვიულობდი დამიბრუნდებოდა თუ არა უკან, როგორც დედა ზრუნავს შორეულ მოგზაურობაში წასულ შვილზე, ისე განვიცდიდი. ამ შიშს ჰქონდა საფუძველი, რამდენი ,,შვილი და მეგობარი” არ დამბრუნებია უკან მავანთა გამო. ზოგი დამიკარგეს, ზოგი უნებართვოდ სხვას ათხოვეს და დავფანტე ბევრი ძვირფასი წიგნი.
მახსოვს, ერთხელ ერთს ვუსაყვედურე, ჩემი ნებართვის გარეშე, რომ სხვას მისცა ჩემი წიგნი (რა თქმა უნდა, აღარც აღარავინ დამიბრუნა ის წიგნი და ასე მოუშუშებელ იარად დამრჩა). პასუხმა გამაოგნა: ,,შენ ხომ წაიკითხე, მე ხომ წავიკითხე, წიგნი ხომ სინათლეა და მიეცი სხვასაც
საშუალება, განათლდესო.” ფრიად ენამოსწრებული და, ამავდროულად, დემაგოგიური პასუხი იყო, ვერაფერს იტყვი, ღმერთმანი. ამან დამაფიქრა. გავბრაზდი, რადგან მე არ გადამიწყვეტია, ვინ ,,განათლებული” და ვინ – არა. იქნებ ჩემი მეგობრებით დამეწყო ეს დიადი საქმე. მეორე მხრივ, დავფიქრდი, მივხვდი, მართალია, გავბრაზდი, რომ წიგნებს ვკარგავდი, მაგრამ ნათელმა მიზანმა – სხვების განათლება და სინათლისადმი სამსახურმა – გაასხივოსნა ჩემი გონი და დავყაბულდი. ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო და მეც ვიყუჩე. კარგი გაკვეთილი კი მივიღე. მეორედ იმ უპასუხისმგებლო ადამიანისთვის წიგნი აღარ მითხოვებია, თუნდაც მერე სხვების ,,განათლებისთვის” (არც ამდენად გულუბრყვილო ვარ), თან სინდისი დავიმშვიდე, ეგებ, მართლა ვინმემ წაიკითხა ჩემი დაკარგული წიგნი და ეს კითხვის ჯაჭვი ამით არ დასრულდეს, სანამ ჩემი აწ უკვე ყოფილი საკუთრება, საიმედო ხელში გადავიდოდა.
წიგნების თვალუწვდენელი რიგებია ჩემს სახლში, უამრავი წიგნი მაქვს. უამრავი დავკარგე უპასუხისმგებლო ადამიანების გამო, უამრავი გადავეცი, შემოწირულობის სახით, სხვადასხვა ორგანიზაციებს, უნივერსიტეტს და სტუდენტებს. რადგან წიგნების რაოდენობა, მიუხედავად ყველაფრისა, არათუ მცირდება, პირიქით, იზრდება, გადავწყვიტე, წაკითხული წიგნების სიმბოლურ ფასებად გაყიდვა. კარგი მიგნება აღმოჩნდა. ვკითხულობ, ვყიდი, ვაგროვებ თანხას და სხვა წიგნებს ვყიდულობ და ასე გრძელდება კარგა ხანია.
Scientia Potentia Est – ცოდნა ძალაა, – ვკითხულობ ჩემი სტუდენტობის დროინდელ ლათინური ენის სახელმძღვანელოს, სადაც უხვადაა ლათინური გამოთქმები. ვიმეორებ ამ ყველაფერს, თავის დროზე რომ ფრიადზე მაქვს ეს საგანი ჩაბარებული. ვრწმუნდები, რომ ცოდნა მართლაც დიდი ძალაა, თან რაც მეტს ვკითხულობ, მით მეტად ხვდები, რამდენი რამ გაქვს წასაკითხი, აღმოსაჩენი.
ახლა კვირაა, მეც გამოვიკეტები დოჩანაშვილისა არ იყოს, ჩემს ,,კარცერ-ლუქსში”, განვმარტოვდები და ჩავუჯდები საკითხავ ლიტერატურას. ტრადიციას არ დავარღვევ, გადავშლი სიძველისგან შეყვითლებული ფურცლებს, დავყნოსავ და ვიგრძნობ მტვრის, ქაღალდის, წებოსა და სიძველის სურნელს, რასაც წიგნის სუნსაც ვეძახით, გადავიქცევი წიგნის ჭიად, რომელიც ძლივს შესამჩნევად დაბობღავს ფურცლიდან ფურცელზე და შენზე ადრე კითხულობს გვერდებს, შენზე მაგარია კითხვასა და შეგრძნებაში… როგორ მიყვარს ეს წუთები, განსაკუთრებით, როცა ავმეტყველდები ჩემი პერსონაჟების ენაზე, მათთან ერთად ვიმოგზაურობ შორეულ ქვეყნებში, ვიტირებ, ვიცინებ, განვიცდი ყოველ წუთს და წამს, გადავეშვები მათ სამყაროში.
გადავშალე წიგნი და ვკითხულობ – Vade Mecum – (ლათ. მომყევი) – რასაც, ასევე, სარჩევსაც უწოდებენ და ხშირად წერენ ამ სიტყვებით.
Vade Mecum და მეც მოგყვები …

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG