Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო პროგრამები საქართველოში


ავტორი: ნინო თოგოშვილი

დემოკრატიულ სამყაროში, პარტიები და მათი წინასაარჩევნო პოლიტიკური პროგრამები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როგორც წესი, პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა მოიცავს იმ ძირითად დეტალებს, რომლებიც ორიენტაციის საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ამომრჩველებს,პარტიის გეგმების,პრინციპების და შეხედულებების შესახებ. საკუთარი პროგრამით პარტია გამოხატავს თუ რით განსხვავდება სხვა პარტიებისაგან, ალტერნატიული შემოთავაზებისგან.

წინასაარჩევნო პროგრამა და მისი მნიშვნელობა საქართველოში დაკნინებულია როგორც ამომრჩევლებისათვის , ასევე პარტიათათვის. 2016 წლის არჩევნებში დარეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიათა უდიდეს ნაწილს სულაც არ წარუდგენია ამომრჩევლებისათვის წინასაარჩევნო პროგრამა და მათი რაოდენობა ერთ ათეულსაც კი არ აღემატება. ამავდროულად,ქართველ ამომრჩევეთა მხრიდან პარტიათა წინასაარჩევნო პოლიტიკური პროგრამისადმი დაინტერესება პროცენტული თვალსაზრისით საკმაოდ დაბალია,უდიდესი ნაწილი კი არ ეცნობა წინასაარჩევნო პროგრამებს. ამის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს,თუმცა შესაძლებელია სამი ძირითადი პრობლემის გამოყოფა :ა) მოქალაქე არ არის დაინტერესებული პოლიტიკური აქტივობით და არ ერთვება მასში, მათ შორის არც არჩევნების საშუალებით.ბ)ჰყავს ფავორიტი პარტია (პიროვნება პარტიაში) და მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია საარჩევნო პროგრამა და ნებისმიერ შემთხვევაში ის(პარტია/პიროვნება) იქნება მისი რჩეული. გ) არ არსებობს პარტიათა წინასაარჩევნო პროგრამა რომელსაც გაეცნობა და ამ კუთხით შეარჩევს იმ კონკტრეტულ პარტიას, რომელსაც შემდგომში ხმას მისცემს და მოახდენს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას.

საარჩევნო პროგრამისათვის დაბალი მნიშვნელობის მინიჭება ელექტორატის მხრიდან ცალსახად პარტიათა წისქვილზე ასხამს წყალს, თუმცა მხოლოდ პარტიათა დადანაშაულება ამ პროცესში არასამართლიანი იქნება. შეგვიძლია ვქვათ ეს ორმხრივი პროცესია და საზოგადოების დაბალი ინტერესი კიდევ ერთი მიზეზია. დაბალი პოლიტიკური კულტურა წარმოიქმნება როგორც ამომრჩეველთა უმოქმედობით - რადგან არ არსებობს შესაბამისი მოთხოვნა, ასევე პარტიათა ზედაპირული დამოკიდებულებით. პოლიტიკურ პარტიათა მიერ დაბალი მნიშვნელობის მინიჭება წინასაარჩევნო პროგრამისადმი წარდგენის ვადებშიც გამოიხატება. 2016 წელს პარტიათა უდიდესმა ნაწილმა წინასაარჩევნო პროგრამა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე წარადგინა.

არც 2016 წლის არჩევნები ყოფილა გამონაკლისი და სულაც არ გამოირჩეოდა წინასაარჩევნო პოლიტიკური პროგრამების სიუხვით, თუმცა რამდენიმე პარტიას, და მათ შორის იმ სამ პარტიას რომელმაც გადალხა 5% ბარიერი, წარდგენილი ჰქონდა საარჩევნო პროგრამა. შედარებისათვის, ‘’პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილი პროგრამა რომელიც მხოლოდ ბეჭდური სახით იყო ხელმისაწვდომი უფრო ზოგადი ხასიათის გახლდათ ვიდრე ‘’ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საზოგადოებისათვის შეთავზებული წინასაარჩევნო პროგრამა. ცესკოს მიერ შექმნილ პორტალზე, მოქალაქეებს საშუალება აქვთ შეადარონ პარტიები თემატურად , თუმცა იმ ექვს პარტიას შორის, რომლებსაც წარდგენილი აქვთ საკუთარი ხედვა სხვადასხვა საკითხთან დაკავშრებით , ‘’ პატრიოტთა ალიანსი არ იძებნება.

ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ რომ წინასაარჩევნო პროგრამები ზედაპირული ხასიათისაა, არ ასახავს იმ ძრითად ასპექტებს რომლებიც რეალურად უნდა გააცნოს პარტიამ ამომრჩეველს, ნაცვლად ამისა გვთავაზობს კარგად შეფუთულ დაპირებებს, სადაც საუბარია მიზანზე, თუმცა მიზნის მიღწევის საშუალებები უცნობია და ხშირ შემთხვევაში აბსურდულიც. ამომრჩეველს არ ეძლევა საშუალებაგაიეცნოს იმ ძრითად ხედვებს რასაც პარტია ეყრდნობა, მეტიც, ზოგჯერ მხოლოდსატელევიზიო გადაცემები გვრჩება ერთადერთ საშუალებად რომ გავიგოთ, თუ რას ფიქრობს ესა თუ ის პოლიტიკური პარტიაან რომელიმე კანდიდატი ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე, პრობლემის გადაჭრის გზებსა თუ ხედვაზე. დაპირება წინასაარჩევნო პროგრამაში მრავალია , თუმცა მათი შესრულების გზა არ არის განმარტებული.

რეალურად, ქართველი ამომრჩეველი არ კითხულობს წინასაარჩევნო პროგრამებს, შესაბამისადხმის მიცემას ნაკლებად განაპირობებს პარტიული ხედვა, იდეოლოგია, მიზანი.ვისთვის ქმნიან პარტიები საარჩევნო პროგრამას? ვინ განიხილავს მათ და რატომ?

საარჩევნო პროგრამის არსებობა პარტიათათვის თითქოს კიდევ ერთი ბერკეტია მოწინააღმდეგე პარტიასთან. მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, საარჩევნო პროგრამის ძირითადი‘‘მკითხველი“ამომრჩეველია, ქართულ რეალობაში ამომრჩეველთა დიდ ნაწილს ანაცვლებს ექსპერტები, ანალიტიკოსები, ჟურნალისტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ა.შ.შესაბამისად წინასაარჩევნო პროგრამები უფრო მეტად პოლიტიკური კამპანიის მცირე დეტალია რომელიც საჭიროა მხოლოდ იმისათვის, რომ კარგად შეიფუთოს ‘’პროდუქტი’’.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG